განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058200
საქმე №1აგ/327-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ---------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დ---------------ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
დ---------------ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ დ---------------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 3 აპრილის ჩათვლით.
დ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ---------------ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება - დ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუზველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
დ---------------ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დ---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს (ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით) სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ დ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
გაუქმდა დ---------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2018 წლის 23 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა დ---------------ემ და მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732) საფუძველზე ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასმართლოს 2016 წლის 5 აპრილის და 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენების გაუქმება, დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ---------------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით დ---------------ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დ---------------ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ამ კანონით განსაზღვრული უფლებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს მსჯავრდებულ დ---------------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე. დ---------------ე უნდა გათავისუფლდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
შესაბამისად დ---------------ე უნდა განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება ამავე განაჩენით დ---------------ისათვის დანიშნულ სასჯელს - ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით, სასამართლო აღნიშნულზე ვეღარ იმსჯელებს, ვინაიდან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის #24278 მომართვის თანახმად მსჯავრდებულ დ---------------ეს 2016 წლის 4 მაისს აღნიშნული თანხა გადახდილი აქვს. (იხ. მომართვა)
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენის გაუქმების და დანიშნული სასჯელისგან განთავისუფლების შესახებ, უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან დ---------------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში. დ---------------ე კი ნასამართლევი იყო განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 7 მაისის განაჩენი). სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენიდან დ---------------ის მსჯავრდების ფორმულირებიდან უნდა ამოირიცხოს ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო უცვლელი უნდა დარჩეს - განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რისთვისაც განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი დღეის მდგომარეობით აღსრულებულია. (იხ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 10 აპრილის #24278 მომართვა). ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით 2018 წლის 4 აპრილს დასრულებულია.(იხ. თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 25 აპრილის 4 18 00367376 მომართვა თანდურთული მასალათა ასლებით).
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ---------------ის შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აპრილის და 21 დეკემბრის განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ---------------ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
დ---------------ე განთავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;
დ---------------ეს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენში და დ---------------ეს მსჯავრდების ფორმულირებიდან ამოერიცხოს ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი