განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
330210116001621825
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/4141-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - ვ-–ა მ------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ-----------–----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ---ა ჩ-----–---–ი

წარმომდგენელი - დ-----------–-–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაუქმება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება;

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ვ-–ა მ------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვ-–ა მ------–-–---–ს უარი ეთქვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 9 ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე.

 

2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 200- წლის 19 აგვისტოს, მ---ა ჩ-----–---–სა და ვ-–ა მ------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკარმა მ---ა ჩ-----–---–მა მსესხებელს ვ-–ა მ------–-–---–ს, ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით, ასესხა 11 200 აშშ დოლარი.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარმა, მესაკუთრე-მსესხებელს სესხის თანხა გადასცა ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე. სესხი გაცემული იქნა ორი წლის ვადით და უნდა დაბრუნებულიყო 2011 წლის 19 აგვისტოს ჩათვლი თ.სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ვ-–ა მ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - გ---------ის რაიონი, სოფელი ვ------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N------------.

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მესაკუთრეს დაეკისრება პირგასამტეხლო სესხის 0,3%.

 

2.2. 2011 წლის 31 ოქტომბრის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შესახებ ხელშეკრულებით, ვ-–ა მ------–-–---–ს და მ---ა ჩ-----–---–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე ცვლილება იქნა შეტანილი 200- წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებაში და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბერი.

 

2.3. 2014 წლის 9 ივლისის, ნოტარიუსის მიერ კრედიტორ მ---ა ჩ-----–---–ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა: სესხის თანხის დავალიანებას - 11 200 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს სახით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - სესხის თანხის 11 200 აშშ დოლარის 0,1%-ს 2012 წლის 01 იანვრიდან აღსრულებამდე. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

 

2.4. 2014 წლის 9 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და 2014 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით ვ-–ა მ------–-–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში გადაიხადოს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულება.

 

2.5. 2014 წლის 19 ნოემბერს, ვ-–ა მ------–-–---–მა მ---ა ჩ-----–---–ს გადაუხადა სესხის თანხის ნაწილი 5 650 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 23 დეკემბერს - 4 000 აშშ დოლარი. ვ-–ა მ------–-–---–ს მ---ა ჩ-----–---–ის მიმართ გააჩნია სესხის თანხის დავალიანება 1 550 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ კრედიტორმა უკან დაიბრუნა სააღსრულებო ფურცელი.

 

2.6. 2014 წლის 9 ივლისის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება და 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადებით ვ-–ა მ------–-–---–ს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით, 7 დღის ვადაში გადაიხადოს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ვალდებულება.

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ვ-–ა მ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 0- ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N---------) და ვ-–ა მ------–-–---–ის ვალდებულება კრედიტორ მ---ა ჩ-----–---–ის მიმართ განისაზღვრა სესხის თანხის დავალიანების სახით 1 550 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 19 ნოემბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 11 200 აშშ დოლარის 0,05%-თ, 2014 წლის 19 ნოემბრიდან 2014 წლის 23 დეკემბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 550 აშშ დოლარის 0,05%-თ და 2014 წლის 23 დეკემბრიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 550 აშშ დოლარის 0,05%-თ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.8. მოცემული დავის ფარგლებში, მოსარჩელე უარყოფს 200- წლის 19 სექტემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე თანხის მიღების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ 200- წლის 19 სექტემბერს ვ-–ა მ------–-–---–ისა და მ---ა ჩ-----–---–ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 11 200 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადაცემულია მოსარჩელისათვის, რაც დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენენ ვ-–ა მ------–-–---–ი და მოპასუხე - მ---ა ჩ-----–---–ი, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 0- ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება.

 

აღსანიშნავია, რომ 200- წლის 19 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები შეიცვალა, ასევე მხარეთა მიერ ნოტარიულად დადებული და დადასტურებული სესხისა და იპთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის 2011 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რაც, თავის მხრივ, დამატებით ადასტურებს ძირითადი ხელშეკრულების დადებისა და თანხის მოსარჩელისათვის გადაცემის ფაქტს. ხოლო, სადავო სააღსრულებო ფურცელი გამოცემულია 200- წლის 19 სექტემბერის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

აქედან გამოდინარე იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დადებული 200- წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება უდავო ფაქტობრივ გარემოების სახით არის დადგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით და მოსარჩელეს აღნიშნული გარემოება ამ დავის ფარგლებში სადავოდ არ გაუხდია, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნის თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, განსაზღვრული იქნა მოვალის მიერ გადახდილი თანხით შესასრულებელი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის გამოც გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მხარეებს შორის 200- წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების მიხედვით, მ---ა ჩ-----–---–სა და ვ-–ა მ------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდა მხარეთა მიერ ახალი ხელშეკრულების დადებით. ასევე დადეგნილია, რომ 200- წლის 19 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუს ც---------------–--ის მიერ, 2014 წლის 0- ივლისს, მ---ა ჩ-----–---–ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც წარდგენილი იქნა სააღსრულებო ბიუროში და დაწყებული იქნა სააღსრულებო წარმოება. დადგენილია, რომ ვ-–ა მ------–-–---–ის მიერ დავალიანების ნაწილის გადახდის გამო კრედიტორის მიერ შეწყვეტილი იქნა სააღსრულბო წარმოება. ამრიგად, ნოტარიუსი ც---------------–--ის მიერ 2014 წლის 0- ივლისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ არსებობის მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები,3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტი და 266-ე მუხლი, რადგან აღნიშნულ სამართლის ნორმებში საუბარია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სადავოდ გამხდარ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებაში ყველა ფაქტობრივი გარემოება უდავოდ არის დადგენილი ანუ აღნიშნულ სამართალწარმოებაში მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ 200- წლის 19 სექტემბერს თანხის გასესხების ფაქტს. პრიუდიციული ძალა გააჩნიათ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ დაიშვება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დამოუკიდებლად გასაჩივრება, იგი სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტია და მასში დადგენილი გარემოებები ამართლებენ სარეზოლუციო ნაწილს. თუკი მხარე არ ეთანხმება სარეზოლუციო ნაწილს, ბუნებრივია, მან საჩივრის ფაქტობრივ დასაბუთებაში სადავო უნდა გახადოს ის ფაქტები, რომლებიც სასამართლომ, მხარის მოსაზრებით, არასწორად დაადგინა ან შეაფასა. 200- წლის 19 აგვისტოს სესხის გადაცემის ფაქტი მხოლოდ მეორე სარჩელში გახდა სადავო.

 

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი და 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილები, რადგან სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა. მ---ა ჩ-----–---–ს 200- წლის 19 აგვისტოს თანხა არ გაუსესხებია და შესაბამისად, ვ-–ა მ------–-–---–საც თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს მართლზომიერად განხორციელდა თუ არა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა და არის თუ იგი იურიდიული ძალის მქონე.

 

მოსარჩელე სააღსრულებო ფურცლის გაუქმების საფუძვლად უთითებს მასზე, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ბათილია. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

იმისათვის, რომ მხარეთა შორის დადებულ გარიგებას მისთვის თანმდევი შედეგი მოჰყვეს, იგი უნდა იყოს ნამდვილი. პირის შესაძლებლობა კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება გამოიყენოს ზემოდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი აწესრიგებს ნების ნაკლის ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება. რიგ შემთხვევებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება, დადებულია იმ განზრახვის გარეშე რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ფორმალური მოთხოვნების მხრივ, ამგვარი გარიგება შეესაბამება კანონს, თუმცა შინაარსობრივად ასახავს მხარეთა რეალური ნების საწინააღმდეგო მდგომარეობას. უფრო მეტიც, მხარეებმა წინასწარვე იციან, რომ ისინი შებოჭილები არ იქნებიან დადებული ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხშირად აწყდება სირთულეებს გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევისას, რადგან ფორმალური ნაკლოვანებები მას თითქმის არ ახასიათებს. გარიგების ასეთად მიჩნევისთვის აუცილებელია იმის დადგენა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს არ სურდათ იმ შედეგების მიღწევა, რაც გარიგების მოცემული სახისთვისაა დამახასიათებელი. მიუხედავად, მათი მსგავსებისა, ხელშეკრულების „თვალთმაქცური“ და „მოჩვენებითი“ ხასიათი სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორიაა მათთვის დამახასიათებელი და ერთმანეთისგან განსხვავებული ნორმატიული შინაარსით. თვალთმაქცური გარიგება ფართო გაგებით მოჩვენებითი გარიგებაა, თუმცა, მისგან განასხვავებს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის თვალთმაქცურად დადებული გარიგების ბათილად ცნობისას, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთობა კი არ სრულდება, არამედ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი ნამდვილი შეთანხმების საფუძველზე წარმოიშვება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს ქცევის წესს და იმპერატიულად მიუთითებს, რომ მხოლოდ გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევით არ უნდა შემოიფარგლოს სასამართლოს საქმიანობა. სასამართლომ უნდა იმსჯელოს რა გარიგება დაიფარა შეცილებული გარიგებით და უნდა იხელმძღვანელოს დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესებით. ასეთ დროს, დიდი მნიშვნელობა გააჩნია მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. საყურადღებოა, რომ მოჩვენებითი გარიგებების დროს მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობის მტიცების ტვირთი აკისრია მას, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

პალატა ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ასპექტებს, სახელდობრ, რამდენად შეესაბამება მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები ფაქტობრივად არსებულ ურთიერთობას (უფლება-ვალდებულებებს). საკვანძო საკითხის - გარიგების თვალთმაქცური ხასიათი, სპეციფიკურობა პროცესუალურ ჭრილში მისი მტკიცების საშუალებაში გამოიხატება, კერძოდ, ასეთ დროს, რთულია გარიგების დამდები პირების ნების ნაკლის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო ძირითადად უნდა დაეყრდნოს არაპირდაპირ მტკიცებულებებს, უნდა შეაფასოს როგორც არსებული, ასევე წინმსწრები ვითარება, რომელშიდაც სადავო ხელშეკრულების დადება განხორციელდა; გარიგების დამდები პირების დამოკიდებულება და ა.შ. შესაბამისად, დაფარულია თუ არა სხვა გარიგება ვერ შეფასდება სუბიექტური კრიტერიუმით. რთულია ზღვარი გაივლოს მხარეთა შინაგან და გარეგან ნებას შორის, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნეს შეფასების ობიექტური ტესტი და ამ გზით განისაზღვროს სურდათ თუ არა მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 200- წლის 19 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში არ მომხდარა ხელშეკრულებაში მითითებული თანხის გადაცემა. ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა მხარეებს შორის მანამდე არსებული ურთიერთობის ფარგლებში, რაც ცხადყოფს, რომ ვ-–ა მ------–-–---–ისა და მ---ა ჩ-----–---–ის ნებას წარმოადგენდა არა სესხის ხელშეკრულების დადება, არამედ უკვე არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურება, აღიარება (სკ-ის 341-ე მუხლი). შესაბამისად, მხარეებს შორის 200- წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულებით დაიფარა ვალის აღიარების ხელშეკრულება, თუმცა, სადავო ხელშეკრულებაში მითითებული პირობები, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, სარგებელი, პირგასამტეხლო ის არსებითი პირობებია, რაც დაფარული გარიგების ვალის აღიარების ხელშეკრულების არსებით პირობებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, სადავო ხელშეკრულების გაუქმებით არ იცვლება იურიდიული შედეგი, ვინაიდან, ვალდებულება, რომლის იძულებითი აღსრულების მიზნით არის გაცემული სააღსრულებო ფურცელი, იმავე მოცულობის არის და ძალაშია.

 

4.2. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კონტექსტში საყურადღებოა თვით მოსარჩელის მითითება, მასზე, რომ მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც მისი მითითებით წარმოიშვა არა 200- წელს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ უფრო ადრე, 2014 წლის ნოემბერში გადახდილი აქვს 5650 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წლის 23 დეკემბერს 4000 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი). აღნიშნული ფაქტი მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზენბისათვის წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ გარემოებას. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დასახელებული თარიღიდან ათვლა კი, ცხადყოფს, რომ სარჩელი ხანდაზმულობის ვადის დაცვით არის წარმოდგენილი.

 

4.3. ’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს;

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილით კი, დგინდება, რომ ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 40-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ;

 

პალატა განმარტავს, რომ თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, ვ-–ა მ------–-–---–ს უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 9 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი იურიდიული ძალის მქონეა, მასში მითითებული ვალდებულების მოცულობა მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–ა მ------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ვ-–ა მ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი