განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.06.2018
საქმის ნომერი
330210016001262293
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001262293

საქმე N2ბ/6099-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი – გ------------------ე

წარმომადგენელი - ნ-----------------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ”ე------------------”

წარმომადგენელი - თ--------ე

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე გ------------------ეს შპს "ე------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 1------––------–----ს და საპროცენტო სარგებლის - 2--------––------–----ს გადახდა; მოპასუხე გ------------------ეს მოსარჩელე შპს "ე------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი; მოპასუხე გ------------------ეს შპს "ე------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 165.82 ლარის გადახდა;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს "ე------------------ის წარმომადგენელმა ნ--------------–---–მა მოპასუხე გ------------------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2.2. 2017 წლის 25 მაისის განჩინებით 2017 წლის 19 ივნისს 15:30 სთ-ზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, რომლის შესახებაც მოპასუხეს ეცნობა პირადად და შედგენილ იქნა სატელეფონო აქტი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ სამართლებრივ შეფასებებს:

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. 207-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის დღეს მოსამართლე ნიშნავს იმ ვარაუდით, რომ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, მოემზადონ ზეპირი შეჯიბრებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით საერთოდ არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. აღნიშნულის გამო მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და მოპასუხე გ------------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის - ძირითადი თანხა - 1-------––------–----ს გადახდა, საიდანაც საპროცენტო სარგებელია - 2--------––------–----, მოპასუხეს ასევე დაეკისროს ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა - 100 ლარი.

 

საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ------------------ემ საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

2.4. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხემ მძიმე ვირუსული ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო 2017 წლის 17 ივნისის სასამართლო პროცესზე გამოცხადება, ვერც აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა სასამართლოს, ვინაიდან არ ჰყავდა წარმომადგენელი და არ იცოდა რა ფორმით უნდა მიემართა სასამართლოსათვის. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფოში. საჩივარს თან ერთვის საავადმყოფო ფურცელი და 2017 წლის 22 ივნისს გაცემული მინდობილობა სანოტარო წესით დამოწმებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჩივრის ავტორმა მოითხოვა სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით გ------------------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

 

განჩინება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს:

 

2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით ზუსტად არის განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

 

’’ა” გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

’’ბ” სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

’’გ” გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

’’დ” არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ზუსტად ჩამოთვლის იმ შემთხვევებს, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. მხოლოდ ამ გარემოებებიდან ერთ-ერთი გარემოების არსებობისას არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

დადგენილია, მოპასუხე გ------------------ე 2017 წლის 19 ივნისის სასამართლო პროცესის თაობაზე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების თანახმად.

 

2017 წლის 19 ივნისს, 15:30 სთ-ზე გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განარტებითა და საავადმყოფო ფურცლით ირკევა, რომ გ------------------ე საავადმყოფო იმყოფებოდა 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით. (შპს "ჯ---------–--------------------- საავადმყოფო ფურცელი # 8-----) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა კი გაცემულია 2017 წლის 22 ივნისს ნ-------------------------–--ს მიერ. რა დროსაც სანოტარო ბიუროში თავად გამოცხადდა გ------------------ე. ამასთან გაურკვევლია მოპასუხემ რატომ არ აცნობა სასამართლოს რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას და სასამართლო პროცესზე დასწრებას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლისა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის დასაბუთებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის საჩივარი უსაფუძლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია მის მარწმუნებელს სასამართლო სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზის გამო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჰქონდა მძიმე ფორმის ვირუსი და 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, დიაგნოზი: ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ავადმყოფობა და არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. ამის შესახებ ვერ შეძლო სასამართლოსთვის შეტყობინება, რადგან არ ჰყავდა წარმომადგენელი. საავადმყოფო ფურცელი გამოწერილი იქნა იმისთვის, რომ გ------------------ემ იმ დღეებში სამსახურშიც ვერ შეძლო გამოცხადება.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა გ------------------ისთვის იყო ის დაუძლეველი ძალა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სხდომაზე გამოცხადებისთვის. ამასთან სასამართლომ საჩივრის განხილვაზე იმსჯელა მოპასუხის დასწრების გარეშე, რადგან შეტყობინება არ ჩაბარებია და არ დააკმაყოფილა გ------------------ის საჩივარი.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2017 წლის 09 ივნისს, 2017 წლის 19 ივნისს 15:30 სთ-ზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თაობაზე მოპასუხე გ------------------ეს ეცნობა პირადად და შედგენილ იქნა სატელეფონო აქტი. ( ს.ფ. 66).

 

დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოსარჩელის წარმომადგენელის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენა, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება. ასეთს წარმოადგენს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა ობიექტური გარემოებები, რამაც შეიძლება დააბრკოლოს მხარის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

 

დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად ასახელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. გ------------------ის მიერ საჩივარზე დართული შპს „ჯ---------–-------------------ს“ მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლით #8----- ირკვევა, რომ გ------------------ე ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადების გამო 2017 წლის 17 ივნისიდან 2017 წლის 23 ივნისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N 281/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესზე, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს თანდართული ფორმის (დანართი 11), დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო; დაავადების ან დასახიჩრების გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენამდე (იმავე წესების 5.1. პუნქტი).

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლით დასტურდება, რომ აპელანტს დაავადებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის გამო განესაზღვრა სამუშაოდან გათავისუფლების რეჟიმი 2017 წლის 17 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, რაც სააპელაციო პალატის აზრით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ავადმყოფობის გამო მოპასუხე ვერ შეძლებდა ამავე წლის 19 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. ის გარემოება, რომ 2017 წლის 22 ივნისს აპელანტმა გასცა მინდობილობა, რისთვისაც თავად გამოცხადდა ნოტარიუსთან, ვერ აბათილებს მოპასუხის 2017 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ პირის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნევა მაშინაც, როდესაც თავად ამ საპატიო მიზეზის გათვალისწინებით იგი წინსწრებით ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარის გამოუცხადებლობა სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ანა გოგიშვილი