განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002323667
საქმე №1ბ/741-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 0--------–-, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის მისამართზე: გ---------------, ს------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------–----------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენით:
გი-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გი-------ეს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
გი-------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, გი-------ემ ქ-------–-, ე------------–---------------ში არსებულ დროებით საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნა------------ეს, შელაპარაკებისას ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც ნა------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გი--------------–---–მა და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს. აპელანტის აზრით, სასამართლომ გი-------ისათვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა, დანაშაულის სპეციფიკა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, კერძოდ ის, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გი-------ემ სრულიად უმიზეზოდ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ ნა------------ეს, შემდეგ კი ხელები რამოდენიმეჯერ დარტყა სახის არეში, სამზარეულოდან აიღო დანა და გაეკიდა მას, შეშინებული ნა------------ე კი სახლიდან გაიქცა. მსჯავრდებული და დაზარალებული ისევ ერთად აგრძელებენ ცხოვრებას და გი-------ის მხრიდან არსებობს მომეტებული საფრთხე ოჯახის წევრების მიმართ, მისი ქმედებები მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულ გი-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვა------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნა------------ის, მოწმეების: ე---------------–-–---–------–-----------------–---–---------------------–---–-- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი-------ე აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილია განცხადება, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გი-------ე პატიმრობაში იმყოფებოდა თითქმის სამი თვე, რა დროსაც სწორედ დაზარალებული უგზავნიდა მას როგორც ფულად თანხებს, ისე ამანათებს. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ - გი--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გი-------ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
გი-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გი-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 24 იანვრიდან 2018 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გი-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება: დანა, რომელიც ინახება შსს გორის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე