განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015764838
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/5395-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - გ------- გ------–-–---–-
წარმომადგენელი - ა-–---------- მ----------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ბ------ მ-------’’
წარმომადგენლები - ე--------- ც-----------, გ------- გ-–---, ნ-----------–---–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ------- გ------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შ-- ბ------ მ------ს დაეკისრა მოსარჩელე გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ 3200 ლარის გადახდა. მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე შ-- ბ------ მ-------სათვის 9600 ლარის დაკისრებაზე. მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე შ-- ბ------ მ-------სათვის 01.10.2015 წლის მდგომარეობით 3072 ლარის და 01.10.2015 წლიდან ყოველთვიურად 128 ლარის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრებაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 24.06.2012 წელს დაიდო ზეპირი იჯარის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილ ელექტრონული ტაქეომეტრის TCR 805-ის უვადო იჯარის შესახებ. მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობაში გადასცა მოპასუხის მიერ იჯარით აღებული ტაქეომეტრი. მხარეთა შეთანხმებით იჯარის ქირის ღირებულება განისაზღვრა თვეში 1500 ლარის ოდენობით, რომელიც მოსარჩელეს ერიცხებოდა სახელფასო ანგარიშზე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
პროექტის მენეჯერის მიერ გაცემული ცნობა ს. ფ. 16.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარები სადავოდ არ ხდიან.
2.2. მოსარჩელეს იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ ზეპირი იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით ჩაურიცხა 02.08.2012 წელს 800 ლარი, 06.09.2012 წელს 1500 ლარი, 22.10.2012 წელს 105 ლარი, 22.10.2012 წელს 1395 ლარი, 11.03.2013 წელს 5000 ლარი, 24.07.2013 წელს 1500 ლარი სულ 10300 ლარი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
ცნობის ასლი ბანკიდან ს. ფ. 15.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარები სადაოდ არ ხდიან.
2.3. დ-------- ტ------- მოპასუხე ორგანიზაციაში ეკავა პროექტის მენეჯერის პოზიცია, იგი საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს დირექტორს სადავო პერიოდში არ წამოადგენდა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარები სადავოდ არ ხდიან.
2.4. ზეპირი იჯარის ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის მიერ ტაქეომეტრის წაღებით, იჯარის დავალიანების გადაუხდელობის გამო რაზედაც თანხმობა განაცხადა იჯარით ამღებმა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარები სადაოდ არ ხდიან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. მხარეთა შორის დადებული ზეპირი იჯარის ხელშეკრულება 06.10.2013 წელს და 3013 წლის აპრილში არ შეწყვეტილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399.1 მუხლით ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე.
სასამართლოს მითითებით უდავოა, რომ მხარებს შორის დადებული იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ზეპირი იჯარის ხელშეკრულება. ასევე უდავოა, რომ მხარეებს ზეპირი იჯარის ხელშეკრულების დადებისას არ შეუთანხმებიათ იჯარის ვადა, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მფლობელობაში გადასცა მოპასუხის მიერ იჯარით აღებული უძრავი ქონება. ასევე უდავოა, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან იჯარით აღებული უძრავი ქონება კვლავ მოსარჩელის მფლობელობაში დარჩა, რომელსაც იგი იყენებდა სამსახურეობრივი დავალებების შესრულებისათვის. ასევე უდავოა, რომ მხარეთ შორის შეთანხმებული იყო იჯარის ქირის ოდენობა 1500 ლარი ყოველთვიურად, რაც მოსარჩელეს ერიცხებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელფასო ანგარიშზე, ასევე უდავოა, რომ მოპასუხე პერიოდულად არღვევდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იჯარის ქირის მხარეთა მიერ შეთანხმებულ დროში გადახდის ვალდებულებას. ასევე უდავოა, რომ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი იყო მოსარჩელე, რომელმაც ქირის გადაუხდელობის გამო წაიღო მოპასუხის მიერ იჯარით აღებული მოძრავი ქონება მისი რეალიზაციის მიზნით, რაზედაც ინფორმირებული იყო მოპასუხე მხარე და მას პროტესტი საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ განუცხადებია, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა მხარეთა შეთანხმებით, რასაც წინ უძღოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად ასევე წერილობით ფორმით, განსაზღვრული ვადით ან განუსაზღვრელი ვადით ან ცალკეული მოქმედებათა შესრულების დასრულებამდე.
სასამართლომ განმარტა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი რასაც მოსარჩელე სარჩელით უთითებს და მოპასუხე სადავოდ ხდის ამ შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თარიღი მოდის მოსარჩელე მხარეზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის შესაბამისად. მოსარჩელის განმარტებით საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 06.10.2013 წელს, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის და უთითებს, რომ საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2013 წლის აპრილში. მოსარჩელე მხარე მის მიერ სარჩელში მითითებულ აღნიშნულ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა საკუთარი ახსნა-განმარტება, ასევე წარმოადგინა მოპასუხის პროექტის მენეჯერის მიერ 26.08.2013 წელს გაცემული ცნობა, რომლშიც მისი შინაარსიდან გამომდინარე პირდაპირ არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება ცნობის გაცემის დროისათვის შეწყვეტილი არ იყო ცნობაში მითითებულია, რომ „გეოდეზიური ხელსაწყოს ტახეომეტრის იჯარის თანხა ყოველთვიურად შეადგენს 1500 ლარს“ აღნიშნული ჩანაწერით შეუძლებელია დადგინდეს საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ან არსებობა, ამასთან ცნობის გამცემი პირი არ წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოებაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შესაბამისად აღნიშნული ცნობით არ შეიძლება საფუძვლად დაედოს საიჯარო ურთიერთობის არსებობა- არარსებობის ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია ელექტრონული მეილით მის მიერ მოპასუხის პროექტის მენეჯერისათვის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიწერილი წერილების ასლები, რომლებიც გაგზავნილია წარმომადგენლობაზე არაუფლებამოსილი პირისათვის, რაზედაც მეილის ადრესატს რეაგირება უკუგზავნილით არ მოუხდია, რის გამოც საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ელექტრონული წერილების გაგზავნის თარიღისათვის ფაქტობრივი გარემოების დასადგენად აღნიშნული წერილობით მტკიცებულებები საფუძვლად ვერ დაედება. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობით სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეების მ-–---- გ------–--ის, ხ---- ვ-–----ის და მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული შ--–-- ყ----–---–---–ის ჩვენებებს სასამართლო არ იზიარებს მათი ურთიერთ წინააღმდეგობისა და არადამაჯერებლობის საფუძვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ გაართვა თავი საიჯარო ურთიერთობის 06.10.2013 წელს შეწყვეტის მტკიცების ტვირთს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საიჯარო ურთიერთობა 06.10.2013 წელს არ შეწყვეტილა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემაც ვერ გაართვა მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოების მტკიცების ტვირთს, რომ საიჯარო ურთიერთობა 2013 წლის აპრილში შეწყდა, რის გამოც სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საიჯარო ურთიერთობა 2013 წლის აპრილში არ შეწყვეტილა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 მუხლზე, რომლის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლზე, რომლის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს მის მიერ მისი საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზებას, რასაც მოპასუხის მიერ ცნობილი სარჩელის ნაწილში მისი დაკმაყოფილების საპროცესო სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლოს მითითებით უდავოა, რომ მხარეებს შორის დადებული იყო იჯარის ზეპირი ხელშეკრულება, ასევე უდავოა, რომ მხარეებს შორის დადებული საჯარო ურთიერთობა შეწყდა. ასევე უდავოა, რომ მოპასუხე პერიოდულად არღვევდა საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს იჯარის ქირის გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დასაკისრებელი გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობის განსაზღვრისათვის, ადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული თარიღის დადგენას, რაც სასამართლოს მიერ დადგენილი ვერ იქნა, ვინაიდან მხარეებმა ვერ გაართვეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთს თავი. მოპასუხე მხარემ საქმის მომზადების სტადიაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა 3200 ლარის ოდენობით, რაც სასამართლომ საკმარის საფუძვლად მიიჩნია აღნიშნული ოდენობით სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
სასამართლოს მითითებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399.5 მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ გამოიყენება 407-ე მუხლი. ამავე კოდექსის 407.1 მუხლით მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
გათვალისწინებით იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ 3200 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა, სასამართლომ იმსჯელა 3200 ლარის გადაუხდელობით მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.
სასამართლოს მითითებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით აღსრულებამდე მოპასუხისათვის ანაბარზე საბანკო პროცენტის დაკისრების შესახებ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ჯეროვნად რომ შესრულებულიყო და მოსარჩელისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში გადაეხადა საიჯარო ქირის დავალიანება 3200 ლარის ოდენობით აღნიშნულ თანხას იგი განათავსებდა საბანკო სადეპოზიტო ანგარიშზე 24 თვით და მიიღებდა შემოსავლის სახით ანაბარზე ბანკის მიერ გათვალისწინებულ სარგებელს წლიურ 12%.
სასამართლოს მითითებით უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომელიც მოპასუხესთან იმყოფებოდა როგორც შრომით ასევე საიჯარო ურთიერთობებში და იგი არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ორიენტირებულია სამეწარმეო საქმიანობაზე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, აღნიშნულის გარდა ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ იჯარის ობიექტი გაასხვისა.
სასამართლოს განმარტებით ვალდებულების დარღვევის დადასტურება კრედიტორს უფლება ანიჭებს მოითხოვოს ზიანის, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი, რაც მის ავტომატურ დაკმაყოფილების საბანკო დეპოზიტის პროცენტის ოდენობით ან ნიშნავს, მოსარჩელე მხარემ უნდა მიუთითოს და ამტკიცოს, რომ იგი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და იგი ორიენტირებულია შემოსავლის მიღებისაკენ ან არ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, თუმცა გააჩნია საკმარისი ოდენობით თავისუფალი ფულადი სახსრები დეპოზიტის სახით საბანკო დაწესებულებაში განსათავსებლად და მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მისგან მიღებულ ფულად სახსრებს იგი აუცილებლად საბანკო დეპოზიტზე განათავსებდა და იქიდან სარგებელს მიიღებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ მოსარჩელემ იჯარის ობიექტი გაასხვისა, რაც მისი მხრიდან ფულადი სახსრების საჭიროებაზე მიუთითებს, ამდენად სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ას-197-184-2015 წლის გადაწყვეტილებაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ 26.08.2013 წელს შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ პროექტის მენეჯერის მიერ ცნობის გაცემის მომენტში გ------- გ------–-–---–ს და შ-- ,,ბ------ მ------ს’’ შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყვეტილი არ იყო. აპელანტის განმარტებით საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მასსა და შ-- ,,ბ------ მ------ს’’ შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2012 წლის 24 ივნისს და აღნიშნული ხელშეკრულება 2013 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა.
აპელანტის მითითებით ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება 2013 წლის აპრილის თვეში არ შეწყვეტილა სხვა მტკიცებულებების გარდა დადასტურებულია შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ მიერ 2013 წლის 26 აგვისტოს გაცემული ცნობითაც, აღნიშნულ დოკუმენტში ფაქტები მოცემულია აწმყოში, რაც ადასტურებს ცნობის გაცემის მომენტში საიჯარო ურთიერთობის არსებობის ფაქტს.
აპელანტის მითითებით იმ პირობებში, როდესაც პროექტის მენეჯერის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა საიჯარო ქირის ოდენობა, სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტით ასევე დადასტურებულად უნდა მიეჩნია მისი გაცემის პერიოდში სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტიც. აპელანტის განმარტებით მოპასუხე სადავოდ ხდიდა არა დოკუმენტის შინაარსს, არამედ ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს.
3.2. აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა ხელშეკრულების 2013 წლის ოქტომბერში შეწყვეტის ფაქტი სასამართლომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი საერთოდ ღიად დატოვა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მოსარჩელე იყო, რაზეც ინფორმირებული იყო მოპასუხე, საქმეში წარმოდგენილი 01.10.2013წ და 06.10.2013წ. წერილებზე დაყრდნობით სასამართლოს უნდა დაედგინა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი.
3.3. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ფულის მიუღებლობით ზიანი - მიუღებელი შემოსავლის სახით შეიძლება მიადგეს მხოლოდ მეწარმეს, მაშინ როდესაც შესაძლოა ფულის მიუღებლობით ფიზიკურმა პირმა უფრო მეტი ზიანი განიცადოს. აპელანტის მითითებით საიჯარო ქირის დროულად მიღების შემთხვევაში მას სრული შესაძლებლობა ექნებოდა მიღებული შემოსავალი ნებისმიერ კომერციულ ბანკში ანაბარზე განეთავსებინა და მიეღო სარგებელი წლიური 12 %-ის ოდენობით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 სასამართლო თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 24.06.2012 წელს ერთი მხრივ გ------- გ------–-–---–ს და მეორე მხრივ შ-- ,,ბ------ მ------ს’’ შორის ზეპირი ფორმით დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც შ-- ,,ბ------ მ------ს’’ სარგებლობაში გადაეცა გ------- გ------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული ელექტრონული ტაქეომეტრი TCR 805, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 1500 ლარის ოდენობით. უდავოა, რომ შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ მიერ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით ჩარიცხული იქნა ჯამში 10 300 ლარი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან არც იმ გარემოებას, რომ 2012 წლის ივლისადან გ------- გ------–-–---–- დასაქმებული იყო შ-- ,,ბ------ მ------ში’’ გეოდეზისტის თანამდებობაზე.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საიჯარო ურთიერთობა გ------- გ------–-–---–-ს ინიციატივით შეწყდა. ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევა წარმოადგენდა.
4.1.2 მოსარჩელე მხარეთა შორის არსებული საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხისაგან, როგორც მოიჯარისაგან მოითხოვს საიჯარო ქირის დავალიანების - 12 800 ლარის გადახდას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულად გამოიკვლია ამ მოთხოვნის საფუძვლიანობისათვის არსებითი მნიშვნელობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა მხარეთა შორის ზეპირად დადებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი. მართლია, სასამართლომ დაადგინა იჯარის ხელშეკრულების დადების და მხარათა შორის საიჯარო ურთიერთობის წამოშობის პერიოდი (2012 წლის 24 ივნისი), ასევე ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა (1500 ლარი), თუმცა არ დაადგინა იჯარის შეწყეტის მომენტი. აღნიშნული გარემოების დაუდგენლობის გარეშე კი, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გაკეთებული დასკვნები საიჯარო დავალიანების - 12 800 ლარის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებას, რისი გათვალისწინებითაც პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის "ე" პუნქტის საფუძველზე არსებობს მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
4.1.3. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დგინდება დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება - მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის მომენტის შესახებ, კერძოდ დგინდება რომ, გ------- გ------–-–---–ს და შ-- ,,ბ------ მ------ს’’ შორის საიჯარო ურთიერთობა საიჯარო ქირის გადაუხდელობის საფუძვლით გ------- გ------–-–---–-ს ინიციატივით შეწყდა 2013 წლის 06 ოქტომბერს.
სააპელაციო პალატა სადავო საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, მოწმე მ-–---- გ------–--ის განმარტებით შ-- ,,ბ------ მ------ში’’ გ------- გ------–-–---–მა მიიყვანა, სადაც 2013 წლის მაისიდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით გეოდეზისტის დამხმარის პოზიციაზე მუშაობდა.... ელექტრონულ ტაქეომეტრთან ყოველდღიური შემხებლობა ჰქონდა, თუმცა აპარატით უშუალოდ გ------- (გ------- გ------–-–---–-) მუშაობდა ... გეოდეზიური სამუშაოები ორი აპარატით ტარდებოდა, აქედან ერთი კომპანიის საკუთრება იყო, მეორე კი კომპანიას გ------- გ------–-–---–-სგან იჯარით ჰქონდა აღებული, რომლითაც თავად გ------- გ------–-–---–- მუშაობდა... მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტაქეომეტრს ერთნაირი შეფუთვა ჰქონდა თავად აპარატები ფერით განსხავდებოდა ერთმანეთისგან, კერძოდ, გ------- გ------–-–---–-ს ტაქეომეტრი შედარებით ღია ფერის მწვანე იყო.. სამუშაოების დასრულების შემდეგ გ------- გ------–-–---–ს აპარატი თან მიჰქონდა, მეორე აპარატი კი ობიექტზე რჩებოდა... 2013 წლის ოქტომბრის თვეში მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი გ------- გ------–-–---–-ს მიერ ელექტრონული ტაქეომეტრის წაღება გახდა, რადგან კომპანიაში მხოლოდ ერთი ტაქეომეტრი დარჩა და ერთი მოწყობილობის პირობებში რვა დასაქმებულის სამუშაო აღარ იყო....(იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.04.2017წ. და 21.04.2017წ სხდომის ოქმები.) მოწმე ხ---- ვ-–----ის განმარტებით 2013 წლის აპრილიდან წელიწად ნახევრის განმავლობაში შ-- ,,ბ------ მ------ში’’ მძღოლად მუშაობდა, რა დროსაც ემსახურებოდა ყველას, თუმცა, დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში ძირითადად გ------- გ------–-–---–-ს ჯგუფის გადაადგილებას უზრუნველყოფდა, რა დროსაც გადაჰქონდათ სამუშაოს შესასრულებელი მოწყობილობაც... კომპანიას სულ ორი დანადგარი ჰქონდა, საიდანაც ერთი კომპანიის საკუთრება იყო, ხოლო მეორე ბატონი გ---- (გ------- გ------–-–---–-)... ბატონ გ--- (გ------- გ------–-–---–-) უთანხმოება მოუვიდა კომპანიაში და სექტემბერში ნაკლებად დადიოდა... აპარატი ბატონმა გ--- (გ------- გ------–-–---–-) სექტემბერ-ოქტომბერში წაიღო ....(იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.04.2017წ. და 21.04.2017წ სხდომის ოქმები.) რაც შეეხება მოწმე შ--–-- ყ----–---–---–ის ჩვენებას, რომელიც უთითებს, რომ გ------- გ------–-–---–ს და შ-- ,,ბ------ მ------ს’’ შორის ელექტრონული ტაქეომეტრის იჯარის ხელშეკრულება 2013 წლის აპრილის თვეში შეწყდა მის ჩვენებას სასამართლო ვერ გაითვალისწინებს, ვინაიდან მოწმემ თავად განმარტა, რომ სადავო პერიოდში (2013 წელს) კომპანიაში დასაქმებული იყო პროექტის მენეჯერის მოადგილის თანამდებობაზე, რა დროსაც გეოდეზიურ საქმიანობასთან და უშუალოდ გეოდეზისტებთან შემხებლობა არ ჰქონდა, კომპანიაში მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო შესყიდვებთან, რემონტთან, მანქანასთან... გეოდეზისტები და გეოდეზიურ საქმინობასთან დაკავშირებული საკითხები საიტის მენეჯერის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წარმოადგენდა... მართალია, მოწმე იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას გ------- გ------–-–---–-ს მხრიდან საიჯარო ქირის მოთხოვნით მასთან კომუნაკაციას უკავშირებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს, რომ საიჯარო ქირის გადახდა ყოველთვიურად არ ხდებოდა და ქირის სახით თანხების გადახდას არათანმიმდევრული ხასიათი ჰქონდა (ტ.1.ს.ფ. 15) პალატა მოწმის ჩვენების საფუძველზე დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ საიჯარო ქირის თაობაზე შ--–-- ყ----–---–---–თან კომუნიკაცია ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ განხორციელდა... ამდენად, გათვალისწინებით იმისა, რომ სადავო პერიოდში შ--–-- ყ----–---–---–ს შემხებლობა არ ჰქონია გეოდეზისტებთან, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს არ წარმოადგენდა გეოდეზიური საქმინობის განხორციელება, კონტროლი, დაგეგმვა, მითუმეტეს გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისთვის საჭირო ინვენტართან დაკავშირებით შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება/შეწყვეტა, პალატა მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარ გარემოებას ხელშეკრულების ობიექტის წაღების შედეგად ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდთან დაკავშირებით მოწმე საკუთარი გამოცდილებითა და დაკავშირებით ვერ ასახელებს. შესაბამისად, სასამართლო იმ პირთა ჩვენებას უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს, რომელთაც გეოდეზიურ საქმიანობასთან და მისი განხორცილებისთვის საჭირო ინენტართან მუდმივი და უშუალო შემხებლობა ჰქონდათ და საკუთარი თვალით ნანახ ფაქტებს გადმოსცემენ. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს მოწმე გ------–--ის ჩვენებაზე, რომელიც სარწმუნოდ და დამაჯერებლად ადასტურებს (იხ. 2016 წლის 1-ლი აპრილის სხდომის საოქმო ჩანაწერი 13:43:26; 13:44:16-13:44:27; 13:45:32; 13:47:49-13:48:22) გ------- გ------–-–---–-ს მიერ მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული ხელსაწყოს წაღების და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტს, ვინაიდან, როგორც მოწმე განამარტავს მისი საქმიანობა მოპასუხე კომპანიაში სწორედ მას შემდეგ შეწყდა რაც გ------- გ------–-–---–მა მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული ხელსაწყო წაიღო და აღარ არსებობდა ამდენი დასაქმებულის მათ შორის მისი საჭიროება, რამდენადაც იჯარის ხელშეკრუელბის შეწყვეტის შემდეგ კომპანიაში დარჩა ერთი ტაქეომეტრი. ამასთან უდავოა, რომ გ------–--ეს შრომითი ურთიერთობა მოპასუხე კომპანიასთან შეუწყდა სწორედ ოტომბერ-ნოემბრის თვეში. გ------–--ე ადასტურებს, რომ მისი კომპანიაში ყოფნის პერიოდში მეორე ხელსაწყო ესე იგი, გ------- გ------–-–---–-ს მიერ იჯარით გადაცემული ხელსაწყო იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიის სარგებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ გარემოებას იმის შესახებ, რომ მეორე ტაქეომეტრის (იჯარით გადაცემული ტაქეომეტრის) წაღების გამო დასაქმებულთა (გეოდეზისტების დამხმარე პირების) არსებული რაოდენობის საჭიროება აღარ არსებობდა, სხვა მოწმეთა ჩვენებითაც დადასტურდა.
გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ პროექტის მენეჯერის დ-------- ტ------ის მიერ 26.08.2013 წელს გაცემულ ცნობაზე, ნიშანდობლივია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ცნობის შინაარს იმ ნაწილში, რომლის თანახმად ცნობის გამცემი მისი გაცემის პერიოდში ადასტურებს კომპანიაში გ------- გ------–-–---–-ს მთავარ გეოდეზისტად მუშაობის ფაქტს, სადავო არ არის ასევე გ------- გ------–-–---–-ს შრომის ანაზღაურების და საიჯარო ქირის ოდენობა, მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის ცნობის გაცემის პერიოდში გ------- გ------–-–---–თან საიჯარო ურთიერთობაში ყოფნის და ცნობაზე ხელმომწერი პირის ასეთი დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილების ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას (იხ. 10.04.2018წ. სხდომის ოქმი) მოწინააღმდეგე მხარის შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პროექტის მენეჯერისთვის მისი უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით ცნობილი უნდა ყოფილიყო კომპანიის მფლობელობაში არსებული მოწმყობილობების (ელექტრონული ტაქეომეტრი) რაოდენობა, ასევე ფაქტები მასზედ, რამდენი ხელსაწყოთი მიმდინარეობდა სამუშაობი, მეტიც, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოიჯარის მიერ იჯარის საგნის წაღების თაობაზე. იმ პირობებში როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ცნობაში მითითებულ ინფორმაციას, გარდა ცნობის გაცემის მომენტში საიჯარო ურთიერთობის არსებობისა, ადასტურებს, ადასტურებს ასევე ფაქტს მასზედ, რომ პროექტის მენეჯერისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, მიუხედავად იმ უდავო გარემოებისა, რომ ცნობის გამცემი პირი კომპანიის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა პალატა 26.08.2013 წლის ცნობას მტკიცებულების ღირებულებით ძალას სადავო გარემოების დადგენის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით შესაძლებლად მიიჩნევს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენას. პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოწმე მ-–---- გ------–--ემ მიუთითა პროექტის მენეჯრის დ-------- ტ------ის მიერ (მისიხელმოწერით) კომპანიაში საქმიანობის და ხელფასის შესახებ ცნობის გაცემის ფაქტი. მოწმის განმარტებით აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე მან საბანკო დაწესებულებიდან სესხი აიღო. (იხ. 01.04.2017 წ. სხდომის ოქმი) აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ კომპანიაში მსგავსი პრაქტიკა იყო და როგორც წესი ასეთი შინაარსის ცნობებს პროექტის მენეჯერი გასცემდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე 01.10.2013წ. და 06.10.2013წ ელ. ფოსტის საშუალებით გაგზავნილ წერილებს, სადაც გ------- გ------–-–---–- ფინანსურ პრობლემებზე მითითებით საუბრობს 06.10.2013 წელს საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტაზე. საგულისხმოა, რომ შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ მიერ დადასტურებული იქნა დასახელებულ წერილებში მითითებული ელ. ფოსტის მისამართების კომპანიის დირექტორის და პროექტის მენეჯერისადმი კუთვნილების ფაქტი. (ტ.1.ს.ფ. 44-45; 10.04.2018წ. 13:22:45)
ამდენად, ზემო აბზაცებში მითითბული ფაქტობრივი გაერმოებების და მსჯელობის საფუძველზე სააპელაციო პალატა იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ რომ მხარეთა შორის ზეპირად დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 6 ოქტომბერს.
4.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საიჯარო ქირის ოდენობის (ყოველთვიურად 1500 ლარი) და საიჯარო ურთიერთობის ხანგრძლივობის (15 თვე და 12 დღე) გათვალისწინებით მთლიანად საიჯარო ქირის სახით გ------- გ------–-–---–ს უნდა მიეღო 23 100 ლარი, საიდანაც დადგენილია, რომ მას მიღებული აქვს მხოლოდ 10300 ლარი, შესაბამისად სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა საიჯარო ქირის დავალიანების - 12 800 ლარის, მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.3. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა, ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილია შ-- ,,ბ------ მ-------ს’’ მხრიდან ვალდებულების დარღვევა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების აბსტრაქტული წინაპირობების არსებობა სადავო არ არის, თუმცა, წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს საკმარის მტკიცებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი მოსარჩელემ მის მიერ გადახდილი თანხის ბანკში განთავსებასა და პროცენტის მიღებას დაუკავშირა.
პალატა განმარტავს, რომ პრეზუმირებული ზიანის არსებობა/არარსებობის დადგენის მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს კრედიტორ სუბიექტს და მისი საქმიანობის ფარგლებს. საანაბრე პროცენტი, როგორც ნავარაუდევი/ ნაგულისხმევი ზიანი, ივარაუდება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორს გამოთავისუფლებული თანხის ანაბარზე განთავსება შეეძლო. ფულით, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი ობიექტით, თანხის დეპოზიტზე განთავსების შედეგად მოგების მიუღებლობით წარმოშობილი ზიანი მტკიცებას ექვემდებარება, თუკი პირის უშუალო სამეწარმეო საქმიანობას არ წარმოადგენს ფულის გაქირავებიდან შემოსავლის მიღება. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------- გ------–-–---–- გეოდეზისტია და მისი საქმიანობა არ ითვალისწინებს ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შედეგად მოგების მიღებას, ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხისგან მისაღები თანხების გამოყენებით მოსარჩელე კონკრეტული სარგებლის მიღებას აპირებდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასაბუთებული არ არის. უფრო მეტიც, გ------- გ------–-–---–მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ ელექტრონული ტაქეომეტრი ბანკიდან მიღებული სესხით ჰქონდა შეძენილი და რომ ბანკის მიმართ არსებული დავალაინება საიჯარო ქირით უნდა დაეფარა. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს „მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი“, რაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო პირობაა იმ ზიანისათვის, რომელზედაც ანაზღაურების მოვალეობა ვრცელდება.
ამგვარად ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ------- გ------–-–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 384 ლარს შეადგენს (ტ..ს.ფ. 23) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 691,2 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, გ------- გ------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ, საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შ-- ,,ბ------ მ------ს’’ 12 800 ლარის გადახდა დაეკისრა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 432 (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს. რაც შეეხება სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------- გ------–-–---–-ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო ნაწილობრივ, კერძოდ, ნაცვალდ 614,40 ლარისა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი იქნა 384 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ გ------- გ------–-–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 153 ლარის გადახდა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ სრულად არ ყოფილა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად შ-- ,,ბ------ მ------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 230 ლარის გადახდა.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტმა მხარემ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის, 1020 ლარის ოდენობით, ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ").
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით ირკვევა, რომ გ------- გ------–-–---–-ს მიერ ადვოკატის მომსახურების საფასურის სახით გადახდილია 1020 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. შესაბამისად, შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით უნდა დაეკისროს 637,5 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ------- გ------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მეორე პუნქტების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში გ------- გ------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად;
4. შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 12 800 ლარის გადახდა.
5. გ------- გ------–-–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი დარჩეს უცვლელად.
6. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 432 ლარის გადახდა.
7. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 153 ლარის გადახდა.
8. შ-- ,,ბ------ მ------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით 230 ლარის გადახდა.
9. შ-- ,,ბ------ მ------ს’’ გ------- გ------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში 1020 ლარიდან 637,5 ლარის გადახდა.
10. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური