განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058378
საქმე №1აგ/329-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მურმან ისაევი
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ--–-----–---–---–-------------------- შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, დამტკიცდა ბრალდებულ გ--–- რ-–---–---–სა და ს---–-------------------- ა----------–---ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა შორის 2015 წლის 23 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება;
გ--–- რ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ--–- რ-–---–---–ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით, ში-----------–---------–---------------ის საოლქო პროკურატურის პროკურორ თ----------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დამტკიცდა პროკურპრსა და ბრალდებულ გ--–- რ-–---–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ--–- რ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის 1–ლი ნაწილით და მიესაჯა 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
აღნიშნული სასჯელს დაემატა წინა – 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით და გ--–- რ-–---–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათით.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, დაკმაყოფილდა გო---------------–------------------------------------------------–-------–---–ის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ--–- რ-–---–---–ს შორის 2017 წლის 22 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება.
გ--–- რ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით გ--–- რ-–---–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და,ამავე კოდექსის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ--–- რ-–---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე და 64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44–ე მუხლის შესაბამისად, გ--–- რ-–---–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ვადით.
გ--–- რ-–---–---–ის მიმართ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დადგენილი შეზღუდვები დარჩა ძალაში.
2018 წლის 25 აპრილს მსჯავრდებულმა გ--–- რ-–---–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ--–- რ-–---–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გ----–----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით გ--–- რ-–---–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათის ვადით.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით,მსჯავრი დაედო განაჩენის შეუსრულებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით; ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მიუხედავად ამისა გ--–- რ-–---–---–ი მართავდა ავტომობილს.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებული გ--–- რ-–---–---–ს მსჯავრი დაედო განაჩენის შეუსრულებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მიუხედავად ამისა გ--–- რ-–---–---–ი მართავდა ავტომობილს.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ--–- რ-–---–---–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. ამასთანავე მსჯავრდებულს უნდა აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
პალატა მიიჩნეს, რომ გ--–- რ-–---–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით და გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით გ--–- რ-–---–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, რისთვისაც დაენიშნა სასჯელი და სამი წლით ჩამოერთვა სანტრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გ--–- რ-–---–---–ის მსჯავრდების საფუძველი. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი). შესაბამისად გ--–- რ-–---–---–ი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის (სსკ-ის 381-ე მუხლი) შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც. შესაბამისად, ვინაიდან სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის მსჯავრდება გამოიწვია გ--–- რ-–---–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებამ, რაც დღეის მდგომარეობით აღარ არის დასჯადი, გ--–- რ-–---–---–ი უნჯდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებულ გ--–- რ-–---–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--–- რ-–---–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე:
მსჯავრდებული გ--–- რ-–---–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც გ--–- რ-–---–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა 3 წლის ვადით შემდეგი უფლებები: ა)სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ)პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე)სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში- საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ)პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
მსჯავრდებული გ--–- რ-–---–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.
მსჯავრდებული გ--–- რ-–---–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში,თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ისაევი
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
მ. კაპანაძე