განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
190210017001880143
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190210017001880143

საქმე №2ბ/5607-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი - ნ-----–---- ჯ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნ---- ა---–------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

 

აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2015 წლის 30 მარტიდან 2015 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით ნ-----–---- ჯ-------ემ რ-------ს ფედერაციიდან ნ---- ა---–------ს სწრაფი საბანკო გზავნილით გამოუგზავნა 1750 აშშ დოლარი. თანხა მიღებული აქვს ნ---- ა---–------ს, სს „კომერციული ბანკის „ი------------ს“ 2017 წლის 20 თებერვლის წერილის თანახმად, 2015 წლის 22 მარტს ნ-----–---- ჯ-------ის მიერ ნ---- ა---–------ის სახელზე გადმორიცხულია 500 აშშ დოლარი; 2015 წლის 13 აპრილს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი; 2015 წლის 24 მაისს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი; 2015 წლის 20 ივნისს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი; 2015 წლის 24 ივლისს გადმორიცხულია 250 დოლარი; 2015 წლის 26 აგვისტოს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი. ამდენად, ნ-----–---- ჯ-------ემ ნ---- ა---–------ს რ-------ს ფედერაციიდან ექვსჯერ გადმოურიცხა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, საერთო ჯამში 1750 აშშ დოლარი. თანხა გადმორიცხულია ყოველთვიურად. ნ---- ა---–------ის მიერ ნ-----–---- ჯ-------ის მიერ გადმორიცხული თანხა ბანკიდან მიღებულია. ნ-----–---- ჯ-------ესა და ნ---- ა---–------ს შორის წერილობითი ფორმით სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თანხის გადმორიცხვა ხდებოდა მათ შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

 

2. ნ-----–---- ჯ-------ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხე ნ---- ა---–------ის მიმართ ითხოვა სესხის დაბრუნება.

 

3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არის მისი მეგობარი, რომელთანაც აკავშირებს 20-30 წლიანი მეგობრობა. თავად მუდმივად ცხოვრობს რუსეთში. 2015 წელს სატელეფონო საუბარში მოპასუხე ესაუბრა მის ფინანსურ პრობლემებზე და სთხოვა დახმარება. იქვე დაპირდა, რომ მდგომარეობის გამოსწორებისთანავე თანხას დაუბრუნებდა. ერთიანად მისაცემი თანხა არ ჰქონდა და შეპირდა ეტაპობრივად თანხის გადმორიცხვას. 2015 წლის მარტიდან 6 თვის განმავლობაში სულ მოპასუხეს გადმოუგზავნა 1750 აშშ დოლარი პროცენტისა და პირგასამტეხლოს გარეშე, რომლის დაბრუნებაზეც უარს აცხადებს.

 

4. მოპასუხე ნ---- ა---–------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, სადაო თანხა მოსარჩელემ ნამდვილად გადმოურიცხა, თუმცა არა სესხის სახით. მხარეები ერთმანეთის ნათესავები არიან, მოპასუხის მეუღლე არის მოსარჩელის მამიდაშვილი, მათ აკავშირებდათ ხანგრძლივი პირადი ახლობლური ურთიერთობა, რის გამოც თანხას მოსარჩელე ჩუქნიდა, რაც დასტურდება მოსარჩელის სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინებებებით.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ-----–---- ჯ-------ის სარჩელი. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებაზე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 624–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

მოსარჩელის მოთხოვნა სესხის დაბრუნების შესახებ ეფუძნება ზეპირი სესხის ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე არ ეთანხმება. ზეპირი სესხის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექის 624-ე მუხლი, რომელიც აწესებს ამგვარი ხელშეკრულების დადების მტკიცების წესს. ზეპირი სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, შესაბამისად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების მტკიცებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნებისმიერი დოკუმენტი ან მოწმის ჩვეება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ თანხის გადმორიცხვის ფაქტის დადასტურება არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მხარეებს შორის დადებულად ჩაითვალოს სესხსი ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გადაცემული თანხის დაბრუნების საკითხზე შეთანხმება. სესხის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში ითვლება დადებულად, თუ მხარეები შეთანხმდნენ გადაცემული თანხის დაბრუნებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ არის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დამტკიცებისათვის საკმარისი, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, მოსარჩელის მიერ მისთვის გამოგზავნილი მოკლე სატელეფონო ტექსტური შეტყობინებების შინაარსით გამოირიცხება სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შინაარსი ერთმნიშვნელოვად მიუთითებს, რომ მსესხებელი კისრულობს გადაცემული გვაროვნული ნივთის ან ფულის დაბრუნების ვალდებულებას.

 

სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რადგან მას ეკისრება მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლების დადასტურება, მოსარჩელემ მართალია წარმოადგინა თანხს გადარიცხვის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, მაგრამ მასში მითითებული არ არის თანხის გადარიცხვის დანიშნულებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მარტო თანხის გადაცემა, არამედ ის გარემოებაც, რომ თანხის გადაცემის პირობა არის მისი შემდგომში დაბრუნება, რის საფუძველზე მიმღებს ეკისრება მისი დაბრუნების ვალდებულება. ასეთი გარემოებები მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.

 

ამდენად, სესხის ხელშეკრულების არარსებობა გამორიცხავს მოპასუხე მხარის მსესხებლის სტატუსს და მის ვალდებულებას მოსარჩელეს დაუბრუნოს მიღებული თანხა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები, რომლითაც საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში მიღებული თანხის დაბრუნებაზე შეთანხმების არსებობას. (2016 წლის 25 მაისის განჩინება საქმე №ას-74-71-2016 , 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებას საქმეზე Nას-621-593-2016; 2017 წლის 13 იანვრის განჩინება საქმე №ას-1116-1073-2016 და სხვა)

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძლიანი არ არის არც უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრების წესების ძირითადი პრინციპი. ამ ნორმის მიხედვით, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა შესრულება - ქონების გადაცემა განხორციელებულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ბათილი გარიგების საფუძველზე ან შეცდომით.

 

უსაფუძვლო გამდიდრების წესები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობას საფუძვლად უდევს მათ შორის დადებული შეთანხმება (რომელიც ბათილი არ არის), რადგან მხარეები შებოჭილნი არიან ამ ხელშეკრულების პირობებით და მათ პასუხისმგებლობა ეკისრებათ ვალდებულებითი ნორმების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გამოთხოვა დაუშვებელია, რადგან მოქმედებს სსკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას).

 

მხარეებს შორის თანხის გადარიცხვის საფუძველზე წარმოიშვა სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა არა მოსარჩელის მიერ მითითებული სესხის ხელშეკრულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმება თავისი არსით არის ჩუქების ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

 

ამდენად, ჩუქების ხელშეკრულებისთვის არის დამახასიათებელი უსასყიდლო ხასიათი, სწორედ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მხარეს უსასყიდლოდ გადაეცემა ქონება, მათ შორის ფული. ქონების გადაცემის უსასყიდლო ხასიათი კი გამორიცხავს მის დაბრუნების მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლების მითითების და დადასტურების გარეშე.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე №ას-127-119-2015, რომელიც წინამდებარე საქმის მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას შეეხება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჩუქების სამართალურთიერთობის თავისებურებებზე და განმარტა შემდეგი: „ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გადაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზირისით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩურებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამიტომ იგი შესაძლებელია სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან“.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელე რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს. მოპასუხე მისი მამიდაშვილის მეუღლეა. მხარეთა ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობის, ამ ურთიერთობის ხანგრძლივი ხასიათის გამო, მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან წარმოებული მიმოწერის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლოს შეექმნა საფუძვლიანი შინაგანი რწმენა, რომ მხარეთა შორის არსებული ახლო მეგობრული, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელეს ჰქონდა საკმარისი მოტივაცია, რომ ამგვარი კეთილგანწყობის დასადასტურებლად და მოპასუხის მხრიდან ასეთივე დამოკიდებულების განსამტკიცებლად მოპასუხისათვის თანხა გამოეგზავნა საჩუქრად და არა სესხად. სადაო თანხები მოპასუხეს პერიოდულად ეგზავნებოდა რაიმე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მინიშნების გარეშე, რაზეც მიუთითებს მის მიერ გაგზავნილი სატელეფონო შეტყობინებების შინაარსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, რის გამოც მოსარჩელეს არა აქვს მოპასუხისათვის გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

 

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა ნ-----–---- ჯ-------ის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

6.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა, როდესაც მიუთითა, რომ ეს არ იყო სესხი და მხარეებს შორის არ იყო გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის თანხმად, გარიგება შეიძლება მხარეებს შორის დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. ამდენად, მხარეებს შორის გარიგება იყო ზეპირი.

 

სამოტივაციო ნაწილი: 7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). 8. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს: 8.1. ნ-----–---- ჯ-------ესა და ნ---- ა---–------ს შორის წერილობითი ფორმით სესხის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, თანხის გადმორიცხვა ხდებოდა მათ შორის არსებული 2015 წლის თებერვლის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. 8.2. მხარეთა შორის ურთიერთობა არსებობდა სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე და 2015 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, ყოველი თვის 25 რიცხვში მოსარჩელის მიერ ხდებოდა მოპასუხისათვის თანხის ჩარიცხვა. 8.3. 2015 წლის 25 მარტიდან 2015 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით ნ-----–---- ჯ-------ემ ნ---- ა---–------ს რ-------ს ფედერაციიდან ექვსჯერ გადმოურიცხა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, საერთო ჯამში 1750 აშშ დოლარის ოდენობით. კერძოდ, სს „კომერციული ბანკის „ი------------ს“ 2017 წლის 20 თებერვლის წერილის თანახმად, 2015 წლის 22 მარტს ნ-----–---- ჯ-------ის მიერ ნ---- ა---–------ის სახელზე გადმორიცხულია 500 აშშ დოლარი; 2015 წლის 13 აპრილს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი; 2015 წლის 24 მაისს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი; 2015 წლის 20 ივნისს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი; 2015 წლის 24 ივლისს გადმორიცხულია 250 დოლარი; 2015 წლის 26 აგვისტოს გადმორიცხულია 250 აშშ დოლარი. 8.4. სწრაფი საბანკო გზავნილით გადმოგზავნილი თანხა 1750 აშშ დოლარის ოდენობით მიღებული აქვს ნ---- ა---–------ს. 8.5. მხარეთა შორის თანხის დაბრუნებაზე შეთანხმება არ არსებობდა. 9. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათის გადაცემული თანხის დაბრუნება, მხარეთა შორის სადავო არაა თანხის გადაცემის ფაქტი და ოდენობა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანია თანხის გადაცემის მიზნობრიობა და, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია. 10. პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ პოზიციაზე, რომლითაც იგი სადავოდ ხდის ნ---- ა---–------ისთვის გადაცემული (რ-------ს ფედერაციიდან გამოგზავნილი) თანხების (1750 აშშ დოლარი) მიზნობრიობას და განმარტავს, რომ „მხარეთა შორის არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაცია, მით უფრო, იმ სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სადავო სასესხო ურთიერთობის დასადგენად საკმარისი არ არის მხოლოდ თანხის გადაცემის (გამოგზავნის) ფაქტის დადგენა, არამედ ამასთან ერთად ერთმნიშვნელოვნად უნდა დგინდებოდეს გადაცემული (გაგზავნილი) თანხის უკან დაბრუნების შესახებ დაპირება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. წარმოდგენილი მტკიცებულებების, სახელდობრ, მხარეთა შორის არსებული სატელეფონო მიმოწერებით და ფულადი გზავნილების ამსახველი საბანკო ამონაწერებით მხარეთა შეთანხმებას სესხის ზეპირ ხელშეკრულებაზე ადგილი არ აქვს. პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან). მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე აპელანტის მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობას მოპასუხე სადავოდ ხდის. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებლი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ სადავოდ ქცეული სასესხო ურთიერთობის დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც ზეპირი ასევე, წერილობითი მტკიცებულებების ესა თუ ის სახე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერ დოკუმენტი თუ, მოწმის სტატუსით დაკითხულ პირთა ნებისმიერი შინაარსის ჩვენება დაედოს საფუძვლად საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. 11. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფულადი თანხის რ-------ს ფედერაციიდან გამოგზავნისა და ამ თანხის ნ---- ა---–------ის მიერ მიღების ამასახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსსა და ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესში, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. პალატა განმარტავს, რომ ნორმის სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, სახელდობრ, კანონმდებელი ზეპირი ფორმით დადებული სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებებს. თუმცა არც გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულების არსებობასაც, არამედ სავალდებულოდ ადგენს მოწმეთა ჩვენებებთან ერთად სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებას, რომელიც მოწმეთა ჩვენებასთან ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს სასესხო ურთიერთობის შესახებ (მტკიცების საგანი). ამდენად, სასესხო ვალდებულებების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად და სამართალწარმოების ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის აღწერილობით (ნორმატიული შემადგენლობით): „სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“. განსახილველი ნორმის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მეორე წინადადების თანახმად, ყურადღებაა გამახვილებული იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სესხის ზეპირ ხელშეკრულებას. ამგვარად, განხილული ნორმით განსაზღვრულია მტკიცების საგანი ანუ, იმ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სადავო ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს და თავის მხრივ, წარმოგვიდგება, როგორც სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, რა დროსაც მხარეები იზღუდებიან არა თავად გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში. 12. რაც შეეხება სამართალურთიერთობის კვალიფიკაციის მომდევნო ეტაპს, აღნიშნული მდგომარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაში. მოდავე მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულების გამიჯვნის მიზნით, პალატა მიუთითებს სადავო ურთერთობის მარეგულირებელ როგორც მატერიალურ ისე, საპროცესო სამართლებრივ ნორმაზე, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადებაზე, რომელშიც სწორედ ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი კი, მსესხებელს. იმავე საპროცესო ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიც, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს, რომელსაც მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა მტკიცების ტვირთის განსხვავებულ განაწილებას არ გვთავაზობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, მატერიალური და საპროცესო ნორმები თანხვედრაშია, რადგან განსახილველ დავაში ისინი მტკიცების ტვირთის განაწილების განსხვავებულ წესს არ გვიდგენენ, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე - ნ-----–---- ჯ-------ე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხე - ნ---- ა---–------თან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი). მხარეთა შორის ამ საპროცესო ვალდებულებების სწორი განაწილება წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის წინაპირობას. ამდენად, როგორც აღინიშნა მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, მით უფრო, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა). სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის რ-------დან გადმოგზავნის გზით მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიაციისათვის) მხოლოდ ნ---- ა---–------ის სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და ნ---- ა---–------ის მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლება დადასტურდეს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა. პალატის მოსაზრებით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. 12. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---- ჯ-------ემ ისე განახორციელა ყველა ფულადი ტრანზაქცია მოპასუხის სასარგებლოდ, რომ გაგზავნის დანიშნულებად სასესხო ურთიერთობის არსებობაზე არსად მიუთითებია. პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ჩუქების სამართალურთერთობის თავისებურებებზე: ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივიურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არამხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა. თითოეული ადამიანი თავისი სამართლებრივი სივრცის გამგებელია და მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს ამ სივრცეში შეღწევის უფლება. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს. მართალია, ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და ეს ხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს მას. განსახილველი დავის არსის შეფასებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს კეთილგანწყობილი ურთიერთობა გააჩნდა მოპასუხესთან. ასევე დადასტურებულია, რომ სადავო თანხები მოპასუხეს პერიოდულად ეგზავნებოდა რაიმე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მინიშნების გარეშე. ყოველივე აღნიშნული პალატას აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ნ-----–---- ჯ-------ეს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, გამოეხატა ნ---- ა---–------ის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა თუნდაც ჩუქების ხელშეკრულების დადებაში (სკ-ის 524-ე მუხ.), რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და თავისთავად მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც. (სუსგ ას-127-119-2015) 13. ამასთან პალატა მიუთითებს ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა, მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა; როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გამოთხოვა გამოირიცხება და მოპასუხის პოზიციის სასარგებლოდ მოქმედებს სსკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), რომლის გაბათილებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი როგორც სახელშეკრულებო, ასევე, ვალდებულების გარეშე გადაცემულის დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლითაც. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარიმორალური ვალდებულება (იხ სუსგ -საქმე # ას-6-6-2015, 01.07. 2015 წ.). 14. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს და მუშაობს რ-------ს ფედერაციაში. მოპასუხე მისი მამიდაშვილის მეუღლეა, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა გააჩნდა. მოპასუხის სახელზე თანხის გადარიცხვის დოკუმენტში დანიშნულება არაა მითითებული, მხარეთა შორის თანხის დაბრუნებაზე შეთანხმება არ არსებობდა, მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დავა თანხის გადაცემიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო, სასამართლოს შეექმნა საფუძვლიანი შინაგანი რწმენა, რომ მხარეთა ნათესაური, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სადავო თანხა მოპასუხეს გადაუგზავნა საჩუქრად და არა სესხად. 15.ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. 16. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. ნ-----–---- ჯ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი. 3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. 4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი