განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.03.2018
საქმის ნომერი
160310016001237428
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160310016001237428

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/2166-16 21 მარტი 2018 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე

მოსამართლეები: მანანა ჩოხელი

ლევან მურუსიძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ე--------------–--ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზო-------–---ა

წარმომადგენელი - ომ----------------–---ი

 

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----------ძე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ზო-------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 1 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №52/939/გ გადაწყვეტილება, 2016 წლის 12 იანვრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №01/6224/გ გადაწყვეტილება, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა--------–----- გარდაცვალების ფაქტის დადგენის თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ა----- ა-–---ი დაიბადა 19---–--–----------------- ქ, მარნეულში.

 

19-------- წელს დაბადებული ა----- ს----- ო---–- ა-–---ი 1989 წლის 13 დეკემბერს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და 1990 წლის 22 აგვისტომდე ირიცხებოდა, როგორც რიგითი სამხედრო მოსამსახურე ბურ.ასსრ, ს---------ს რაიონში ქ. უ-–--------–ი. იგი გულის ქრონიკული იშემიური დავადებით გარდაიცვალა 0--------0 წელს.

 

1990 წელს რუსეთში გარდაცვლილი ა----- ა-–---ი დაკრძალულია მარნეულის რაიონის სოფელ ქვ-----------––ი.

 

2015 წლის 30 ნოემბერს ზო-------–---ამ განცხადებით მიმართა სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მისი აწ გარდაცვლილი შვილის ა--------–----- გარდაცვალების რეგისტრაცია მოითხოვა.

 

2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ზო-------–---ას უარი უთხრა ა--------–----- გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციაზე.

 

ზო-------–---ამ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში 2015 წლის 1 დეკემბერის №52/939/გ გადაწყვეტილება, ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 12 იანვარის გადაწყვეტილებით ზო-------–---ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. იმ საფუძვლით, რომ ვერ დგინდება ა--------–----- სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან და იგი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

 

2015 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმართა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, იმის თაობაზე, რომ ეცნობებინათ ქ. მარნეულში, 1971 წელს დაბადებული, რუსეთში 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა----- ა-–---ი ითვლება, თუ არა საქართველოს მოქალაქედ. რასთან დაკავშირებითაც, 2015 წლის 30 დეკემბრის წერილით აცნობეს, რომ ა----- ა-–---ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ სადაო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

სასამართლომ მიუთითა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს; ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს; გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ.

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა მასზედ, რომ საკითხის განხილვისას, მტკიცებულებათა შეფასებით, ვერ დადგინდა ა--------–----- სამართლებრივი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან.

 

სასამართლომ საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ა----- ა-–---ი დაიბადა 1971 წლის 19 სექტემბერს ქ. მარნეულში, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის პერიოდში მოულოდნელად გარდაიცვალა 1990 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები. კონკრეტულ შემთხვევაში ა----- ა-–---ი დაიბადა 1971 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, იგი ითვლება 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირად, ხოლო რაც შეეხება კანონის დანაწესს, რომ 1993 წლის 31 მარტისთვის უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე და არ უნდა ჰქონდეს მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ამ პირობასთან მიმართებაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ა----- ა-–---ი აღნიშნული პერიოდისათვის იყო გარდაცვლილი და მასზე, ამ საფუძვლით კანონის გაუვრცელებლობა ეწინააღმდეგება მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირი გარდაცვლილია და ვერ იქნებოდა ამ პერიოდისათვის საქართველოში არ წარმოადგენს მისი სამართლებრივი დაცვის სივრცის მიღმა დატოვების საფუძველს, მით უფრო რომ ა----- ა-–---ს გარდაცვალებამდე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ ჰქონდა მიღებული.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვენელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, 2015 წლის 1 დეკემბრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №52/939/გ გადაწყვეტილება, 2016 წლის 12 იანვრის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს №01/6224/გ გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილ ა--------–----- გარდაცვალების ფაქტის დადგენის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაჩნია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზო-------–---ას უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტი ყურადღებას მიაქცევს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ა--------–----- გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია, მაშინ როდესაც, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში სამართლებრივი შეფასება და მსჯელობა ეხება გარდაცვალების ფაქტის დადგენას.

 

აპელანტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნევს, რომ 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, კერძოდ, დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას გამოყენებული აქვს ნორმები, რომლებიც ეხება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, კერძოდ "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 90-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებს, რაც კანონის XII თავშია მოცემული, მაშინ როდესაც სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია, რაც "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის VIII თავით რეგულირდება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მოსაზრებით, ა----- ა-–---ი მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს მოქალაქედ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მაშინ როდესაც "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. კანონი ცალსახად განსაზღვრავს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, მათ შორის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე, ვინაიდან ა----- ა-–---ი 1990 წლის 8 აგვისტოს არის გარდაცვლილი. აქედან გამომდინარე, პირი ვერ ჩაითველება საქართველოს მოქალაქედ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს. ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით. "საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია თუ რა დოკუმენტებით უნდა დადასტურდეს 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნა, ესენია: პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ გაცემული ცნობა, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ხოლო, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, 2015 წლის 14 დეკემბრის #1----- ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ზო-------–---ას მოთხოვნას წარმოადგენდა სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 01 დეკემბრის #52/939/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაცვლილი შვილის ა--------–----- გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 70–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.

 

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად: საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 

ა--------–----- მიმართ მარნეულის რაიონის სადახლოს ს/ს მიერ 1971 წლის 21 სექტემბერს რეგისტრირებულია N101 დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც მითითებულია შემდეგი მონაცემები: სახელი - ა-----, მამის სახელი - ს-----, გვარი - ა-–---, დაბადების თარიღი - 19--------წ, დაბადების ადგილი - სადახლო. საქმის მასალას ერთვის აგრეთვე, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს, ბურიატიის ასსრ ჯანდაცვის სამინისტროს ქალაქ ულ-------ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ 10.08.1990 წელს გაცემული გარდაცვალების საექიმო მოწმობა (N18), სადაც მითითებულია შემდეგი მონაცემები: სახელი - ა-----, მამის სახელი - ს-----, გვარი - ა-–---ი, დაბადების თარიღი - 19--------წ, გარდაცვალების თარიღი - 0--------0წ, გარდაცვალების ადგილი - ბურიატიის ასსრ, ს---------ს რაიონი, ქ. ულ-------ე.

 

აპელანტი, ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, კერძოდ, სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის N01/311335 წერილზე, საიდანაც დგინდება, რომ სააგენტოში დაცული მონაცემებით ა----- ა-–---ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აპელანტს მიაჩნია, რომ ვინაიდან, სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ ა----- ა-–---ი გარდაიცვალა რუსეთში 1990 წელს და ის არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ, აღნიშნული სამსახურის მიერ სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ა--------–----- გარდაცვალების აქტის რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 01 დეკემბრის N52/939/გ და სააგენტოს 2016 წლის 12 იანვრის №01/6224/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

აპელანტისთვის გაურკვეველია ადმინისტრაციულ ორგანოს დამატებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რა გარემოებები უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა, ასევე რომელი კანონის რა მოთხოვნა დაარღვია სააგენტომ, რაც შესაძლოა გახდეს სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 01 დეკემბრის N52/939/გ და სააგენტოს 2016 წლის 12 იანვრის №01/6224/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ამდენად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზო-------–---ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის შვილის ა--------–----- გარდაცვალების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძვლების შემოწმება. მოსარჩელე ითხოვს გარდაცვალების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულებას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის და რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა--------–----- გარდაცვალების ფაქტის დადგენის თაობაზე. როგორც აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა გარდაცვალების შესახებ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია, სასამართლო კი დაეყრდნო გარდაცვალების ფაქტის დადგენის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებს და მიიღო გადაწყვეტილება გარდაცვალების ფაქტის დადგენის დავალდებულების შესახებ, რაც არსებითად ცვლის დავის საგანს და ქმნის საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უნდა შეფასდეს ა--------–----- გარდაცვალების შესახებ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა და გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს აღნიშნული გარემოებების კვლევის საფუძველზე.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, ა----- ა-–---ი დაიბადა 1971 წლის 19 სექტემბერს ქ. მარნეულში. იგი 1989 წლის 13 დეკემბერს გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში და 1990 წლის 22 აგვისტომდე ირიცხებოდა როგორც რიგითი სამხედრო მოსამსახურე, ბურ. ასსრ, ს---------ს რაიონი, ქ. უ-–-------ე. 1990 წლის 8 აგვისტოს, სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში, ა----- ა-–---ი გარდაიცვალა გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით. დაკრძალულია მარნეულის რაიონის სოფელ ქვ-----------––ი. დადგენილია, რომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია დღემდე არ განხორციელებულა.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათ შორის გარდაცვალდების რეგისტრაციის საკითხებს არეგულირებს ,,სამოქალაქო აქტების“ შესახებ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში. ხსენებული ნორმა გარდაცვალების რეგისტრაციის წინაპირობად მოიაზრებს პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან. გარდაცვალების რეგისტრაციას ექვემდებარება: საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის გარდაცვალება, ასევე ნებისმიერი პირის საქართველოში გარდაცვალება ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სხვა სახელმწიფოში გარდაცვალება.

 

დავის სამართლებრივი ანალიზი სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რეგისტრაციის თაობაზე ემყარება ზემოაღნიშნული ნორმების ფორმალურ განმარტებას და მხდველობაში არ არის მიღებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ნორმის ამგვარ განმარტებას ხდის არავარგისს. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს ა----- ს----- ო---–- ა-–---ის გარდაცვალების თარიღს და იმ სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც საქართველო ამ პერიოდში იმყოფებოდა. საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას წარმოადგენს და მტკიცებას არ საჭიროებს ფაქტი იმის თაობაზე, რომ საქართველო 1922 წლიდან 1991 წლამდე იმყოფებოდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შემადგენლობაში. ქვეყანა მოქცეული იყო ერთიან სამართლებრივ სივრცეში და იმართებოდა ცენტრალიზებული წესით; საქართველოს არ გააჩნდა დამოუკიდებლობა; ქვეყნის საზღვრები განსაზღვრული იყო ფორმალურად; არ არსებობდა ცნება საქართველოს მოქალაქე. საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკის მოქალაქე იყო ერთიანი ქვეყნის - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე. ცნება - საქართველოს მოქალაქე და საქართველოს სახელმწიფოსთან სივრცით-სამართლებრივი კავშირი გაჩნდა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ, შესაბამისად არ არსებობს სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი შესაძლებლობა 1990 წელს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გარდაცვლილ პირთან მიმართებაში მოთხოვნილ იქნას საქართველოს სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ამ საფუძველზე მოტივირებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.

 

სააპელაციო სასამართლო თავისთავად ეჭვქვეშ არ აყენებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იმისათვის, რომ პირი ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქედ, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა 1993 წლის 31 მარტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა, თუმცა, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების მიღმა რჩება ის გარემოება, რომ ა----- ა-–---ი 1993 წლის 31 მარტისთვის იყო გარდაცვლილი და ამ პირობას ვერ დააკმაყოფილებდა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მოქმედი საქართველოს კანონი, ისევე, როგორც ძალადაკარგულად ცნობილი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონი“ მიღებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში. ამასთან, ბუნებრივია, რომ არცერთი ეს აქტი არ შეეხებოდა გარდაცვლილი პირის მოქალაქეობის საკითხს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ა--------–----- გარდაცვალება, რომელიც დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე, გაწვეული იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, მსახურობდა საბჭოთა ჯარში, დაიღუპა სამხედრო სამსახურის გავლის დროს და სივრცობრივი კავშირი დაბადების ადგილთან გაწყვიტა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

 

სადავო აქტში უარის თქმის მოტივად მითითებული გარემოების გამორიცხვის პირობებში, სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დადგინდეს, არსებობს თუ არა სხვა სახის საკანონმდებლო შეზღუდვა, რაც გამორიცხავს რეგისტრაციის დაშვების შესაძლებლობას.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;

 

საქმეში დაცულია უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახულია ა--------–----- გარდაცვალების ფაქტი და მიზეზი - გულის ქრონიკული იშემიური დაავადება. მითითებულ ცნობაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა პირის გარდაცვალების რეგისტრაციის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, თუმცა, ამავდროულად სააპელაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რაც, გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს აქტების არსებითად ბათილად ცნობის შესაძლებლობას და ქმნის საფუძველს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურდეს ასკ-ის 34.4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობა და საქმე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით დაუბრუნდეს იმავე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ზო-------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 1 დეკემბრის N52/939/გ გადაწყვეტილება; ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 12 იანვრის N01/6224/გ გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 1990 წლის 8 აგვისტოს გარდაცვლილი ა--------–----- გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე.

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლე: მანანა ჩოხელი

 

ლევან მურუსიძე