განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1074-17
საქმე №190310016001492095
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
თამარ ონიანი
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-------------–---–ი
წარმომადგენელი - ლ--–--------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახური
წარმომადგენელი - ა---------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ-------------–---–ის სარჩელი, მოპასუხეების სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ა-–---------- ყ-------–---–მა 350 ლარად შეიძინა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი - N-------. სანომრე ნიშანი მიეკუთვნა სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი B------. აღნიშნული ავტომანქანა გაიყიდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში, სარეგისტრაციო ნომერი ჩაბარებული იქნა შესანახად 7 თვის ვადით - 2016 წლის 22 მაისამდე, სხვა ავტომობილის შეძენამდე.
2.2. სანომრე ნიშნის მესაკუთრე ა-–---------- ყ-------–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 12 იანვარს. 2016 წლის 18 მაისის №1-------- სანოტარო აქტით - სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით ნ-------------–---–ს, როგორც სამკვიდროს მმართველ მემკვიდრეს, უფლება მიენიჭა სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე განკარგოს სამკვიდრო.
2.3. 2016 წლის 20 მაისს ნ-------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონული მართვის სამმართველოს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსს დავით გაბელაშვილს და მოითხოვა გარდაცვლილ ა-–---------- ყ-------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული №--------- სარეგისტაციო ნომრის რეალიზაციის შეჩერება, ან აღნიშნული სანომრე ნიშნის ნ-------------–---–ზე, როგორც სამკვიდრო ქონების მმართველზე, გადაცემა.
2.4. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №M------------- გადაწყვეტილებით ნ-------------–---–ის 2016 წლის 20 მაისის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს მომსახურების სააგენტო შესანახად ჩაბარებულ სარეგისტრაციო ნომერს შენახვისათვის დადგენილ ვადაში გასცემს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრის მემკვიდრის (და არა სამკვიდროს მმართველის) მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტრაციო ნომრის შენახვისათვის დადგენილი ვადის შეჩერებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
2.5. 2016 წლის 20 ივნისს ნ-------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №M------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 12 ივლისამდე სანომრე ნიშნის გასაყიდად გატანის შეჩერება და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა.
2.6. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №M------------- გადაწყვეტილებით ნ-------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა წარმოადგენს მომსახურების გაწევას, რისთვისაც კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს ვალდებულება შეინახოს ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და რომლის შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთანავე, შესანახად ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მომსახურების სააგენტოდან შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენახვისთვის დადგენილ ვადაში და შესაბამისი უფლების მქონე პირის მოთხოვნის საფუძველზე (მასზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე), აღნიშნული ორი პირობა არის კუმულაციური და სხვაგვარ რეგულაციებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე და აღნიშნა, რომ უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
2.8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტომანქანის სანომრე ნიშანი წარმოადგენს საკუთრებას, რომელიც შედის სამკვიდრო მასაში. ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი მოპასუხესთან ინახება მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე, რაზეც მხარე იხდის მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახადს, ხოლო მოპასუხე იღებს ვალდებულებას არ ჩაუშვას გასაყიდად აღნიშნული მანქანის ნომერი შენახვის ვადაში. მოპასუხის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას ავტომანქანის სანომრე ნიშნის საკუთრებად მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სანომრე ნიშანი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ხოლო მოსარჩელე იხდის საფასურს, რათა არ მოხდეს მისი სხვის საკუთრებაში არსებულ მანქანაზე მიმაგრება, რაც არ წარმოადგენს მიბარების ხელშეკრულებას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას რეგისტრაციას ექვემდებარება შიგაწვის ძრავას მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები) რომლის უფლებამოსილებასაც მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ახორციელებს.
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ცნების დეფინიციას ახდენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. აქტის კანონიერების წინაპირობა, პირველ რიგში, მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაა, მოაწესრიგოს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმის არჩევასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახისა და აქტის გამოცემისთვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით იყოს გამოცემული.
სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო შემთხვევაში ავტომანქანის სანომერე ნიშანი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ფორმალური წინაპირობების დაცვას. ამასთან, სანომრე ნიშანი, როგორც აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უფლებამოსილებას ანიჭებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს იმოძრაოს შეუზღუდავად საგზაო წესების დაცვის შესაბამისად. სახეზეა ყველა ის სამართლებრივი ელემენტი, რომელიც ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერს, როგორც მატერიაში გამოხატულ ობიექტს, აქცევს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად.
2.10. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი წარმოადგენს კერძო საკუთრებას და მოცემულ შემთხვევაში ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნას კერძოსამართლებრივი ნორმები, სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №512 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას. საკუთრება, როგორც ინსტიტუციონალური გარანტია, პიროვნებისაგან დამოუკიდებლად აღიარებს და იცავს კერძო სამართლებრივ საკითხებს, როგორც კონსტიტუციის ობიექტურ ღირებულებას. მისი სამართლებრივი დანიშნულებაა რეალურად უზრუნველყოს კერძო საკუთრების არსი. აქედან გამომდინარე, კანონმდებელს საკუთრების შეზღუდვისას ბოჭავს კონსტიტუცია ისეთი სამართლებრივი რეგულირების გამოცემისას, რომელიც კერძო საკუთრებას, როგორც ინსტიტუტს, საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს, ე.ი. საკუთრების ინსტიტუტის გარანტია ადგენს იმ გარეგან საზღვრებს, რომელთა გადალახვა კანონმდებელს არ შეუძლია.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის საკუთრებად და შესაბამისად, ქონებად მიჩნევას გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, ხოლო ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნის საკუთრებად მიჩნევისათვის, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელზედაც არის მიმაგრებული სანომრე ნიშანი, არ აქვს სანომრე ნიშნის განკარგვის უფლება, სანომრე ნიშანი არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ობიექტად მიჩნევას.
2.11. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სანომრე ნიშნის შსს მომსახურეობის სააგენტოში ჩაბარება შენახვის ვადით არ ნიშნავს მხარეთა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების წინაპირობას. იმისათვის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებით გზით განახორციელოს თავისი საქმიანობის მმართველობის ფორმა, უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ელემენტი- საჯარო ინტერესი, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება, უფრო მეტიც, მხარეთა შორის არც მიბარების ხელშეკრულების დადების ფაქტი იკვეთება, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს, მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის არცერთი ზემოთხსენებული ელემენტი არ არსობებს. ამასთან, სანომრე ნიშნის ჩაბარების ვალდებულება ნორმატიული აქტით იმპერატიულად არის განსაზღვრული, მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოხატვის გარეშე, კერძოდ კი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ N150 ბრძანებით. მითითებული ბრძანების მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს: სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია: ა) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე1“- „ე5“, „ე7“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში რეგისტრაციის ნომერის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.
2.12. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებში მკაცრად და სავალდებულო წესით განსაზღვრულია მანქანის სარეგისტრაციო ნომრის 7 თვემდე ვადით ჩაბარებას, რაც ავტომატურად, უპირობოდ აქცევს მას შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის მოქმედებად და გამორიცხავს მხარეთა შორის არსებულ კონსესუალურ, თავისუფალ ნებაზე დამოკიდებულ ხელშეკრულებას. სანომრე ნიშანი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო მხარეთა შორის სანომრე ნიშნის ჩაბარებით წარმოშობილი ურთიერთობა არ წარმოადგენს ხელშეკრულებას, სახეზეა ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოქმნილი გარკვეული სახის სამართლებრივი შედეგი.
სანომრე ნიშნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შემდეგ სასამართლოს მხრიდან შეფასება უნდა მიეცეს, იყო თუ არა ნ-------------–---–ი ის დაინტერესებული პირი, ვისაც ჰქონდა უფლება მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის სანომრე ნიშნის გაცემის მოთხოვნით.
2.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა)დაინტერესებული პირის განცხადება; ბ)ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლი პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, განცხადება ეს არის უფლების მოპოვებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაინტერესებული მხარის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით შეტანილი წერილობითი მოთხოვნა. იგივე დათქმას ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ N150 ბრძანება, რომლის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის ელექტრონული/ანდა მატერიალური სახის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება სხვა სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებთან ერთად რეგისტრაციის საფუძველზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ესე იგი, სახელმწიფო სანომრე ნიშანის გაცემა ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 20 ივნისს ნ-------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №M------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სანომრე ნიშნის გასაყიდად გამოტანის შეჩერება 2016 წლის 12 ივლისამდე და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მასაში შემავალი ფასიანი სანომრე ნიშნი.
2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. დადგენილია, რომ ნ-------------–---–ი დაინიშნა სამკვიდრო მმართველად, თუმცა მას, როგორც სამკვიდროს მმართველს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს სანომრე ნიშნის შენახვისათვის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან სანომრე ნიშანი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და არა ქონებრივი ღირებულების მატერიალური სახის სიკეთეს. რაც შეეხება ნ-------------–---–ის მოთხოვნას, როგორც მემკვიდრეს მიეღო შენახული სანომრე ნიშანი, მოთხოვნის ამ კუთხით ფორმულირებისას სასამართლომ მოსარჩელე უფლებამოსილ სუბიექტად მიიჩნია. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეს მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის მიღების მომენტიდან შეეძლო მიემართა აღნიშნული მოთხოვნით მოპასუხისათვის, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
მოსარჩელეს 2016 წლის 18 მაისს წარდგენილი აქვს სანოტარო ორგანოში განცხადება ა-–---------- ყ-------–---–ის სამკვიდროს ქონების მიღების შესახებ, რაც მოსარჩელეს თავისთავად აქცევს მემკვიდრედ და შესაბამისად, სანომრე ნიშნის მიღების უფლებამოსილ სუბიექტად, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომ მას ჰყავდა ავტომანქანა, რაზედაც შეიძლება გაიცეს სანომრე ნიშანი, ხოლო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გარეშე სანომრე ნიშნის გაცემას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
2.15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ-------------–---–ის სარჩელი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №M-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა და კანონიერად იქნა მიჩნეული დასახელებული გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №M--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
2.16. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო სანომრე ნიშნის - N------ ნ-------------–---–ზე უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე წარმოადგენს არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნას ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნას, რომელიც მიმართულია ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისაკენ. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულის საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას, ადმინისტრაციული ორგანოსთვის აქტის გამოცემის დავალებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამდენიმე პირობას, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, უარი პირდაპირ და უშუალო ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლების თანახმად, მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას შეადგენს სარჩელის აღძვრამდე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვა, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ სახის სარჩელები მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიერ ძირითადად აღიძვრება მაშინ, როდესაც მათ თავიანთი პროექტების განსახორციელებლად ესაჭიროებათ ნებართვა ან ლიცენზია, ან თუ მათი მოთხოვნები უკავშირდება ვალდებულებითი ადმინისტრაციული მმართველობის სფეროს, როცა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
2.17. მოცემულ შემთხვევში მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოსათვის მიმართული აქვს ადმინისტრაციული აქტის, სანომრე ნიშნის მიღების მოთხოვნით, რაზედაც მიღებული იქნა სსიპ მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №M-------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-------------–---–ის მოთხოვნა სანომრე ნიშნის გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ესე იგი, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გაცემაზე უარი მოპასუხე მხარემ მიიღო ადმინისტრაციული აქტის ფორმით, რომელიც გასაჩივრდა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში, შესაბამისად, დღევანდელი დავის საგანს წარმოადგენს არა ქმედების განხორციელება არამედ ახალი აქტის გამოცემა, რამეთუ სანომრე ნიშნის გაცემა წარმოადგენს მანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების შეტანის საფუძველს.
სასამართლომ ყურდღება გაამახვილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ N150 ბრძანებით დადგენილ ვადებზე, კერძოდ კი, მითითებული ბრძანების მე-18 მუხლის მესამე პუქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ესე იგი, 2015 წლის ოქტომბრის თვიდან 2016 წლის 22 მაისამდე. დღესდღეობით კანონით დადგენილი 7-თვიანი ვადა გასულია, შესაბამისად, არც მოსარჩელე და არც სხვა რომელიმე მემკვიდრე უკვე ვერ იქნება მოთხოვნის უფლების მატარებელი სუბიექტი.
3. ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ურთიერთგამომრიცხავია. სასამართლომ, ერთი მხრივ, განმარტა, რომ 2016 წლის 18 მაისს წარდგენილი განცხადება ა-–---------- ყ-------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ მოსარჩელეს თავისთავად აქცევს მემკვიდრედ და სანომრე ნიშნის მიღების უფლებამოსილ სუბიექტად, მეორე მხრივ კი, მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონშესაბამისია.
აპელანტი აღნიშნავს, რომ სანომრე ნიშნის გადაცემის მოთხოვნა არის სამკვიდრო მასაში შემავალი მოთხოვნა, ვინაიდან ეს მოთხოვნა გააჩნდა მამკვიდრებელს - ა-–---------- ყ-------–---–ს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მოთხოვნის უფლება, როგორც აქტივი, გადაეცა მის მემკვიდრეს - ნ-------------–---–ს.
აპელანტმა დამატებით განმარტა, რომ ჰყავს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელზეც შესაძლებელია სადავო სანომრე ნიშნის გაცემა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4.6. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრების ფარგლებში აფასებს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას არ იზიარებს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.7. დადგენილია, რომ ა-–---------- ყ-------–---–მა შეიძინა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი N-------, რომელიც მიეკუთვნა სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი B------. აღნიშნული ავტომანქანა გაიყიდა 2015 წლის ოქტომბრის თვეში და სარეგისტრაციო ნომერი ჩაბარებული იქნა შესანახად 7 თვის ვადით - 2016 წლის 22 მაისამდე, სხვა ავტომობილის შეძენამდე.
4.8. 2016 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა ა-–---------- ყ-------–---–ი.
4.9. 2016 წლის 18 მაისს №1-------- სანოტარო აქტით ნ-------------–---–ის მიმართ გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, რომლითაც ნ-------------–---–ს - ა-–---------- ყ-------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეს (შვილი) უფლება მიეცა როგორც სამკვიდროს მმართველ მემკვიდრეს ემართა სამკვიდრო სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. ამავე მოწმობაში აღნიშნულია, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცემოდა 2016 წლის 12 ივლისის შემდეგ.
4.10. 2016 წლის 20 მაისს ნ-------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურს და მოითხოვა გარდაცვლილ ა-–---------- ყ-------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტაციო ნომრის - N-------- რეალიზაციის შეჩერება, ან აღნიშნული სანომრე ნიშნის ნ-------------–---–ზე, როგორც სამკვიდრო ქონების მმართველზე, გადაცემა.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №M---------------- გადაწყვეტილებით ნ-------------–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს მომსახურების სააგენტო შესანახად ჩაბარებულ სარეგისტრაციო ნომერს შენახვისათვის დადგენილ ვადაში გასცემს რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრის მემკვიდრის (და არა სამკვიდროს მმართველის) მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტრაციო ნომრის შენახვისათვის დადგენილი ვადის შეჩერებას სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
4.11. ნ-------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურის უფროსის 2016 წლის 23 მაისის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2016 წლის 12 ივლისამდე სანომრე ნიშნის გასაყიდად გამოტანის შეჩერება და სამკვიდრო მოწმობის წარდგენის შემდეგ დამატებითი საზღაურის გარეშე გადაცემა, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეს სამკვიდროს მასაში შემავალი ფასიანი სანომრე ნიშანი.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 21 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილებით ნ-------------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შენახვა წარმოადგენს მომსახურების გაწევას, რისთვისაც კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განისაზღვრება მომსახურების სააგენტოს ვალდებულება შეინახოს ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და რომლის შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამასთანავე, შესანახად ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა მომსახურების სააგენტოდან შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენახვისთვის დადგენილ ვადაში და შესაბამისი უფლების მქონე პირის მოთხოვნის საფუძველზე (მასზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე), აღნიშნული ორი პირობა არის კუმულაციური და სხვაგვარ რეგულაციებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.
4.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, სსიპ მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №M-------------- და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისის №M--------------- გადაწყვეტილებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნულზე არის დამოკიდებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის - N------ ნ-------------–---–ისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხიც.
4.14. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოთვლის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის შედეგად გაიცემა რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი ან ნიშნები), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების რეგისტრაციის შედეგად − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ტექნიკური ტალონი. მითითებული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს, რეგისტრაციის მოწმობას, რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს ან ნიშნებს), ტექნიკურ ტალონს, სხვა სახის სარეგისტრაციო ნიშნებს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.
4.15. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების“ მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებით რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას, ამ ცვლილებების განხორციელებამდე სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); ხოლო მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო ვალდებულია: ა) ჩაბარებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე1“- „ე5“, „ე7“, „ზ2“ და „ზ3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) შეინახოს არაუმეტეს 7 თვისა, ხოლო ამ ვადაში რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის (დროებითი რეგისტრაციის შემთხვევაში - დეკლარანტის) ან მოსარგებლის, ან მისი მემკვიდრის/სამართალმემკვიდრის (ორგანიზაციის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამონაცვლის) მოთხოვნისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გასცეს ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე.
ამავე წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის ელექტრონული/ანდა მატერიალური სახის განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება სხვა სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებთან ერთად რეგისტრაციის საფუძველზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი).
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია და ნომრის გაცემა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. სარეგისტრაციო ნომრის გაცემა უშუალოდ არის დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების არსებობასა და რეგისტრაციასთან. სწორედ ამიტომ, დაინტერესებული პირი ვალდებულია სააგენტოს ჩასაბარებლად წარუდგინოს სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებით რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელებისას სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაცემული რეგისტრაციის ნომერი. ამასთანავე, კანონმდებლო ითვალისწინებს 7 თვის ვადით ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრის შენახვის შესაძლებლობას, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში, შენახვის ვადის განმავლობაში რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ჩაბარების მომენტისათვის სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი მემკვიდრის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულ პირზე რეგისტრირებულ შესაბამის მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ფაქტობრივად ჩაბარებული რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამდენად, ჩაბარებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის გამოსაყენებლად შენახვის 7-თვიანი ვადის განმავლობაში უფლებამოსილმა პირმა - სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ ან მისმა მემკვიდრემ უნდა წარადგინოს მოთხოვნა სანომრე ნიშნის გაცემაზე და წარადგინოს მის სახელზე რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
4.16. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------- ყ-------–---–მა ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომერი N-------, ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის შემდეგ, ჩააბარა შესანახად 7 თვის ვადით - 2016 წლის 22 მაისამდე, სხვა ავტომობილის შეძენამდე.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა ა-–---------- ყ-------–---–ი, ხოლო 2016 წლის 18 მაისს №1-------- სანოტარო აქტით ნ-------------–---–ის მიმართ გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, რომლითაც ნ-------------–---–ს (ა-–---------- ყ-------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე) უფლება მიეცა როგორც სამკვიდროს მმართველ მემკვიდრეს ემართა სამკვიდრო სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე. ამავე მოწმობაში აღნიშნულია, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცემოდა 2016 წლის 12 ივლისის შემდეგ. აღნიშნულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით, 2016 წლის 20 მაისს ნ-------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს ქ. ქუთაისის სამსახურს და მოითხოვა გარდაცვლილ ა-–---------- ყ-------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსათვის შესანახად ჩაბარებული სარეგისტაციო ნომრის - N-------- რეალიზაციის შეჩერება, ან აღნიშნული სანომრე ნიშნის ნ-------------–---–ზე, როგორც სამკვიდრო ქონების მმართველზე, გადაცემა. ნ-------------–---–ს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩაბარებული სანომრე ნიშნის მემკვიდრეზე გაცემას, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს განისაზღვროს, რამდენად წარმოშობდა ნ-------------–---–ის მიმართ გაცემული სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა მოთხოვნის უფლებას.
4.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის გაცემას, სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
მითითებული კოდექსის 1433-ე მუხლი ადგენს, რომ მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან, ხოლო 1320-ე მუხლით განმარტებულია, რომ სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1498-ე მუხლის თანახმად კი, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღების ვადა და წესი გათვალისწინებულია კანონმდებლობით. სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი საშუალება სანოტარო ბიუროსადმი მიმართვაა, თუმცაღა ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა, მხოლოდ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ გასცემს. მიუხედავად აღნიშნულისა, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამასთანავე, სამკვიდროს განაწილებამდე შესაძლებელია სამკვიდროს მმართველის დანიშვნაც.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–---------- ყ-------–---–ის გარდაცვალების შემდგომ, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ - ნ-------------–---–მა სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართა ნოტარიუსს, ასევე, იგი დაინიშნა სამკვიდროს მმართველად. დადგენილია, რომ ნ-------------–---–მა შსს მომსახურების სააგენტოს მიმართა სახელმწიფო სანომრე ნიშნის თაობაზე შენახვის ვადის განმავლობაში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოსადმი მიმართვის მომენტისათვის სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ ყოფილა, ერთი მხრივ, მოწმობა ვერ იქნებოდა გაცემული კანონით გათვალისწინებული ვადის გაუსვლელობის გამო, მეორე მხრივ კი, აპელანტი წარმოადგენდა სამკვიდროს მმართველს, დაფიქსირებული ჰქონდა სამკვიდროს მიღების სურვილი, რაც მოგვიანებით მის მიერ სამკვიდროს მიღების საფუძველი გახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამკვიდროს მიმართ საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტად სამკვიდროს გახსნა ითვლება და სამკვიდრო ქონებაში შედის არა მხოლოდ მოძრავი ან უძრავი ნივთი, არამედ ის უფლებებიც, რომლების მამკვიდრებელს გარდაცვალების მომენტისათვის გააჩნდა, პალატას მიაჩნია, რომ ნ-------------–---–ის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს კანონმდებლობიდან. ნ-------------–---–ზე, როგორც მემკვიდრეზე, გადავიდა ა-–---------- ყ-------–---–ის უფლება შენახული სანომრე ნიშნის მოთხოვნის თაობაზე. ამასთანავე, აპელანტის მოთხოვნის მართლზომიერების დასადგენად სააგენტოში წარდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები.
4.18. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, ნ-------------–---–ის მოთხოვნა კანონშესაბამისია, თუმცაღა ვინაიდან სანომრე ნიშნის გაცემა უშუალოდ უკავშირდება პირის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცემისას უნდა დადგინდეს ნ-------------–---–ის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისა და მისი სააგენტოში წარდგენის ფაქტი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
შესაბამისად, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ ნ-------------–---–ის სასარგებლოდ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურის 2016 წლის 23 მაისის №M---------------- და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილებები და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან კანონით განსაზღვრულ ვადაში;
5. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ ნ-------------–---–ის სასარგებლოდ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: გიორგი ტყავაძე
მოსამართლეები: მანანა ჩოხელი
თამარ ონიანი