განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.05.2018
საქმის ნომერი
180310016001444239
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
08.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2709-17

საქმე №180310016001444239

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

8 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: გიორგი ტყავაძე

სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ლ----“

წარმომადგენლები - მ----–------–------, გ-----------

 

მესამე პირები - შპს „კ-–-----------------------“, ე-–------–--------, ნ--------------–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

შპს „ლ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 04 მაისის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 07 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და საკუთრების უფლების დარეგისტრირება შპს „ლ----ს“ მიერ წარდგენილ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოითხოვნილი იქნა სოფელ გ-–----–- მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე (ლითონის გაზის მილზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. 2016 წლის 28 აპრილს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში შპს „ლ----ს“ წარმომადგენელმა გ--–------------მ წარადგინა №8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა სოფელ გ-–----–- მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე (ლითონის გაზის მილზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. №8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული ნოტარიუს ქ----------- 2000 წლის 13 ნოემბერს დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ ც----–----- თ---–-------------------–-----------------მა გაყიდა და გ--–------------მ, ე---–---------------მ და მ----–-------–------მ თანაბარ წილში იყიდეს არასაცხოვრებელი ფართი - ც----–----- ხორცის დამზადების და ხორცის დამუშავების საწარმო, მდებარე მცხეთის რაიონში, სოფელ გ-–----–-, რომლის განაშენიანების ფართია 1056.83 კვ.მ და რომელიც განლაგებულია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 7-----------).

 

2.2. კოოპერატივი „ს----------–------------------–----------------------–--------–---------–-----–----–----“ 2016 წლის 28 აპრილის №0---- ცნობით ადასტურებს, რომ 2000 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ----ს“ დამფუძნებლებს გადაეცათ ც----–----- თ---–--------------------- გ-–------ პირუტყვის დამზადებისა და ხორცის გადამუშავების საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, გაზის გაყვანილობა 450 მეტრი, ელექტრომომარაგების მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 800 მეტრი, კანალიზაცია 600 მეტრი, მიწა 2500 კვ.მ, წყლის მიწოდების მილები, ტერიტორიის ასფალტი, მაცივრის იზოლაცია და სხვა.

 

2.3. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2000 წლის 22 ნოემბერს №7----------- სარეგისტრაციო განაცხადით 2000 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ქ----------- დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მცხეთის რაიონში, სოფელ გ-–----–- მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი 7-----------ა) დარეგისტრირდა მ----–------–-----ის საკუთრებაში. 2002 წლის 12 დეკემბერს აღნიშნული ქონება №7----------- სარეგისტრაციო განაცხადით დარეგისტრირდა შპს „ლ----ს" საკუთრებაში და დღემდე რეგისტრირებულია მასზე. (მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების შედეგად უძრავ ნივთს შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა 7-----------)

 

2.4. საქმეში წარმოდგენილი 1989 წლის 06 მაისის გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაბარების აქტით, 1988 წლის 12 სექტემბრის საპროექტო პროდუქციის ჩაბარების N1-- აქტით დასტურდება, რომ გაზსადენის მესაკუთრე იყო ც----–---ი.

 

2.5. თბილისის სამომხმარებლო კოპერატივის მეპაიეთა რიგგარეშე კრების დადგენილებით (წილის დათმობის თაობაზე) დამტკიცდა სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2000 წლის 04 ოქტომბრის დადგენილება და გ-–------ პირუტყვის დამზადებისა და ხორცის გადამუშავების საწარმოს შრომითი კოლექტივის წევრებს - მ----–-------, გ-------------ა და ე-------------ს მიეყიდა საწარმოში თბილისის კოოპერატივის წილი - შენობა-ნაგებობა და ძირითადი საშუალებები, ნარჩენი ღირებულების თანხით 18 285.

 

2.6. საჯარო რეესტრის მიერ საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, N8----------- განაცხადით წარდგენილი ხაზობრივი ნაგებობა კვეთს შემდეგი საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს: ს/კ 7----------- (მესაკუთრე - შპს ,,კ-–-----------------------"); ს/კ 7----------- (მესაკუთრე - ე-–------–--------); ს/კ 7----------- (მესაკუთრე - ნ--------------–ი).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

2.8. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. ამ მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

 

ხაზობრივი ნაგებობის, როგორც უძრავი ქონების, ცნება კანონმდებელმა შემოიტანა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონში, რომლითაც რეგისტრაციის მიზნებისთვის ცალკე უფლების ობიექტად იქნა მიჩნეული ხაზობრივი ნაგებობა და მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული). ამ კანონის მე-17 მუხლში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე და ხაზობრივი ნაგებობა მიჩნეულ იქნა უძრავი ნივთის ისეთ არსებით შემადგენელ ნაწილად, რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენდა.

 

2.9. ც----–----- თ---–-------------------–-----------------სა და გ--–------------ს, ე---–---------------ს და მ----–-------–------ს შორის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996 წლის 14 ნოემბრის კანონით მიწის რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია. სამოქალაქო კოდექსის (რომელიც ამოქმედდა 1997 წელს და შესაბამისად მოქმედებდა ხელშეკრულების დადების დროსაც) 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კანონის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხოლო ამავე კანონის 193-ე მუხლის მიხედვით, თუ მოძრავი ნივთი ისეა დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ამ ნივთის მესაკუთრეც.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი კანონმდებლობით მიწის ნაკვეთის შეძენით საკუთრება მოიპოვებოდა ასევე მასზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს და შესაბამისად, დამოუკიდებელ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული ხაზობრივი ნაგებობა (გაზის მილსადენი) არ მდებარეობდა გ--–-----------ის, ე---–--------------ის და მ----–-------–-----ის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე და შესაბამისად, არ წარმოადგენდა მის არსებით შემადგენელ ნაწილს, არსებული ხელშეკრულებით გ--–------------, ე---–--------------- და მ----–-------–------ ვერ მოიპოვებდნენ მასზე საკუთრების უფლებას.

 

2.10. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი, შესაბამისი წარმოების სამართლებრივი და პროცედურული საკითხები განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

მოცემულ შემთხვევაში №8----------- სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთვოდა მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი შპს „ლ----ს“ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რაც, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და მე-8 მუხლების თანახმად, წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სამართლებრივ საფუძველს. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამდენად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული 2016 წლის 04 მაისის N8-------------- და 2016 წლის 07 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.

 

ადმინისტრაციული წარმოების უმთავრესი პრინციპია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, ხოლო მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თამახად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

2.11. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე მუხლები, რადგან მილსადენი არ არის მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებული ნივთი. არსებითი შემადგენელი ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის განამარტებით, არის ნივთი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია ძირითადი ნივთის განადგურების ანდა დანიშნულების მოსპობის გარეშე. მილსადენის მოშორება მიწის ნაკვეთიდან ან შენობა-ნაგებობიდან არ გამოიწვევს შენობა-ნაგებობის განადგრებას ან/და დანიშნულების მოსპობას. სარეგისტრაციო ობიექტი წარმოადგენს ძირითადი ნივთის მომსახურე ნივთს და მასთან დაკავშირებულია სამეურნეო ნიშნით. ამდენად, საჯარო რეესტრს გაზის მილსადენი არ უნდა მიიეჩნია ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად, ის მას უნდა განეხილა საკუთვნებელად, ემსჯელა რამდენად დგინდებოდა მოსარჩელის უფლება ამ საკუთვნებელზე. მოსარჩელეს ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის არ ესაჭიროებოდა, რომ ხაზობრივი ნაგებობა განხილულიყო უძრავ ნივთთან მყარად დაკავშირებულ ნივთად და ამ გზით, სამოქალაქო კოდექსის 193-ე მუხლზე მითითებით, მოეპოვებინა მასზე საკუთრების უფლება. განსახილველ შემთხვევაში გაზის მილსადენი არის საკუთვნებელი. საკუთვნებელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლში განმარტებულია, როგორც მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად. ხსენებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, საკუთვნებელი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია სამეურნეო დანიშნულებით. საკუთვნებელი სივრცობრივ კავირშია მთავარ ნივთთან, ამიტომ შესაძლოა საკუთვნებელი ფიზიკურად სხვა ნივთთანაც იყოს დაკავშირებული, განმსაზღვრელია, ადგილი ჰქონდეს მიზნობრივად გამოკვეთილ სივრცობრივ კავშირს. მაგალითად, ელექტროგაყვანილობა ან გაზგაყვანილობა ითვლება იმ მიწის საკუთვნებლად, რომელზედაც მდებარეობს ელექტროსადგური ან გაზგამანაწილებელი ქსელი და არა იმ მიწის საკუთრებად, რომელზედაც გადის ეს ქსელები. დასაშვებია, რომ მთავარ ნივთს სხვა მესაკუთრე ჰყავდეს და საკუთვნებელს - სხვა. მაგალითისათვის, საქართველოში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელები ყველა შემთხვევაში გადის სხვა მესაკუთრეთა კუთვნილ მიწებზე, რაც არ ნიშნავს, რომ ამ მიწის მესაკუთრეები ამავდროულად არიან გაზგამანაწილებელი ქსელის მესაკუთრეები.

 

საკუთვნებელი ყოველთვის იზიარებს მთავარი ნივთის ბედს, ანუ რა სახის გარიგებაც არ უნდა დაიდოს მთავარ ნივთზე, იქნება ეს გამოსყიდვის უფლება თუ გასხვისების ან ვალდებულებით დატვირთვის უფლება, ყველა შემთხვევაში მოაზრებულია საკუთვნებელიც, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 324-ე და 511-ე მუხლებიდან. მთავარი ნივთის მესაკუთრე ამავდროულად საკუთვნებელის მესაკუთრეცაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „ლ----“ გახდა ძირითადი ნივთის - ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მესაკუთრე, ის ამავდროულად გახდა მასთან სამეურნეო ნიშნით დაკავშირებული გაზგამანაწილებელი ქსელი მესაკუთრეც. უფრო მეტიც, სამოქალაქო კოდექსის ზემოთხსენებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ძირითად საგანს მოიაზრებს საკუთვნებლისგან განცალკევებით. საკუთვნებელი ყველა შემთხვევაში იზიარებს ძირითადი ნივთის ბედს. უდავოა, რომ მყიდველი და გამყიდველი სხვაგვარად საკუთვნებლის ბედზე არც შეთანხმებულან, რასაც ადასტურებს ც----–----- მიერ წარმოდგენილი ცნობა და მის მიერ გაკეთებული ზეპირი განმარტებები საჯარო რეესტრში ჩანიშნული ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

2.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა საჯარო რეესტრის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გარიგების დადების დროისათვის მოქმედი კანონი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ (1996 წლის 14 ნოემბრის) რეგისტრაციის ობიექტად მიიჩნევდა მხოლოდ მიწის ნაკვეთსა და მასთან უძრავად დაკავშირებულ ქონებას და მასში ცალკე არ იყო განმარტებული ხაზობრივი ნაგებობა, ამიტომ, არ შეიძლებოდა გაზსადენი ყოფილიყო ნასყიდობის უფლების ობიექტი. სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრს მოსარჩელის უფლების დადგენის კუთხით უნდა ეხელმძღვანელა გარიგების დადების დროისათვის და დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით და უნდა მისულიყო დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს უფლება უდგინდებოდა ხაზობრივ ნაგებობაზე, რადგან მან შეიძინა ძირითადი ქონება და შესაბამისად უფლება მოიპოვა საკუთვნებელზეც. მით უფრო, ამ ფაქტს სადავოდ არ ხდის გამყიდველი, დღეის მდგომარეობითაც, მან ეს არაერთგზის დაადასტურა. კანონი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ განსაზღვრავდა მხოლოდ რეგისტრაციის წესს და ის ვერ იქნება უფლების დადგენის კუთხით განმსაზღვრელი კანონი, უფლების დადგენისათვის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესებით უნდა იქნა გამოყენებული. „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული რეგისტრაცია არ შეიძლება გაგებულ იქნას ისე, რომ ის მოიაზრებს მხოლოდ მიწის ნაკვეთისა და მისი არსებით შემადგენელი ნაწილის რეგისტრაციას. ტერმინი - „მიწის რეგისტრაცია” – მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია, თავისუფლად შეიძლება მოიაზრებდეს საკუთვნებელზე უფლების რეგისტრაციასაც, რადგან ის ძირითად ქონებასთან უძრავად დაკავშირებული ქონება იყო.

 

2.13. სასამართლომ განმარტა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს 1. წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე ძირითადი ნივთის მესაკუთრეს, 2. წარმოადგენს თუ არა ხაზობრივი ნაგებობა ძირითადი ნივთის საკუთვნებელს, 3. მოიპოვა თუ არა მოსარჩელემ საკუთვნებელზე საკუთრების უფლება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა სამივე აღნიშნულ პირობას აკმაყოფილებს, ამდენად, მოსარჩელეს გააჩნია დადასტურებული საკუთრების უფლება ხაზობრივ ნაგეობობაზე, რაც ექვემდებარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებდა ხაზობრივ ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განმარტებას, აღნიშნული მოგვიანებით დარეგულირდა კანონით ,,უძრავ ნივთებზე რეგისტრაციის შესახებ“ და კანონით „საჯარო რეესტრის შესახებ“. შესაბამისად, ახალი რეგულაციებით უკვე არის განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის შესაძლებლობა, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოიპოვა საკუთრების უფლება რეგისტრაციის ობიექტზე უდავოდ არის დადასტურებული. შესაბამისად, დასახელებულ კანონთა ნორმებით დადგენილი წესის გამოყენებითა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელი იყო სარეგისტრაციო სამსახურს არსებითად განეხილა განცხადება და მოქმედი კანონომდებლობის საფუძველზე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს თავის კუთვნილ, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, მოპასუხის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედება კი არ შეესაბამება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

2.14. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლზე, რომელშიც ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2.15. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის N1----- გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

2.16. სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2016 წლის 14 ივნისის N1----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23.1 მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევში წარმოადგენს ძირითადი სარჩელის თანმდევ შედეგს.

 

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ №134 ბრძანების მე-3 თავი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურას. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. სასამართლომ მიუთითა ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს შპს „ლ----ს“ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ 2000 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ქ----------- დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით არ დგინდება ხაზოვანი ნაგებობის (გაზის მილსადენის) საკუთრებაში გადაცემის ფაქტი. აპელანტი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“, „თ“, „კ“ პუნქტებზე. აპელანტი განმარტავს, რომ ხაზობრივი ნაგებობის, როგორც უძრავი ქონების, ცნება კანონმდებელმა შემოიტანა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ კანონში, რომლითაც რეგისტრაციის მიზნებისთვის ცალკე უფლების ობიექტად მიჩნეულ იქნა ხაზობრივი ნაგებობა და მიწის ნაკვეთის არსებთი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული). ამ კანონის მე-17 მუხლში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდებოდა ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე და ხაზობრივი ნაგებობა მიჩნეულ იქნა უძრავი ნივთის ისეთ არსებით შემადგენელ ნაწილად, რომელიც ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენდა. ც----–----- თ---–-------------------–-----------------სა და გ--–-------------ს, ე---–---------------ს და მ----–-------–------ს შორის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ 1996 წლის 14 ნოემბრის კანონით, მიწის რეგისტრაცია განიმარტებოდა, როგორც მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 149-ე, 150-ე, 193-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი კანონმდებლობით მიწის ნაკვეთის შეძენით საკუთრება მოიპოვებოდა მასზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზეც, რომელიც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული ხაზობრივი ნაგებობა (გაზის მილსადენი) არ მდებარეობდა გ--–------------ის, ე---–--------------ის და მ----–-------–-----ის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, იგი არ წარმოადგენდა ნასყიდობის საგნად არსებული მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს. არსებული ხელშეკრულებით გ--–-------------, ე---–--------------- და მ----–-------–------ ვერ მოიპოვებდნენ მასზე საკუთრების უფლებას. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საკუთვნებელს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე (საქმე №ბს-332-328(კ-14)) და 2014 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-255-252(კ-14)).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, მარეგისტრირებელი ორგანოს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების მიღებისას სრულად იქნა შესწავლილი როგორც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ასევე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული დოკუმენტაცია და გასაჩივრებული აქტები კანონშესაბამისია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.4. თბილისის სამომხმარებლო კოპერატივის მეპაიეთა რიგგარეშე კრების დადგენილებით (წილის დათმობის თაობაზე) დამტკიცებული იქნა სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობის 2000 წლის 04 ოქტომბრის დადგენილება და გ-–------ პირუტყვის დამზადებისა და ხორცის გადამუშავების საწარმოს შრომითი კოლექტივის წევრებს მ----–-------, გ-------------ა და ე-------------ს მიეყიდათ საწარმოში თბილისის კოოპერატივის წილი - შენობა-ნაგებობა და ძირითადი საშუალებები, ნარჩენი ღირებულების თანხით 18 285 ლარი.

 

4.5. ნოტარიუს ქ----------- 2000 წლის 13 ნოემბერს დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, ც----–----- თ---–-------------------–-----------------მა გაყიდა და გ--–------------მ, ე---–---------------მ და მ----–-------–------მ თანაბარ წილში იყიდეს არასაცხოვრებელი ფართი - ც----–----- ხორცის დამზადების და ხორცის დამუშავების საწარმო, მდებარე მცხეთის რაიონში, სოფელ გ-–----–-, რომლის განაშენიანების ფართია 1056.83 კვ.მ და რომელიც განლაგებულია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 7-----------).

 

4.6. 2000 წლის 15 ნოემბერს მ----–------–------მ, გ--–------------მ და ე---–---------------მ დააფუძნეს შპს „გ-–-------–-“. საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 18285 ლარი ქონებრივი შენატანით. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ნოემბრის დადგენილებით განხორციელდა შპს „გ-–-------–-ს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. საწარმოს საქმიანობის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ორგანიზება.

 

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს 2000 წლის პირველი დეკემბრის N-- დასკვნის მიხედვით, შპს „გ-–-------–-ს“ კაპიტალი 2000 წლის პირველი დეკემბრისათვის შეადგენს 18285 ლარს, რომელიც არის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობების) ღირებულება, საწარმო მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ გ-–----–- და განთავსებულია 2500 კვ.მ. ფართობზე, რომელიც შედის კაპიტალის ღირებულებაში.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით შპს „გ-–-------–-ს“ საფირმო სახელწოდება შეიცვალა და გახდა შპს „ლ----“, რომელიც შპს „გ-–-------–-ს“ სამართალმემკვიდრეა.

 

4.7. 2000 წლის 22 ნოემბერს №7----------- სარეგისტრაციო განაცხადით 2000 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ქ----------- დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მცხეთის რაიონში, სოფელი გ-–----–- მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი 7-----------ა) დარეგისტრირდა მ----–------–-----ის საკუთრებაში. 2002 წლის 12 დეკემბერს აღნიშნული ქონება, №7----------- სარეგისტრაციო განაცხადით, დარეგისტრირდა შპს „ლ----ს“ საკუთრებაში (მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების შედეგად უძრავ ნივთს შეეცვალა საკადასტრო კოდი და მისი საკადასტრო კოდი გახდა 7-----------)

 

4.8. 2016 წლის 28 აპრილს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში შპს „ლ----ს“ წარმომადგენელმა გ--–------------მ წარადგინა №8----------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოითხოვა სოფელ გ-–----–- მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე (ლითონის გაზის მილზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მაისის N8-------------- გადაწყვეტილებით შპს „ლ----ს“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. განმცხადებელს განემარტა, რომ 30 დღის ვადაში უნდა წარედგინა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ წარდგენილ ხაზობრივ ნაგებობაზე.

 

4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 7 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებით შპს „ლ----ს“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზით.

 

4.11. შპს „ლ----მ“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2016 წლის 4 მაისის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის N1----- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

4.12. კოოპერატივი „ს----------–------------------–----------------------–--------–---------–-----–----–----“ თავის 2016 წლის 28 აპრილის №0---- ცნობით ადასტურებს, რომ 2000 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ----ს“ დამფუძნებლებს გადაეცათ ც----–----- თ---–--------------------- გ-–------ პირუტყვის დამზადებისა და ხორცის გადამუშავების საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, გაზის გაყვანილობა 450 მეტრი, ელექტრომომარაგების მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 800 მეტრი, კანალიზაცია 600 მეტრი, მიწა 2500 კვ.მ, წყლის მიწოდების მილები, ტერიტორიის ასფალტი, მაცივრის იზოლაცია და სხვა.

 

4.13. საქმეში წარმოდგენილი 1989 წლის 06 მაისის გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაბარების აქტითა და 1988 წლის 12 სექტემბრის საპროექტო პროდუქციის ჩაბარების N1-- აქტით დასტურდება, რომ გაზსადენის მესაკუთრე იყო ც----–---ი.

 

4.14. საჯარო რეესტრის მიერ საქმეში წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, N8----------- განაცხადით წარმოდგენილი ხაზობრივი ნაგებობა კვეთს საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს: ს/კ 7-----------, მესაკუთრე - შპს ,,კ-–-----------------------”; ს/კ 7-----------, მესაკუთრე - ე-–------–--------; ს/კ 7-----------, მესაკუთრე ნ---------------–ი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.15. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 04 მაისის N8-------------- და 2016 წლის 07 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 ივნისის N1----- გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილებებით შპს „ლ----ს“ სარეგისტრაციო განცხადებაზე ხაზობრივი ნაგებობის რეგისტრაციის შესახებ წარმოება შეჩერდა, შემდგომში კი - შეწყდა, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის მოტივით.

 

4.17. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია განსაზღვრავდა, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან. რეგისტრაციის მოთხოვნით კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართოს უფლებამოსილმა პირმა და წარადგინოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია.

 

4.18. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

 

დადგენილია, რომ შპს „ლ----მ“ 2016 წლის 28 აპრილის №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მოითხოვა სოფელ გ-–----–- მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე (ლითონის გაზის მილზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 მაისის N8-------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განემარტა, რომ 30 დღის ვადაში უნდა წარედგინა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ წარდგენილ ხაზობრივ ნაგებობაზე. შესაბამისი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 7 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებით შპს „ლ----ს“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ხაზობრივი ნაგებობის სამართლებრივი ბუნება და დადგინეს შპს „ლ----ს“ საკუთრების უფლების არსებობა სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტზე.

 

4.19. დადგენილია, რომ „ხაზობრივი ნაგებობის“, როგორც უძრავი ნივთის, ცნება პირველად გათვალისწინებულ იქნა „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის კანონში (ძალადაკარგულია 2008 წელს). აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, ცალკე უფლების ობიექტი არის ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია; მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგინდა, რომ ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია.

 

დღეს მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთი არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. ამავე მუხლის „დ“ პუნქტის მიხედვით კი, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმებით განმარტებულია ხაზობრივი ნაგებობის დეფინიცია, თუმცაღა მოცემულ ტერმინებს, ერთი მხრივ, მნიშვნელობა აქვთ რეგისტრაციის მიზნებისათვის და, მეორე მხრივ, მითითებული ნორმატიული აქტები მიღებული და ამოქმედებულია შპს „ლ----ს“ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის - 2000 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საჯარო რეესტრს შპს „ლ----ს“ უფლების დადგენის კუთხით უნდა ეხელმძღვანელა გარიგების დადების დროს და დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს.

 

4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით,მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

 

ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთი, რომელიც მიწასთან არის დაკავშირებული და რომლის მოცილებაც მიწიდან შესაძლებელია სასაქონლო ღირებულების დაკარგვის ან არსებითი დანაკლისის გარეშე, ასევე მიიჩნევა საკუთვნებლად.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 324-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ პირი იღებს ვალდებულებას, გაასხვისოს ან დატვირთოს თავისი ნივთი, ეს ვალდებულება ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზედაც, თუკი ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

4.21. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნას, რომ საკუთვნებელი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია სამეურნეო დანიშნულებით და ყოველთვის იზიარებს მთავარი ნივთის ბედს, მთავარი ნივთის მესაკუთრე ამავდროულად საკუთვნებელის მესაკუთრეცაა. კონკრეტულ შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობა აკმაყოფილებს სწორედ საკუთვნებლის ნიშნებს, რადგან იგი, მართალია, სამეურნეო დანიშნულებით უკავშირდება ქარხანას, თუმცაღა მისი მოცილება ძირითადი ნივთის განადგურებას, დაზიანებას არ გამოიწვევს. შესაბამისად, ვინაიდან ნოტარიუს ქ----------- 2000 წლის 13 ნოემბერს დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, ც----–----- თ---–-------------------–-----------------მა გაყიდა და გ--–------------მ, ე---–---------------მ და მ----–-------–------მ თანაბარ წილში იყიდეს მცხეთის რაიონში, სოფელ გ-–----–- მდებარე ც----–----- ხორცის დამზადების და ხორცის დამუშავების საწარმო, მოგვიანებით კი აღნიშნული ქონება გადაეცა მყიდველების მიერ დაფუძნებულ შპს „ლ----ს“, ამ უკანასკნელმა საკუთრების უფლება მოიპოვა მთავარი ნივთის საკუთვნებელზეც - ხაზობრივ ნაგებობაზე. აღსანიშნავია, რომ განსხავავებულ შედეგზე მხარეები არ შეთანხმებულან, რასაც ადასტურებს კოოპერატივი „ს----------–------------------–----------------------–--------–---------–-----–----–----“ თავის 2016 წლის 28 აპრილის №0---- ცნობაში. გარდა ამისა, ხაზობრივი ნაგებობის ნაწილი სწორედ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მესამე პირები წინააღმდეგნი არ არიან, რომ მოხდეს ნივთზე საკუთრების უფლების შპს „ლ----ს“ სახელზე რეგისტრაცია.

 

4.22. აპელანტი უთითებს, რომ 2000 წლის 13 ნოემბერს ნოტარიუს ქ----------- დამოწმებული არასაცხოვრებელი ფართის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით არ დგინდება ხაზოვანი ნაგებობის (გაზის მილსადენის) საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი 1989 წლის 06 მაისის გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაბარების აქტითა და 1988 წლის 12 სექტემბრის საპროექტო პროდუქციის ჩაბარების N1-- აქტით დასტურდება, რომ გაზსადენის მესაკუთრე იყო ,,ც----–---ი". ამასთან,კოოპერატივი „ს----------–------------------–----------------------–--------–---------–-----–----–----“ 2016 წლის 28 აპრილის №0---- ცნობით ადასტურებს, რომ 2000 წლის 13 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ----ს“ დამფუძნებლებს გადაეცათ ც----–----- თ---–--------------------- გ-–------ პირუტყვის დამზადებისა და ხორცის გადამუშავების საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონება, მათ შორის, შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, გაზის გაყვანილობა 450 მეტრი, ელექტრომომარაგების მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი 800 მეტრი, კანალიზაცია 600 მეტრი, მიწა 2500 კვ.მ, წყლის მიწოდების მილები, ტერიტორიის ასფალტი, მაცივრის იზოლაცია და სხვა.

 

4.23. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევში წარმოადგენს ძირითადი სარჩელის თანმდევ შედეგს.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შპს „ლ----ს“ წარმოეშვა საკუთრების უფლება ხაზობრივ ნაგებობაზე, გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რის გამოც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს, ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაარეგისტრიროს საკუთრების უფლება შპს „ლ----ს“ მიერ წარდგენილ N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე, რომლითაც მოითხოვნილი იქნა სოფელ გ-–----–- მდებარე ხაზობრივ ნაგებობაზე (ლითონის გაზის მილზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ტყავაძე