განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2018
საქმის ნომერი
330100117002172788
ინსტანცია
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002172788

საქმე №1/ბ-385-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 მაისი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მურმან ისაევმა

 

მაია ყუშიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - ზ---- ქ------ის

ადვოკატის - ზ------ ჩ--------ს

მსჯავრდებულ - მ------– კ---------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ------– კ--------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ------– კ--------- მიმართ, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაბადებული 1----–-–------------, ნასამართლევი, მცხოვრები: თბ--–------------------------------–------------------–-. დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი

 

მ------– კ--------- მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

კერძოდ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,4869 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მ------– კ--------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0.4869 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭრებში 3 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით;

 

მ------– კ-------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მ------– კ---------, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მ------– კ--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ------– კ-------ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზ---- ქ------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ მ------– კ--------- მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

კერძოდ, იშუამდგომლა, მ------– კ--------- დამნაშავედ ცნობა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 2 (ორი) წელი დაუდგინდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება 3 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრება ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

ასევე მ------– კ---------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე ჩამოერთმევა;

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 6 თვის ვადით;

 

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით;

 

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

 

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

 

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

 

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 წლის ვადით;

 

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა პროკურორმა ზ---- ქ------ემ, მსჯავრდებულმა მ------– კ-------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ ჩ--------მ;

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

მსჯავრდებული მ------– კ-------ა, სრულად აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, შესაბამისად უარი თქვა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------– კ-------ამ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის ზ---- ქ------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს პროკურორ ზ---- ქ------ესა და მსჯავრდებულ მ------– კ--------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის განაჩენში მ------– კ--------- მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;

 

მ------– კ-------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

პირობით მსჯავრდების პერიოდში მსჯავრდებულ მ------– კ-------აზე ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მ------– კ---------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე ჩამოერთვას;

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 6 თვის ვადით;

 

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლის ვადით;

 

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

 

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

 

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 წლის ვადით;

 

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 წლის ვადით;

 

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით;

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მ------– კ--------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ მ------– კ--------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნარკოტიკული ნივთიერება - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე: მ. ისაევი