განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700059981
საქმე №1/აგ-372-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნათია ბარბაქაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ თე-------–----ას (პ/ნ 6----------, დაბადებული 19---–-–---- თებერვალს) ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ---------------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, თე-------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მასვ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით,თე-------–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2018 წლის 18 მაისს მსჯავრდებული თე-------–----ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზუ---------------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ თე-------–----ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თე-------–----ა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, თე-------–----ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ დაადგინა, რომ ქმედება აღარ არის დასჯადი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თე-------–----ა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს იმ ქმედებისთვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 20---–-–-----------ს წერილით ირკვევა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი რომლის თანახმად თე-------–----ას დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 28 ნოემბერს. ამავე წერილით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად თე-------–----ას დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ოდენობით, აღნიშნული თანხიდან გადახდილია 372.9 ლარი, რაც გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 16 მარტს. დანარჩენი დავალიანების ამოღების მიზნით თე-------–----ა რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მიმდინარეობს მის მიმართ სააღსრულებო წარმოება.
ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიიჩნია, რომ თე-------–----ა უნდა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები. ასევე, თე-------–----ა უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან. შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებული თე-------–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ---------------ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თე-------–----ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ზუ---------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
თე-------–----ა გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
თე-------–----ას აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.
დანარჩენ ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
თე-------–----ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნ.სანდოძე
მოსამართლეები: ვ.ლომიძე
ნ.ბარბაქაძე