განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.04.2018
საქმის ნომერი
160210116001507689
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210116001507689

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/1029-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ა----- მ----------ი

წარმომადგენელი - ო-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ბ------ ა-–----ი, მ--------- ა-–----ი, ა-–----–--ანი

წარმომადგენელი - ვ---------------ი

 

დავის საგანი - ნასყიდობის თანხის გადახდა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. ა----- მ----------მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისათვის - ბ------ ა-–----ისათვის, მ--------- ა-–----ისა და ა-–----–--ანისათვის ნასყიდობის თანხის 23 200 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება

 

1.1. ა----- მ----------ის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, ა----- მ----------ი დაკავებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყიდვა-გაყიდვით, კერძოდ მ--------–ის რაიონის სოფლის მოსახლეობისაგან იძენს და შემდგომ რეალიზაციას უწევს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ქალაქ მ--------–ში არსებულ ბაზარში. 2015 წელს, ა----- მ----------თან მივიდნენ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ბ------ ა-–----ი, ალი ა-–----ი და მ--------- ა-–----ი და შესთავაზეს, რომ ისინი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეისყიდიდნენ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ხოლო თანხას შეთანხმებისამებრ გადაუხდიდნენ გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოსარჩელე დაეთანხმა აღნიშნულ პირობას, ვინაიდან, სხვა თანასოფლელებსაც ჰქონდათ მათთან მსგავსი სახის საქმიანი ურთიერთობა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ა----- მ----------ი მათთვის გადასაცემად შეიძენდა მოსახლეობისგან მსხვილფეხა პირუტყვს, საიდანაც მას დარჩებოდა გარკვეული თანხა მოგების სახით. 2015 წლის აგვისტოს თვეში მოპასუხეებმა ა----- მ----------ისაგან წაიყვანეს 18 სული რქოსანი პირუტყვი, რის სანაცვლოდაც მოპასუხეებს იმავე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მთლიანობაში უნდა გადაეხადათ 23 200 ლარი. მოპასუხეებმა დაარღვიეს მათ შორის არსებული ზეპირი შეთანხმება და დათქმულ ვადაში, მიუხედავად მოსარჩელის გაფრთხილებისა, თანხა არ გადაუხადეს. აღნიშნულის თაობაზე ა----- მ----------ი ურეკავდა სამივე მათგანს და ითხოვდა ვალდებულების შესრულებას. ამის გამო მოპასუხეებმა მიმართეს პოლიციას განცხადებით და მოითხოვეს შესაბამისი რეაგირება. მოპასუხეები, მათი განცხადების საფუძველზე მ--------–ის შსს სამმართველოში გამოიკითხნენ, სადაც მ--------- ა-–----მა დაადასტურა მის მიმართ ვალის არსებობა .

 

2. მოპასუხე ა-–----–--ანის პოზიცია: წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე ა-–----–--ანმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. მოპასუხის განმარტებით, მას არც პირადად არც სხვა პირებთან ერთად მოსარჩელისაგან შემდგომი რეალიზაციის მიზნით არ წამოუყვანია მსხვილფეხა პირუტყვი და შესაბამისად, არ გააჩნია დავალიანება. მას არასდროს ჰქონია მოსარჩელესთან საქმიანი ურთიერთობა;

 

3. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა მ--------- და ბ------ ა-–----ებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ წარმოდგენილი სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. უშუალოდ მოსარჩელესთან რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობა არ აკავშირებთ და მათი ნაცნობობა შემოიფარგლება მხოლოდ დისტანციური ურთიერთობით. 2015 წელს და არც შემდეგ პერიოდში მოსარჩელესთან გარიგება არ დაუდიათ იმ მიზეზის გამო, რომ მოსარჩელეს ფიზიკურად არ ჰყავდა საკუთარი მსხვილფეხა პირუტყვი; მოსარჩელე არის მწყემსი და საჭიროების დროს ასრულებს დამხმარე მუშის ფუნქციას. მათ სხვადასხვა პირებთან გააჩნიათ საქმიანი ურთიერთობები, უფლებები და ვალდებულებები, რაც არის მათი პირადი და კონფიდენციალური ინფორმაცია და მოსარჩელესთან კავშირი არ აქვს; მოსარჩელის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, რაიმე სახის ვალდებულება, მათ შორის სოლიდარული, მოსარჩელის მიმართ არ გააჩნიათ. მოპასუხე მ--------- ა-–----ის განმარტებით, სამმართველოში გამოკითხვის დროს მან მართლაც აღნიშნა სხვა პირებთან გარკვეულ საქმიან ურთიერთობებზე, ხოლო მოსარჩელეს რაც შეეხება, მის მიმართ დავალიანება არ უღიარებია. გასაუბრებისას მოსარჩელე მოხსენებული იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ იგი სხვისი დაკვეთით ახდენდა მისი ოჯახის დაშინებას და მუქარას. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პირადად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ითხოვა შესაბამისი რეაგირება .

