განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060314
საქმე №1/აგ-379-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ---------–-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენით გ---------–-----ე (დაბ. 1----–-–----------, პ/ნ 0----------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი.
მასვე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მოთხოვნათა საფუძველზე, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით გ---------–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილის - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით გ---------–-----ეს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი- თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით.
გ---------–-----ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2014 წლის 04 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, გ---------–-----ეს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით გ---------–-----ეს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 64-67-ე მუხლების თანახმად პირობით ჩათვლილ სასჯელზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04(ოთხი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ---------–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 21 დეკემბრის 05:18 საათიდან.
2018 წლის 23 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ---------–-----ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ---------–-----ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დნიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენით გ---------–-----ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ამ ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ---------–-----ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს და აქედან გამომდინარე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებები.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით გ---------–-----ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, აღნიშნულ მუხლს მითითებული გადაწყვეტილება არ ეხება და შესაბამისად, გ---------–-----ეს მოსახდელად უნდა დარჩეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ---------–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გ---------–-----ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის განაჩენით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, სასჯელისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები.
გ---------–-----ეს მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით გ---------–-----ეს განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (პატიმრობის ვადის გათვალისწინებით, 2014 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, მოხდილი აქვს), ხოლო სასჯელის დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04(ოთხი) წელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე