განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017001903462
საქმე N3ბ/548-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ----- ხ------–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების არარად აღიარება, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №------- და 2017 წლის 27 მარტის №------ ბრძანებების არარად აღიარება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ----- ხ------–-ძის სამსახურში აღდგენის თაობაზე;
1.3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მ----- ხ------–-ძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 26 ნოემბრიდან, ყოველთვიურად 1844 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. მათი განმარტებით, გასაჩივრებული ბრძანებები გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მათი არარად აღიარების სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ----- ხ------–-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მ----- ა-–---------ეს ასული ხ------–-ძე 1991 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 1995 წლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში, ხოლო 2006 წლიდან შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში.
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 11 მარტის №4----- ბრძანებით, მ----- ხ------–-ძე დაინიშნა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის) თანამდებობაზე (ს.ფ. 21-37).
4.2. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2014 წლის 05 მაისის №130 ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს - ს/პ პოლკოვნიკ მ----- ხ------–-ძეს დაქვემდებარებაში გადაეცა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის დანაყოფები: ა) იურიდიული სამსახური; ბ) საერთაშორისო-სასაზღვრო თანამშრომლობის სამსახური; გ) სადელიმიტაციო-სადემარკაციო და სასაზღვრო წარმომადგენლობითი საქმიანობის სამსახური; დ) რისკების ანალიზისა და საფრთხეების შეფასების სამსახური; ე) საპროტოკოლო ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სამსახური; ვ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. (ს.ფ. 38-39).
4.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №------- ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 26 ნოემბრის №--- საშტატო - საორგანიზაციო ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) უფროსის მოადგილე (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი მ----- ა-–---------ეს ასული ხ------–-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში. (ს.ფ.21-37), (ს.ფ.44).
4.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 მარტის №------ ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველოს) უფროსის მოადგილე (მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი მ----- ა-–---------ეს ასული ხ------–-ძე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. (ს.ფ. 21-37); (ს.ფ. 65).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, რომლის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომლის უფროსიც, ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ხსენებული წესი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს ისევე არეგულირებს, როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ამავე წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელიც ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით; ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი მინისტრი, წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, პოლიციის სამსახურები უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს პოლიციის სამსახურებში და ზოგადად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 ნოემბრის №------- და 2017 წლის 27 მარტის №------ ბრძანებების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი. როგორც აღინიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობდა მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6. სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
6.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები. მიუთითებს, რომ მინისტრი, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საქმიანობისას შეზღუდულია კანონით და საქმიანობის განხორციელებისას მას არ აქვს უფლება გასცდეს კანონის დანაწესს. სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს გარკვეული პირების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებას, რომლის ჩამონათვალიც ამომწურავია. შესაბამისად, მთავრობის #337 დადგენილების თანახმად, შსს-ს მინისტრს არ აქვს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან/და მისი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის N1014 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი. აღნიშნულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აპელანტი ვერ მოიაზრებს იმ უფლებამოსილ პირად, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლება.
აპელანტის განმარტებით, მართალია სასაზღვრო პოლიცია წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას და ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას მის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის გათავისუფლების თაობაზე, მაგრამ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში მინისტრის „ხელმძღვანელობა“ შეზღუდული და განსხვავებულია ერთი მხრივ სამინისტროს სრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობისა და მეორე მხრივ საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელობასთან მიმართებით. შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის როგორც დანიშვნა ისე გათავისუფლება წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებითა და პრემიერ - მინისტრის ბრძანებით ინიშნება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, როგორც ადმინისტრაციული (დანიშვნა, გათავისუფლება), ისე დისციპლინური (პასუხისმგებლობის სახეები) გადაწვეტილების მიღება ურთიერთგადაჯაჭვულია და ერთი და იმავე თანამდებობის პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს, რომ სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო მე-20 მუხლის შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე, კერძოდ, ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრულ მოხელეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს კანონით ან მთავრობის დადგენილებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
მითითებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, რომლის უფროსიც, ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. მითითებული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით.
ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად, ხოლო 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამავე კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მართებულად გაამხვილა ყურადღება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი“, რომელიც განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. პალატა განმარტავს, რომ ხსენებული წესი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებსა და წესს ისევე არეგულირებს, როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის“ 33-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელი და საჯარო მოხელე უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. ამავე წესის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის იმ განმარტებას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყურადღების მიღმა დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34.4 მუხლი, რომლის თანახმად სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან სხვა უფლებამოსილი პირი და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის ჩანაწერში - "სხვა უფლებამოსილ პირში" იგულისხმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება, რომელიც აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (შემდგომში სასაზღვრო პოლიცია) სტატუსს, დანიშნულებას, სტრუქტურას, კომპეტენციას, უფლებამოვალეობებს და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციას მართავს და ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, რომელიც ამავე დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და რიცხოვნობის შესახებ; კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით; ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.
პალატა ეთანხმება და იზიარებს საქალაქო სასამართლოს შემდეგ პოზიციას: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი მინისტრი, წარმოადგენს ერთიან სისტემას და იგი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. ასევე, ერთიანი სისტემაა პოლიციაში, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, პოლიციის სამსახურები უფლებამოსილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებს პოლიციის სამსახურებში და ზოგადად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, როგორც ერთიანი სისტემის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მის დაქვემდებარებაში არსებული პირების დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არარსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 26 ნოემბრის №------- და 2017 წლის 27 მარტის №------ ბრძანებების არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით.
პალატა ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
პალატა იაზრებს პირველი ინტანციის სასამართლოს შედეგს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ აქვს, კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად გადაწყვიტა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების საკითხი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით იპერატიულად არის დადგენილი: იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ არსებობს მეორე მხარისათვის ამ ხარჯის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მხარე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი მოთხოვნა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მ----- ხ------–-ძემ ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიცდაადასტურებდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები
8. პროცესის ხარჯები:
8.1. აპელანტი მ----- ხ------–-ძე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ----- ხ------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე
შოთა გეწაძე -