განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.07.2018
საქმის ნომერი
330310018002295875
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002295875

საქმე N3ბ/1703-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

5 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;

წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------ შ--–--;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლ------ შ--–--სათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ლ------ შ--–--ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ სხდომის ოქმი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ------ შ--–--სათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ;

 

3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

3.2.1. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს დაცვის პოლიციის სამსახურის ქ/განყოფილების უფროსმა, პოლიციის ვ/პოლკოვნიკმა დ-----ი ა---------მ 1998 წლის 13 თებერვალს შეადგინა პატაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გენერალ მაიორის ლ. ნ-------ს სახელზე. პატაკის თანახმად, დ-----ი ა--------- ადასტურებს, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში, ლ------ ტ-------ის ასული შ--–-- აფხაზეთის შს სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ნამდვილად მუშაობდა მთავარ ბუღალტრად და ქ. სოხუმის დაცემამდე ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოლიციის პოლკოვნიკის მ. გ---------ს მიერ 2003 წლის 23 სექტემბერს ლ------ შ--–--ს მიმართ გაიცა ცნობა N-------- რომლის თანახმად, ლ------ შ--–-- 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და არის ომის მონაწილე.

 

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის ზ---- თ-----–--ის მიერ 2017 წლის 16 მაისს გაიცა ცნობა M-------------, რომლის თანახმად, ლ------ ტ-------ის ასული შ--–-- შს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 31 აგვისტომდე. 1988 წლის 26 დეკემბრიდან 1994 წლის 11 აპრილამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების დაცვის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. (ს.ფ. 14-15; 26);

 

3.2.2. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მეთაური დ-----ი ა---------, დანაყოფის წევრები ჯ----– ც------- და ზ------ კ------ ადასტურებენ, რომ ლ------ ტ-------ის ასული შ--–-- აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარ ბუღალტრად. სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში. ბანკებში აწარმოებდა გადარიცხვებს. ამავდროულად უზრუნველყოფდა დაცვის პოლიციის პირად შემადგენლობას ხელფასებით, ფორმით და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით.

 

საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, 1993 წლის მარტის თვეში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან ქ. სოხუმის მიმართულებით მოხდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, რა დროსაც დაიბომბა ქ. სოხუმის პოლიციის სამმართველოს შენობა, დაბომბვის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ლ------ შ--–--. დაბომბვის შედეგად დაიღუპა უფროსი გამომძიებელი ო----- მ--–--- და დაიჭრა ბევრი თანამშრომელი. აღნიშნულ სიტუაციაში ლ------ შ--–--მ სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე დაჭრილ თანამშრომლებს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა მრავალი თანამშრომლის სიცოცხლე. (ს.ფ. 27-29).

 

3.2.3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ სხდომის ოქმის თანახმად, ლ------ შ--–--ს უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე. (ს.ფ. 30-33).

 

3.2.4. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ------ შ--–--ს გაეგზავნა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ სხდომის ოქმი და ამასთან, ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვება მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, 2017 წლის 17 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, არ დადასტურდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. (ს.ფ. 34-35).

 

4. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანება და განმარტა, რომ მითითებული ნორმატიული აქტები უზრუნველყოფენ იმ პირთა სოციალურ დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის გარკვევას მოსარჩელე ლ------ შ--–-- მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. სასამართლომ მიუთითა, რომ ტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------ შ--–-- 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და არის აფხაზეთში წარმოებული ომის მონაწილე, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს. შესაბამისად, სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ლ------ შ--–--სათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში. სასამართლომ განმარტა, რომ სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი. ამდენად, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია ლ------ შ--–--სათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძვლად.

 

5. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სრულად.

 

6. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

6.1. იგი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა დაედგინა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები რამდენად წარმოშობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ’’გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სტატუსი მინიჭების საფუძველს.

 

აპელანტის განმარტებით, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ’’გ“ ქვეპუნქტით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მომსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილი (გადამდგარი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ცხადყოფს, რომ მოყვანილი ნორმის სუბიექტს წარმოადგენენ ბრძოლის მონაწილეები და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით, ასევე ლ------ შ--–--ს და მოწმედ გამოკითხული პირების განმარტებებით არ დასტურდება, ლ------ შ--–--ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ასევე განმარტავს, რომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ლ------ შ--–-- მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს დაცვის პოლიციაში აფხაზეთში განვითარებულ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში და ასრულებდა მასზე დელეგირებულ მოვალეობას, ავტომატურად არ ნიშნავს მის მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში.

 

7. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

7.1. მოწინააღმდეგე მხარე სააპელაციო შესაგებლით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

8.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ აღნიშიული კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ,,ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემატური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს”.

 

ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

პალატა მიუთითებს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

მითითებული ნორმატიული აქტები უზრუნველყოფენ იმ პირთა სოციალურ დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება საკითხის გარკვევას მოსარჩელე ლ------ შ--–-- მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განმსაზღვრელ მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს N281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებს მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: ,,დ.ა“) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი, ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრამვების მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმელის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ და სხვა) მტკიცებულებები. მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად. ,,დ.ბ“) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები. საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილების ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი. ასევე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ------ შ--–--მ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილების ფაქტის დადგენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში წარმოებული ომის მონაწილის სტატუსის მინიჭება.

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 N------ სხდომის ოქმის თანახმად, ლ------ შ--–--ს არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ------ შ--–--ს განემარტა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე 2017 წლის 17 ნოემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე არ დადასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამდენად, ლ------ შ--–--ს მოთხოვნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

8.2. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს დაცვის პოლიციის სამსახურის ქ/განყოფილების უფროსის მიერ 1998 წლის 13 თებერვალს შედგენილი პატაკის თანახმად დგინდება, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში ლ------ ტ-------ის ასული შ--–-- აფხაზეთის შს სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა მთავარ ბუღალტრად და ქ. სოხუმის დაცემამდე ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას.

 

ასევე დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ 2017 წლის 16 მაისს გაიცა ცნობა იმის თაობაზე, რომ ლ------ ტ-------ის ასულ შ--–-- შს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 31 აგვისტომდე. 1988 წლის 26 დეკემბრიდან 1994 წლის 11 აპრილამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების დაცვის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსის მოადგილის 2003 წლის 23 სექტემბრის N------- ცნობით დასტურდება, რომ ლ------ შ--–-- 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და არის ომის მონაწილე.

 

საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მეთაური დ-----ი ა---------, დანაყოფის წევრები ჯ----– ც------- და ზ------ კ------ ადასტურებენ, რომ ლ------ ტ-------ის ასული შ--–-- აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში, მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარ ბუღალტრად. სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში. ბანკებში აწარმოებდა გადარიცხვებს. ამავდროულად უზრუნველყოფდა დაცვის პოლიციის პირად შემადგენლობას ხელფასებით, ფორმით და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. 1993 წლის მარტის თვეში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან ქ. სოხუმის მიმართულებით მოხდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, რა დროსაც დაიბომბა ქ. სოხუმის პოლიციის სამმართველოს შენობა, დაბომბვის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ლ------ შ--–--. დაბომბვის შედეგად დაიღუპა უფროსი გამომძიებელი ო----- მ--–--- და დაიჭრა ბევრი თანამშრომელი. აღნიშნულ სიტუაციაში ლ------ შ--–--მ სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე დაჭრილ თანამშრომლებს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა მრავალი თანამშრომლის სიცოცხლე.

 

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ ლ------ შ--–-- 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და ასევე ის ფაქტი, რომ იგი არის აფხაზეთში წარმოებული ომის მონაწილე, რაც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, აპელანტის ყურადღებას ამახვილებს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტზე, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

პალატა განმარტავს შემდეგს: იმ პირობებში, როდესაც სადავოს არ წარმოადგენს ლ------ შ--–--ს 1992-1993 წლებში აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი, დაუშვებელია ლ------ შ--–--სათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში არ ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში. ზემოთმითითებული კანონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიაკუთვნებს პირებს მათ შორის შინაგან საქმეთა მოსამსახურეებს, ხოლო საქმის მასალებითა და მომწეთა ჩვენებებით ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ლ------ ტ-------ის ასული შ--–-- აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში, მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარ ბუღალტრად. სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს ლ------ შ--–--სათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

 

9. პროცესის ხარჯები:

 

9.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -