განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2018
საქმის ნომერი
330210014599233
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014599233

საქმე №2ბ/1017-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: გელა ქირია, ოთარ სიჭინავა

სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - გ---- კ------–---–ი

წარმომადგენელი - ქ------- ვ--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- ა-------–---–ი

წარმომადგენელი - თ----- რ-----ე

 

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ--- ა-------–---–ის სარჩელი. გ---- კ------–---–ს, ნ--- ა-------–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ნ--- ა-------–---–ს, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ა-------–---–ის სარჩელი გ---- კ------–---–ის მიმართ და მოპასუხე გ---- კ------–---–ს დაევალა სოციალური ქსელ F--------ში 2011 წლის 12 დეკემბერს, 2012 წლის 11 იანვარს და 2012 წლის 28 იანვარს, ნ--- ა-------–---–ის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ამავე ქსელში შემდეგი სახით: ”თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით საქმეზე №2-------- დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ--- ა-------–---–ის სარჩელი მოპასუხე გ---- კ------–---–ის მიმართ. 2011 წლის 12 დეკემბერს, 2012 წლის 11 იანვარს და 2012 წლის 28 იანვარს სოციალურ ქსელ F--------ში გავრცელებული ცნობები მიჩნეულ იქნას ცილისწამებად, ნ--- ა-------–---–ისათვის ზიანის მიმყენებელ და სახელის გამტეხ ქმედებად”.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელ facebook-ის მეშვეობით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, 2011 წლის 20 დეკემბერს, გ---- კ------–---–მა გაავრცელა შემდეგი განცხადება: ,,ნ--- ა-------–---–მა 2007 წლის 02 ივლისს დილით მოწამლული მწვადები დაუტოვა თავის შვილების მამას, დ----- კ------–---–ს და ბავშვები გააფრთხილა, რომ ეს ხორცი მათ არ ეჭამათ. დ----- დილის 10:00 საათზე მივიდა ნ--- ა-------–---–თან სახლში, სამზარეულოში რომ შევიდა, შვილებმა უთხრეს: დედამ ღორის მწვადები დაგიტოვა და აბა, შენ იცი, დედას არ აწყენინო და ჭამეო. დ-----მ შვილებსაც უთხრა: - დამიჯექით და ერთად ვჭამოთო. ნ----მ უპასუხა: მამა ხო იცი, მე ჭამა არ მინდა და ისედაც მარხვაზე ვარ, დ-----მ ლ-–---------იც დაპატიჟა საჭმელად, რაზედაც მას დედისთვის მიცემული პირობის გამო უთქვამს უარი. დ-----მ მარტო ჭამა ის მწვადი. ნ--- საღამოს 6 საათისთის დაბრუნდა სახლში, მაშინვე სახლში შევიდა, ტაფა ცარიელი რომ ნახა, გახარებია, ერთი რაც უკითხავს ბიჭისთვის: სიმართლე მითხარი, შენ ერთი ნაჭერი მაინც ხომ არ გიჭამია ამ ტაფიდანო? და არ გაბედო ჩემი მოტყუებაო. ეს ყველაფერი თვითონ ნ----მ და ლ-–---------იმ მოგვიყვნენ ვახშმობისას 2007 წლის 13 სექტემბერს საღამოს 10:00 საათისთვის, დედამისიც, ნ--- ა-------–---–იც სუფრაზე იჯდა ჩვენთან ერთად და მანაც დაადასტურა.“

 

ასევე სოციალური ქსელ F--------ის მეშვეობით, 2012 წლის 11 იანვარს, გ---- კ------–---–მა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა შემდეგი განცხადება: ,,2009 წლის 25 აპრილს დაყაჩაღების საქმეზე 30 წლით დაპატიმრებულია ი-----–- ნ--------ს ძე დ------ე, მან არ აღიარა, რომ ეს საშინელება გ---- კ------–---–ის რძლის ნ--- გ---ს ასული ა-------–---–ის და მისი საყვარლის, ვ------- ვ--–-----ს ძე ო---–----ას დავალებული იყო, რომ გ---- კ------–---–ის პირად ქონებას (5-7 მილიონ დოლარს) დაპატრონებოდნენ, რძალმა და მისმა საყვარელმა ვ------მ წინასწარ მისცეს 20 000 დოლარი და ნახევარ მილიონ დოლარს დაპირდნენ 6 თვის გასვლის შემდეგ, როცა გ---- კ------–---–ის ქონება ნ--- ა-------–---–ის ხელში გადავიდოდა“.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელ F--------ის მეშვეობით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, 2012 წლის 28 იანვარს, გ---- კ------–---–მა გაავრცელა შემდეგი განცხადება: ,,2009 წლის 25 აპრილს დაყაჩაღების გათამაშებით გ---- კ------–---–ის რძლის ნ--- ა-------–---–ისგან დაქირავებულმა ,,არაკაცმა“ ი-----–- დ------ემ 20 000 დოლარად სასიკვდილოდ გამიმეტა გ---- კ------–---–ი და ექვს თვენახევრის ორსული მეუღლე ე-–--- გ---–--–---–ი.“

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ა-------–---–ის სარჩელი გ---- კ------–---–ის მიმართ და მოპასუხე გ---- კ------–---–ს დაევალა სოციალურ ქსელ F--------ში 2011 წლის 12 დეკემბერს, 2012 წლის 11 იანვარს და 2012 წლის 28 იანვარს ნ--- ა-------–---–ის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ---- კ------–---–ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით გ---- კ------–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინება. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ---- კ------–---–ის განცხადებები იმის შესახებ, რომ ნ--- ა-------–---–მა მოწამლა მეუღლე დავით კ------–---–ი, რის შედეგად იგი გარდაიცვალა, ასევე რომ ნ--- ა-------–---–მა და მისმა საყვარელმა _ ვ------- ძე ო---–----ამ, 20 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ი-----–- დ------ეს დაუკვეთეს გ---- კ------–---–სა და მის მეუღლეზე _ ე-–--- გ---–--–---–ზე ყაჩაღური თავდასხმა, არის ცილისმწამებლური, ნ--- ა-------–---–ის პატივისა და ღირსების შემლახავი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გ---- კ------–---–ის მიერ გავრცელებული განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, ნ--- ა-------–---–ი მოხსენიებულია როგორც დანაშაულის უშუალო შემსრულებელი (მეუღლის მკვლელობის ჩამდენი) და დანაშაულის დამკვეთი (გ---- კ------–---–სა და მის მეუღლეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ორგანიზატორი). სასამართლომ სადავო გამონათქვამები არ მიიჩნია მოპასუხის მოსაზრებებად, მომხდარი მოვლენის ან ნ--- ა-------–---–ის პიროვნების შეფასებად. სასამართლომ გავრცელებულ ფაქტები მიიჩნია ცილისწამებად, რადგან ნ--- ა-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გამამტყუნებელი განაჩენით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს წინამდებარე დავისათვის აქვს პრეიდიციული მნიშვნელობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ; ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ ფაქტებს, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან ეს გარემოებები უკვე დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ამავე მხარეებს შორის წამოჭრილი სხვა დავაა გადაწყვეტილი. ფაქტებისათვის პრეიდიუციული მნიშვნელობის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსი და დავის სუბიექტები, რადგან პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, თუ დავაში ერთიდაიგივე მხარეები მონაწილეობენ და საქმეების ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთდაკავშირებულია. 2012 წლის 24 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ--- ა-------–---–ის შესახებ გ---- კ------–---–ის მიერ გავრცელებული ცნობები მკვლელობის ჩადენის და მკვლელის დაქირავების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და ლახავს ნ--- ა-------–---–ის პატივსა და ღირსებას. განსახილველი დავა შეეხება მსგავსი შინაარსის განცხადების გავრცელებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სხვა სოციალური ქსელის საშუალებით, რომელზეც, ცხადია, არ უმსჯელია სასამართლოს იმ საქმის განხილვისას, რომელზეც 2012 წლის 24 მაისს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, 2014 წელს გავრცელებული განცხადების მიმართ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა (იხ. გადაწყვეტილების და განჩინებების ასლები, ს.ფ. 32-60);

 

2.2. გ---- კ------–---–ის მიერ ცილისმწამებლური განცხადების გავრცელებას არ გამოუწვევია ნ--- ა-------–---–ის მიერ 9200 ლარის ოდენობით ხელფასის მიუღებლობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ქ--------–-----------–-----------------ის“ მიერ 2014 წლის 12 ივნისს გაცემული ცნობის თანახმად, ნ--- ა-------–---–ი მუშაობდა ქ--------–-----------–-----------------ის რ------------–-------------------------–------------–-----ლად 2011 წლის სექტემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელე 9200 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო სტუდენტებსა და კოლეგა-ლ--------ებში შეილახა მისი ავტორიტეტი, რის გამოც იძულებული გახდა საკუთარი ინიციატივით შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, მიუღებელი შემოსავლის გადახდის დაკისრებას მოპასუხისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლის მიხედვით, 1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია. 2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების მიხედვით, სასამართლომ განმარტა, რომ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომაა ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რაც არა მარტო მორალური, არამედ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასაც გულისხმობს. სამოქალაქო კოდექსის დელიქტური ვალდებულებების თავში ცალკე ნორმად არის გათვალისწინებული ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები, რის გამოც ცილისმწამებლური განცხადებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებას განეკუთვნება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვთი, თუკი პატივისა და ღირსების ხელყოფა გამოწვეული ბრალეული მოქმედებით, დაზარალებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. დელიქტური ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილია ოთხი აუცილებელი პირობა, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ ნორმის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი პირობაა მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უშუალო კავშირის დადგენა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ სოციალურ ქსელFF--------ით პირველი ცილისმწამებური განცხადება გააკეთა 2011 წლის 20 დეკემბერს. ნ--- ა-------–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების გამო მოპასუხეს პასუხისმგებლობა რომ დაეკისროს, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია ამ განცხადებამ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით დასტურდება ის გარემოება, რომ ნ--- ა-------–---–ი ქ--------–-----------–----------------ში მუშაობდა 2011 წლის სექტემბერიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებში მითითებულია, რომ გ---- კ------–---–ის მიერ გავრცელებული ფაქტები საზოგადოებაში აღქმული იქნა რეალურად, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ აღნიშნულ განცხადებებს მოჰყვა მისი რეპუტაციის დისკრედიტაცია. ნ--- ა-------–---–ი მუშაობდა პრ---------------------–----------ში, მ-–---------–---------–------------------ში, გავრცელებული ცნობების გამო სამსახურში შეიქმნა არაჯანსაღი დამოკიდებულება მის მიმართ, სტუდენტებში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ის იყო მსუბუქი ყოფაქცევის, მკვლელი, იშლებოდა ლექციები, რასაც ა-------–---–მა ორი კვირა გაუძლო, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა წამოსულიყო სამსახურიდან. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოწმე ი----- ც--–--ის განმარტების საფუძველზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოება, რომ გავრცელებული განცხადებებით გამოწვეული უარყოფითი რეზონანსის გამო მოსარჩელემ საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ გარემოების დადგენა მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობას არ განაპირობებს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, წარმოდგენილ ცნობაში მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი მითითებული არ არის. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის, აუცილებელია დადგინდეს, რა ქონებრივი დანაკლისი განიცადა მოსარჩელემ, რაც უნდა დადგინდეს იმის მიხედვით, თუ რამდენს შეადგენდა ნ--- ა-------–---–ის ხელფასი, რა პერიოდის მანძილზე მიიღებდა ხელფასს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რამდენს შეადგენდა მისი ხელფასი, შრომითი ხელშეკრულება რა ვადით იყო დადებული, რის გამოც არ დასტურდება მისი შრომის ანაზღაურების ოდენობა, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა. მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას 2013 წლის დეკემბრამდე პერიოდში, რადგან ამ დროიდან რუსეთის კვლევის ცენტრმა არსებობა შეწყვიტა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, შრომითი ურთიერთობა იყო უვადო თუ კონკრეტული ვადის, სემესტრული მუშაობისათვის დადებული, რის გამოც მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ კვლევითი ინსტიტუტის გაუქმებამდე იმუშავებდა მეცნიერ-თანამშრომლად და მიღებდა ხელფასს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ სადავო პერიოდში, 02 წლის განმავლობაში, მის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების გამო ვერ მიიღო შრომის ანაზღაურება (იხ. ცნობა, ს.ფ. 60; სასამართლო განჩინებები, ს.ფ. 32-60);

 

2.3. გ---- კ------–---–ის მიერ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებით, მოსარჩელე ნ--- ა-------–---–ს მიადგა მორალური ზიანი (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება; სასამართლოს გადაწყვეტილება; სასამართლოს განჩინებები);

 

2.4. გ---- კ------–---–ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ასევე მძიმე მატერიალური მდგომარეობა.

 

შპს ს------–-----–---------------ს“ მიერ 2010 წლის 2 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, გ---- კ------–---–ს დადგენილი აქვს სტატუსი მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა, შრომისუუნარობის შეზღუდვა მესამე ხარისხის. მ.---–---–--------–---------–-----–--------–-------------------ოს 2011 წლის 25 თებერვლის ცნობის თანახმად, ვ---------------- გ----ს ძე კ------–---–ი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ვადით _ 2027 წლის 1 მაისამდე. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის 200 წლის 4 მაისის დასკვნის თანახმად, ივ------------ს ძე კ------–---–ს (მოსარჩელის ძმა) მინიჭებული აქვს ინვალიდობის პირველი ჯგუფი უვადოდ, არის ბავშვობიდან ინვალიდი. ზემოაღნიშნული სამედიცინო ცნობებით დასტურდება, რომ მოპასუხე გ---- კ------–---–ს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მასთან ერთად ცხოვრობენ მისი არასრულწლოვანი შვილი და სრულწლოვანი ძმა, რომლებსაც, ასევე ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. მოპასუხესთან ცხოვრობს ასევე, პენსიონერი დედა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ გ---- კ------–---–ი არის თბილისში, ფ--–--–---–-------ში მდებარე, 179,02 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრე, რომელიც გაქირავებული აქვს 2017 წლის 1 მაისამდე ვადით, ქირის ოდენობაა, თვეში _ 1300 აშშ დოლარი. გ---- კ------–---–ის საკუთრებაშია, ასევე თბილისში, ფ--–--–---–-------ში მდებარე 247,99 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომლის იჯარის საფასური შეადგენს თვეში _ 2000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2016 წლის 1 იანვარს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის და მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობამ სასამართლოს მისცა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რომ გ---- კ------–---–ის მატერიალური მდგომარეობა მძიმედ შეფასებულიყო. მოპასუხის მატერიალურ კეთილდღეობას არ ადასტურებს მხოლოდ მის საკუთრებაში რამდენი უძრავი ქონების არსებობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე არ აძლევს მათ შესაძლებლობას დასაქმდნენ, ამ გზით ყოველთვიური, სტაბილური შემოსავალი გამოიმუშავონ. შესაბამისად, უძრავი ქონების გაქირავება არის მათი შემოსავლის ძირითადი წყარო, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობისათვის, რეაბილიტაციისათვის მოპასუხეს უწევს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯის გაწევა, საყურადღებოა საყოფაცხოვრებო ხარჯებიც, რის გამოც მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა არასახარბიელოა (იხ. ქირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 159-163; იჯარის ხელშეკრულება, ს.ფ. 167-171; სამედიცინო ცნობები, ს.ფ. 81-83);

 

2.5. გ---- კ------–---–მა, 2012 წლის 27 სექტემბერს, F--------ის მეშვეობით, ასევე, 2014 წლის 23 თებერვალს და 06 აპრილს, „ო-------–-------“ მეშვეობით გაავრცელა გარკვეული განცხადებები ნ--- ა-------–---–ის მიმართ, რასაც მოსარჩელე მიიჩნევს ცილისმწამებლურად, კერძოდ: 2014 წლის 23 თებერვალს, სოციალურ ქსელში _ „ო-------–--------“, გ---- კ------–---–მა გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება _ „ დღეს ჩემი გარდაცვლილი ძმის დ-----ს ბიჭის ლ-–---------ის 21-ე დაბადების დღეა. ჩემ ძმის შვილს 2008 წლის მერე პირადად ვეღარ ვულოცავ დაბადების დღეს მისი უღირსი დედის ნ--- ა-------–---–ის გამო. რადგან როგორც 2009 წლის 25 აპრილს ჩემ პირად ოჯახზე თავდასხმიდან გამომდინარე გავარკვიე, რომ ჩემი უფროსი ძმა დ----- 2007 წლის 2 ივლისს სწორედ ნ--- ა-------–---–ს მოუწამლავს და 7 ივლისს გარდაიცვალა დ--------------ს ძე კ------–---–ი (ჩემი უფროსი ძმა. ლ-–---------ი კ------–---–ის მამა), _ იხ. „ო-------–--------ს“ გვერდიდან ამონაბეჭდი, ს.ფ. 113; 2014 წლის 6 აპრილს, სოციალურ ქსელში _ „ო-------–--------“ გ---- კ------–---–მა გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება - „ამ სურათზეა ჩემი ახალ შექმნილი ოჯახის ამოსაწყვეტად ჩემივე უღირსი რძლის ნ--- გ---ს ასული ა-------–---–ის მიერ 10 000 დოლარად დაქირავებული არაკაცი ი-----–- ნ--------ს ძე დ------ე. ფუი შენს კაცობას ი-----–- ნ--------ს ძე დ------ე, რომ სასიკვდილოდ გაგვიმეტე მეც და ჩემი 6 თვენახევრის ორსული მეუღლე ე-–--- დ--------ს ასული გ---–--–---–ი, რომელიც ცოცხალი გადარჩა და პატარა 6 თვენახევრის სიყვარულის ნაყოფი ვ----------------ც საკეისროთი ცოცხალი ამოიყვანეს. მაგრამ ჩემი ე-–--- გ---–--–---–ი დღესაც აზროვნება დაუბრუნებელი ცოცხლობს „ცოცხალი მცენარის“ სტატუსით. ფუ შენ ადამიანობას. რას გვერჩოდი, რა დაგაკელით? სიყვარულის და პატივისცემის მეტი ხომ არაფერი გამიკეთებია შენთვის და შენი ოჯახისთვის? _ იხ. „ო-------–--------ს“ გვერდიდან ამონაბეჭდი, ს.ფ.114;

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, მოპასუხე გ---- კ------–---–ის მიერ, 2012 წლის 27 სექტემბერს, 2014 წლის 23 თებერვალს და 2014 წლის 06 აპრილს F--------ით გავრცელებული განცხადებების შესახებ, სასამართლოში დავა აღძრა 2014 წლის 17ოქტომბერს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლში მითითებული ვადის (განცხადების გაცნობიდან 100 დღე) დარღვევით, რის გამოც, ამ განცხადებების ნაწილში სარჩელი არის ხანდაზმული (იხ. დამატებითი სარჩელი, ს.ფ. 102-112; მოსარჩელის ახსნა-განმარტება; ამონაბეჭდი განცხადებების შესახებ);

 

2.6. გ---- კ------–---–მა ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელებით მოსარჩელე ნ--- ა-------–---–ს მიაყენა მორალური ზიანი, რაც უნდა აუნაზღაურდეს (სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობით).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მოითხოვს, მოპასუხისათვის, მის შესახებ გავრცელებული გამონათქვამების გავრცელების გამო მატერიალური ზიანის დაკისრებას - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლის მიხედვით, 1. პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია. 2. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა ისეთი გამონათქვამებისას, რომლებიც ემსახურება კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

 

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ცილისმწამებლური განცხადებით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება დელიქტურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის გადასაწყვეტად უნდა დადგინდეს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელი წინაპირობები. როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ აშკარად მცდარი და ზიანის მომტანი ფაქტები გავრცელებულია ბრალეულად.

 

სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 412-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელი ხელფასის გადახდას, რაც ვერ მიიღო იმის გამო, რომ გავრცელებული ცნობების გამო იძულებული გახდა შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. დელიქტური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ოთხი აუცილებელი პირობის ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი პირობაა მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უშუალო კავშირის დადგენა. მოსარჩელემ მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისათვის აუცილებელი გარემოებები: სახელდობრ, თუ რა ვადის განმავლობაში, ყოველთვიურად რა ოდენობის ხელფასს მიიღებდა, იძულებული რომ არ ყოფილიყო, შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის მიერ მის შესახებ გავრცელებული გამონათქვამების გავრცელებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად პატივის და ღირსების შელახვის გამო მიყენებული მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურებას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. შესაბამისად, კონსტიტუციით დეკლარირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ხოლო სსკ-ის 18-ე მუხლი ადგენს პატივისა და ღირსების შელახვისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს და წესს. ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დავა სამოქალაქო კოდექსთან ერთად უნდა გადაწყდეს ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. ამ უკანასკნელით გათვალისწინებული გარემოებები ქმნის საკითხის სამოქალაქო კოდექსით გადაწყვეტის წინაპირობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია სიტყვისა და აზრის თავისუფლება. კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლზე და ”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” შესახებ ევროპის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლითაც აღიარებულია აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის უფლება. თუმცა აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური, შეუზღუდავი ხასიათის. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით აღიარებულია გამოხატვის თავისუფლება, თუმცა რამდენადაც იგი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება დაექვემდებაროს წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია, მათ შორის _ სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დასაცავად. ამდენად, ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია და საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები ადგენს როგორც მოსაზრებების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლომ მიუთითა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. ამ ნორმის საფუძველზე კონვენციასა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული დებულებების განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებულ პრაქტიკას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვისათვის სამი კრიტერიუმია დადგენილი. 1) შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; 2) კანონის დებულებებით დაწესებული შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს კონვენციის 10-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ღირებულებების დაცვას; 3) კონკრეტულ შემთხვევაში შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. სამივე კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შესახებ დავაში, პირველ ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, კანონით არის თუ არა გათვალისწინებული სადავოდ ქცეული გამოხატვის შეზღუდვა.

 

სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლითაც დადგენილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები. კერძოდ, 1. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. 2. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შემზღუდველი კანონი უნდა იყოს: ა) პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებისაკენ; ბ) კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის; გ) არადისკრიმინაციული; დ) პროპორციულად შემზღუდველი. კანონის აღნიშნული ნორმა შესაბამისობაშია სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებულ შეხედულებებთან და ამკვირდებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიმართული კანონით; შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს, პირდაპირ მიმართულია ლეგიტიმური მიზნის განხორცილებისკენ; კრიტიკულად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია საყოველთაო მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებაში ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობა. შესაბამისად ადამიანის ღირსების პატივისცემა არის სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი საფუძველი და მიზანი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთერთ საფუძვლად გათვალისწინებულია სხვათა ღირსების, რეპუტაციის უფლების დაცვა. შესაბამისად, ადამიანის ღირსების დაცვის მიზნით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კანონით არის გათვალისწინებული.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ნ--- ა-------–---–ის შესახებ გავრცელებული განცხადება ცილისმწამებლურია, რადგან შეიცავს დაუსაბუთებელ ფაქტებს მოსარჩელის მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წესი დადგენილია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 17-ე მუხლით. ამ ნორმის თანახმად, 1. ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. 2. დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში. 3. თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მოთხოვდა მოპასუხე გ---- კ------–---–ისათვის, მის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. მოპასუხეს უკვე აქვს დაკისრებული ნ--- ა-------–---–ის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა, რაც სასამართლოს აზრით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანის ჯეროვან ანაზღაურებად ვერ შეფასდება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო განცხადებით მოპასუხე ნ--- ა-------–---–ს ბრალს სდებდა მძიმე დანაშაულების ოჯახის წევრის და ახლო ნათესავების მკვლელობის ჩადენაში, რაც სასამართლოს აზრით, უდავოდ ნეგატიურ შედეგს წარმოშობს მოსარჩელის პიროვნებასთან დაკავშირებით. ამგვარი ინფორმაციის გავრცელება უარყოფითად მოქმედებს ოჯახთან, მეგობრებთან, კოლეგებთან პიროვნების ურთიერთობაზე. განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა განცხადება არაერთგზის გავრცელდა. სასამართლო გადაწყვეტილებით უკვე დადგენილია, რომ ამ ინფორმაციამ უარყოფითად იმოქმედა მოსარჩელის პროფესიულ საქმიანობაზე, მისი, როგორც მ-–----------–-----ის და ლ--------ის ურთიერთობაზე სტუდენტებთან და მოუწია სამსახურიდან წამოსვლა. მოპასუხემ სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომაც არ შეწყვიტა მოსარჩელის მიმართ უარყოფითი შინაარსის განცხადებების გაკეთება, რითიც გაამძაფრა მოსარჩელის მიერ საკუთარი ღირსების შელახვის შეგრძნება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე გურგენიძე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ „გავრცელებული პუბლიკაციის შინაარსის მხედველობაში მიღებით, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პუბლიკაციები უდავოდ ნეგატიურ შედეგებს წარმოშობდა განმცხადებლის პიროვნებასთან დაკავშირებით; უარყოფითად იმოქმედებდა ოჯახთან, მეგობრებთან ურთიერთობებსა და სხვა სოციალურ კავშირებზე, მათ შორის, კოლეგებისა და სტუდენტების მხრიდან წლების მანძილზე მის მიმართ არსებულ დამოკიდებულებებზეც. მართალია, ევროპული კონვენცია არ იცავს პატივის, ღირსებისა და კარგი რეპუტაციის უფლებას (Saltuk v. Turkey (გად.), ნ ო 31135/96, 1999 წლის 24 აგვისტო), როგორც ასეთს, მიუხედავად ამისა, იგი არ უშვებს, რომ შეილახოს ინდივიდის ის „შინაგანი“ სამყარო, რომელიც მის პიროვნებას თავისუფლად განვითარებისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს (Deklerck v. Belgium, 1980 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, ნ ო 8307/78, გადაწყვეტილებები და მოხსენებები 21, პ. 116) ან კიდევ, ზიანი მიადგეს იმ „გარეგან“ სამყაროს, რომელშიც ინდივიდს გარე ფაქტორების ჩარევის გარეშე უნდა შეეძლოს ურთიერთობათა დაამყარება მსგავს ინდივიდებთან, მთელ სამყაროსთან, მათ შორის პროფესიულ და კომერციულ სფეროებშიც (იხ.,mutatis mutandis, Niemietz v. Germany, 1992 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, სერია A N 251-B, პ. 33, § 29 ; C. v. Belgium, 1996 წლის 7 აგვისტოს განჩინება, კრებული 1996-III, § 25)“.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს პატივსა და ღირსებას, როგორც ასეთს, ეს უფლება კონვენციის ცალკე ნორმით გათვალისწინებული არ არის. მაგრამ ამავე კონვენციის 10-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთერთ საფუძვლად სწორედ სხვათა რეპუტაციას, ღირსებას მიიჩნევს, რაც პრაქტიკაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთერთი ყველაზე გავრცელებული საფუძველია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვილი თანხა არაგონივრულად დიდი ოდენობის იყო , რადგან არ გამომდინარეობდა განცხადების გავრცელების არეალიდან და არ შეესაბამებოდა მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე, რომლის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მითითებული ნორმა ადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების საკანონმდებლო ფარგლებს. მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, რომ კონკრეტული ქმედებისათვის კანონი ითვალისწინებდეს პასუხისმგებლობას არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელი თანხა განისაზღვროს გონივრულობის და სამართლიანობის საფუძველზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მოსარჩელის შესახებ ცილისმწამებლური განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელში. მართალია გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში საჯაროდ გავრცელება არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესით ან ტელევიზიით გახმაურებას, რადგან განცხადებად მიიჩნევა არა მარტო საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ ასევე ინფორმაციის გაცნობა მესამე პირისათვის. მაგრამ, სასამართლოს მიაჩნია, განცხადების ავტორის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, თუ საჯარო გავრცელების რა საშუალება გამოიყენა მოპასუხემ, საზოგადოების რა ნაწილისათვის გახდა ცნობილი სადავო ფაქტები.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის ღირსების კონსტიტუციური პრინციპი ყველა ფუნდამენტური უფლების - ადამიანის თავისუფლების საფუძველია, ისევე როგორც უფლებებით სრულყოფილად სარგებლობა და მათი ეფექტური დაცვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უშუალო გარანტიაა. „ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

სასამართლომ განმარტა, რომ შესაბამისად, პიროვნების რეპუტაციის შელახვის შემთხვევაშიც კი, პასუხისმგებლობის ზომა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი არ არის მოსარჩელის მიერ განცდილი სულიერი ტრამვის სრული მატერიალური კომპენსაცია. დაკისრებულმა თანხამ არ უნდა გამოიწვიოს მოპასუხის გაკოტრება, არ უნდა გახდეს მისი უკიდურესი მატერიალური გაჭირვების მიზეზი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მის დამკვიდრებულია მიდგომა, რომ პასუხისმგებლობის ზომის არაპროპორციულობა შესაძლოა გახდეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის არამართლზომიერების შესახებ დასკვნის საფუძველი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო კომენტარი გაკეთებულია საჯაროდ, თუმცა იგი არ გავრცელებულა მასობრივი ინფორმაციის ისეთი საშუალებით, როგორიცაა პრესა და ტელევიზია. შესაბამისად, მისი შინაარსი გასაცნობად ხელმისაწვდომი არ იყო საზოგადოების ფართო წრეებისათვის. გ---- კ------–---–ის კომენტარის შინაარსი არ ყოფილა საზოგადოების ფართო წრეების განსჯის საგანი და ამ კომენტარის გამო არც მოპასუხის სოციალური ქსელის ვებგვერდზე გამართულა მწვავე დებატები, რაც გათვალისწინებული უნდა იყო მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრის დროს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის, გასათვალისწინებელია, ასევე მოპასუხის მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მართალია, მოპასუხეს საკუთრებაში აქვს რამდენიმე უძრავი ქონება, აქვს შემოსავალი ამ ქონების საიჯარო საფასურის სახით, მაგრამ მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთრედ ყოფნა მატერიალურ კეთილდღეობაზე არ მიუთითებს. თავად მოპასუხე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, რის გამოც მუდმივად მკურნალობა, სამედიცინო მეთვალყურეობა და ამისათვის ხარჯების გაწევა სჭირდება. მოპასუხესთან ცხოვრობს, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი ძმა, დედა, რომლებიც, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან და სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა და ამისათვის ფინანსური ხარჯები. ამდენად, მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, დამოუკიდებლად სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვთ. მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ მძიმე მატერიალურ მდგომარეობასაც განაპირობებს, რის გამოც მოსარჩელის მიერ მოთხოვილი 15 000 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებით მოსარჩელეს არაერთხელ დაუსაბუთებლად დაბრალდა მძიმე დანაშაულის ჩადენა, მოსარჩელის რეპუტაცია სერიოზულად შეილახა, მოპასუხის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის და მატერიალური მდგომარეობა მძიმეა, მორალური ზიანის ასანაზღაურებელ გონივრულ თანხას წარმოადგენს მოპასუხისათვის 5000 ლარის დაკისრება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაში წერია, რომ იგი არის მესამე ჯგუფის ინვალიდი, რაც არასწორია, რადგან იგი წარმოადგენს პირველი ჯგუფის ინვალიდს, რაც დასტურდება მისი მითითებით დასტურდება შესაბამისის წარმოდგენილი მტკიცებულებით. აპელანტის განმარტებით, საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ფ--–--–---–------------- ში 174,02 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და იგივე მისმართზე 179.02 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართები აპელანტს გაცემული ქონდა იჯარით.

 

აპელნატის განმარტებით, ფ--–--–---–------------- ში 174,02 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი დღესდღეობით გაქირავებული აქვს 850 აშშ დოლარად (იჯარი ხელშეკრულების გაუქმებამდე გაქირავეული იყო 1300 აშშ დოლარათ). ხოლო მეორე არასაცხოვრებელი ფართი 179.02 კვ.მ. ამჟამინდელი მდგომარეობით გაქირავებულია. შესაბამისად, აპელანტი განმარტავს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი შემცირდა 450 აშშ დოლარით. შესაბამისად, მის ოჯახში მყოფი ოთხი ავადმყოფი პირის არსებობის პირობებში აღნიშნული შემოსავლით შეუძლებელი იქნება დაკისრებული თანხის გადახდა.

 

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ იგი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, მისი შვილი ვ---------------- და მისი ძმა ვ---- კ------–---–ი არიან ასევე ინვალიდები, მისი დედა ი-----–------------ არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი, შესაბამისად, მისი შემოსავლის წყარო არის მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ მითითებული არასაცხოვრებელი ფართების გაქირავებით მიღებული შემოსავალი. მისივე მითითებით მას და მის შვილს სისტემატიურად უტარდებათ სიცოცხლისათვის აუცილებელი სარეაბილიტაციო ოპერაციები, რაც დაკავშირებულია დიდი ხარჯებთან, შესაბამისად მისი სააპელაციო საჩივარიც სწორედ დაკისრებული თანხის შემცირებას ეხება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ გ---- კ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.8. პუნქტები).

 

4.1.1. მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელებისას ფიზიკური პირის მიმართ ზიანი არაქონებრივი სახით - პირის პატივისა და ღირსებისა შელახვით არის გამოვლენილი. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, ამ ზიანის დამტკიცებისათვის სპეციალური კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-1477-1489-2011 3.04. 2012).

 

კონვენციის მიხედვით, დიფამაციისათვის მინიჭებული ზიანის ანაზღაურება უნდა გულისხმობდეს რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანთან პროპორციულობის გონივრულ ურთიერთობას (Tolstoy Miloslavsky v. the United Kingdom). მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული მორალური ზიანის ანაზღაურება უფლების დარღვევის თანაზომიერია.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის (სადავო განცხადებების გავრცელების დროს არსებული რედაქცია) თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

 

აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტების განხილვით, როდესაც პუბლიკაციას აქვს კანონიერი მიზანი, საკითხი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და გონივრული ძალისხმევა იქნა გამოჩენილი ფაქტების დასამტკიცებლად, თუნდაც შესაბამისი ფაქტები არასწორი აღმოჩნდეს, პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. თუმცა, სასამართლოს მითითებით, შეფასებით მსჯელობებს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი უნდა ამყარებდეს. როგორც სასამართლომ აღნიშნა, “მაშინაც კი, როდესაც განცხადება უთანაბრდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი სადავო განცხადებისათვის, რამდენადაც თვით შეფასებითი მსჯელობაც კი რაიმე ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე შეიძლება იყოს გადაჭარბებული’’ (Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).

 

ვინაიდან მოსარჩელე კერძო პირია, უნდა გაირკვეს კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კერძო პირთა მიმართ „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები შეზღუდულია. ,,დასაშვები კრიტიკის ზღვარი უფრო ფართოა პოლიტიკოსთან, ვიდრე კერძო პირთან მიმართებაში.

 

დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს. სადავო განცხადების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს გ---- კ------–---–ის მიერ გავრცელებული განცხადება ფაქტისა თუ აზრის (შეფასებითი მსჯელობის) კატეგორიას განეკუთვნება. აღნიშნული აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ამავე კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

 

,,აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათავლისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. ამავდროულად, აზრის თავისუფლებით აშკარად ცრუ ფაქტების ძირითადი უფლებით უზრუნველყოფილი დაცვა გამორიცხულია. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

 

ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).

 

როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა (#ას-677-638-2011, 24.09.2012) ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომელიც რეალობისგან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია. სადავო სტატიების ზემომითითებული ინფორმაცია ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და არცერთი გადმოცემული ფაქტი არ არის მოკლებული ობიექტურ (ფაქტობრივ) სიცხადეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მხარის მიერ გავრცელებული თითეული სადავო განცხადება, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა და თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გასათვალისწინებელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- კ------–---–ის მიერ გამოთქმული შემდეგი განცხადებები - ,,ნ--- ა-------–---–მა 2007 წლის 2 ივლისს დილით მოწამლული მწვადები დაუტოვა თავის შვილების მამას, დ----- კ------–---–ს და ბავშვები გააფრთხილა, რომ ეს ხორცი მათ არ ეჭამათ. დ----- დილის 10:00 საათზე მივიდა ნ--- ა-------–---–თან სახლში, სამზარეულოში რომ შევიდა, შვილებმა უთხრეს: დედამ ღორის მწვადები დაგიტოვა და აბა, შენ იცი, დედას არ აწყენ---- და ჭამეო. დ-----მ შვილებსაც უთხრა: - დამიჯექით და ერთად ვჭამოთო. ნ----მ უპასუხა: მამა ხო იცი, მე ჭამა არ მინდა და ისედაც მარხვაზე ვარ, დ-----მ ლ-–---------იც დაპატიჟა საჭმელად, რაზედაც მას დედისთვის მიცემული პირობის გამო უთქვამს უარი. დ-----მ მარტო ჭამა ის მწვადი. ნ--- საღამოს 6 საათისთის დაბრუნდა სახლში, მაშინვე სახლში შევიდა, ტაფა ცარიელი რომ ნახა, გახარებია, ერთი რაც უკითხავს ბიჭისთვის: სიმართლე მითხარი, შენ ერთი ნაჭერი მაინც ხომ არ გიჭამია ამ ტაფიდანო? და არ გაბედო ჩემი მოტყუებაო. ეს ყველაფერი თვითონ ნ----მ და ლ-–---------იმ მოგვიყვნენ ვახშმობისას 2007 წლის 13 სექტემბერს საღამოს 10:00 საათისთვის, დედამისიც, ნ--- ა-------–---–იც სუფრაზე იჯდა ჩვენთან ერთად და მანაც დაადასტურა.“

 

ასევე სოციალური ქსელ F--------ის მეშვეობით, 2012 წლის 11 იანვარს, გ---- კ------–---–მა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა შემდეგი განცხადება: ,,2009 წლის 25 აპრილს დაყაჩაღების საქმეზე 30 წლით დაპატიმრებულია ი-----–- ნ--------ს ძე დ------ე, მან არ აღიარა, რომ ეს საშინელება გ---- კ------–---–ის რძლის ნ--- გ---ს ასული ა-------–---–ის და მისი საყვარლის, ვ------- ვ--–-----ს ძე ო---–----ას დავალებული იყო, რომ გ---- კ------–---–ის პირად ქონებას (5-7 მილიონ დოლარს) დაპატრონებოდნენ, რძალმა და მისმა საყვარელმა ვ-------მ წინასწარ მისცეს 20 000 დოლარი და ნახევარ მილიონ დოლარს დაპირდნენ 6 თვის გასვლის შემდეგ, როცა გ---- კ------–---–ის ქონება ნ--- ა-------–---–ის ხელში გადავიდოდა“.

 

სოციალური ქსელ F--------ის მეშვეობით, საკუთარ გვერდზე, 2012 წლის 28 იანვარს, გ---- კ------–---–მა გაავრცელა შემდეგი განცხადება: ,,2009 წლის 25 აპრილს დაყაჩაღების გათამაშებით გ---- კ------–---–ის რძლის ნ--- ა-------–---–ისგან დაქირავებულმა ,,არაკაცმა“ ი-----–- დ------ემ 20 000 დოლარად სასიკვდილოდ გამიმეტა გ---- კ------–---–ი და ექვსთვენახევრის ორსული მეუღლე ე-–--- გ---–--–---–ი.“- აღნიშნული განცხადებით შეუძლებელია რაიმეს დადასტურება ან დამტკიცება. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მათაც სასამართლო ანიჭებს მოსარჩელის ქმედების შესახებ მოპასუხის ვარაუდის, შეფასებითი მსჯელობის, სხვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის (აზრის) სტატუსს, რომელიც არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს.

 

პალატა განმარტავს, რომ ცილისწამების შემადგენლობის უმთავრესი ელემენტია სინამდვილის შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება.ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მიერ ნ--- ა-------–---–ის შესახებ გავრცელებული განცხადება ცილისმწამებლურია, რადგან შეიცავს დაუსაბუთებელ ფაქტებს მოსარჩელის მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნ--- ა-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გამამტყუნებელი განაჩენით. გ---- კ------–---–ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია წარმოადგენდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და პირისთვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ განცხადებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პირადი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას კი ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გასაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის განსაზღვრისას, ასევე, ვერ იქნება გადამწყვეტი ქმედების კვალიფიკაცია, აქ მთავარი ის ტკივილია, რომელიც ქმედებამ (მოქმედებამ თუ უმოქმედობამ) გამოიწვია მოსარჩელეში. შედეგების გამოსწორება ძალიან ხშირად შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად

 

მორალური ზიანი, გამოხატული დაზარალებულის ფიზიკური ან სულიერ ტანჯვაში მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის გამო. პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყო ბრალეული. მორალური ზიანის კომპენსაცია ზოგადი წესის მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევისას. სამოქალაქო კოდექსი, არც სხვა კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის განსაზღვრის ზოგად წესს. სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში ღებულობს ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის ე.წ. ცილისმწამებლური განცხადებების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, რაც სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა შეიძლება გახდეს

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხის მიერ მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. მოსარჩელემ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლიანობა, მან დაამტკიცა, რომ აღნიშნულ განცხადებებს მოჰყვა მისი რეპუტაციის დისკრედიტაცია. ნ--- ა-------–---–ი მუშაობდა პრ---------------------–----------ში, მ-–---------–---------–------------------ში, გავრცელებული ცნობების გამო სამსახურში შეიქმნა არაჯანსაღი დამოკიდებულება მის მიმართ, სტუდენტებში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ის იყო მსუბუქი ყოფაქცევის, მკვლელი, იშლებოდა ლექციები, რასაც ა-------–---–მა ორი კვირა გაუძლო, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა წამოსულიყო სამსახურიდან. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოწმე ი----- ც--–--ის განმარტების საფუძველზე.

 

4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელნატის მითითებას იმასთან დაკავშირებით, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, კონკრეტულად კი გ---- კ------–---–ისათვის დაკისრებული თანხის ოდენობი შემცირების წინაპირობები.

 

პალატა განმარტავს, რომ სწორედ აპელანტისა და მისი ოჯახის წევრების მძიმე ჯანმრთელობის და მატერიალური მდგომარეობის, დამოუკიდებლად სტაბილური შემოსავლის მიღების შესაძლებლობის არ ქონის გამო მიიჩნია სასამართლომ გ---- კ------–---–ისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვილი 15 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარის გადახდის დაკისრება გონივრულ თანხად. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტისათვის დაკისრებულ თანხა არ გახდება მისი უკიდურესი მატერიალური გაჭირვების მიზეზი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- კ------–---–ის საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 სქტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სსსკ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის განჩინების გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

ოთარ სიჭინავა