 

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

4.1 მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე; მხარეთა შორის სადავოდ არის გამხდარი გარიგების დადების ფაქტი. კერძოდ, მოსარჩელე მხარე თანხის დაკისრების მოთხოვნას ამყარებს მხარეთა ზეპირ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც მოპასუხეებმა 2015 წლის აგვისტოში, 23 200 ლარად შეიძინეს 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოპასუხეებს, ნასყიდობის ზეპირი გარიგების საფუძველზე ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადათ 2015 წლის ოქტომბრის თვის შუა რიცხვებამდე, რომელიც მათ მიერ არ შესრულებულა. მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არანაირ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

4.2. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ გარიგების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მათ მიერ გარიგების დადების მიზნით გამოვლენილი ნების შინაარსი. მხარეთა შორის ნასყიდობის შესახებ გარიგების დადების ფაქტის დადგენის მიზნით მოსარჩელე მხარემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე და მ--------- ა-–----ის გამოკითხვის ოქმზე. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ე-–------- გ--------ი და ა-----------–---ი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ე-–------- გ--------მა მისცა შემდეგი ჩვენება: ,,2015 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებში, ბაზარში გასაყიდად მყავდა საქონელი; ჩემს გვერდით საქონელს ყიდდა ა----- მ----------ი, დავინახე რომ მასთან მივიდა მ-------- ა-–----ი და მათ დაიწყეს ვაჭრობა, ფულზე საუბრობდნენ. შემდეგ მე ა----- მ----------ს ვკითხე რამდენად ჰყიდი საქონელსთქო და მან მითხრა 22300 ლარადო. შემდეგ შეთანხმდნენ ა-----ი და მ--------ი და მ--------მა საქონელი წაიყვანა. 2-3 თვის წინ ა-----ს ვკითხე ფული მოგცეს თუ არა თქო და მან მითხრა არაო. საქონლის საყიდლად მოსულები იყო 2-3 პიროვნება, მ-------- ა-–----ი, მისი მამა ბ------ ა-–----ი და მათი დამხმარე მუშა. საქონელი იმ დღესვე წაიყვანეს. ა-----მა მითხრა, რომ საქონელი ნისიად წაიყვანეს და ოქტომბრის თვემდე ფულს მომიტანენო, მათ საქონელი აზერბაიჯანში გასაყიდად წაიყვანეს. მე დავინახე საქონელი რომ მიჰყავდათ, 18-19 სული იქნებოდა, ზუსტად არ ვიცი, არ დამითვლია, რაც ჰყავდა ა-----ს გასაყიდად სულ წაიყვანეს. მე შემდეგ ვკითხე ა-----ს რაზე შეთანხმდითთქო და მან მითხრა 22300 თუ 23000 ლარზეო. ... მოლაპარაკებას არ დავსწრებივარ, მაგრამ ჩემი და ა----- მ----------ის გასაყიდი ადგილები გვერდი-გვერდ არის და მესმოდა, გავიგე რომ ყიდდა საქონელს, რამდენად ყიდდა არ გამიგია, ა-----მა მითხრა. რაღაცეები მეც გავიგე, მესმოდა საქონლის ვაჭრობაზე რომ ლაპარაკობდნენ. რაც შეეხება ვალის ოდენობას თვითონ მ--------მა ჩაინიშნა, მე დავინახე ჩემი თვალით. მე ვიცი რომ ეს პიროვნებები საქონლის ბიზნესით არიან დაკავებული, მე თვითონ არაფერი არ მიმიყიდია; ა-----თან პირველად იყვნენ თუ სხვა დროსაც უყიდიათ რამე არ ვიცი. ჩემთან ერთად იმ დროს ჩემი დამხარე იყო, კვირა დღე იყო, დილის საათები. საქონელი მათ თავიანთი მანქანით წაიყვანეს, ჰყავთ სპეციალურად მოწყობილი ,,სკანიას“ მარკის კამაზი. მოლაპარაკებას მ--------ი და ა-----ი აწარმოებდნენ. 18-19-20 სული საქონელი იქნებოდა, ჩვენს შემოღობილში სულ 25-30 ეტევა, მე ზუსტად არ ვიცი დაახლოებით ვამბობ, ა-----მაც მითხრა 18-19 სული საქონელი გავყიდეო. მე ვიცი რომ ვალი არ გადაუხდიათ, ბევრის ვალი აქვთ, მხოლოდ ა-----ის არა. ეს საქონელი მარტო ა-----ის იყო, სხვა არავინ ვიცი, მან გაყიდა, ის შეუთანხმდა. ნოტარიუსთან ვიყავი მისული, ა-----მა მთხოვა და მას გავყევი, მითხრა ვალი არ მოუციათო. მე ნოტარიუსთან დავწერე, რომ მათ საქონელი შეიძინეს და ვალი არ გადაუხდიათ, მე დავწერე, რომ მათ ა-----ის ვალი ჰქონდათ 23000 და კიდე სხვა თანასოფლელებისაც, სხვა ვალების შესახებ გადმოცემით ვიცი“ (იხ. 14.12.2016წ. სხდომის ოქმი 18:22:05-19:02:25). 2016 წლის 14 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე დაკითხული იქნა ა-----------–---ი: ,,ე-–------- გ--------ის დამხმარედ ვმუშაობ მ--------–ის ბაზარში. 2015 წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებში, ა----- მ----------თან მოვიდნენ ვაჭრები, მორიგდნენ და გაყიდა საქონელი. წელს სექტემბრის თვეში ა-----ი ჩემთან მოვიდა და მითხრა თქვენთან ერთად, რომ გავყიდე საქონელი ფული არ მოუციათო, მე ვუთხარი რაც ვიცი იმას ვიტყვი თქო. მოლაპარაკება არ მომისმენია, დავინახე, მე ე-–-------ს ვეხმარებოდი, თავიდან მათთან ახლოს ვიყავი, შემდეგ გავედი, მესმოდა, რომ ნისიაზე იყო საუბარი. შეთანხმდნენ და ა-----მა და მ--------მა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. დავინახე საქონელი რომ გაიყვანეს, ზუსტად არ ვიცი რამდენი იყო, არ დამითვლია, დაახლოებით 18-21 სული იქნებოდა. შერეული საქონელი იყო, დიდებიც იყო და პატარებიც. ამის შემდეგ ა-----ი ჩემთან მოვიდა და მითხრა შეგიძლია მოწმედ გამომყვეო და მეც თანხმობა ვუთხარი. თანხის ოდენობა ზუსტად არ ვიცი. ... ა-----ი სხვა დროსაც მინახავს ბაზარში, იქ მუშაობს, საქონელს ყიდულობს, ყიდის. 3-4 წელია, რაც ვიცნობ ა----- მ----------ს; მე მათი საუბარი სიტყვა- სიტყვით არ გამიგია, დავინახე, გავიგონე ნისიად მიცემას რომ სთხოვდნენ, თავიდან ა-----ი უარს ეუბნებოდა, შემდეგ ისაუბრეს და შეთანხმდნენ. ა-----მა, რომ უთხრა წაიყვანეთ საქონელიო ეს გავიგე; ხელი რომ ჩამოართვეს მივხვდი, რომ შეთანხმდნენ. ფულის მიტანას როდის დაპირდნენ ეს არ გამიგია. მოლაპარაკებაში ა-–----–--ანს მონაწილეობა არ მიუღია. საქონელი რომ წაიყვანეს ეს დავინახე, რითი წაიყვანეს არ დამინახავს, მათ ა-----იც გაყვა. მე არ მინახავს ვინმემ რამე თუ ჩაიწერა, ის დავინახე ხელი რომ ჩამოართვეს. მ--------ი და მამამისი სხვა დროსაც მინახავს ბაზარში, კვირა დღეს მოდიან ხოლმე. ვადასტურებ, რომ დღესაც აქვთ ა-----ის ვალი, ვალი რომ გადაეხადათ ა-----ი აქ არ მოვიდოდა ვიცი“ (იხ. 14.12.2016წ. სხდომის ოქმი 19:06:30-19:30:00). საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების მიზნით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან, დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ- ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შეთანხმება ნასყიდობის საგანზე და ფასზე. როგორც დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, 2015 წლის ზაფხულში, ა----- მ----------ს მ--------–ის ბაზარში გასაყიდად ჰყავდა გაყვანილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. 2015 წლის აგვისტოს თვეში, ა----- მ----------თან მივიდნენ ბ------ და მ--------- ა-–----ები და ა----- მ----------ისაგან წაიყვანეს მსხვილფეხა პირუტყვი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ისეთი ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ მარტოოდენ მათ აღქმას ფაქტებსა და მოვლენებზე. მოწმეთა ჩვენებების გაზიარებისათვის აუცილებელია, რომ ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტის უშუალოდ ცოდნასა და თვითხილვაზე, რაზეც მოსარჩელე უშუალოდ ამყარებს თავის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი შეთანხმებას უშუალოდ არ ესწრებოდნენ თუმცა მათ დაინახეს, რომ ა----- მ----------ისგან მ-------- და ბ------ ა-–----ებმა წაიყვანეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელთა ზუსტ რაოდენობასაც ვერ ასახელებენ. როგორც მოწმეებმა განმარტეს ფაქტების დიდი ნაწილი, როგორიც არის ნასყიდობის ფასი და გადახდის პერიოდი, მათთვის ცნობილი გახდა თავად მოსარჩელე მხარისგან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოწმეებმა დაადასტურეს ა----- მ----------ისაგან ბ------ და მ-------- ა-–----ების მიერ საქონლის წაყვანის ფაქტი, მაგრამ უშუალოდ რა შინაარსის შეთანხმებას ჰქონდა მხარეებს შორის ადგილი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს დაადასტურებდა, მოწმეთა ჩვენებების ანალიზის შედეგად არ დგინდება. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება - მ-------- ა-–----ის გამოკითხვის ოქმი ასევე არ მიუთითებს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 21 ნოემბერს, მ--------–ის რაიონულ სამმართველოში შედგენილი მ-------- ა-–----ის გამოკითხვის ოქმი. აღნიშნული ოქმიდან ირკვევა, რომ მ-------- და ბ------ ა-–----ების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საქონლით ვაჭრობა. დაახლოებით 2 თვის წინ სოფელ ს----------ში მათ შეიძინეს 320 000 ლარის ღირებულების საქონელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რეალიზაციის შემდეგ თანხის გადახდის პირობით. მათ მიერ საქონელი შეძენილი იქნა სხვადასხვა პიროვნებებისგან და იმ პერიოდისათვის მათ ჰქონდა დარჩენილი დავალიანება ს----------ში მცხოვრები ს----- და ი--------- ჯ-------ების 21500 ლარი, მ-----–-- და ა-–----ის 25700 ლარი, ა---– და ი------- ჯ-------ების 13 500 ლარი, ჩ------ და ი-------ის 10000 ლარი, ა-–----ის - 5000 ლარი. ,,ისინი შეპირდნენ ვალის გადახდას, თუმცა აღნიშნული პიროვნებები ურეკავენ და აწუხებენ მათ, ასევე აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მათ გარდა აქვთ სხვა პირების ვალებიც, რომელსაც ნელ-ნელა დაუფარავენ. ა-----ი ურეკავს მათ ტელეფონით და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. მან მოითხოვა აღნიშნული პიროვნებების გაფრთხილება, რათა არ მიაყენონ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ვალი აქვთ ისინი დაუფარავენ“. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მ-------- ა-–----მა განმარტა, რომ გასაუბრებისას მოსარჩელე მოხსენებული იყო მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ იგი სხვისი დაკვეთით ახდენდა მისი ოჯახის დაშინებას და მუქარას. აღნიშნულთან დაკავშირებით მან პირადად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ითხოვა შესაბამისი რეაგირება. ამდენად, არც წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება მხარეთა შორის ნასყიდობის დადების ფაქტი, ვინაიდან, არ შეიცავს აღიარებას მოსარჩელეთან მიმართებაში კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ერთის მხრივ, ა----- მ----------სა და მეორეს მხრივ, ბ------ და მ-------- ა-–----ებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს. მოწმეთა ჩვენებები ასევე ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას გარიგების მონაწილე პირთა შესახებ. კერძოდ, არცერთი მოწმე არ ადასტურებს კონკრეტულ დღეს მ--------–ის ბაზარში ა-–----–--ანის ყოფნის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ა-–----–--ანის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მასსა და ა----- მ----------ს შორის რაიმე სახის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია. ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მიზნით მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, მან კი სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

 

4.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სწორედ ეს ორი ვალდებულებაა ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებისათვის პირველადი ინტერესის საგანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ- ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია შეთანხმება კონკრეტულ ნივთსა და ფასზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა----- მ----------მა. აპელანტის განმარტებით:

 

5.1 სასამართლოს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არ ყოფილა დადებული ზეპირი შეთანხმება მსხვილფეხა პირუტყვის ნასყიდობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მოწმეები ერთხმად უთითებენ შეთანხმებაში მოპასუხეების, მ--------- ა-–----ისა და ბ------ ა-–----ის მონაწილეობაზე, ასევე ადასტურებენ, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის შეთანხმება მოხდა უშუალოდ მათი თანდასწრებით. ისინი შეთანხმდნენ როგორც თანხაზე, ასევე მისი გადახდის დროზეც. მოწმეები განმარტავენ, რომ შეთანხმების შემდგომ მოპასუხეებმა, მ--------- ა-–----მა და ბ------ ა-–----მა, ხელი ჩამოართვეს მოსარჩელეს და საქონელი წაიყვანეს. ამდენად, სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ მოწმეები არ იყვნენ ზეპირი სახის შეთანხმების უშუალო მონაწილენი და შემსწრენი, არასწორია. უფრო მეტიც, ორივე მოწმემ დააფიქსირა, რომ საქონელი მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან წაიყვანეს თანხის გადახდის გარეშე და თანხა მათ უნდა გადაეხადათ საქონლის რეალიზაციის შემდგომ. მოწმეები ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის დაიდო გარიგება და ამ შეთანხმების საფუძველზე წაიყვანეს მოპასუხეებმა სქონელი იმ პირობით, რომ თანხას გადაიხდიდნენ საქონლის რეალიზაციის შემდგომ. მათ ნასყიდობის თანხა დღემდე არ გადაუხდიათ. გარდა ამისა, მოპასუხეები თვითონაც არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ისინი დაკავებულნი იყვნენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ყიდვა-გაყიდვით .

 

5.2 სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ასევე საქმეში არსებულ მ--------- ა-–----ის გამოკითხვის ოქმს. აღნიშნული გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მოპასუხეები დაკავებულნი იყვნენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ყიდვა-გაყიდვით, მათ მ--------–ში მცხოვრები არაერთი ადამიანისაგან წაიყვანეს საქონელი ნასყიდობის თანხის გადახდის გარეშე და სწორედ ამიტომ ურეკავდნენ და აწუხებდნენ ისინი მ--------- ა-–----ს. საყურადღებოა, რომ უშუალოდ გამოკითხვის ოქმში მ--------- ა-–----ი ასახელებს მოსარჩელე ა----- მ----------ს და იქვე განმარტავს, რომ მას არაერთი სხვა პირის ვალი ჰქონდა და ყველას ნელ-ნელა უსტუმრებს. მ--------- ა-–----ი გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ ის ისევე როგორც სხვა პირებს, ა----- მ----------საც გადაუხდის კუთვნილ თანხას. ნათლად ჩანს, რომ მ--------- ა-–----ს აქვს ა----- მ----------ის ვალი და სწორედ ამ ვალის გამო ურეკავდა ა-----ი მას. რაც შეეხება მ--------- ა-–----ის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ა----- მ----------ი ასრულებდა სხვის შეკვეთას, ურეკავდა სხვის ვალზე, არის მის მიერ მოგონილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ეს აუცილებალდ იქნებოდა ასახული მ--------- ა-–----ის გამოკითხვის ოქმში. ამის საწინააღმდეგოდ , მოპასუხე მ--------- ა-–----ი ოქმში აღიარებს, რომ მას აქვს ა----- მ----------ის ვალი და უფრო მეტიც, ის პირობას დებს, რომ ა-----ს აუცილებლად დაუბრუნებს ვალს. გამოკითხვის ოქმში მ--------- ა-–----ი ამბობს, რომ მამასთან ერთად მანაც დაიწყო საქონლით ვაჭრობა. მათ ერთად შეიძინეს საქონელი, რომელიც დაეხოცათ და იზარალეს, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე ,რომ უშუალოდ მას აქვს საქონლის ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება, რასაც ეტაპობრივად ასრულებს. მასვე ურეკავენ გამყიდველები როგორც მყიდველს და სთხოვენ ნასყიდობის ფასის გადახდას. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის ოქმში ასევე მითითებულია საქონლის შეძენის პერიოდი, რაც სრულ თანხვედრაშია ა----- მ----------ის განმარტებებთან და მოწმეთა ჩვენებებთან.

 

5.3 რაც შეეხება მტკიცებულების დაშვებაზე უარის თქმას, ამის საფუძველი არ არსებობდა და სასამართლოს უნდა დაეშვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 10.06.2016 წლის გადაწყვეტილება და უნდა მიეცა მისთვის სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან მხარეები თვითონ წყვეტენ, თუ რა მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს და რითი დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნა.

 

5.4 სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა მოცემულ დავასთან მიმართებით. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

 

6. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე. ვინაიდან კანონით დადგენილი არ არის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმა მოძრავ ნივთებთან მიმართებით, ხელშეკრულების ფორმა უნდა განსაზღვრონ თავად მხარეებმა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი , ასევე წერილობითი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა წერილობითი ხელშეკრულება, მიუხედავად ამისა პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშრებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას. (იხ. სუს საქმე N ას-599-558-2017 13.11.2017) სასამართლო მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები და მ--------- ა-–----ის 2015 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი.

 

8. პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327 და 477-ე მუხლების შესაბამისად ა----- მ----------სა და მ--------- ა-–----ს შორის დაიდო ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება: გამყიდველი ა----- მ----------ი მყიდველი მ-------- ა-–----ი. ნასყიდობის საგანი იყო 18 სული მოზვერი, ღირებულება 23 200 ლარი. მ--------- ა-–----ის 2015 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მ. ა-–----მა თავად მიმართა შსს მ--------–ის რაიონულ სამმართველოს, კერძოდ, 2015 წლის 21 ნოემბერს ის გამოცხადდა მ--------–ის რაიონულ სამმართველოში და შეატყობინა, რომ ვალთან დაკავშირებით ტელეფონზე მას აწუხებენ მისი ნაცნობი პიროვნებები, მათ შორის მოსარჩელეც და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: უპირველეს ყოვლისა, გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული პოზიცია არ შეესაბამება მ--------- ა-–----ის ახსნა-განმარტებას, რაც მისი, როგორც მოპასუხის პოზიციას, მტკიცებულების სანდოობის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს. გამოკითხვის ოქმში ის გარკვევით მიუთითებს, რომ მამასთან ერთად დაიწყო საქონლით ვაჭრობა, მათ ერთად შეიძინეს საქონელი, რომელიც დაეხოცათ და იზარალეს, ის პირდაპირ მიუთითებს, რომ უშუალოდ მას აქვს საქონლის ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება, რასაც ეტაპობრივად ასრულებს. მასვე ურეკავენ გამყიდველები, როგორც მყიდველს, და სთხოვენ ნასყიდობის ფასის გადახდას. ამასთან, მ--------- ა-–----ი გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ იგი ისევე როგორც სხვა პირებს, ა-----საც გაუსტუმრებს ვალს.

 

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ოქმში ასახული განმარტება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ--------- ა-–----ს ნაკისრი და გაცნობიერებული აქვს ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულება. ამდენად, აშკარაა, რომ მ--------- ა-–----ი მამასთან ერთად დაკავებული იყო საქონლით ვაჭრობით. სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშრებით, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული მსხვილფეხა რქოსანი საქონლის შეძენის პერიოდი სრულ თანხვედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან.

 

რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული. სასამართლოს განმარტებით მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს, თუ რამდენად თანამიმდევრულად, არაორაზროვნად და დამაჯერებლად გადმოსცემს მოწმე ინფორმაციას, ხომ არ არის მისი განმარტებები წინააღმდეგობრივი, რამდენად შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეები, ე-–------- გ--------ი და ა-----------–---ი, ერთხმად მიუთითებენ საქონლის ნასყიდობაში მ--------- ა-–----ის მონაწილეობას. მათი ჩვენებები იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაში გაიყიდა საქონელი, თანმხვედრია. ამასთან ერთად, ე-–------- გ--------მა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მ--------- ა-–----მა ვალის ოდენობა (ნასყიდობის თანხა) ჩაინიშნა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის თანხის ოდენობასა და გადახდის წესზე. ორივე მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა----- მ----------სა და მ--------- ა-–----ს შორის ადგილი ჰქონდა ზეპირი სახის შეთანხმებას ნასყიდობის თაობაზე, რის შემდეგაც მ--------- ა-–----მა მსხვილფეხა საქონელი წაიყვანა სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მყიდველის მიერ ნაყიდი ქონების მიღებას, რაც სხვა მტკიცებულებასთან, კერძოდ, 2015 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმთან ერთობლიობაში, ადასტურებს მ--------- ა-–----სა და ა----- მ----------ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----- მ----------მა შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის (მხარეთა შორის გარიგების დადების ფაქტის) რეალიზება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მისი სააპელაციო საჩივარი მ--------- ა-–----ის მიმართ დასაბუთებულია, რის გამოც მისი მოთხოვნა მ--------- ა-–----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. რაც შეეხება ა-–----–--ანსა და ბ------ ა-–----ს, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ა-–---------რამ ა-–----ები ასევე წარმოადგენდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ა-–----–--ანი და ბ------ ა-–----ი არ მონაწილეობდნენ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაში. უფრო მეტიც, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ა-–----–--ანი იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა მ--------–ის ბაზარში. რაც შეეხება ბ------ ა-–----ს, მართალია, ის მ--------- ა-–----თან ერთად ეყო ბაზარში სავაჭროდ მისული, თუმცა, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ა----- მ----------თან რაიმე სახის შეთანხმება მას არ დაუდია. საქმეში არ არსებობს არც მათი გამოკითხვის ოქმები. ამასთან, აპელანტის მიერ არ ყოფილა საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე სარწმუნო მტკიცებულება, რაც საპირისპიროს დაადასტურებდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ა----- მ----------ის სააპელაციო საჩივარი ა-–---------რამ ა-–----ების მიმართ დაუსაბუთებელია და არ უდნა დაკმაყოფილდეს.

 

11. სასამართლო ხარჯები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის, სარჩელის ფარგლებში.რაც შეეხება ადვოკატის მომსახურების ხარჯებს, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად მხარე ვალდებულია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. ა----- მ----------ის მიერ წარმოდგენილი სააადვოკატო მომსახურების გაწევის თაობაზე წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით პალატა მიიჩნევს,რომ უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯის-ადვოკატის მომსახურების ხარჯის -1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

3. ა----- მ----------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

5. ა----- მ----------ის სარჩელი ბ------ ა-–----ის და ა-–----–--ანი წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს.

 

6. ა----- მ----------ის სარჩელი მ--------- ა-–----ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდეს.

 

7. მ--------- ა-–----ის დაეკისროს ა----- მ----------ის სასარგებლოდ 23,200 ლარის გადახდა;

 

8. მ--------- ა-–----ის დაეკისროს ა----- მ----------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 600.00 ლარის ანაზღაურება.

 

9. მ--------- ა-–----ის დაეკისროს ა----- მ----------ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 928 ლარის გადახდა;

 

10. მ--------- ა-–----ის დაეკისროს ა----- მ----------ის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით;

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ვანო წიკლაური /

 

/ეკატერინე ცისკარიძე/