განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002258622
საქმე №1ბ/511-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–----------ას
ადვოკატის: ს-----------------ს
მსჯავრდებულის: ნ-------------------ის
თარჯიმნის: მ-------------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004241117002) ნ-------------------ის, დ----------–--------–-–--------–---, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------–------------–-----------------–---–------------–-, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ოჯახში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბერში და ნოემბერში ნ-------------------ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ-----------------ს, რითაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ნავთლუღის დასახლება, მერვე შესახვევი #30-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ-------------------მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ-----------------ს, მუშტითა და ფეხით, არაერთი დარტყმა მიაყენა სახისა და თავის არეში. ნ-------------------ის ქმედების შედეგად, ხ-----------------ს მიადგა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით:
ნ-------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111, 120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ-------------------ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გაუქმდა ნ-------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ნ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან - 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ნ-------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, მსჯავრდებულ ნ-------------------ს პირობითად ჩათვლილი სასჯელი შეეცვალოს თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულ ნ-------------------ის დანაშაულებრივი ქმედებების იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეების მიერ პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ - ხ-----------------ისა და მოწმეების - ნ-----------–--------------------–--–----------------–---------------–------–------------–------------–---–----------------------------–--------------------------------------------------–--------------–---–----------------------------------------------–----- ჩვენებების, ნ-------------------ის ჩვენების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, ხ-----------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის, - შეფასების და გაანალიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ-------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას გასაჩივრებული განაჩენის სამართლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნ-------------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი არ არის სამართლიანი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა თავდაპირველად ყურადღებას გაამახვილებს ნ-------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ ხ-----------------ის ჩვენებით დგინდება, თავდაპირველად მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------------------მა აგრესია გამოხატა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ არასრულწლოვან შვილს, - რომან ჯინდოევს, რის გამოც იგი იძულებული გახდა კონფლიქტში ჩარეულიყო და მოუწოდა ქმარს, შეეწყვიტა ბავშვის შეურაცხყოფა. აღნიშნულზე გაბრაზებულმა ნ-------------------მა სკამი ესროლა მას (ხ-----------------ს), რომელიც წელის არეში მოხვდა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ კონფლიქტს გაერიდა თავად დაზარალებული და იგი შვილთან, რომან ჯინდოევთან ერთად გავიდა მეზობელთან. თუმცა ნ-------------------მა დაურეკა მას (დაზარალებულს), მოატყუა, რომ, თითქოსდა, დაწყნარდა, სახლში დაბრუნებულიყო და აღარაფერს დაუშავებდა. თუმცა სახლში მისვლისთანავე, მიიტყუა რა მსხვერპლი, ნ-------------------მა უმოწყალოდ დაუწყო მას ცემა. იგი დაზარალებულს დაზიანებებს აყენებდა როგორც ხელებით (მუშტებით), ისე - ფეხებით. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ცემის ფაქტი გაგრძელდა დაახლოებით ათი-თხუთმეტი წუთი, რა დროსაც მოძალადე მსხვერპლს ფეხზე წამოდგომის საშუალებასაც კი არ აძლევდა (იხ. დაზარალებულ ხ-----------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენება).
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ნ-------------------ის ყოფაქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ. მოწმე ნ-----------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ხ-----------------ის შვილი მათთან დახმარების თხოვნით მივიდა, იგი (მოწმე) მეუღლესთან და მეუღლის მეგობრებთან ერთად გაემართა ხ-----------------ის დასახმარებლად. სახლში მისვლის დროს ნ-------------------მა მათ წინააღმდეგობა გაუწია. მოწმის განმარტებით, როდესაც მან ხ-----------------ი ნახა სისხლიანი, ნ-------------------ს ჰკითხა, რა სჭირდა ხათუნას, რაზეც ნუგზარმა უპასუხა, რომ ხათუნა იყო მისი ცოლი და როცა უნდოდა, მაშინ სცემდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზეც, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ნ-------------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
აქვე პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ნორმის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება სასამართლოს დისკრეციაა და არა ვალდებულება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რიგი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა (დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა), სააპელაციო პალატას ნ-------------------ის მიერ მისი მეუღლის მიმართ გამოხატული ძალადობის ფორმისა და სიმძიმის მხედველობაში მიღებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ნ-------------------მა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული შეღავათი არ უნდა იქნას გამოყენებული. აღნშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 4 მაისს საქართველომ მოახდინა ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტი ყველაზე მრავლის მომცველია ამ სფეროში და მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით. აქვე, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ ნ-------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ნ-------------------ის მიერ ჩადენილ, საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ნ-------------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი და მსჯავრდებულს დანიშნული და პირობითად ჩათვლილი სასჯელი უნდა შეეცვალოს თავისუფლების აღკვეთით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
ცვლილება იქნას შეტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენში ნ-------------------ის მიმართ;
ნ-------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ნ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან - 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით პერიოდი.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
ნ-------------------ის პირადი ჩხრეკისას და ხ-----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საფარის ამონაჭერი და ხ-----------------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
CD დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე