განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001141123
საქმე №2ბ/2542-17
განჩინება
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს „ბ------------------------------------------------–-“
წარმომადგენელი - მ-----------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ''S----------------------''
წარმომადგენელი - გ---------------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე ''S----------------------''-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე - შპს ''ბ------------------------------------------------–-'' მოსარჩელე ''S----------------------''-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 425 083.65 აშშ დოლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2010 წლის 14 დეკემბერს, შემსყიდველ შპს ''ბ------------------------------------------------–-ს'' და მომწოდებელ ''S----------------------''-ს შორის გაფორმდა საქონლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის საქონლის სანაცვლოდ გადასახდელი სრული თანხა (სახელშეკრულებო თანხა) უდრის - 413 960 აშშ დოლარს. ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო თანხა შესაძლოა გაიზარდოს 5 (ხუთი) პროცენტით D/A გადახდის მიზეზით.
2.2. 2010 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, მყიდველმა უნდა გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასი საბანკო გადარიცხვით გამყიდველის საბანკო ანგარიშზე შეკვეთის თანხიდან წინასწარ (''წინასწარი გადახდა''), რაც უდრის - 41 396 აშშ დოლარს, არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა შესყიდვის შეკვეთის გაგზავნიდან, რომელსაც გზავნის მყიდველი და მიიღებს პროფორმა ინვოისს გამყიდველისაგან. დანარჩენ 90% პროცენტს, რაც უდრის - 372 564 აშშ დოლარს, მყიდველი გადაიხდის საქონლის გადმოტვირთვისა და გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ბანკში დოკუმენტაციის გაგზავნიდან - 90 სამუშაო დღის განმავლობაში გამყიდველის მიერ დოკუმენტების გაგზავნისა და მყიდველის მიერ მიღების შემდეგ. ხოლო ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, თუ სახელშეკრულებო ფასი, მისი რომელიმე ნაწილის ჩათვლით არ იქნა გადახდილი 3.2. პუნქტში მითითებულ ვადაში, მყიდველი ვალდებულია გადაუხადოს გამყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი გადაუხდელი თანხიდან იმ პერიოდისათვის, რაც განსაზღვრულია თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის იმის გათვალისწინებით, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის საპროცენტო განაკვეთის სახით გადასახდელი თანხა არ უნდა აჭარბებდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ფასის - 5 პროცენტს.
2.3. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ მოპასუხემ შპს ''ბ------------------------------------------------–--'' მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილი - 43 465.80 აშშ დოლარი გადაიხადა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 2 ნოემბერს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, ''S----------------------''-მ 2011 წლის მაისიდან 2011 წლის ოქტომბრამდე შპს ''ბ-------------------------------------------------'' ექვს პარტიად მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი საქონელი, 2011 წლის 25 მაისს, 2011 წლის 19 ივნისს, 2011 წლის 27 ივნისს, 2011 წლის 10 ივლისს, 2011 წლის 19 აგვისტოს და 2011 წლის 8 სექტემბერს, სულ - 468 549.45 აშშ დოლარის ღირებულების. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი ინვოისებით დასტურდება, რომ 2011 წლის მაისიდან 2011 წლის ოქტომბრამდე მოსარჩელე მხარემ ''S----------------------''-მ მოპასუხე მხარეს შპს ''ბ------------------------------------------------–-ს'' მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი საქონელი, კერძოდ:
1. 2011 წლის 25 ივნისს - 21 840 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
2. 2011 წლის 15 ივნისს - 123 461.1 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
3. 2011 წლის 15 ივნისს - 2625 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
4. 2011 წლის 30 ივნისს - 70 187.5 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
5. 2011 წლის 10 ივნისს - 141 855 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
6. 2011 წლის 10 ივლისს - 23870.5 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
7. 2011 წლის 15 ივნისს - 25 830 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
8. 2011 წლის 10 ივნისს - 29 995.35 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
9. 2011 წლის 10 ივნისს - 12 075 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია;
10. 2011 წლის 30 ივნისს - 16810 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.
ამდენად, საერთო ჯამში, მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა - 468 549.45 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს - 43 465.80 აშშ დოლარი. შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს არა - 451 470.83 აშშ დოლარს, არამედ - 425 083.65 აშშ დოლარს (468 549.45 აშშ დოლარს - 43 465.80 აშშ დოალრი=425 083.65 აშშ დოლარი).
2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის - შპს ''ბ------------------------------------------------–-ს'' მითითება ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის თაობაზე, რაც მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი გახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხის მთავარი არგუმენტი, რამაც მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა, მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ნაკლი იყო, რაც გარდა მისი სიტყვიერი განმარტებისა, ვერ იქნა უცილოდ დადასტურებული რაიმე სახის უტყუარი და სათანადო მტკიცებულებებით. რამდენადაც, მის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 18 დეკემბრის დასკვნით დგინდება გარემოება მასზედ, რომ სამკურნალო საშუალება (დ---------- - E---- მგ N-------. ს------------, ვადა 06.2013 წელი) არ აკმაყოფილებს მწარმოებლის მიერ წარდგენილი დროებითი ფარმაკოპეის სტატია N------------ის მოთხოვნას ტაბლეტის საშუალო მასაზე და მასის ერთგვაროვნებაზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია ამოღებულ იქნა და განადგურებული. აღნიშნულთან მიმართებით კი, მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა და არ დაადასტურა ის სადავო გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ამოღებული და განადგურებული პროდუქცია წარმოადგენდა სწორედ მის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნაწილს, ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი რომელზეც მხარე აფუძნებს მის მოთხოვნას, პოზიციას ეკისრება მასვე. წარმოდგენილ შემთხვევაში ნათელია, რომ ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლი ვიზუალური დათვალიერებით შესამჩნევი არაა, ხოლო საქმეში შესაბამისი მტკიცებულება, რაც მისი ნივთობრივი ნაკლის დადასტურებას შეძლებდა წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ მხარის სიტყვიერი განმარტება ნივთობრივი ნაკლის თაობაზე, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე მისი ახსნა-განმარტებით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ამონაწერები, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 18 დეკემბრის დასკვნა და პროდუქციის ამოღების და განადგურების ოქმები უცილოდ ვერ ადასტურებენ მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს, წუნს. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნაწილი იყო უხარისხო, მის მიერ მოწოდებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი იყო წუნდებული და უხარისხო, რის გამოც მოპასუხემ მხარემ ვერ შეძლო მისი რეალიზაცია, შესაბამისად, მიწოდებული პროდუქციის დიდი ნაწილი ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილი აიკრძალა საქართველოს და უზბეკეთის ბაზარზე და ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო განადგურებულ იქნა - 2015 წელს. ამდენად, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის შესაგებელს მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დათქმულ პირობებს.
2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ერთმანეთთან - 2010 წლის დეკემბრის თვიდან. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ''S----------------------''-ს მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს ''ს----------------------' 2011 წლის 5 აგვისტოს წერილით ჩინურ მხარეს შეატყობინა, რომ შპს ''ბ------------------------------------------------–-'' თანახმაა მოახდინოს აქცეპტი დოკუმენტურ ინკასოზე წარდგენილ თამასუქზე თანხით - 141 855 აშშ დოლარი და გადაიხადოს სს ''----------------------'' საკომისიო 213 აშშ დოლარის ოდენობით. თამასუქზე გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2011 წლის 17 სექტემბრისა. სს ''ს----------------------' 2011 წლის 7 ნოემბრის წერილით ჩინურ მხარეს შეატყობინა, რომ კონტრაქტორი მხარე თანხის ნაწილის კერძოდ - 28 455 აშშ დოლარის გადახდას აპირებდა 2011 წლის 1 დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია ს--------------------- მიაწოდა მოპასუხემ. სს ''----------------------'' 2011 წლის 28 ნოემბრის წერილის შესაბამისად შპს ''ბ------------------------------------------------–-'' - 51 321.88 აშშ დოლარის გადახდას აპირებდა 2011 წლის 10 დეკემბრამდე, თუმცა 2011 წლის 11 დეკემბერს მოპასუხე კომპანიიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სს ''ს----------------------' მოსარჩელეს შეატყობინა, რომ - 51 321.88 აშშ დოლარის გადახდა გადაიტანეს 2011 წლის 25 დეკემბრისათვის, თუმცა არც აღნიშნულ დროს გადაიხადა თანხა შემსყიდველმა კომპანიამ და ს--------------------- 2012 წლის 18 იანვრის წერილის შესაბამისად შეჰპირდა აღნიშნული თანხის გადახდას 2012 წლის 28 თებერვალს. 2012 წლის 23 აგვისტოს წერილში სს ''----------------------'' სახელზე შპს ''ბ--------------------------------------------------'' უთითებს, რომ მომწოდებელთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, დოკუმენტური ინკასოს თანხის - 42 070.35 აშშ დოლარის გადახდა მოხდება გადავადებით. კერძოდ, აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება - 2012 წლის 31 ოქტომბრამდე.
ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის კომუნიკაცია ხდებოდა სს ''----------------------'' მეშვეობით. სს ''ს------------------------'' გამოთხოვილი მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარე აღიარებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას და იღებს ვალდებულებას გარკვეულ ვადაში მოახდინოს დავალიანების თანხის გადახდა. უკანასკნელი შეტყობინება სს ''----------------------'' მეშვეობით მოსარჩელის მისამართით მოპასუხეს გაგზავნილი აქვს - 2012 წლის 23 აგვისტოს. წერილში სს ''----------------------'' სახელზე შპს ''ბ------------------------------------------------–-'' უთითებს, რომ მომწოდებელთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, დოკუმენტურ ინკასოს თანხის - 42 070.35 აშშ დოლარის გადახდა მოხდება გადავადებით. კერძოდ, აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება - 2012 წლის 31 ოქტომბრამდე. მოპასუხე მხარემ მხოლოდ - 2013 წლის იანვარში, საქონლის მიწოდებიდან 1 წლის და 6 თვის გასვლის შემდეგ დააყენა ეჭვქვეშ პროდუქციის შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან და უარი განაცხადა გადახდის განხორციელებაზე. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ''ბ-------------------------------------------------'' და მოსარჩელე კომპანიას შორის ერთადერთი დამაკავშირებელი საკონტაქტო სუბიექტი იყო სს ''ს--------------------''. ამდენად, მხარეთა შორის ყოველგვარი კომუნიკაცია ხორციელდებოდა სს ''----------------------'' მეშვეობით. ამას ადასტურებს ასევე მიმოწერა სს ''ს----------------------' და მოსარჩელე მხარეს შორის.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ''მოთხოვნის არსებობის აღიარება'' არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტს ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენა, რომლიდანაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა დავალიანების არსებობის აღიარება და გამოთქვა მზადყოფნა ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად ამ პერიოდიდან უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადის დენა. ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს და მიუთითებს, რომ მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან მიმართებით გაზიარებული რომც იყოს სასამართლოს მიერ (მოპასუხე მიუთითებდა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2010 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა საქონლის მიწოდებიდან - 90 დღის ვადაში, ამასთან, საქონლის პირველი მიწოდება განხორციელდა - 2011 წლის 25 მაისს, ხოლო ბოლო მიწოდება განხორციელდა 2011 წლის 8 სექტემბერს) მიუხედავად ამისა, სასარჩელო მოთხოვნა მაინც ვერ ჩაითვლება ხანდაზმულად, რამდენადაც, მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, ჯერ კიდევ 2014 წლის 11 აპრილს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თავისი უფლებების დასაცავად, რა დროსაც ასევე უნდა მომხდარიყო ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2014 წლის 29 დეკემბრის წერილში აღნიშნულია: ''საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში 2014 წლის 11 აპრილს შემოსულ ჩინეთის რესპუბლიკის კომპანიის ''S----------------------''-ს ხელმძღვანელის, ი---------------- N---- განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ განცხადებასა და ზეპირი გამოკითხვის ოქმში მოყვანილ გარემოებებში შეინიშნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები... აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენი მარწმუნებლის 2014 წლის 11 აპრილის N---- განცხადება, თანდართული მასალებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მიერ - 2014 წლის 29 დეკემბერს გადაგზავნილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა - მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის სამმართველოში''...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა - მთიანეთის სამხარეო მთ. სამმართველო/ მცხეთის რაიონული სამმართველოს 2015 წლის 4 მაისის წერილით დგინდება, რომ მცხეთის რაიონულ სამმართველოში შესწავლილი იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შემოსული წერილი თანდართული მასალებით. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს რასთან დაკავშირებითაც მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. დადგენილია, რომ 2010 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, ''S----------------------''-მ 2011 წლის მაისიდან 2011 წლის ოქტომბრამდე შპს ''ბ------------------------------------------------–-ს'' ექვს პარტიად მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი საქონელი, 2011 წლის 25 მაისს, 2011 წლის 19 ივნისს, 2011 წლის 27 ივნისს, 2011 წლის 10 ივლისს, 2011 წლის 19 აგვისტოს და 2011 წლის 8 სექტემბერს, სულ - 468 549.45 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სრულად არ გადაიხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად უნდა გადაეხადა საქონლის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში, მან მხოლოდ წინასწარ გადასახდელი - 43 465.80 აშშ დოლარი გადაიხადა, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ჩინეთიდან საქონელი არ გადმოიგზავნებოდა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. დადგენილია, რომ საერთო ჯამში მოპასუხე მხარისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგენა - 468 549.45 აშშ დოლარი, საიდანაც, მოპასუხე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს - 43 465.80 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 425 083.65 აშშ დოლარს (468 549.45 აშშ დოლარს - 43 465.80 აშშ დოლარი = 425 083.65 აშშ დოლარს). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დადასტურებულია, რომ მოპასუხე შპს ''ბ------------------------------------------------–-'' აკისრია ვალდებულება მოსარჩელე ''S----------------------''-ს გადაუხადოს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულბით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის გადაუხდელი ნაწილის ღირებულების - 425 083.65 აშშ დოლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. საქმის განხილვისას წარდგენილ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილებანი და ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამკურნალო საშუალება დ----------ი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რაც ამოღებულ და განადგურებულ იქნა. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს არ განუხორციელებია აღნიშნული პროდუქტის მიწოდება, რადგან სასაქონლო ზედნადებებსა და ფაქტურებში იგი მითითებული არ ყოფილა, რადგან დ----------ი არის იგივე ფურაცემიდი, რაც აღნიშნულია როგორც სასამართლოს მასალებში, ასევე ექსპერტიზის დასკვნაში. მოსარჩელე მთავარ სხდომამდე არ ხდიდა სადავოდ როგორც მიწოდებული პროდუქციის უხარისხობას, ასევე აღნიშნული პროდუქციის განადგურებას. მნიშვნელოვანია ელექტრონული მიმოწერა, რომლის მიხედვით მოსარჩელე არათუ თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, არამედ მზად იყო უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზეც.
სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 137-ე მუხლი, რადგან მიიჩნია, რომ აპელანტის წერილი სს „ს---------------------“ მიმართ წარმოადგენდა მოთხოვნის არსებობის აღიარებას, რადგან აღიარება უნდა მომხდარიყო კრედიტორის წინაშე. ასევე, არასწორად განიმარტა სკ-ის 138-ე მუხლი. ფინანსთა სამინისტროსადმი მიმართვას არ უნდა გამოეწვია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული სწორედ ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნივთი, ხოლო მყიდველის მიიღოს იგი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. დადგენილია, რომ ''S-----------------------მ'' მოპასუხეს შპს ''ბ-------------------------------------------------'' მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი. მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენდა - 468 549.45 აშშ დოლარს, საიდანაც, მოპასუხეს წინასწარ გადახდილი აქვს - 43 465.80 აშშ დოლარი. მყიდველი, თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად მოიაზრებს, როგორც გამყიდველის მიერ ნაკლიანი ნივთის მიწოდებას, ასევე სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დარღვევით წარმოდგენას. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, ერთ-ერთ საკვლევ საკითხს ნივთობრივი ნაკლის კონტექსტში, სწორედ გამყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ხარისხი წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლების სისტემური ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ნივთის ნაკლი მყიდველს ისეთ დამატებით მოთხოვნებს წარმოუშობს, როგორიცაა ნაკლის გამოსწორება, ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან ფასის შემცირება. პალატა განმარტავს, რომ ნაკლიანი შესრულების მიღების შემთხვევაში, გამყიდველს ჯერ ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ მიცემულ ვადაში გამყიდველი ნაკლს ვერ (არ) აღმოფხვრის და ვერც (არც) ახლით არ ჩაანაცვლებს, მყიდველს რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის ან ფასის შემცირების ალტერნატივა. ამგვარ თანმიმდევრობას აწესებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლები, რომელზე ბლანკეტურ მითითებასაც 492-ე მუხლი აკეთებს.
მყიდველს ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის ვალდებულება მაშინ აქვს, როდესაც ნივთის თაობაზე სუბიექტური წარმოდგენა ობიექტურად არ დადასტურდება. ნაკლის თაობაზე გამყიდველის ინფორმირება კი, მეორადი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია. სადავო ფაქტის მტკიცებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე, სახეზე უნდა იყოს შემკვეთის კანონით (ასევე ხელშეკრულებით) გათვალისწინებული თანმიმდევრული ქმედებები (პრეტენზიის წარდგენა და ა.შ).
სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტმა სამოქალაქო რისკის გულმოდგინედ შეფასებით იგი მინიმუმადე უნდა დაიყვანოს. ნივთის შეძენისას მყიდველის წინდახედულების მასშტაბი გონივრული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს იმ რეალობას, რომელშიდაც ხდება ხელშეკრულების დადება. აღნიშნულ მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს, უკეთ აღიქვამს. სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება ეკისრება. შემოწმების ვალდებულების განხორციელების შემდეგ ნივთის ნაკლის თაობაზე გამყიდველის წინაშე პრეტენზიის წარუდგენლობა მყიდველს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას უკარგავს, რა დროსაც, ივარაუდება, რომ მყიდველის გაცნობიერებული ან წინდაუხედავი ქმედების გამო მის საკუთრებაში ნივთი ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, როგორიც იგი ძველი მესაკუთრის ხელში იყო, ანუ ნაკლიანი. სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლების დაკარგვაში კი, მოიაზრება ყველა ის უფლება, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 490-ე-493-ე მუხლებით აღჭურვილია მყიდველი, მათ შორის, გამოუსწორებელი ნაკლის შემთვევაში, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში და წინდახედულების სტანდარტი უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაარღვია, რაც გამოიხატა, როგორც მეწარმე სუბიექტის ნივთის შემოწმების ვალდებულების დარღვევაში, ისე შემოწმების შემდეგ პრეტენზიის წარუდგნელობაში.
ამასთან, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებას მასზე, რომ სასამართლო სხდომის ამონაწერები, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 18 დეკემბრის დასკვნა და პროდუქციის ამოღების და განადგურების ოქმები უცილოდ ვერ ადასტურებენ მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს, წუნს. საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სწორედ მოსარჩელე მხარის მიერ მიწოდებული პროდუქციის ნაწილი იყო უხარისხო, რის გამოც, მოპასუხემ ვერ შეძლო მისი რეალიზაცია. შესაბამისად, მიწოდებული პროდუქციის დიდი ნაწილი ამოღებული იქნა მიმოქცევიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილი აიკრძალა საქართველოს და უზბეკეთის ბაზარზე და ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო განადგურებულ იქნა - 2015 წელს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული შეძენილი საქონლის ნაკლი, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის მოსაზრებას მითითებულ ნაწილში.
4.2. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კონტექსტში პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7. პუნქტი), კერძოდ:
საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს ''ს----------------------' 2011 წლის 5 აგვისტოს წერილით ჩინურ მხარეს შეატყობინა, რომ შპს ''ბ------------------------------------------------–-'' თანახმაა მოახდინოს აქცეპტი დოკუმენტურ ინკასოზე წარდგენილ თამასუქზე თანხით - 141 855 აშშ დოლარი და გადაიხადოს სს ''----------------------'' საკომისიო 213 აშშ დოლარის ოდენობით. თამასუქზე გადახდა მოხდება არაუგვიანეს 2011 წლის 17 სექტემბრისა. სს ''ს----------------------' 2011 წლის 7 ნოემბრის წერილით ჩინურ მხარეს შეატყობინა, რომ კონტრაქტორი მხარე თანხის ნაწილის, კერძოდ - 28 455 აშშ დოლარის გადახდას აპირებდა 2011 წლის 1 დეკემბერს. აღნიშნული ინფორმაცია ს--------------------- მიაწოდა მოპასუხემ. სს ''----------------------'' 2011 წლის 28 ნოემბრის წერილის შესაბამისად შპს ''ბ------------------------------------------------–-'' - 51 321.88 აშშ დოლარის გადახდას აპირებდა 2011 წლის 10 დეკემბრამდე, თუმცა 2011 წლის 11 დეკემბერს მოპასუხე კომპანიიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სს ''ს----------------------' მოსარჩელეს შეატყობინა, რომ - 51 321.88 აშშ დოლარის გადახდა გადაიტანეს 2011 წლის 25 დეკემბრისათვის, თუმცა, არც აღნიშნულ დროს გადაიხადა თანხა შემსყიდველმა კომპანიამ და ს--------------------- 2012 წლის 18 იანვრის წერილის შესაბამისად შეჰპირდა აღნიშნული თანხის გადახდას 2012 წლის 28 თებერვალს. 2012 წლის 23 აგვისტოს წერილში სს ''----------------------'' სახელზე შპს ''ბ--------------------------------------------------'' უთითებს, რომ მომწოდებელთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, დოკუმენტური ინკასოს თანხის - 42 070.35 აშშ დოლარის გადახდა მოხდება გადავადებით. კერძოდ, აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება - 2012 წლის 31 ოქტომბრამდე.
ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეთა შორის კომუნიკაცია ხდებოდა სს ''----------------------'' მეშვეობით. სს ''ს------------------------'' გამოთხოვილი მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარე აღიარებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობას და იღებს ვალდებულებას გარკვეულ ვადაში მოახდინოს დავალიანების თანხის გადახდა. უკანასკნელი შეტყობინება სს ''----------------------'' მეშვეობით მოსარჩელის მისამართით მოპასუხეს გაგზავნილი აქვს - 2012 წლის 23 აგვისტოს. წერილში სს ''----------------------'' სახელზე შპს ''ბ------------------------------------------------–-'' უთითებს, რომ მომწოდებელთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, დოკუმენტურ ინკასოს თანხის - 42 070.35 აშშ დოლარის გადახდა მოხდება გადავადებით. კერძოდ, აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება - 2012 წლის 31 ოქტომბრამდე. მოპასუხე მხარემ მხოლოდ - 2013 წლის იანვარში, საქონლის მიწოდებიდან 1 წლის და 6 თვის გასვლის შემდეგ დააყენა ეჭვქვეშ პროდუქციის შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან და უარი განაცხადა გადახდის განხორციელებაზე. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ''ბ-------------------------------------------------'' და მოსარჩელე კომპანიას შორის ერთადერთი დამაკავშირებელი საკონტაქტო სუბიექტი იყო სს ''ს--------------------''. ამდენად, მხარეთა შორის ყოველგვარი კომუნიკაცია ხორციელდებოდა სს ''----------------------'' მეშვეობით. ამას ადასტურებს ასევე მიმოწერა სს ''ს----------------------' და მოსარჩელე მხარეს შორის. ამავდროულად, მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, ჯერ კიდევ 2014 წლის 11 აპრილს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თავისი უფლებების დასაცავად, რა დროსაც მოხდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. შესაბამისად, შპს „ბ------------------------------------------------–-ს“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. სკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „ბ------------------------------------------------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 7000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ბ------------------------------------------------–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. შპს „ბ------------------------------------------------–-“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 7000 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი