განაჩენი

სისხლის სამართლის 18.05.2018
საქმის ნომერი
330100118002316627
ინსტანცია
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-440-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ-------------–--ის,ადვოკატ - ნ-----------–--ის,მსჯავრდებულ - გ---------------ის,თარჯიმან - ა---------–--------ის მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ გ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--------------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------–ს, ა------------------------–---ს მოქალაქე, მცხოვრები: ა------------------------–--------------------------–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით:

 

გ---------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა 305 კგ. არომატიზირებული თამბაქო.

 

ნივთმტკიცებად ცნობილი ,,Mersedes benz” -ის ავტომობილი დაუბრუნდა მესაკუთრეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა: საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, კერძოდ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა.

 

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2017 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 04:25 საათზე, გ---------------მა, ,,MERCEDES BENZ“-ის მარკის ავტომობილში (სახ. ნომრით 9------) სხვადასხვა ადგილას მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები - 6 954 ლარის საბაჟო ღირებულების 305 კგ. არომატიზირებული თამბაქო.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ-------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ,,Mersedes benz” - ის მარკის ავტომობილის (სახ. ნომრით 9------) საპროცესო კონფისკაცია ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმევა.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნია გ---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი და იგი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მხარეთა პოზიცია და დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვქონდა საქონლის სამალავით გადმოტანა, რომლის არსებობის გარეშე სახეზე არ გვექნებოდა სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამდენად, უდაო მოცემულობას წარმოადგენს, რომ ,,Mersedes benz”-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნით 9------, რომლის წინა და უკანა სავარძლებში, ოთხივე კარის ე.წ. „აბივკაში“, წინა ფეხსადგამი შალითების ქვეშ, წინა ორივე ფრთაში და სათადარიგო საბურავში სპეციალურად მოწყობილი იყო სამალავები - არის დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონება, რომელიც სასამართლოს განჩინებით სწორედ ამ საფუძვლით იქნა ამოღებული ნივთმტკიცების სახით.

 

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდების მხარე აპელირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ღირებულების მქონე დანაშაულის იარაღის ბედის გადაწყვეტის სხვა გზას, გარდა მისი ჩამორთმევისა. ამასთან, აპელანტნის მითითებით, განსახილველ საქმეზე სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენების და გ---------------ისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანაშაულის იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის - ,,Mersedes benz” - ის მარკის ავტომობილის ჩამორთმევის ყველა ნორმატიული საფუძველი. დადგენილია განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, სახეზე იყო განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონება და ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმური მიზანი.

 

შესაბამისად, ბრალდების მხარის მითითებით, უკანონო და დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების - ,,Mersedes benz”-ის მარკის ავტომობილის მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ და არსებობს მისი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ყველა სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ-------------–--ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

მსჯავრდებულმა გ---------------მა და მისმა ადვოკატმა ნ-----------–--ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. გ---------------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ------------------ის, ზ--------–-–--ას ჩვენებებით; ავტომობილისა და არომატიზირებული თამბაქოს ამოღების ოქმებით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; შემოსავლების სამსახურის მომართვის წერილით მასზე თანდართული დოკუმენტებით და ექსპერტიზის დასკვნით; სსიპ ,,სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

შესაბამისად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა იზიარებს პროკურორის არგუმენტაციას გ---------------ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ---------------ისათვის ძირითადი სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები; დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი; ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება; ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი; დამნაშავის პიროვნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და წარსული ცხოვრება; ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის - 5000 (ხუთიათასი) ლარის გამოყენება, სრულად უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული სასაჯელის მიზნების მიღწევას, რასაც ეთანხმება სააპელაციო პალატა და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული იქნა სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი. ძირითადი სასჯელის სახე და ზომა არც მხარეების მიერ გამხდარა სადავო და განაჩენი ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ---------------ისათვის დამატებითი სასჯელის სახით ქონების - ,,Mersedes benz”-ის მარკის ავტომანქანის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად: ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

 

დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

მოცემული ნორმის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ იმისათვის, რათა ქონება დაექვემდებაროს უსასყიდლოდ ჩამორთმევას, აუცილებელია სახეზე იყოს რამდენიმე პირობის ერთობლიობა, კერძოდ: ჩადენილი უნდა იყოს განზრახი დანაშაული, სახეზე უნდა იყოს დანაშაულის საგანი, ან დანაშაულის იარაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და ამავდროულად, მათი ჩამორთმევის საჭიროება უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან, ან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს პირდაპირი განზრახვით ჩადენილ ქმედებას. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადააადგილებს დიდი ოდენობით ნივთებს სახელმწიფოს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს. გ---------------ის მიერ ზემოაღნიშნული განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს უდავო გარემოებას, შესაბამისად ქონების ჩამორთმევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა სახეზეა.

 

პალატა ასევე იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ,,Mersedes benz”-ის მარკის ავტომანქანა არის დანაშაულის იარაღი და დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი. გ---------------ს ბარალად წარედგინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნივთების სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილება ხდება სამალავების ან სხვა ისეთი საშუალებების გამოყენებით, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას. გ---------------ის მიერ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადმოტანილი ნივთი - არომატიზირებული თამბაქო, დამალული იყო ხელოვნურად მოწყობილ სპეციალურ სამალავებში - წინა და უკანა სავარძლებში, ოთხივე კარის ე.წ. „აბივკაში“, წინა ფეხსადგამი შალითების ქვეშ, წინა ორივე ფრთაში და სათადარიგო საბურავში, რაც სახელმწიფო საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთის შესანახი ადგილი ნამდვილად არა არის და მათი აღნიშნულ ადგილებში მოთავსების მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის, რომ უფლებამოსილი თანამდებობის პირს მანქანის შემოწმებისას არ აღმოეჩინა იგი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ავტომანქანა ,,Mersedes benz”-ის გამოყენებას დანაშაულის იარაღად და მისი საშუალებით სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანას საბაჟო კონტროლისგან მალულად.

 

რაც შეეხება ქონების ჩამორთმევის საჭიროებისათვის დადგენილ პირობებს: სახელმწიფო და საზოგადოებრივ აუცილებლობობას, ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებს და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, პალატა განმარტავს, რომ გ---------------ისათვის ,,Mersedes benz”-ის მარკის ავტომანქანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის საჭიროება გამოწვეულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე. გ---------------მა აღნიშნული ავტომობილი გამოიყენა იმ დანაშაულის ჩასადენად, რომლის დაცვის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები, მის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეული ზიანი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში არ შედის საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთების გადაადგილებისათვის დადგენილი გადასახადი. შესაბამისად, ვინაიდან ავტომობილი წარმოადგენს საშუალებას, რომელიც მნიშვნელოვნად აადვილებს სახელმწიფო საზღვარზე ნივთების გადმოტანის შესაძლებლობას, მათ შორის მალულად, მასში სპეციალური სამალავების მოწყობით, მისი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა ემსახურება როგორც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დაცვას, ასევე ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. აღნიშნული ქონების ჩამორთმევა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს აუცილებელ და პროპორციულ სასჯელს როგორც დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

ამდენად პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ავტომანქანა ,,Mersedes benz”-ის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის ყველა აუცილებელი პირობა და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 52-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ გ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის განაჩენში.

 

გ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 305 კგ. არომატიზირებული თამბაქო.

 

ასევე, უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ავტომობილი ,,Mersedes benz”, რომელიც ერთვის საქმეს ნივთმტკიცების სახით.

 

გ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და გ---------------ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე