განაჩენი

სისხლის სამართლის 25.05.2018
საქმის ნომერი
330100117002135195
ინსტანცია
თარიღი
25.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100117002135195

საქმე #1ბ/508-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), დ--------------ის, დ----------–--------–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------–--------------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ--------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 25 მაისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დ--------------ე მართავდა „მერსედესი“-ს მარკის ავტომობილს და მოძრაობდა ქ-------–--–--------–--------ზე, ნ-----–----------------------------------–-------ის მიმართულებით. ამავე საავტომობილო გზაზე მსვლელობისას, დ--------------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე კ------------------ს. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად კ------------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:

 

დ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორმა ი-----–---–-----–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას დ---------------------- დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა, დ--------------ეს ძირითადი სასჯელი გაუმკაცრდეს, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ დ--------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ კ------------------ის დაკითხვის ოქმით, დ--------------ის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული სქემით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის #1------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნით და საქმეში არსებულ ერთმანეთთნ შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ--------------ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ--------------ის მიმართ გამოიყენა შეუსაბამო სასჯელი და მისი დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულ კ------------------ისათვის მიყენებული ზიანი მსჯავრდებულმა მხოლოდ ნაწილობრივ აანაზღაურა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - დაზარალებულთან მიმართებაში. აპელანტი მიიჩნევს, რომ დ---------------------- დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე დ---------------------- დანიშნული ძირითადი სასჯელის გამკაცრებისა და დამატებითი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ვერ დაეთანხმება. პალატა თავდაპირველად ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ--------------ემ საქმის გამოძიების მსვლელობისას, კერძოდ, ბრალდებულის სახით დაკითხვისას და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

აპელანტს სააპელაციო საჩივარში ერთ-ერთ არგუმენტად მითითებული აქვს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულის მიმართ არ გამოიჩინა ყურადღება და სრულად არ აუნაზღაურა ზიანი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას სისხლის სამართლის კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამის სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარდგენით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულებები). ამდენად, აღნიშნული არგუმენტი ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დ--------------ემ დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ არაერთხელ განიმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგ. იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ოქტომბრის N611აპ-10 განჩინება). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიაჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობის ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნას მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ---------------------- დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნასაც ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: ,,სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვალდ გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში“. საქმის მასალების შესწავლის შედეგად კი დგინდება, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარმოთქმისას დ---------------------- დამატებითი სასჯელის სახით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა არ გაუჟღერებია. შესაბამისად, პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივრის აღნიშნული მოთხოვნა და გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებითი სასჯელის დანიშვნით. აქვე, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს, მოსამართლის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს, ჩამოართმევს თუ არა დამნაშავეს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებას. იმ ვითარებაში, როდესაც მსჯავრდებული დ--------------ე ეწევა დისტრიბუციას, ავტომობილის მეშვეობით ამარაგებს მაღაზიებს და შესაბამისად, საკუთარ ოჯახს აღნიშნული საქმიანობით უზრუნველყოფს მატერიალურად, პალატა მიზანშოწონილად არ მიიჩნევს დ--------------ეს ჩამოართვას ავტომანქანის მართვის უფლება. მართვის უფლების ჩამორთმევა მსჯავრდებულისათვის გამოიწვევს მისი ოჯახის დარჩენას მატერიალური სახსრების გარეშე, რაც, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ წარმოადგენს სასჯელის მიზანს.

 

პალატა აღნიშნავს და იზიარებს სასჯელის დანიშვნის დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დ--------------ემ აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულს, იმავდროულად, მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. გარდა ამისა, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულ დ---------------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ---------------------- დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელების სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელების დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ავტო-საგზაო შემთხვევის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის ოჯახური და ქონებრივი შესაძლებლობა და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ დ--------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ--------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ ი-----–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ დ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ--------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ დ--------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ავტომობილი ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით H------, რომელიც იმყოფება სპ. ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ერთი ცალი დისკი, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე