განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.05.2018
საქმის ნომერი
330310015001089397
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015001089397

საქმე N3ბ/109-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ილონა თოდუა

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი- შპს „ი---“;

წარმომადგენლები - ნ----------------ძე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - დ--------------–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - გ----------------ძე;

 

დავის საგანი -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 17 მარტს შპს „ი---მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3-------) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 5 415 ლარის ოდენობით დარიცხული გადასახადისაგან გათავისუფლების თაობაზე შპს „ი---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია, რომ 1.

2000 წელს კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა კასპის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც გამარტივებული წესით განცხადების განხილვა და შპს „ი---ს“ მიერ ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანების - 30 735 ლარის გადახდევინების თაობაზე ბრძანების გაცემა მოითხოვა. კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ი---ს“ დირექტორს ნ----------------ძეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა დღგ-ის - 4 347 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის - 26 388 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი. გადაწყვეტილება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. 2. დიდუბე- ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ი---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს განათლების სამინისტროს შპს „ი---ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 11 628 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია საქართველოს განათლების სამინისტროს ბრალეულობა მოსარჩელისათვის ზარალის მიყენებაში, რაც გამოწვეული იყო მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობების დროულად შეუსრულებლობით. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე 2001 წლის 02 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

3. შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 31 მაისის

№5------- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შპს „ი---ს“, 2007 წლის მდგომარეობით, ერიცხებოდა დავალიანება, ძირითადი თანხა - 4 347 ლარი და საურავი - 20 590.76 ლარი. 4. 2007 წლის 07 ივნისს შპს „ი---მ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 07 მაისის №---- და 2007 წლის 31 მაისის №5------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ი---ს“ საგადასახადო დავალიანება დღგ-ს ძირითადი თანხის ნაწილში მიჩნეულ იქნა აღიარებულად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-8 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად. ამასთან, გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 600 ლარის შემცირება 200 ლარამდე. 5. 2007 წლის 14 აგვისტოს შპს „ი---მ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საჩივრით მიმართა და შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 6 აგვისტოს №---- ბრძანების ბათილად ცნობა, (დღგ-ს ნაწილში განუხილველად დატოვების შესახებ), გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 31 მაისის №5------- საგადასახადო მოთხოვნის საურავის ნაწილში (დღგ-ს ძირითადი თანხა 4347 ლარი, საურავი 20590 ლარი, ქონების გადასახადში საურავი 1654 ლარი) და 2007 წლის 7 მაისის №---- საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 124-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შპს „ი---ს“ მიმართ დღგ-ის ნაწილში დარიცხული საგადასახადო სანქციის გადაანგარიშება და შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნა. 6. შპს „ი---მ“ საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანებით შპს „ი---ს“ საჩივარი დარჩა განუხილველი. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური მოთხოვნით, 2007 წლის 7 ივნისს, საზოგადოებას უკვე ჰქონდა მიმართული შემოსავლების სამსახურისათვის და 2007 წლის 6 აგვისტოს №---- გადაწყვეტილებით შპს „ი---ს“ საჩივარი ნაწილობრივ იყო დაკმაყოფილებული. 7. 2013 წლის 11 ნოემბერს შპს „ი---მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ პუნქტის შესაბამისად, დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ შპს „ი---ს“ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 25 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმის საფუძველზე, დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოება: „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე სახელმწიფოს - საქართველოს შპს „ი---სთვის“ უნდა გადაეხადა 1. 10 000 ევრო - ფულადი ზარალისათვის. 2. 1000 ევრო - არაფულადი ზარალისათვის 3. 2050 ევრო - ხარჯებისათვის. 4. პლიუს ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაირიცხოს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ სადავო - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანების მიღებისას, მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამდენად, შპს „ი---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულიად უსაფუძვლოდ ერიცხება დავალიანება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში საუბარია მოპასუხე სახელმწიფოსათვის არა შპს „ი---ს“ სახელზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის დაკისრების შესახებ, არამედ მოცემული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდის შედეგად წარმოშობილი (შესაძლო) სამომავლო გადასახადების დაფარვის საკითხზე. მხედველობაშია მისაღები, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ სადავო - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანების მიღებამდე, პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების, კერძოდ, გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 07 მაისის №---- და 2007 წლის 31 მაისის №5------- საგადასახადო მოთხოვნების გაუქმების მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურს პირველად საჩივრით მიმართა 2007 წლის 07 ივნისს, რომლის 2007 წლის 06 აგვისტოს №6--- ბრძანებით შპს „ი---ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება კი მიღებულია 2005 წლის 27 სექტემბერს. ამდენად, ცხადია, რომ შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს №6--- ბრძანების მიღებისას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი იყო მოპასუხე მხარისათვის. უდავოა ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 6 აგვისტოს №6--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი ვადაში, სასამართლოში არ გასაჩივრებულა.“

 

2.1.2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „ი---ს“ მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით (საქმე №3--------წ.) შპს „ი---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინების მიხედვით, აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საუბარია მოპასუხე სახელმწიფოსათვის არა შპს „ი---ს“ სახელზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის დაკისრების შესახებ, არამედ მოცემული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდის შედეგად წარმოშობილი (შესაძლო) სამომავლო გადასახადების დაფარვის საკითხზე. აღნიშნული განმარტება ეწინააღმდეგება ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა 4 347 ლარზე, რომელიც განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, საფუძვლად უდევს კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც ანულირებული იქნა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს 2005 წლის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, რადგან საგადასახადო მოთხოვნა რჩება შპს „ი---ს“ სახელზე. სასამართლომ ასევე არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ დავის საგანი ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის გადაწყვეტილების მიღებამდე საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას. სასარჩელო მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება საგადასახადო ორგანოების მიერ მოთხოვნილ იმ თანხებს, რომლებზეც აღნიშნულ გადაწყვეტილებაში უკვე მოხდა მსჯელობა. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საგადასახადო ორგანოების მიერ შპს ,,ი---საგან“ ამჟამად მოთხოვნილი საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე მისაღები თანხის ნაწილს, რომელიც შპს „ი---მ“, მიუხედავად მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აღსრულების ორგანოებისათვის მიმართვისა, ვერ მიიღო. შესაბამისად, ევროსასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოების მიერ ამჟამად მოთხოვნილი თანხის შპს „ი---ს“ მიერ გადაუხდელობაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო და არა საწარმო.

 

2.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით (საქმე №ბ--------------)) დაუშვებლად იქნა მიჩნეული შპს „ი---ს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

 

2.1.4. დადგენილია, რომ 2002 წლის 30 მაისს შპს „ი---მ“ და ნ----------------ძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარადგინეს განაცხადი №2-------. განმცხადებლები ჩიოდნენ 2001 წლის 14 მაისის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით (საბოლოო გახდა 2005 წლის 27 დეკემბერს) დასაშვებად გამოცხადდა შპს „ი---ს“ მიერ, კონვენციის მე-6, მე-13 მუხლებისა და №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე წაყენებული პრეტენზიები იმ მოცულობით, რომლითაც ისინი 2002 წ. 7 ივნისის შემდგომ პერიოდს ეხება, ხოლო განაცხადის დანარჩენი ნაწილი გამოცხადდა დაუშვებლად. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის (§1), მე-13 მუხლის, №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ, განმცხადებელ კომპანიას, კონვენციის 44-ე მუხლის (§2) შესაბამისად, განჩინების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში, გადახდის დღეს არსებული კურსით, ეროვნულ ვალუტაში, უნდა გადაუხადოს: 10.000 (ათი ათასი) ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით;

1.000 (ათასი) ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების სახით; 2.050 (ორი ათას ორმოცდაათი) ევრო გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით; აგრეთვე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული; აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, ზემოხსენებულ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება, გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი. უარყოფილ იქნა განმცხადებელი კომპანიის დანარჩენი მოთხოვნები სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40). მიუხედავად ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება გარკვეული ვადით, საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარების აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გამართლებული იყოს განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში (Prodan v. Moldova , no. 49806/99, § 53, ECHR 2004-... (ამონარიდები)). მოცემულ შემთხვევაში მთავრობას არ მიუთითებია რაიმე კონკრეტულ გარემოებაზე, რომელიც გაამართლებდა სასამართლო გადაწყვეტილების ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აღუსრულებლობას (cf. Immobiliare Saffi v. Italy [GC], no. 22774/93, §§ 69-74, ECHR 1999-V). სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებელ კომპანიას ხელი არ უნდა შეშლოდა, ესარგებლა მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით, რასაც მისი ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აღუსრულებლობის გამო, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა კონვენციის მე-6 მუხლის (§1) მოთხოვნები ყოველგვარი სასარგებლო ეფექტის გარეშე დატოვეს. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის (§1) დარღვევას.

 

სასამართლომ პრეცედენტულ სამართალზე მითითებით აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიმართ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა წარმოადგენს საკუთრებით მშვიდობიანად სარგებლობის უფლებაში ჩარევას, როგორც ეს №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. ზემოხსენებული Burdov, § 40; Bakalov v. Ukraine , no. 14201/02, § 39, 30 November 2004). სასამართლოს აზრით, წინამდებარე საქმეში, განმცხადებელი კომპანიისათვის 2002 წ. 7 ივნისიდან დღემდე (იხ. ზემოთ §38) მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა წარმოადგენდა საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში ჩარევას, რაზეც მიუთითებს №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცი. მთავრობას არ წარუდგენია რაიმე არგუმენტი ამ ჩარევის გასამართლებლად.

 

განჩინებაში ზიანთან დაკავშირებით მითითებულია, რომ განმცხადებელმა კომპანიამ,2004 წ. 7 ივნისს სასამართლოს წარუდგინა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 223.500 ლარი (102.034 ევრო) მოითხოვა. ამ თანხიდან 11.628 ლარი (5.332 ევრო) შეესაბამებოდა 2001 წ. 14 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ძირითად თანხას, ხოლო დანარჩენი წარმოადგენდა 4.347 ლარის (1.994 ევრო) ოდენობით დაგროვილი დღგ-ის დავალიანების ჯარიმებს, რაც, იმავდროულად, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ვალის ნაწილიცაა. განმცხადებელი კომპანია ირწმუნებოდა, რომ ევროსასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის დროისთვის, მასზე დაკისრებული საგადასახადო ჯარიმების ოდენობა

223.500 ლარს მიაღწევდა. მოთხოვნის ამ ნაწილის საბუთად, განმცხადებელმა 2002 წ. 10 ნოემბერსა და 2004 წ. 24 აგვისტოს, საგადასახადო ორგანოების მიერ მისთვის გაგზავნილი დოკუმენტები წარადგინა (იხ. ზემოთ, §§ 16 და 17). რაც შეეხება დამატებით განცდილ მატერიალურ ზიანს, განმცხადებელმა კომპანიამ მოგების დანაკარგის ასანაზღაურებლად, რაც მას გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მიადგა, მოითხოვა 20.000 ევრო. ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად მას რაიმე დამატებითი დოკუმენტი არ წარუდგენია. განმცხადებელმა კომპანიამ მოითხოვა 10.000

ევრო მორალური ზიანისთვის, რომელიც მან ოფიციალური ორგანოების მხრიდან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო განიცადა. მთავრობამ განმცხადებელი კომპანიის მოთხოვნები გადაჭარბებულად და დაუსაბუთებლად მიიჩნია. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან უკვე მოახერხა საგადასახადო ორგანოების 2002 წ. 10 ნოემბერის შეტყობინების გაბათილება, მთავრობამ არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ განმცხადებელ კომპანიას 223.500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა არ შეეძლო. საგადასახადო ორგანოების 2004 წ. 24 აგვისტოს შეტყობინებასთან დაკავშირებით კი მთავრობამ აღნიშნა, რომ განმცხადებელ კომპანიას საქმე ეროვნულ სასამართლოებში არ გაუსაჩივრებია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2001 წ. 14 მაისის გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა. რაკი მთავრობამ ვერ უზრუნველყო ვალის გადახდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და არც იმაზე მიუთითებია, რომ მისი გადახდა შესაძლებელი იქნებოდა განჭვრეტად მომავალში, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა კომპანიამ განიცადა გარკვეული მატერიალური ზიანი, რაც აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ ვალს აღემატება და განმცხადებელ კომპანიას ამ ნაწილში მიაკუთვნა 10.000 ევრო. იმ მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით, რაც საგადასახადო დავალიანებაზე დაგროვილ ჯარიმებს შეეხება, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ამ ჯარიმათა მნიშვნელოვანი ნაწილი გაბათილებულ იქნა. მეტიც, ფაქტობრივად, განმცხადებელ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში არასოდეს გადაუხდია სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მოთხოვნილი საგადასახადო ჯარიმის რაიმე ნაწილიც კი. შესაბამისად, მას ამ მხრივ რაიმე ფაქტობრივი დანაკარგი არ განუცდია. ამასთან, სასამართლო ვერ ხედავს მიზეზობრივ კავშირს აღმოჩენილ დარღვევასა და განმცხადებელი კომპანიის მოთხოვნას შორის მოგების დანაკარგთან დაკავშირებით, რომელიც არავითარი დოკუმენტით არ ყოფილა გამყარებული. შესაბამისად, სასამართლომ უარყო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ამ ნაწილში.

 

მორალურ ზიანთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სახელმწიფო უწყებებმა ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ უზრუნველყვეს განმცხადებელი კომპანიის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ამ უკანასკნელს შეექმნა პრობლემები საგადასახადო ორგანოებთან, ხოლო მისი ეკონომიკური საქმიანობა სერიოზულად დაზარალდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა კომპანიამ ამ ფინანსური შედეგებისთვის უნდა მიიღოს კომპენსაცია მორალური ზიანის სახით (cf. Sovtransavto Holding v. Ukraine (just satisfaction), no. 48553/99, §§ 78-80, 2 October 2003; Comingersoll v. Portugal [GC], no. 35382/97, §§ 32-36, ECHR 2000-IV). სასამართლომ განმცხადებელს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მიაკუთვნა 1.000 ევრო.

 

2.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 11 მარტის №1--- მიმართვით შპს „ი---ს“ 2015 წლის 5 მარტის წერილის პასუხად ეცნობა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2011 წლის 14 სექტემბერს მინისტრთა მოადგილეების 1120-ე შეხვედრაზე, სხვებს შორის, მიიღო საბოლოო რეზოლუცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე - შპს „ი---“ და მ--------ე (საჩივრის №2-------). საბოლოო რეზოლუციით მინისტრთა კომიტეტმა დაასრულა ხსენებული საქმის განხილვა, რითაც დაადასტურა, რომ ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეში დადგენილი დარღვევები საბოლოოდ აღმოიფხვრა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ.

 

2.1.6. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბერს მინისტრთა მოადგილეების 1120-ე შეხვედრაზე მიღებულია რეზოლუცია CM/ResDH(2011)108, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებების აღსრულებას, სამი საქმე საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის, შპს „ი---“ და მ--------ე, საჩივრის №2-------, 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინება, საბოლოო გახდა 2005 წლის 27 დეკემბერს.

 

რეზოლუციის თანახმად, მოსთხოვა რა მოპასუხე სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელმა გაატარა სასამართლოს განჩინებათა აღსასრულებლად, იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს ეკისრება კონვენციის 46-ე (§1) მუხლით; განიხილა რა მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, კონვენციის 46-ე (§2) მუხლის გამოყენების შესახებ კომიტეტის წესების თანახმად, დარწმუნდა რა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს გადაურიცხა განჩინებებით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხები, შეახსენებს რა, რომ სასამართლოს მიერ დარღვევების დადგენა, განჩინებებით მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდის გარდა, აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გაატაროს ინდივიდუალური ხასიათის ღონისძიებები დარღვევის გამოსწორებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თუ შესაძლებელია restitutio in integrum გზით და ზოგადი ხასიათის ღონისძიებები, მსგავსი სახის დარღვევათა პრევენციის მიზნით, კომიტეტი აცხადებს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების განხილვის შემდეგ (იხ. დანართი), რომ წინამდებარე საქმეებში მან შეასრულა კონვენციის 46-ე (§2) მუხლიდან გამომდინარე მისი ვალდებულებები და იღებს გადაწყვეტილებას საქმეთა დახურვის შესახებ.

 

რეზოლუციის დანართში მითითებულია, რომ შპს „ი---“ და მ--------ისა და შპს „ამატ- ჯი“ და მებაღიშვილის საქმეებში მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა მოიცავს აღუსრულებელი შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებულ თანხებსაც. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილება მიაკუთვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით იმ მომჩივნებს, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნა წამოაყენეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტმა არავითარი სხვა ინდივიდუალური ღონისძიების გატარება არ მიიჩნია საჭიროდ.

 

რეზოლუციის დანართში ასევე მითითებულია მოპასუხე სახელმწიფოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა მიიჩნევს, რომ გატარებულმა ღონისძიებებმა სრულად აღმოფხვრა მომჩივნებთან მიმართებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი კონვენციის დარღვევები, აღნიშნული ღონისძიებები მოახდენს მსგავსი სახის დარღვევების პრევენციას და შედეგად, საქართველომ შეასრულა კონვენციის 46-ე (§1) მუხლიდან გამომდინარე მისი ვალდებულებები.

 

2.1.7. 2015 წლის 6 მაისს შპს „ი---მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლება მოითხოვა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენდა: გორის რეგიონული ცენტრის 2007 წლის 7 მაისის №---- და 31 მაისის

№5-------- საგადასახადო მოთხოვნები და შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 6 აგვისტოს №---- ბრძანება.

 

საჩივრის ავტორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, აღნიშნა, რომ დავის საგანი ეხება აღნიშული გადაწყვეტილების მიღებამდე საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თანხებს, რომლებზეც იმსჯელა ევროსასამართლომ. საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ევროსასამართლომ დაადგინა საგადასახადო ორგანოების მიერ მოთხოვნილი თანხის შპს „ი---ს“ მიერ გადაუხდელობაში საწარმოს პასუხისმგებლობის არარსებობა. კომპანიამ ასევე მიუთითა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბრის რეზოლუციაზე, განმარტა რა, რომ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ არ არის აღსრულებული და უნდა მოხდეს გასაჩივრებული აქტების გაუქმება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით საჩივარი №1--------- არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანს არ წარუდგენია ისეთი გარემოებანი და მტკიცებულებები, რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, მიეთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილზე, საბჭომ განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015 წლის

28 მაისის მდგომარეობით, შპს „ი---ს“ ერიცხება დავალიანება 15 158 ლარის ოდენობით. პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლის შედეგიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საგადასახადო დავალიანება, მისი წარმოშობისა და დეკლარაციების წარდგენის დროის მიხედვით, აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ მომჩივნის მიერ გადახდილი იქნება ქონების გადასახადში ძირითადი დავალიანების თანხა 868 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად, მოახდინოს დარიცხული თანხების ჩამოწერა.

 

2.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 27 აგვისტოს გამოცემულია №3---- ბრძანება შპს „ი---ს“ მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად დავალიანების ჩამოწერის თაობაზე, რომლითაც შპს „ი---ს“ პირადი აღრიცხვის ბარათებზე 2014 წლის 24 დეკემბრის სავადოთი შეუმცირდა დღგ-ში ძირითადი 4 346,97 ლარი, საურავი 6 699,56 ლარი, მოგების გადასახადში საურავი 0,01 ლარი, ქონების გადასახადში ძირითადი 194,41 ლარი, საურავი 1 102,16 ლარი, გაუქმებულ გადასახადებში საურავი 0,01 ლარი.

 

ბრძანების მიხედვით, შპს „ი---ს“ პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი: შპს „ი---ს“, 01.01.2005 წლის მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ ერიცხება დავალიანება 54 282,34 ლარი. პირს 2005 წლის შემდეგ, დასკვნის შედგენის თარიღისთვის, საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები არ წარუდგენია, გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციებისა. 01.01.2005 წლიდან 25.12.2014 წლამდე გადასახადის გადახდა არ ფიქსირდება. დავალიანების ნაწილი შემცირებულია 2007- 2008 წლებში დღგ-ში, სხვა ჯარიმებსა და სოციალურ გადასახადში. ამდენად, შპს „ი---“ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს და 2005 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი ექვემდებარება ჩამოწერას. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში ქონების გადასახადში დარიცხულია 2004-2006 წლების გადასახადი, 2007 წელს დარიცხულია ჯარიმები 2004-2006 წლების დეკლარაციების დაგვიანებით წარდგენისათვის და საურავი. ამდენად, დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ განხორციელდება, ვინაიდან არ არის გადახდილი ქონების გადასახადში 2005-2009 წლებში წარმოშობილი ძირითადი დავალიანება - 673,46 ლარი. აღნიშნული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, ჩამოიწერება სხვა ჯარიმებში რიცხული ჯარიმა 200 ლარი და ქონების გადასახადში რიცხული საურავი სრულად.

 

2.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №3--- მიმართვით შპს „ი---ს“ ეცნობა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების „შპს „ი---“ და მ--------ე საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულების პროცესი დასრულდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბრის საბოლოო რეზოლუციის მიღებით. აღნიშნული რეზოლუციით დადასტურდა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გაატარა ეფექტური ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები, რის შედეგადაც ხსენებული გადაწყვეტილება აღსრულებულად გამოცხადდა. რაც შეეხება კითხვას, ინფორმირებული იქნა თუ არა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული 2007 წლის გადაწყვეტილების თაობაზე, მითითებული ინფორმაცია მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი არ ყოფილა, რადგან აღნიშნული სცილდება ევროპული სასამართლოს

2005 წლის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს.

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. მომჩივანს უფლება აქვს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115 (2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალი---ცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალი---ციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ამასთან, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, როდესაც სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, ან თუკი არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოსა თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს, მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის და აქტის კვლავ გასაჩივრება მისი კანონიერების გადამოწმებას ვერ გამოიწვევს.

 

ამასთან, კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს საერთო წესიდან, ადგენს რა ახლად გამოვლენილ/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლების შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილით კი განმარტებულია, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

ამრიგად, კანონმდებლობით დასაშვებია დავის განხილვის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობისას. გარემოება თუ მტკიცებულება რომ ახლად აღმოჩენილად/გამოვლენილად ჩაითვალოს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1. მის შესახებ მომჩივანისათვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო დავის განხილვისას; 2. მისი დავის განხილვის დროს წარდგენა მომჩივანისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამრიგად, კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული საკითხის დამატებითი კვლევა, შესწავლა და დავის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი განმცხადებელი მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს იმ გარემოებებზე და წარუდგენს იმ ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს ახლად აღმოჩენილი თუ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლების საფუძვლების არსებობას.

 

სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 6 მაისს შპს „ი---მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლება მოითხოვა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენდა: გორის რეგიონული ცენტრის 2007 წლის 7 მაისის №---- და 31 მაისის №5-------- საგადასახადო მოთხოვნები და შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 6 აგვისტოს №---- ბრძანება. ვინაიდან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესული იყო კანონიერ ძალაში, სასამართლო დავის განხილვის საგანს წარმოადგენს არა მითითებული აქტებით გათვალისწინებული მოწესრიგების კანონიერების არსებითი შესწავლა, არამედ უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობდა დავის განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც, თავის მხრივ, აქტის კანონიერების შემდგომ შესწავლასა და შეფასებას მოითხოვს. მოსარჩელე ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებასა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბრის რეზოლუციაზე, განმარტავს რა, რომ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ არ არის აღსრულებული და უნდა მოხდეს დარიცხვის გაუქმება.

 

სასამართლომ, ასევე ყურადღებას მიაქცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს, რომლებითაც განხილვის საგანი გახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის (§1), მე-13 მუხლის, №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას და მიაკუთვნა განმცხადებელ კომპანიას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №3--------), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებს შპს „ი---ს“ მოსაზრებას, რომ სადავო - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანების მიღებისას, მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს

2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამდენად, შპს „ი---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულიად უსაფუძვლოდ ერიცხება დავალიანება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში განსაზღვრულია მოპასუხე სახელმწიფოსათვის არა შპს „ი---ს“ სახელზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის დაკისრების შესახებ, არამედ მოცემული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდის შედეგად წარმოშობილი (შესაძლო) სამომავლო გადასახადების დაფარვის საკითხზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ ადგენდა იმ ფაქტს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა იყო უკანონო და უნდა გაბათილებულიყო, მით უფრო, რომ ევროსასამართლო არ წარმოადგენს მეოთხე ინსტანციის სასამართლოს და მსჯელობს კონკრეტული უფლების დარღვევასა და მხარის მოთხოვნისას სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებაზე, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას იგი ვერ მოახდენს. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხები ადმინისტრაციული წარმოებისას დაექვემდებარა კორექტირებას.

 

სასამართლომ ასევე დამატებით მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 46-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ საქმეზე, რომლის მხარეებიც ისინი არიან. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას.

 

საქმეში წარმოდგენილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბერს მინისტრთა მოადგილეების 1120-ე შეხვედრაზე მიღებული რეზოლუცია CM/ResDH(2011)108, რომელშიც მითითებულია, რომ მოსთხოვა რა მოპასუხე სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელმა გაატარა სასამართლოს განჩინებათა აღსასრულებლად, იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს ეკისრება კონვენციის 46-ე (§1) მუხლით; განიხილა რა მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, კონვენციის 46- ე (§2) მუხლის გამოყენების შესახებ კომიტეტის წესების თანახმად, დარწმუნდა რა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს გადაურიცხა განჩინებებით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხები, შეახსენებს რა, რომ სასამართლოს მიერ დარღვევების დადგენა, განჩინებებით მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდის გარდა, აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გაატაროს ინდივიდუალური ხასიათის ღონისძიებები დარღვევის გამოსწორებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თუ შესაძლებელია restitutio in integrum გზით და ზოგადი ხასიათის ღონისძიებები, მსგავსი სახის დარღვევათა პრევენციის მიზნით, კომიტეტი აცხადებს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების განხილვის შემდეგ, რომ წინამდებარე საქმეებში მან შეასრულა კონვენციის 46-ე (§2) მუხლიდან გამომდინარე მისი ვალდებულებები და იღებს გადაწყვეტილებას საქმეთა დახურვის შესახებ. რეზოლუციის დანართში კი ინდივიდუალური ღონისძიებების სახით მითითებულია, რომ შპს „ი---“ და მ--------ისა და შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილის საქმეებში მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა მოიცავს აღუსრულებელი შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებულ თანხებსაც. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილება მიაკუთვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით იმ მომჩივნებს, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნა წამოაყენეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტმა არავითარი სხვა ინდივიდუალური ღონისძიების გატარება არ მიიჩნია საჭიროდ. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუნეტი არ წარმოადგენს იმგვარ გარემოებას, რამაც მის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტის უფლება შეიძლება წარმოშვას.

 

სასამართლომ ყურადღებას მიაქცია მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარში მის მიერ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებებად მითითებულ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე და გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია, რომ სახეზე არ გვაქვს ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებები, შესაბამისად, სარჩელი ფაქტობრივ- სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია ზემოთხსენებული მუხლების მოთხოვნები, არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

 

ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. მომჩივანს უფლება აქვს, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამაღთლოს მსგავსად, მიუთითებს, რომ კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისს საერთო წესიდან, და ადგენს ახლად გამოვლენილ/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლების შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილით კი განმარტებულია, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

ამრიგად, კანონმდებლობით დასაშვებია დავის განხილვის განახლება ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების არსებობისას. გარემოება თუ მტკიცებულება რომ ახლად აღმოჩენილად/გამოვლენილად ჩაითვალოს, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1. მის შესახებ მომჩივანისათვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო დავის განხილვისას; 2. მისი დავის განხილვის დროს წარდგენა მომჩივანისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამრიგად, კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული საკითხის დამატებითი კვლევა, შესწავლა და დავის ხელახალი განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი განმცხადებელი მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს იმ გარემოებებზე და წარუდგენს იმ ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს ახლად აღმოჩენილი თუ ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლების საფუძვლების არსებობას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 6 მაისს შპს „ი---მ“ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლება მოითხოვა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს წარმოადგენდა: გორის რეგიონული ცენტრის 2007 წლის 7 მაისის №---- და 31 მაისის №5-------- საგადასახადო მოთხოვნები და შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 6 აგვისტოს №---- ბრძანება. ვინაიდან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესული იყო კანონიერ ძალაში, სასამართლო დავის განხილვის საგანს წარმოადგენს არა მითითებული აქტებით გათვალისწინებული მოწესრიგების კანონიერების არსებითი შესწავლა, არამედ უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობდა დავის განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რომელიც, თავის მხრივ, აქტის კანონიერების შემდგომ შესწავლასა და შეფასებას მოითხოვს. მოსარჩელე ახლად გამოვლენილ გარემოებად მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებასა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბრის რეზოლუციაზე, განმარტავს რა, რომ ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ არ არის აღსრულებული და უნდა მოხდეს დარიცხვის გაუქმება.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებს, რომლებითაც განხილვის საგანი გახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის (§1), მე-13 მუხლის, №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას და მიაკუთვნა განმცხადებელ კომპანიას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №3--------), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებს შპს „ი---ს“ მოსაზრებას, რომ სადავო - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 17 ოქტომბრის №5---- ბრძანების მიღებისას, მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს 2005 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება და ამდენად, შპს „ი---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულიად უსაფუძვლოდ ერიცხება დავალიანება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებაში განსაზღვრულია მოპასუხე სახელმწიფოსათვის არა შპს „ი---ს“ სახელზე დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის დაკისრების შესახებ, არამედ მოცემული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების გადახდის შედეგად წარმოშობილი (შესაძლო) სამომავლო გადასახადების დაფარვის საკითხზე.

 

პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ევროპული სასამართლოს განჩინება არ ადგენდა იმ ფაქტს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა იყო უკანონო და უნდა გაბათილებულიყო, მით უფრო, რომ ევროსასამართლო არ წარმოადგენს მეოთხე ინსტანციის სასამართლოს და მსჯელობს კონკრეტული უფლების დარღვევასა და მხარის მოთხოვნისას სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნებაზე, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას იგი ვერ მოახდენს. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხები ადმინისტრაციული წარმოებისას დაექვემდებარა კორექტირებას.

 

საქმეში წარმოდგენილია ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს - მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 14 სექტემბერს მინისტრთა მოადგილეების 1120-ე შეხვედრაზე მიღებული რეზოლუცია CM/ResDH(2011)108, რომელშიც მითითებულია, რომ მოსთხოვა რა მოპასუხე სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ამ უკანასკნელმა გაატარა სასამართლოს განჩინებათა აღსასრულებლად, იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს ეკისრება კონვენციის 46-ე (§1) მუხლით; განიხილა რა მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია, კონვენციის 46- ე (§2) მუხლის გამოყენების შესახებ კომიტეტის წესების თანახმად, დარწმუნდა რა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივნებს გადაურიცხა განჩინებებით გათვალისწინებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხები, შეახსენებს რა, რომ სასამართლოს მიერ დარღვევების დადგენა, განჩინებებით მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდის გარდა, აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვს, რომ მოპასუხე სახელმწიფომ გაატაროს ინდივიდუალური ხასიათის ღონისძიებები დარღვევის გამოსწორებისა და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით, თუ შესაძლებელია restitutio in integrum გზით და ზოგადი ხასიათის ღონისძიებები, მსგავსი სახის დარღვევათა პრევენციის მიზნით, კომიტეტი აცხადებს, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების განხილვის შემდეგ, რომ წინამდებარე საქმეებში მან შეასრულა კონვენციის 46-ე (§2) მუხლიდან გამომდინარე მისი ვალდებულებები და იღებს გადაწყვეტილებას საქმეთა დახურვის შესახებ. რეზოლუციის დანართში კი ინდივიდუალური ღონისძიებების სახით მითითებულია, რომ შპს „ი---“ და მ--------ისა და შპს „ამატ-ჯი“ და მებაღიშვილის საქმეებში მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა მოიცავს აღუსრულებელი შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებულ თანხებსაც. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილება მიაკუთვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით იმ მომჩივნებს, რომლებმაც შესაბამისი მოთხოვნა წამოაყენეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტმა არავითარი სხვა ინდივიდუალური ღონისძიების გატარება არ მიიჩნია საჭიროდ. ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუნეტი არ წარმოადგენს იმგვარ გარემოებას, რამაც მის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტის უფლება შეიძლება წარმოშვას.

 

პალატა განსახილველ შემთხვევაში, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ სახეზე არ გვაქვს ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებები, შესაბამისად, სარჩელს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

5.1. სსსკ–ის 53–ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო აპელანტს, შპს ,,ი---ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ი---ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

3. შპს ,,ი---ს’’ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე : ილონა თოდუა

 

მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე