განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001410187
საქმე №2ბ/2826-17
განჩინება
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - მ-----------------
წარმომადგენელი - ლ------------------–-
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ----------------–-, ი-----------------–-
წარმომადგენელი - მ----------------–-
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა გაუქმება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ------------------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წლის 22 სექტემბერს, მ-----------------ს, ნ----------------–- და ი-----------------–- შორის გაფორმდა წილის გასხვისების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, წილის გამყიდველები კისრულობენ ვალდებულებას მათ საკუთრებაში არსებული წილი, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს შპს "ბ--------------------“ არსებული მთლიანი წილების 50%-ს, შემდგომში წოდებული როგორც "ნასყიდობის საგანი" ან "წილი", მყიდველს გადასცეს საკუთრებაში სრულად, ხოლო წილის მყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს წილი და გადაიხადოს ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
2.2. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, წილის მყიდველი ჯეროვნად არის გაცნობილი შპს-ს ძირითადი საქმიანობის ხასიათს და ძირითად მიმართულებებს.
2.3. 2012 წლის 22 სექტემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 47 500 ლარს, საიდანაც ნ----------------–-ს კუთვნილი წილის (25%) ღირებულებაა 23 750 ლარი, ხოლო ი--------------–---–-- კუთვნილი წილის (25%) ღირებულება 23 750 ლარი.
2.4. 2012 წლის 22 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმებული წილის გასხვისების ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ გადახდილი იქნა 37 500 ლარი.
2.5. შპს "ბ--------------------" 50%-იანი წილი რეგისტრირებულია მ------------------ სახელზე.
2.6. 2011 წლის 25 აგვისტოს, ი----------------–- და შპს "ბ-------------------"-ს დირექტორს ნ---------------–---–- შორის გაფორმდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ნაწილის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ი-----------------–- ვალდებულია შპს "ბ-------------------" გადასცეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზის N-------- ნაწილი, თ-------------- მუნიციპალიტეტში, სოფელი დ----------------- ტერიტორიაზე 20 000 მ. ჰა ფართობზე.
2.7. სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2011 წლის 20 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, ფ/პ ი-----------------–--- გაცემული N------- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ნაწილი თ-------------- მუნიციპალიტეტში, სოფელი დ----------------- ტერიტორიაზე 20 000 მ. დ---------- ბაზალტის ჯამური მოპოვება გადაეცა შპს "ბ-------------------"-ს 2021 წლის 20 ივლისამდე მოპოვების უფლებით.
2.8. 2011 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტომ შპს "ბ--------------------" სახელზე გასცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N------, რომელიც გულისხმობდა ბაზალტის მოპოვებას ჯამურად 20 000 კუბურ მეტრზე.
2.9. ამავე ლიცენზიის ფარგლებში არსებული მცირე გეოსაინფორმაციო პაკეტის 7.2 პუნქტის თანახმად, საბადოს (მადანგამოვლინების) დამუშავების მეთოდი მოიცავს ბაზალტის ლოდების ზედაპირიდან აკრეფას.
2.10. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 0-------16 წლის წერილის თანახმად, შპს ”ბ-------------------” ი/მ ი-----------------–-ს საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ნაწილის საკუთრებაში გადაცემისას არ წაუღია მცირე გეოსაინფორმაციო პაკეტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. დადგენილია, რომ 2012 წლის 22 სექტემბერს, მ-----------------ს, ნ----------------–- და ი-----------------–- შორის გაფორმდა წილის გასხვისების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, წილის გამყიდველები კისრულობენ ვალდებულებას მათ საკუთრებაში არსებული წილი, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს შპს "ბ--------------------“ არსებული მთლიანი წილის 50%-ს შემდგომში წოდებული როგორც "ნასყიდობის საგანი" ან "წილი", მყიდველს გადასცეს საკუთრებაში სრულად, ხოლო წილის მყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიიღოს წილი და გადაიხადოს ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოპასუხეთა მხრიდან მოტყუების ფაქტზე, კერძოდ მოსარჩელის განმარტებით, წილის ნასყიდობის დროს წარდგენილი იქნა მხოლოდ დოკუმენტების ნაწილი. გამყიდველს არ წარუდგენია გეოსაინფორმაციო პაკეტი, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული თუ რისი უფლება ეძლევა ლიცენზიის მფლობელს.
მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. სასამართლო მითითებს, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შექმნილ ვითარებაში „ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.01.2016 წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1117-1051-2015).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ მოხდა ტერიტორიის დათვალიერება, სადაც თვალნათლივ იხილა, რომ კომპანია ახდენდა ბაზალტის ამოღებას კარიერის სიღრმიდან, რაც სადავო გარიგების დადების საფუძველია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაიდებოდა. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ გამყიდველ მხარეს გარიგების დადებისას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ხელშეკრულების შინაარსი და ის მოსალოდნელი შედეგები, რაც გარიგებას უნდა მოჰყოლოდა.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია სადავო ხელშეკრულების 1.3 პუნტის ჩანაწერზე, რომლის თანახმად "წილის მყიდველი ჯეროვნად არის გაცნობილი შპს-ს ძირითადი საქმიანობის ხასიათს და ძირითად მიმართულებებს". ე.ი ხელშეკრულებაზე, რომელზე ხელმოწერითაც თავისი ნება გამოხატა მოსარჩელემ მასში გარკვევითაა აღნიშნული შპს-ს საქმიანობის ხასიათი და მისი ძირითადი მიმართულებები. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ივარაუდება, რომ მხარემ, ვიდრე ხელს მოაწერს რაიმე დოკუმეტს, უნდა განიხილოს მისი შინაარსი და გამოხატოს თავისი ნება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ არის მომენტალური და მარტივი პროცესი. როგორც წესი, მას წინ უძღვის კონტრაჰენტის საქმიანობის შესწავლა, შესაბამისი ფაქტების მოძიება და შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მ----------------- გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინარსი და მასთან არსებული დოკუმენტაცია. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით. მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ ობიექტური გარემოების დადასტურება, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს, მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში, თუმცა, მოსარჩელეს ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ სასამართლოს დავის განხილვის პროცესში ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ------------------ათვის ცნობილი არ იყო შპს-ს საქმიანობის მიმართულება. მნიშნველოვანია აღინიშნოს ის, რომ გეოსაინფორმაციო პაკეტი, რომლის არსებობაც სადავოდ გახადა მოსარჩელემ, თავად მის მიერ იქნა წარმოდგენილი, რაც იძლევა დასკვნის იმგვარ შესაძლებლობას, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო ზემოაღნიშნული დოკუმენტის არსებობის თაობაზე. მართალია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 0-------16 წლის წერილი, საიდანაც დგინდება, რომ შპს ”ბ-------------------” ი/მ ი-----------------–-ს საკუთრებაში არსებული ლიცენზიის ნაწილის საკუთრებაში გადაცემისას არ წაუღია მცირე გეოსაინფორმაციო პაკეტი, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი სასამართლოს მიერ ვერ იქნება შეფასებული ვარგის მტკიცებულებად, რომელიც სასამართლოს შეუქმნის იმ გარემოების დადგენის საფუძველს, რომ ი-----------------–-- საზოგადოებაში წილის მიყიდვისას დაუმალა ან არ გააცნო მცირე გეოსაინფორმაციო პაკეტი.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მ-----------------ს, მოპასუხეების ი-----------------–-ს და ნ----------------–-ს სასარგებლოდ დაეკისრა შპს-ს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, სადაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია წილის გასხვისების ხელშეკრულება იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო მოტყუებით.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მოტყუების ფაქტის დასადასტურებლად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 22 სექტემბრის შეთანხმება არ იყო დადებული მოტყუებით, არ იყო კანონსაწინააღმდეგო, გამოხატავდა მხარეთა რეალურ ნებას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობა გამორიცხავს თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.
დასკვნები განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ შუამდგომლობა მოწმის სახით ე------------------ და პ-------------------- დაკითხვის თაობაზე, იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით თუ რა შეთანხმება მიმდინარეობდა ნასყიდობის საგანთან დაკავშირებით მხარეებს შორის და რა პირობაზე შეთანხმდნენ მხარეები. სასამართლომ განმარტა, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გარიგება, კერძოდ მოტყუებით დადებული გარიგება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ლიცენზია გაცემული იყო ბაზალტის ქვის მოპოვებაზე. მოსარჩელე შეცდომაში იქნა შეყვანილი. მითითებული ლიცენზიით მას არ ჰქონდა კარიერის სიღრმიდან ბაზალტის ქვის მოპოვების უფლება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულება რომლითაც სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებაა შესაძლებელი, არის სწორედ აღნიშნული წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზია, აქედან გამომდინარე, მოწმედ დასახელებული პირების ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს დავის საგნის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. შეძენილი კომპანიის საქმიანობის მიმართულება მყიდველისათვის ცნობილი იყო, მაგრამ მოსარჩელისათვის უცნობი იყო და იგი მოტყუებული დარჩა, რადგან არ ეცნობა რეალურად რა უფლება ენიჭებოდა გეოსაინფორმაციო პაკეტით. სასამართლომ გეოსაინფორმაციო პაკეტის სარჩელზე დართვის გამო, არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებისას ფლობდა და ინფორმირებული იყო აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 7 დეკემბრის წერილით ირკვევა, რომ შპს „ბ-------------------“ არ გამოუთხოვია და არ ჰქონია ლიცენზიასთან არსებული მცირე გეოსაინფორმაციო პაკეტი. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, მაშინ როდესაც გეოსაინფორმაციო პაკეტის მყიდველი მხარისაგან დაფარვით და მოტყუებით შეძლო მისი გასხვისება. ლიცენზიაში არ იყო მითითებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესახებ, რომელშიც ლიცენზიის უფლების ძირითადი ნაწილია განმარტებული. მხარეს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ლიცენზიის გარდა არსებობდა რაიმე სახის დოკუმენტი. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნივთი, ხოლო მყიდველის მიიღოს იგი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილია მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების სტანდარტი, რაც გულისხმობს მის შესრულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხელშემკვრელი მხარეების მიერ შესრულებული ვალდებულება, სწორედ დასახელებული მუხლის კონსტრუქციას უნდა შეესაბამებოდეს.
პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, მასზე რომ გარიგების დადებისას მოპასუხემ იგი მოატყუა და დაუმალა, რომ კომპანიას გააჩნდა ლიცენზია ბუნებრივი რესურსების კარიერიდან მოპოვების შესახებ. 2015 წლის 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლიცენზიის მფლობელ - შპს „ბ-------------------“ არ ჰქონდა უფლება გაეხსნა კარიერი და სიღრმიდან ამოეღო ბაზალტის ლოდები, არამედ მას გააჩნდა მხოლოდ ბაზალტის ქვის ზედაპირიდან აკრეფის უფლება. ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის ზედაპირზე კი, წიაღისეული არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ზემოდასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოტყუებით დადებული გარიგებისას გადამწყვეტია ის, რომ მხარის ნების ფორმირება ხორციელდება განზრახი მოტყუების საფუძველზე. მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას და აშკარა უნდა იყოს, რომ გარიგება მოტყუების გარეშე არ დაიდებოდა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ ახორციელებს მოტყუებას: თავად კონტრაჰენტი თუ მესამე პირი. მთავარია, მხარემ იცოდეს მოტყუების შესახებ, სარგებლობდეს ამით და მოტყუება იყოს არსებითი. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელემ არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება ნივთის შეძენისას, მით უფრო, მაშინ როდესაც განსაზღვრული იყო მოტივი, რამაც განაპირობა ხელშეკრულების დადება (ლიცენზიის არსებობა). მეწარმისათვის დამახასიათებელი გულმოდგინებით არ გამოუკვლევია ნასყიდობის საგნის მახასიათებლები და დაეყრდნო გამყიდველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სამოქალაქო კოდექსით კი, გათვალისწინებულია გარიგების ბათილად ცნობა მოტყუების და არა ნდობით განპირობებული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
4.2. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ნივთობრივი ნაკლის კონტექსტში იმსჯელოს გამყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ხარისხთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც, მიუთითებს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 492-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლების სისტემური ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ნივთის ნაკლი მყიდველს ისეთ დამატებით მოთხოვნებს წარმოუშობს, როგორიცაა, ნაკლის გამოსწორება, ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, ხელშეკრულებიდან გასვლა ან ფასის შემცირება. პალატა განმარტავს, რომ ნაკლიანი შესრულების მიღების შემთხვევაში, გამყიდველს ჯერ ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ მიცემულ ვადაში გამყიდველი ნაკლს ვერ (არ) აღმოფხვრის და ვერც (არც) ახლით არ ჩაანაცვლებს, მყიდველს რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის ან ფასის შემცირების ალტერნატივა. ამგვარ თანმიმდევრობას აწესებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლები, რომელზე ბლანკეტურ მითითებასაც 492-ე მუხლი აკეთებს.
მყიდველს ნივთის ნაკლის თაობაზე პრეტენზიის წარდგენის ვალდებულება მაშინ აქვს, როდესაც ნივთის თაობაზე სუბიექტური წარმოდგენა ობიექტურად არ დადასტურდება. ნაკლის თაობაზე გამყიდველის ინფორმირება კი, მეორადი მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია. სადავო ფაქტის მტკიცებისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე, სახეზე უნდა იყოს შემკვეთის კანონით (ასევე ხელშეკრულებით) გათვალისწინებული თანმიმდევრული ქმედებები (პრეტენზიის წარდგენა და ა.შ).
სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტმა სამოქალაქო რისკის გულმოდგინედ შეფასებით იგი მინიმუმადე უნდა დაიყვანოს. ნივთის შეძენისას მყიდველის წინდახედულების მასშტაბი გონივრული უნდა იყოს და შეესაბამებოდეს იმ რეალობას, რომელშიდაც ხდება ხელშეკრულების დადება. აღნიშნულ მასშტაბს უფრო ფართოს ხდის სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლით დადგენილი სუბიექტის ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. მეწარმის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული ქმედებისადმი კანონმდებლის მიერ შეფასების უფრო ფართო სტანდარტის დაწესება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ის კერძოსამართლებრივ ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს, უკეთ აღიქვამს. სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება ეკისრება. შემოწმების ვალდებულების განხორციელების შემდეგ ნივთის ნაკლის თაობაზე გამყიდველის წინაშე პრეტენზიის წარუდგენლობა მყიდველს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას უკარგავს, რა დროსაც, ივარაუდება, რომ მყიდველის გაცნობიერებული ან წინდაუხედავი ქმედების გამო მის საკუთრებაში ნივთი ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, როგორიც იგი ძველი მესაკუთრის ხელში იყო, ანუ ნაკლიანი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „ბ--------------------“ 50% წილი მ-----------------მ შეიძინა იმ მიზნით, რომ ეწარმოებინა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლი (სკ-ის 495-ე მუხლი) მისი გამოყენების წინაპირობად ერთმნიშვნელოვნად მყიდველის მეწარმეობას ადგენს. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, არამედ - მაშინაც, როდესაც ნივთის შეძენას სამეწარმეო მიზანი გააჩნია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის განმარტებისას მხარის სტატუსს განსაზღვრავს სწორედ მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანი.
სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლების დაკარგვაში კი, მოიაზრება ყველა ის უფლება, რომლითაც სამოქალაქო კოდექსის 490-ე-493-ე მუხლებით აღჭურვილია მყიდველი, მათ შორის, გამოუსწორებელი ნაკლის შემთვევაში, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტს ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულება ეკისრება. ასევე გასათვალისწინებელია ნასყიდობის საგნის სპეციფიურობა, შესაბამისად, მას სათანადოდ უნდა მოეძიებია ინფორმაცია ნივთის თაობაზე. შემოწმების ვალდებულების განხორციელების შემდეგ ნივთის ნაკლის თაობაზე გამყიდველის წინაშე პრეტენზიის წარუდგენლობა მყიდველს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას უკარგავს, რა დროსაც, ივარაუდება, რომ მყიდველის გაცნობიერებული ან წინდაუხედავი ქმედების გამო მის საკუთრებაში ნივთი ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, როგორიც იგი ძველი მესაკუთრის ხელში იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობის ფარგლებში და წინდახედულების სტანდარტი უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დარღვია, რაც გამოიხატა, როგორც ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმების ვალდებულების დარღვევაში, ისე შემოწმების შემდეგ პრეტენზიის წარუდგენლობაში. შესაბამისად, ზემოდასახელებული დასაბუთებაც გამორიცხავს მყიდველის შედავებას გარიგების მოტყუებით დადების კონტექსტში, მით უფრო, მაშინ როდესაც მის მიერ დარღვეულია წინდახედულად ქცევის სტანდარტი.
4.3. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებას (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე), პალატას მიაჩნია, რომ იგი მიღებულია სამოქალაქო საპროცესო ნორმების დაცვით და მისი გაუქმების არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძვლებზე აპელანტს სათანადოდ არ მიუთითებია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------------------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ხათუნა არევაძე
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი