განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002278622
საქმე №1ბ/476-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ დ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის: 26.1-.1--- წ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, გ---------------------, ბინა N---–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ--------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თბილისი, გ---------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------------–---–ი მის ხელთ არსებული ორი დანის სხეულზე მიბჯენის გზით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს - ყოფილ მეუღლეს რ-------------–--–---–ს, რა დროსაც რ-------------–--–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მსჯავრდებულ დ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ-------–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას /სადავოდ არ გაუხდია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები/, თუმცა სასამართლომ მას განუსაზღვრა მკაცრი სასჯელი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია კანონი, როდესაც სასჯელის დასაბუთებისას განაჩენში მიუთითა სიტყვები „მისი საზოგადოებრივი საშიშროება“, „ახალი დანაშაულის თავიდან აცილება“, დ--------------–---–ის ,,პიროვნების გათვალისწინება“, რადგან ეს არის მხოლოდ მოსამართის ვარაუდი და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებლ განაჩენს.
მართალია აპელანტი საჩივარში მიუთითებს, რომ ის სადავოდ არ ხდის საქმის ფაქტობრივი გარემოებებს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ სასამართლოს შეუმოწმებლად არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ფ------–---–- ორივე ხელში ეჭირა დანა და ეს არ უნდა მიეთითებინა განაჩენში.
აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის შემცირებას და მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ დ--------------–---–ის მიერ - სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: რ-------------–--–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ც-------------------------------------–--–-------------------------------–---–-----–-------------–------------–--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის ექსპერტიზის N------–- დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილება.
დაცვის მხარის განმარტებას, იმის შესახებ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შემოწმების გარეშე არ უნდა გაეზიარებინა და არ უნდა მიეთითებინა განაჩენში, თითქოს დ--------------–---–ს ორივე ხელში ეჭირა დანა, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საქმის განხილვისას ბრალდებული დაეთანხმა მისთვის წარდგენილ ბრალდებას, მხარეებს საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის შედეგადაც მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა მტკიცებულებათა გამოკვლევაზე (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვაზე) საკუთარი ნება-სურვილით განაცხადა უარი და ამავე დროს მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.
აპელანტის მოსაზრებას, რომ შეუძლებელია დ--------------–---–ს ორივე ხელში სჭეროდა დანა, რადგან ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჰქონოდა მესამე ხელი მსხვერპლის შესაბოჭავად,პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ დ--------------–---–მა ხელებით შებოჭა დაზარალებული, რა დროსაც მას მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, რომელიც მიადო კისერზე, ხოლო მეორე ხელში დაჭერილი დანა მიადო მარცხენა გვერდში.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ--------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა ასევე არ იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, თითქოს სასამართლომ დაარღვია კანონი, რადგან განაჩენში მითითებული სიტყვები - „მისი საზოგადოებრივი საშიშროება“, „ახალი დანაშაულის თავიდან აცილება“, „დ--------------–---–ის პიროვნების გათვალისწინება“ არის მხოლოდ ვარაუდი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად სასჯელის განსაზღვრისას სწორედ რომ მხედველობაშია მისაღები მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი და მსჯავრდებულის პიროვნება. მოცემულ შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, რადგან როგორც საქმის მასალებით დასტურდება მსჯავრდებული დაზარალებულს /ყოფილ მეუღლეს/ დანების სხეულზე მიბჯენით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მხედველობაშია ასევე მისაღები მსჯავრდებულის ქცევა წინა სასამართლო სხდომაზე, როდესაც მისი მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი მუქარას დაზარალებულის მიმართ. ხოლო, მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობრივ ქმედებას აქვს სისტემატური ხასიათი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია დ----------–---–-- მიმართ 2017 წლის 8 ნოემბერს გაცემული შემკავებელი ორდერი, რ-----–--–---–ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობისათვის. აღნიშნული ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის კი მსჯავრდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით, განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 (სამი) დღე - ღამის ვადით.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელის შემცირების შესახებ, პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა კანონის მოთხოვნა, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, რასაც პალატაც იზიარებს და თვლის, რომ დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი არ არსებობს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ--------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ-------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
დ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ--------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
დ--------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს - 2017 წლის 20 დეკემბრიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: დანა თავისი შალითით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ერთი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე