განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
080210018001987376
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210018001987376

საქმე №2/ბ-569-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი - გ------- მ------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ--- ქ------ე

წარმომადგენელი - ნ----- მ---------–--

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება, თანხის დაკორექტირება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება

 

1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ სასასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

2017 წლის 28 ივნისს გ------- მ------–---–მა სარჩელით მიმართა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ--- ქ------ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის, ზიანის ანაზღაურების, თანხის დაკისრების, თანხის დაკორექტირებისა და საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების მოთხოვნით.

 

2.2. სარჩელის საფუძვლები

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2.2.1. მას და მოპასუხეს ერთმანეთთან მიდგმული აქვთ დამხმარე სათავსოები, რითაც სარგებლობს მოპასუხე და განზრახ, სისტემატურად აზიანებს მისი სათავსოს სახურავს, რის შედეგადაც ზიანდება სახურავი-სათავსო და სათავსოში არსებული ნივთები, სახელდობრ, მოპასუხის ასეთი ქმედებით მას მიადგა 450 ლარის ზიანი.

2.2.2.მოპასუხეს განზრახ აქვს ღვარსადენი მილი მიშვერილი მისი ეზოს სათავსოსკენ და წყლით აზიანებს მას, შესაბამისად აუცილებელია შეწყვეტილ იქნას აღნიშნული ქმედება.

2.2.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის, კანალიზაციის მილების მის მიწის ნაკვეთზე გატარებისათვის კომპესაციის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის მთელ პერიოდზე, თუმცა მოპასუხეს 2016 წლის იანვრის დასაწყისისათვის არ გადაუხდია 30 ლარი, რისი გადახდაც მას უნდა დაეკისროს.

2.2.4. არსებული ინფლაციის გათვალისწინებით აუცილებელია ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის-30 ლარი დაკორექტირება.

2.2.5. მოპასუხე 1988 წლიდან 2012 წლამდე სარგებლობდა რა საერთო კანალიზაციით, მასვე უნდა დაეკისროს მის სასარგებლო კომპენსაციის გადახდა ამ პერიოდზე - 8280 ლარის ოდენობით.

2.2.6. მოპასუხე სარგებლობს რა მისი კანალიზაციით, აუცილებელია მან მიიღოს მონაწილეობა ყოველთვიურად აღნიშნული კანალიზაციის გაწმენდით სამუშაოებში.

 

2.3. მოპასუხე ნ--- ქ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე:

 

2.3.1. დაუსაბუთებელია მოსარჩელის პოზიცია, რადგან იგი ვერ ადასტურებს კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მას, არ აქვს რა წარმოდგენილი ასეთის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებები.

2.3.2 გაუგებარია სანიაღვრე წყლის გადინების საკითხზე დავის წამოწყება, რადგან ასეთს აწერიგებს სამეზობლო სამართალი.

2.3.3. სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა გადახდილია.

2.3.4. მოსარჩელე თავად ახდენს ხელშეშლას საკანალიზაციო ხაზის გამოყენებაში. სახელდობრ სისტემატიურად, გარკვეული პერიოდულობით კეტავს საკანალიზაციო მილს. 2013 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მას აეკრძალა ხელშეშლა ამ საკანალიზაციო მილით სარგებლობაში და დაევალა გაეხსნა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი. შესაბამისად, თავად უწევს ყოველთვიურად ამ მილის გაწმენდა და ხარჯის გაწევა.

 

2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

-გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა;

-მოსარჩელე გ------- მ------–---–ს უარი ეთქვა მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის სახურავი-სათავსოს განზრახ სანიაღვრე მილის მეშვეობით დაზიანების შეწყვეტაზე (ხელშეშლის აღკვეთა), სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკორექტირებისა და 1988 წლიდან 2012 წლამდე კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. 2014 წლის 04 ივლისამდე ქ. ქ-------ში, დ. თ------------–ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 419.00 კვ.მ., რომელზეც გადის მხარეთა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი, დარეგისტრირებული იყო ე. ქომეთიანის საკუთრებად, ხოლო 2014 წლის 04 ივლისს, N1-------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ასეთი აღირიცხა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებად (დამოწმების თარიღი: 01/07/2014წ.). მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ცხოვრობს ქ.ქ-------ში, დ.თ------------–ის ქ.3--ში. ხოლო მოპასუხე ნ--- ქ------ე ცხოვრობს ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ.№2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

 

2.4.2. მოსარჩელე გ------- მ------–---–ი წარმოადგენს ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უვადოდ. მას სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი ასაკის კატეგორიით. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი შეადგენს 180 ლარს.

 

2.4.3. მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობდა ამჟამად მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით.

 

2.4.4. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ 2012 წლის ივნისამდე საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ. ამ გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ გ------- მ------–---–მა 2012 წლის ივნისში ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, რა მიზნითაც გ------- მ------–---–ს დაევალა გაეხსნა მის მიერ ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი.

 

2.4.5. დადგენილი იქნა, რომ ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ქ------ეს მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის კომპენსაციის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ.

 

დადგენილი იქნა მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.6. საქმეზე წარმოდგენილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბაჩანა შონიას მიერ 2017 წლის 01 ივნისს შედგენილი სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმით დადგენილი იქნა, რომ მისამართზე, ქ.ქ-------ი, დ.თ------------–ის ქ.№-, საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი ჩაკეტილი არ იყო განზრახ.

 

2.4.7. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბაჩანა შონიას მიერ 2017 წლის 05 ივნისს შედგენილი ოქმით დადგენილი იქნა, რომ მისამართზე, ქ.ქ-------ი, ბ------ის ქ. №12-, კრედიტორმა ნ--- ქ------ემ ,,წყალკანალიდან’’ მოიყვანა სპეციალისტები, რომლებმაც გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარეს საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილს. იმ ეტაპზე საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი არ იყო ჩაკეტილი და წყალი გაედინებოდა თავისუფლად.

 

2.4.8. მოპასუხე ნ--- ქ------ე ყოველთვიურად უხდიდა გ------- მ------–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ 30 ლარს საკანალიზაციო მილით სარგებლობისათვის.

 

2.4.9.სასამართლოს მიერ ჩატარებული ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა მოპასუხე მხარის მიერ საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს მდებარე ღვარსადენი მილიდან მოსარჩელის ნაგებობებისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან დადგენილ იქნა ისიც, რომ წვიმის შემთხვევაში წყლის ჩადინება მოხდებოდა არა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის, არამედ მოპასუხე ნ--- ქ------ის ეზოში. შესაბამისად არ დადასტურდა მოპასუხე ნ--- ქ------ის სახლის სახურავის ღვარსადენი მილიდან მოსარჩელის ნაგებობისათვის რაიმე ზიანის მიყენების ფაქტი.

 

2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 180-ე, 992-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე,103-ე, 105-ე-106-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

 

2.5.1. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობდა ამჟამად მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ 1985 წელს სახლის შეძენის დროს და 2012 წლის ივნისამდე საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ. დადგენილი იქნა, რომ გ------- მ------–---–მა 2012 წლის ივნისის თვეში ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, რა მიზნითაც გ------- მ------–---–ს დაევალა გაეხსნა მის მიერ ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი და შესაბამისად დაეკისრა ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის ვალდებულება.

 

2.5.2. მოცემულ შემთხვევაში ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული საქმისათვის, დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ს, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის თმენისათვის მიეცა კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 30 ლარი, რომლის გადახდაც დაევალა ნ--- ქ------ეს.

 

2.5.3. სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილზე დათვალიერების შედეგად არ დადასტურდა ნ--- ქ------ის მხრიდან რაიმე უკანონო ზემოქმედების ფაქტი გ------- მ------–---–ის საკუთრების მიმართ, კერძოდ, მისი სახლის ღვარსადენიდან მოსარჩელის სათავსოზე წყლის ჩადინების (გადადინების) შედეგად სათავსოს კედლების ან სახურავის დაზიანების ფაქტი.

 

2.5.4. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ იქნა დადგენილი მოპასუხე მხარის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერცერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ეს მისი სახლის სახურავის ღვარსადენი მილი განზრახ ჰქონდა მიმართული მოსარჩელე მხარის სათავსოსკენ და წყლის ნაკადით აზიანებდა მის ეზოში ჩადგმულ ნაგებობას. აღნიშნული არ დადასტურდა არც ადგილზე დათვალიერების შედეგად.

 

2.5.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელე გ------- მ------–---–მა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დაარეგისტრირა 2014 წლის 04 ივლისს, მას სწორედ აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა მისი საკუთრებით სარგებლობისათვის კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება. რაზეც დაკმაყოფილდა კიდეც მისი მოთხოვნა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით და ნ--- ქ------ეს მოსარჩელე გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის თმენისათვის, მიეცა ფულადი ანაზღაურება ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით და რომ შესაბამისად მოთხოვნები კომპენსაციის კორექტირებისა და 1988-2012 წ.წ. პერიოდისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლო იყო.

 

2.5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 992-ე მუხლით დაყენებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძვლები და რომ სხვა მოთხოვნებიც სამართლებრივი თვალსაზრისით მოკლებული იყო დასაბუთებას.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე გ------- მ------–---–მა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელი და გაუგებარია. მისი მითითებით, მან უარი თქვა მოპასუხეზე 450 ლარისა 8280 ლარის დაკისრებაზე. ხოლო სასამართლომ თავი აარიდა და არ გამოიტანა გადაწყვეტილება შემდეგ მოთხოვნებზე:

1. დაევალოს მოპასუხე ნ--- ქ------ეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს №2/428-14 გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური კომპენსაციის 30 ლარის გადახდა, 2016 წლის იანვრის თვისათვის, რაც გადახდილი არა აქვს;

2. მოხდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს №2/428-14 გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული კომპენსაციის - 30 ლარის კორექტირება, გადახდის დროს არსებული ფულადი კურსის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინებით;

3. დაევალოს მოპასუხე ნ--- ქ------ეს საერთო სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო მილის გაწმენდაში სოლიდარულად მონაწილეობის მიღება.

 

3.2. აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 389-ე, 960-ე მუხლებზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.2. ფაქტობრივი დასაბუთება:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.9. პუნტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.2.1. 2014 წლის 04 ივლისამდე ქ. ქ-------ში, დ. თ------------–ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 419.00 კვ.მ., რომელზეც გადის მხარეთა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი, დარეგისტრირებული იყო ე. ქომეთიანის საკუთრებად, ხოლო 2014 წლის 04 ივლისს, N1-------- კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღირიცხა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებად (დამოწმების თარიღი: 01/07/2014წ.). მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ცხოვრობს ქ.ქ-------ში, დ.თ------------–ის ქ.3--ში, ხოლო მოპასუხე ნ--- ქ------ე ცხოვრობს ქ. ქ-------ში, ბ------ის ქ.№2--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. მხარეთა უძრავი ქონებები (მიწის ნაკვეთი) განთავსებულია მომიჯნავედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯრო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 20-21);

-სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ 17-19);

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2.2. ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით.

სასამართლო აღნიშნულის თაობაზე ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

4.2.3. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ქ------ეს გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის, სახელდობრ კანალიზაციის მილების მის მიწის ნაკვეთზე გატარებისათვის, კომპესაციის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 30(ოცდათი) ლარის გადახდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის მთელ პერიოდზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.12)

 

4.3. სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.3.1. აპელანტ გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ დაუკმაყოფილებელ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) ნ--- ქ------ისათვის ქ-------ის საქალაქო სასამართლოს №2/428-14 გადაწყვეტილების საფუძველზე მის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური კომპენსაციის 30(ოცდაათი) ლარის 2016 წლის იანვრის თვის გადაუხდელი თანხის გადახდა. აღნიშნულის სამართლებრივ საფუძვლად კი მოსარჩელის მიერ მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე.

 

სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ ზემოხსენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, საპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში ქ-------ის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მოცემული საქმისათვის, დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ს, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის თმენისათვის მიეცა კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობის თანხა, რომლის გადახდაც დაევალა მოპასუხე ნ--- ქ------ეს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.

 

განსახილველ შემთხვევაში, რადგან ნ--- ქ------ეს აპელანტის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით 2014 წლის 04 ივლისიდან დაკისრებული აქვს ყოველთვიური კომპენსაცია 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით. თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მას შეუძლია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი და კანონით დადგენილი წესით აწარმოოს მის მიმართ იძულებითი აღსრულება. შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა აღარ წარმოადგენს სასამართლოს მიერ განსახილველ მოთხოვნას. ამდენად, საქმის წარმოება ამ ნაწილში უნდა შეწყდეს.

 

4.3.2. აპელანტ გ------- მ------–---–ის გასაჩივრებულ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს №2/428-14 გადაწყვეტილებით მოპასუხეზე დაკისრებული კომპენსაციის - 30 ლარის კორექტირება, გადახდის დროს არსებული ფულადი კურსის მიხედვით, ინფლაციის გათვალისწინებით. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად კი მის მიერ მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა ფულადი ვალდებულება, რა დროსაც ფულადი ვალდებულების ოდენობა განსაზღვრულია, თუმცა ვალდებულების წარმოშობის დღიდან ვალდებულების შესრულების დღემდე ვალუტის კურსი ან ფულის ერთეული შეიცვალა. ნორმის მიზანია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ნორმის განმარტება, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი თვალსაზრისით, სწორედ აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ნორმის სწორი ინტერპრეტაციისათვის კი დადგენილ უნდა იქნეს ნორმაში გამოყენებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამართლის თეორიისა და სასამართლო პრაქტიკის ურთიერთშეუსაბამობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ამდენად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივი მონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს). სასამართლო პრაქტიკამ აღნიშნული შედეგების მოწესრიგება იმ სამართლებრივ შედეგს დაუკავშირა, რაც ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან მომდინარეობს, კერძოდ, ანგარიშსწორების განხორციელება ფულის მსყიდველობაუნარიანობის გათვალისწინებით ანუ იმ კურსით, რომელსაც ვალდებულების წარმოშობის დროს ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლას ან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელია.

 

განსხილველ შემთხვევაში აპელანტი ითხოვს ნ.ქ------ეზე კომპენსაციის სახით დაკისრებული თანხის - 30 ლარის (რომელიც დაკისრებული აქვს 2014 წლის 04 ივლისიდან) კორექტირებას ინფლაციისა და კურსის ცვლილებების შესაბამისად. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს არც სახელმწიფო ფულის ნომინალის ცვლას და არც ჰიპერინფლაციას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

 

4.3.3. რაც შეეხება აპელანტ გ------- მ------–---–ის მიერ საპელაციო საჩივრით დაყენებულ მე-3 სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაევალოს საერთო სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო მილის გაწმენდაში სოლიდარულად მონაწილეობის მიღება, აღნიშნულთან დაკავშირებით საპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთზე კანონით დადგენილი წესით იმსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია მის სასარგებლოდ ნ--- ქ------ისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი 2016 წლის იანვრის თვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით - უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

 

1. გ------- მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3.გ------- მ------–---–ის სარჩელით წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომლითაც მოთხოვნილია გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ ნ--- ქ------ისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი 2016 წლის იანვრის თვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრება 30(ოცდაათი) ლარის ოდენობით -შეწყდეს საქმის წარმოება;

 

4.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5.აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

6.მხარეებს განემარტოთ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

7.საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

9.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

10.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე