განაჩენი

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
010141318700057108
ინსტანცია
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057108

საქმე №1აგ/300-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თო-----------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, თო-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით. თო-----------------–---–ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით, თო-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, თო-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლი 1-ლი და მე-2 ნაწილებთ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თო-----------------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენი თო-----------------–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება: თო-----------------–---–ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობისა და სასჯელისგან და აღუდგა ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.

 

2018 წლის 05 აპრილს მსჯავრდებულმა თო-----------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენის (რომელითაც სასჯელი დაენიშნა, როგორც ნასამართლობის მქონე პირს) გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თო-----------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თო-----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის თანახმად, განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) თვის ვადით. თო-----------------–---–ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

პალატას მიიჩნია, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, თო-----------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ამ განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

თო-----------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თო-----------------–---–ის საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

პალატას მიააჩნია, რომ მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, თო-----------------–---–ი ექვემდებარება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. თუმცა აღნიშნული გარემოება გავლენას ვერ მოახდენს მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნულ სასჯელზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. თო-----------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ თო-----------------–---–ს სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. მართალია დღეის მდგომარეობით იგი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუმცა ჩადენილი დანაშაულის და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ხსენებული გარემოება ვერ მოახდენს გავლენას თო-----------------–---–ის მიმართ განსაზღვრულ სასჯელზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ თო-----------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენში. კერძოდ: თო-----------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტმობრის განაჩენით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თო-----------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

თო-----------------–---–ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტმობრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

თო-----------------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტმობრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ. ჯეირანაშვილი