განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310017001855490 (3/ბ-14-2018)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
აპელანტი (მოპასუხე) - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ჯ------- კ--------ე, დ----- ა--–--ე
მესამე პირები: რ---- გ--------ე, მ--–---- გ--------ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ ჯ------- კ--------ისა და დ----- ა--–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 23 მარტს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ჯ------- კ--------ემ და დ----- ა--–--ემ მოპასუხე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის, მესამე პირების - მ--–---- გ--------ისა და რ---- გ--------ის მიმართ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1--------ის დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ.ზესტაფონში, ზ--------–--ს ქუჩა №--ში მდებარე შენობა წარმოადგენს ჯ------- კ--------ის, დ----- ა--–--ის, სერგო კ--------ის და მ--–---- გ--------ის თანასაკუთრებას. მოსარჩელეებმა, რ---- და მ--–---- გ--------ეების მიერ შენობაზე უკანონო მშენებლობის და ამხანაგობის ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე საჩივრით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას. 2016 წლის 0-------------ს ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე გაიგზავნა მიმართვა ქ.ზესტაფონში, ზ--------–--ს ქუჩა №--ში მდებარე შენობაზე თვითნებური მიშენების დადასტურების და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ისე მიიღო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არც გაურკვევია თუ ვის მიერ განხორციელდა უკანონო მშენებლობა.
მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა და მესამე პირებმა რ---- და მ--–---- გ--------ეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ------- კ--------ისა და დ----- ა--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1--------ის №- დადგენილება და დაევალა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება ზესტაფონში, ზ--------–--ს ქუჩის №--ში მდებარე ჰიგიენის სახლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით;
აღნიშნული გადაწყვეტილებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს მოსარჩელე ჯ------- კ--------ისა და დ----- ა--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 150 ლარის ანაზღაურება;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებმა რ---- და მ--–---- გ--------ეებმა შენობაზე უკანონო მშენებლობის და ამხანაგობის ქონების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე საჩივრით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას;
2016 წლის 0-------------ს ზესტაფონის რაიონული სამმართველოდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე გაგზავნილი იქნა მიმართვა ქ. ზესტაფონში ზ--------–--ს ქუჩა №--ში მდებარე შენობაზე თვითნებური მიშენების დადასტურების და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე;
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1--------ის დადგენილებით ჯ------- კ--------ე, დ----- ა--–--ე და მ--–---- გ--------ე ქ. ზესტაფონში ზ--------–--ს ქუჩა №--ში მდებარე შენობაზე უნებართვო რეკონსტრუქციის (მშენებლობის) გამო დაჯარიმდნენ 2000 ლარით;
ქ. ზესტაფონში ზ--------–--ს ქუჩა №--ში მდებარე შენობაზე უნებართვო რეკონსტრუქცა (მშენებლობა) აწარმოა მ--–---- გ--------ემ, რაც ჯ------- კ--------ესა და დ----- ა--–--ესთან შეთანხმებული არ ყოფილა;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, არსებით დარღვევად მიიჩნევა ისეთი ხასიათის დარღვევა, რომელის არარსებობის შემთხვევაში სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმის არსებითი განხილვის დროს მესამე პირებმა განმარტეს, რომ კონკრეტული მშენებლობის წარმოების თაობაზე მოსარჩელეებთან შეთანხმება არ არსებობდა, მათ მიუთითეს რომ ამხანაგობის წევრებს შორის იყო შეთანხმება მესამე პირების ვალდებულებაზე შენობა შეენახათ სათანადო მდგომარეობაში, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას და ინტერესს. შესაბამისად, სახეზეა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სადავო აქტი.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ ჯ------- კ--------ისა და დ----- ა--–--ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1--------ის №- დადგენილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ჯ------- კ--------ისა და დ----- ა--–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში, - გაუქმება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, სახელმწიფო ბაჟის შესახებ, საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, 1 პუნქტის ,,ფ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: არქიტექტორულ-სამშენებლო ინსპექციები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ, საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების (ინსპექციების) ჩამონათვალში მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტი ძალადაკარგულიად იქნა ცნობილი "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით. მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე აღნიშნული ორგანოების სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდნენ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 104-ე მუხლის 1 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით. მითითებული კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 251, 26-ე და 43–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში აგრეთვე ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის არქიტექტორულ-საშენებლო ინსპექციის სამართალმემკვიდრეს (უფლებამონაცვლეს), რომელიც საქმიანობას ახორციელებს დასახელებული კოდექსისა და ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №-7 დადგენილების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტითა და „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №35 დადგენილების მე-5 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში (სასამართლო ხარჯების ნაწილში).
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 37.1 მუხლით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სსსკ-ის 37.2 მუხლით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სსსკ-ის 38.1 მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სსსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
სსსკ-ის 46.1 მუხლი პირდაპირ მიუთითებს სუბიექტებზე, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, გარდა ამისა, სსსკ-ის 46.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებზე. ამ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე, ხოლო „ფ“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან არქიტექტორულ-სამშენებლო ინსპექციები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, საქართველოს კანონმდებლობით მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა ეს არ ათავისუფლებს სამსახურს, დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, მოდავე (მოსარჩელე) მხარისათვის, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რაც დადგენილის სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადებებით, რომელთა მიხედვითაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
საქმეში დაცული საგადახდო დავალებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეების ჯ------- კ--------ის და დ----- ა--–--ის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ. 17), ხოლო კერძო საჩივარზე გადახდილია - 50 ლარი (ს.ფ. 90). ჯამში მოსარჩელე მხარის მიერ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯი შეადგენს 150 ლარს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მას (მოპასუხეს, რომლის საწინააღმდეგოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება) არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის (რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები
აპელანტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (საპროცესო ხარჯების განაწილების) ნაწილში;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე