განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050210016001509763
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-175-2017 27 მარტი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - მ----------–--ე, ე-–-------------ე, ვ-–-----------ე, ვ-–-----------ე, ლ--–--------ე, მ-------------ე, მ--–--------------ე, გ-----------------ე
წარმომადგენელი - ერმილე ჭეიშვილი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ს-------------–---------------------------
წარმომადგენელი - ავთანდილ ხადური
დავის საგანი - კომპენსაციის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ----------–--ის, ე-–-------------ის, ვ-–-----------ის, ლ--–--------ის, მ-------------ის, მ--–--------------ისა და გ-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ს-------------–---------------------------ს განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. 2.2. მოსარჩელე მხარის განმარტებით მათ არ მიიღეს კომპენსაციის ის ოდენობა, რაც გათვალისწინებული მოცემულ შემთხვევაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 2.4. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მერვე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურების ვალდებულება განისაზღვრა კანონით, ხოლო ოდენობა მხარეთა შორის არის სადაო. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო დაეყრდნო იმ საექსპერტო მონაცემებს, რომლებიც წარმოადგინეს მხარეებმა და ექსპერტების ჩვენებებს. მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა იმ მიწის ნაკვეთების ღირებულებები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით, კერძოდ მდებარეობით, შესყიდვის ფაქტობრივი გარემოებებით, დროის მონაკვეთით, იმ სამართლებრივი ჩარჩოებით, რაც ახასიათებდა ნასყიდობის ურთიერთობებს არ შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვაროვან და მსგავს ურთიერთობად სადაო შემთხვევასთან. ამდენად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საკომპენსაციო თანხა არ შეიძლება მივიჩნიოთ ანალოგიურ შემთხვევებში არსებულ და დამკვიდრებულ თანხად. რაც შეეხება მოთხოვნას ნებართვის გაცემის თაობაზე აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ზოგადად დაავალო ადმინისტრაციულ ორგანოს განახორციელოს ადმინისტრაციული წარმოება სამომავლოდ მოსარჩელეთა მოთხოვნით არის შეუძლებელი. 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში,ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ----------–--ემ, ე-–-------------ემ, ვ-–-----------ემ, ვ-–-----------ემ, ლ--–--------ემ, მ-------------ემ, მ--–--------------ემ და გ-----------------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. დავის საგანს წარმოადგენდა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შედეგად ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციო თანხის ოდენობის განსაზღვრა და ამ თანხის მოპასუხეზე დაკისრება. დავის არსიდან გამომდინარე აუცილებელი იყო დადგენილიყო სადაო გარემოება - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შედეგად ჩამორთმეული ქონების საკომპენსაციო თანხის ოდენობა, სასამართლოს კი საერთოდ არ განუსაზღვრია ქონების ღირებულება, არადა სწორედ ეს უნდა განეხორციელებია სასამართლოს, ვინაიდან მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებით ვერ მოხერხდა საკომპენსაციო თანხის მოცულობის განსაზღვრა. 3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ე.წ. ექსპერტიზის დასკვნა, ის არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, გაუგებარია ვინ შეადგინა, როდის შეადგინა და საერთოდ გაუგებარია რა სახის დოკუმენტი გახლავთ ისინი. 3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ აპელანტთა მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლოს ამის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდა. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სასამართლომ არ გამოიყენა - აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 9. სასამართლოს მიერ ქონების შეფასება - სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული შეფასება არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, მაშინ მას უნდა გამოეყენებია ხსენებული მუხლი და დაენიშნა ექსპერტიზა. სასამართლომ უგულებელყო არამარტო ეს ნორმა, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობა, საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო ნორმები. 3.5. სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლი, ვინაიდან მოპასუხე და მოსარჩელეები ერთმანეთის მოვალე კრედიტორები არ გახლავთ, ვინაიდან მათ შორის დღემდე არ არის განსაზღვრული ვალდებულების (თანხის) მოცულობა. 3.6. სასამართლომ არასწორად განმარტა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 10. ექსპროპრიატორის ვალდებულებანი - ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. ხსენებული ნორმა გახლავთ სპეციალური ნორმა ამრიგად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში წარმოებულ დავებზე "ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი" მიუხედავად იმისა რა შედეგით, მოსარჩელის თუ მოპასუხის სასარგებლოდ დასრულდება ხსენებული დავა; ამრიგად სასამართლოს არ უნდა გამოეყენებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და აპელანტთა მიერ გაწეული ხარჯები უნდა დაეკისრებია ექსპროპრიატორისთვის - მოწინააღმდეგე მხარისთვის. წაგებული მხარისათვის ხარჯების დაკისრებას ისედაც განსაზღვრავს 53-ე მუხლი და დამეთანხმებით კანონმდებელი სპეციალურ ნორმას არ განსაზღვრავდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის 10 მუხლში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფ. სუფსაში: ა) მ----------–--ეს ეკუთვნოდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდით №2----------- და №2-----------; ბ) ე-–-------------ეს - მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №2-----------; გ) ვ-–-----------ეს (პირადი ნომერი №2----------), ვ-–-----------ეს (პირადი ნომერი №2----------), ლ--–--------ეს, მ-------------ეს, მ--–--------------ეს და გ-----------------ეს - მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №2-----------. 4.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამ ქონების ნაწილის ექსპროპრიაციის უფლება. 4.2.1. კერძოდ, მ----------–--ეს ჩამოერთვა 2101 და 100 კვ.მ. ფართი; ე-–-------------ეს - 1928 კვ.მ. ფართი, ხოლო ვ-–-----------ეს, ვ-–-----------ეს, ლ--–--------ეს, მ-------------ეს, მ--–--------------ესა და გ-----------------ეს 1424 კვ.მ. ფართი. 4.3. ჩამორთმეული ქონება აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. 4.4. მ----------–--ისათვის ჩამორთმეული 2101 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება 10323 ლარია, ხოლო 100 კვ.მ. ფართის ღირებულება - 1415 ლარი. 4.5. ე-–-------------ისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება 8 106 ლარია. 4.6. ვ-–-----------ის, ვ-–-----------ის, ლ--–--------ის, მ-------------ის, მ--–--------------ისა და გ-----------------ისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულება კი - 6 611 ლარი. 4.7. ამ თანხის მიღებაზე აპელანტებმა უარი განაცხადეს და, ამიტომ, 2016 წლის 27 აპრილს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იგი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. მხარეთა შორის სადავო აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ჩამორთმეული უძრავი ქონების ღირებულებაა, მის დასადგენად კი სასამართლოს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. 4.8.1. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 4.8.2. ამ ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ჩამორთმეული ქონების ღირებულების დასადგენად, 2017 წლის 28 ივნისს სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. 4.8.3. ექსპერტიზა არ ჩატარდა იმიტომ, რომ აპელანტებმა მისი ღირებულების გადახდაზე უარი განაცხადეს. 4.8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად. 4.8.5. აღსანიშნავია, რომ ეს გარემოება მხარეებს 2017 წლის 28 ივნისის განჩინებითაც განემარტათ. ამის მიუხედავად, აპელანტებმა ექსპერტიზის ჩატარებას მაინც ხელი შეუშალეს. 4.8.6. ამის გამო, კანონის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია აპელანტთათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების თაობაზე დამტკიცებულად ჩაითვალა. 4.9. როგორც აღინიშნა, აპელანტებმა ამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადეს და მოწინააღმდეგე მხარემ იგი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა. 4.9.1. ამის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოპასუხე აპელანტების წინაშე არსებული ვალდებულებისაგან გათავისუფლდა. 4.9.2. ამიტომ, რაიონულმა სასამართლომ სარჩელი სწორად არ დააკმაყოფილა. 4.10. პალატა არ ეთანხმება აპელანტებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ქონების შესაფასებლად ექსპერტის დასკვნა არ წარმოუდგენია. 4.10.1. პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტი გარკვეულ სფეროში სპეციალური ცოდნის მქონე პირია. 4.10.2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ. დანართი 1 უთუოდ სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ შედგენილი საბუთია. აპელანტთათვის გადახდილი საკომპენსაციო თანხის ოდენობა კი სწორედ ამ დანართის მიხედვით არის გამოანგარიშებული. 4.10.3. ეს კი ნიშნავს, რომ მოპასუხემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს ექსპერტის დასკვნა წარმოუდგინა. 4.11. პალატა არ ეთანხმება აპელანტებს, რომ სასამართლოს ამ დასკვნასთან შედარებით უპირატესობა მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნებისათის უნდა მიენიჭებინა. 4.11.1. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არც-ერთ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი, ე.ი. უპირატესი ძალა არა აქვს. 4.11.2. და, გარდა ამისა, თავად „ექსპერტიზის აქტებიდან“ ჩანს, რომ ექსპერტმა შესაფასებელი ნაკვეთები შეადარა სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ ნაკვეთებს მათი ადგილმდებარეობისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. 4.11.3. მართალია, დასკვნებში „ჰაიდელბერგცემენტისა“ და „ერთ-ერთი თურქი მოქალაქის“ მიერ დადებული გარიგებების თაობაზეცაა საუბარი, თუმცა დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, ამ გარიგებების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ექსპერტს არ მოუპოვებია და, მხოლოდ, საზოგადოდ ცნობილ ფაქტზე მითითებით შემოიფარგლა. 4.11.4. „ჰაილდერბერგცემენტისა“ და „ერთ-ერთი მოქალაქის“ მიერ დადებული გარიგებების თაობაზე პალატას ინფორმაცია არ გააჩნია. ამიტომ, ამ ფაქტებს იგი დამტკიცებულად ვერ მიიჩნევს. 4.11.5. ამის შესაბამისად, აპელანტთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის აქტები არადამაჯერებელიცაა. 4.12. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ საპროცესო ხარჯი სწორად გაანაწილა. 4.12.1. მართალია, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, მაგრამ ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ წესს არ ცვლის. 4.12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 ივლისის განჩინებაში საქმეზე №ას-682-648-2015 განმარტა, რომ ამ მუხლის დანაწესის: „გამოყენება უნდა მოხდეს არა დამოუკიდებლად, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესების გათვალისწინებით, რადგან იმავე კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესებით მიხედვით“. 4.12.3. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისათვის აპელანტებს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდიათ და სხვა საპროცესო ხარჯის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ზემოხსენებული ნორმის თანახმად, კი ექსპროპრიატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის მხოლოდ გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება. 4.13. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ----------–--ის, ე-–-------------ის, ვ-–-----------ის, ვ-–-----------ის, ლ--–--------ის, მ-------------ის, მ--–--------------ისა და გ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
6. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა