განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2018
საქმის ნომერი
330100117001989162
ინსტანცია
თარიღი
10.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001989162

საქმე №1ბ/286-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ------------ის

მსჯავრდებულის: თ---------–------–ის

ადვოკატების: ნ-------------–---–ის და დ-----------------ის

 

მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ თ---------–------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090310517001): თ---------–------–ის მიმართ. თ---------–------–ი დაბადებულია 1983 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ.თბილისში, ბ-------–--------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------–------–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

თ---------–------–მა უკრაინის რესპუბლიკაში ყოფნისას უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1429 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც კიევი-თბილისის რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 2017 წლის 31 მაისს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. 2017 წლის 31 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ არსებულ ოთახში ჩატარებული თ---------–------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,1429 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 18 ცალ ნაჭერში შეფუთული თეთრი ფერის ოვალური ფორმის 17 ცალი აბი და ერთი გატეხილი აბი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით:

 

თ---------–------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ---------–------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ---------–------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 მაისიდან.

 

თ---------–------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-----------------ემ.

 

აპელანტმა სააპელაციო საჩივარით მოითხოვა თ---------–------–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გაამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის შესაგებელში სააპელაციო წესით საქმის განხილვისას შესავალ და დასკვნით სიტყვებში მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა თ---------–------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ---------–------–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ თ---------–------–ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ თ---------–------–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262–ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული იქნა საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ი-----–------------ე, რომლის ჩვენებითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 31 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თ---------–------–ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ახორციელებდა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და საქართველოში თბილისის აეროპორტის გავლით კიევი-თბილისის რეისით შემოტანას, რის შესახებაც აცნობა ხელმძღვანელობას.

 

მოწმე ლ------------ს პირველ ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელია. 2017 წლის 31 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც თ---------–------–ი კიევი-თბილისის რეისით, თბილისის აეროპორტის გავლით უნდა შემოსულიყო საქართველოში და უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალებები, გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მოფრენის დარბაზის მიმდებარე შს სამინისტროს სპეციალურ ოთახში თანამშრომელ გ------------------ესთან ერთად ჩაატარა თ---------–------–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგად თ---------–------–ის ჯინსის შარვლის ელვაშესაკრავის უკან არსებულ უბეში, შარვლის ძაფის გაჭრის შემდგომ ამოღებული იქნა 18 ცალი მოთეთრო ფერის აბის ფორმის ნივთიერება. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თ---------–------–ის მიერ საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან მასზე ხორციელდებოდა ვიზუალური კონტროლი, იგი მოფრენის დარბაზში ჩამოსვლამდე არავის შეხვედრია და მისთვის არაფერი გადაუციათ. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა გ------------------ემ.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აპარატის მოფრენის დარბაზის მიმდებარედ 2017 წლის 31 მაისს, 15:59 – 16:28 საათებს შორის შუალედში შს სამინისტროს სპეციალურ ოთახში ჩატარებული იქნა თ---------–------–ის პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ჯინსის შარვლის ელვაშესაკრავის უკან არსებულ უბეში, ჯინსის შარვლის ძაფის გაჭრის შემდგომ ამოღებული იქნა 18 ცალი მოთეთრო ფერის აბის ფორმის ნივთიერება.

 

N1090/სქ-1240/ქრ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად თ---------–------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 18 ცალად დაფასოებული თერმულად დამუშავებული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის 18 ცალ ნაჭერში შეფუთული ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე თეთრი ფერის ოვალური ფორმის 17 ცალი აბი და ერთი გატეხილი აბი, საერთო წონით 7,148 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“ 0,1429 გრამის ოდენობით.

 

ცნობით საზღვრის კვეთის შესახებ დასტურდება, რომ კიევიდან თბილისის აეროპორტის გავლით ფიქსირდება თ---------–------–ის შემოსვლა 2017 წლის 31 მაისს, 15:52 საათზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თ---------–------–მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში თავი დამნაშავედ ცნო, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: 2017 წლის 31 მაისს კიევი-თბილისის რეისზე შემთხვევით შეხვდა მისი ნაცნობი ,,ჟორიკა“, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საჩუქრად ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“ გადასცა, რომელიც ჯიბეში ჩაიდო. ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ ,,ჟორიკა“ ბარგის ასაღებად წავიდა, თვითონ კი გაემართა აეროპორტიდან გასასვლელი კარებისკენ, რა დროსაც შეჩერებული იქნა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის მიერ. თავად ბრალდებულის და სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული და კანონის მოთხოვნათა დაცვით დალუქული ნარკოტიკული საშუალებით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, დადასტურებულია ის ფაქტი, რომ თ---------–------–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

რაც შეეხება დაცვის პოზიციას თ---------–------–ის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით და ამ ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნას, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ აეროპორტში ბრალდებულზე უწყვეტი ვიზუალური კონტროლი ხორციელდებოდა, მოფრენის დარბაზში ჩამოსვლამდე არავის შეხვედრია და მისთვის არაფერი გადაუციათ. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომელსაც ხელს აწერს თავად ბრალდებული, დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა ჯინსის შარვლის ელვაშესაკრავის უკან არსებულ უბეში, ჯინსის შარვლის ძაფის გაჭრის შემდგომ.

 

პირადი ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია თ---------–------–ის მიერ გაკეთებული შენიშვნა: ,,ჩემი მითითებით შარვლის ელვაშესაკრავი უბიდან ამოღებული 18 აბი ვიპოვე უკრაინაში და ჩავაკერე შარვალში, შემდგომი მოხმარების მიზნით და არის 18 აბი სუბოტექსი“. ამდენად, თ---------–------–ის მსჯავრდება ბრალდების ამ ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, რომ თ---------–------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. სწორედ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თ---------–------–მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ---------–------–ის ბრალდების დადასტურება.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ---------–------–ისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ თ---------–------–ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ თ--–------–-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შესავალ და დასკვნით სიტყვებში, ასევე მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვაში მიუთითა მთელ რიგ გარემოებებზე, რომლებიც გამორიცხავს თ---------–------–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ თ---------–------–ის დაკავება არ მომხარა აეროპორტის მეორე სართულზე თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან გამოსვლისთანავე, არამედ იგი დააკავეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩამოვიდა პირველ სართულზე მდებარე მოფრენის დარბაზში. დაცვის მოსაზრებით ეს გარემოება პირდაპირ მიუთიუთებს იმაზე, რომ პოლიციელები მეორე სართულზე არ იმყოფებოდნენ, მათ არ გააჩნდათ მეორე სართულზე ყოფნის საშვი. ამიტომ არ შეესაბამება სიმანდვილეს, თითქოს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან თ---------–------–ი მუდმივად იმყოფებოდა მათი ვიზუალური კონტროლის ქვეშ და გამოძიებამ ვერ გააბათილა თ---------–------–ის ჩვენება, რომ ნარკოტიკული საშუალება მას სწორედ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ გადასცა ვინმე ,,ჟორიკამ“. ადვოკატის მტკიცებით აეროპორტის მეორე სართულზე ასვლისათვის სპეიცალური საშვის აღების უფლება მხოლოდ გამომძიებელ კ------–---–ს ჰქონდა, რომელიც მას შემნდეგ მივიდა აეროპორტში, როცა თ---------–------–ი უკვე დაკავებული იყო. სწორედ მისი გვიან მისვლით ხსნის ადვოკატი პატაკის მოგვიანებით შედგენას. ასევე უთითებს პოლიციელების კახიანისა და მიქაუტაძის გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებზე, სადაც აღნიშნავენ, რომ კ------–---–ი მათთან ერთად მეორე სართულზე არ იმყოფებოდა.

 

დაცვამ ასევე აღნიშნა, რომ თ---------–------–ს ეცვა სპორტული და არა ჯინსის შარვალი. გამოძიებამ ჯინსის შარვლის უბეში ნარკოტიკების ჩაკერების მომენტი შეთხზა დამაჯერებლობისთვის, რომ ნარკოტიკული საშუალება თითქოსდა მართლაც საზღვარზე იქნა შემოტანილი. ჩხრეკის ოქმზე თ---------–------–ს მოტყუებით მოაწერინეს ხელი, იგი ამ დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო და ბოლომდე ვერ აცნობიერებდა თავის საქციელს.

 

დაცვამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მასალა თ---------–------–ის ბარგის ჩხრეკასთან დაკავშირებით. ასევე მიუთითა, რომ აეროპორტის შიდა სივრცის სათვალთავლო კამერების ჩანაწერების ამოუღებლობა ეჭვს ბადებს. მხოლოდ ასეთი ჩანაწერებით დადასტურდებოდა, შეხვდა თუ არა ვინმეს და გადასცეს თუ არა რაიმე თ---------–------–ს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ დაკავებამდე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებულ მსჯელობას და თვლის, რომ საქმეზე შეკრებილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ---------–------–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად გამოძიებას წინასწარ გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია თ---------–------–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მას ნარკოტიკული საშუალება შეიძლება ჰქონოდა, როგორც პირადად, ასევე ხელბარგში. ხელბარგის გაცემა კი ხორცილდება პირველ სართულზე მდებარე მოფრენის დარბაზში. ამიტომ წინასწარი ინფორმაციის სრულად გადასამოწმებლად, მას უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, აეღო ხელბარგი და მხოლოდ ამის შემდეგ მომხდარიყო მისი შემოწმება. სწორედ ამ მოსაზრებით თ---------–------–ს მიეცა პირველ სართულზე ჩასვლის საშუალება. როგორც აღმოჩნდა, მას ხელბარგი არ ჰქონია და პოლიციელებმა იგი მხოლოდ მას შემდეგ შეაჩერეს, როცა დააპირა მოფრენის დარბაზიდან გასვლა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია ადვოკატის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პოლიციელები ვერ აკონტროლებდნენ აეროპორტის მეორე სართულს საშვების უქონლობის გამო. წინასწარ მიღებული ინფორმაციის შინაარსი მიუთითებდა სწორედ იმაზე, რომ იგეგმებოდა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა. პოლიციელთა აეროპორტში მისვლის მიზანიც სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმება იყო. ამდენად, გაუგებარია, რატომ დატოვებდნენ ისინი ვიზუალური კონტროლის გარეშე გარკვეულ სივრცეს პირის საქართველოში შემოსვლიდან მის შემოწმებამდე. ამ მხრივ დამაჯერებელია ბრალდების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისას ღონისძიებაში მონაწილე პირების რაოდენობის შესაბამისად საშვებთან დაკავშირებით ფორმალობებს აგვარებს პოლიციის თამანშრომელი, რომელიც მუდმივად პატრულირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შესაბამისად, დაგეგმილ ოპერაციაზე მისულ პირებს უკვე ხვდებათ საშვები წარწერით ,,სტუმარი“ და მისი აღება არ შედის ექსკლუზიურად მხოლოდ გამომძიებლის კომპეტენციაში, როგორც ამას დაცვა განმარტავს.

 

დაუსაბუთებელია დაცვის განმარტება ჩხრეკის ოქმზე თ---------–------–ის ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოწმებისას თ---------–------–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და, შესაბამისად, გააჩნდა საღი განსჯის უნარი. ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერასთან ერთად თავისივე ხელით აქვს დაფიქსირებული განმარტება ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით სწორედ იმ ჯინსის შარვალში ჩაკერებული უბით, რომელიც ეცვა.

 

პალატა ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ განმარტავს, რომ მათი ამოღებით სახეზე იქნებოდა რელევანტური მტკიცებულება, თუმცა მის გარეშეც საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, როგორც უკვე აღინიშნა, უტყუარად ადასტურებს თ---------–------–ის მიერ ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას. ვიდეო-კამერების ჩანაწერების ამოუღებლობა ვერ გახდება გამოძიების ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად სისიხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამდენად დაცვის მხარე არ იყო შეზღუდული, ეზრუნა აეროპორტის შიდა სივრცის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაზე, თუკი თვლიდა, რომ მითითებული ჩანაწერები შეიცავდნენ თ---------–------–ისთვის წარდგენილი ბრალდების ნაწილობრივ გამომრიცხავ ინფორმაციას.

 

სასამართლო ეჭვს ვერ შეიტანს პოლიციელების ლ------------ს და გ------------------ის ჩვენებების სისწორეში თუკი მათ განზრახ არასწორად მიუთითეს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ, ასევე იცრუებდნენ და დააფიქსირებდნენ თითქოს კ------–---–იც მათთან ერთად იმყოფებოდა მე-2 სართულზე, რაც შედიოდა ბრალდების ინტერესში. დასახელებული წინააღმდეგობა სწორედაც რომ მეტყველებს ჩვენებების დამაჯერებლობაზე. თვით ეს წინააღმდეგობები კი არაარსებითია და უნდა აიხსნას მოწმეთა მიერ მოვლენების არასწორად აღქმის უნარით ან იმით, რომ ისინი კ------–---–თან ერთად არ იმყოფებოდნენ თ---------–------–ზე ვიზუალური კონტროლის განხორცილებისას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ თ---------–------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი თ---------–------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ თ---------–------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენი თ---------–------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

თ---------–------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თ---------–------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ---------–------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თ---------–------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია. თ---------–------–ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 მაისიდან.

 

თ---------–------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება. აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 

ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით,განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ნ. სანდოძე