განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.06.2018
საქმის ნომერი
351210017001858553
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №351210017001858553

2ბ/968-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

“ 08 ” ივნისი, 2018წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ოთარ სიჭინავა

 

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი _ _ _ ა---------– გ----------ი ნ-----–---- გ--–-–---–ი კ---- კ-----–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 12.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 05.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 12.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა---------– გ----------ის სარჩელი მოპასუხე ნ-----–---- გ--–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 05.12.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდეს ა---------– გ----------ის საჩივარი; ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:

 

2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 2. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

 

2.2. 2017 წლის 12 სექტემბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ა---------– გ----------ი, რომელსაც სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, . მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.“

 

2.4. ა---------– გ----------ს მოსამზადებელი სხდომის თარიღი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის შესაბამისად, რადგან სხდომის თარიღი სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ეცნობა 2017 წლის 11 აგვისტოს პირადად, რაც დასტურდება აქტით ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ.

 

2.5. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ. სასამართლოს აღნიშნული გარემოებების გამო მიაჩნია, რომ მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზითაა გამოწვეული (სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილი არ არის), რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის შუამდგომლობა და გამოტანილი იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით განჩინებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს გარემოებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ან პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო უნდა გაუქმდეს, თუ მხარეს კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარდა სასამართლო უწყება, ასევე თუ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ისეთი საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მოპასუხეს არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

2.8. ა---------– გ----------ი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ნათესავის გარდაცვალების გამო სხვა დასახლებულ პუნქტში გაემგზავრა და ტრანსპორტის პრობლებების გამო დროულად ვერ დაბრუნდა რუსთავში.

 

საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს, მას სატელეფონო შეტყობინებით 2017 წლის 12 აგვისტოს სასამართლოს მოხელემ აცნობა, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს დანიშნულია მოსამზადებელი სხდომა მის სარჩელზე ნ-----–---- გ--–-–---–ის მიმართ. ამდენად, სადაო არ არის, რომ მოსარჩელისათვის სხდომის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით - ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

2.9. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - სასამართლოში 2017 წლის 12 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, სასამართლოსთვის ცნობილი არ იყო მისი გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი და მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

 

საჩივრის განხილვის ეტაპზე უნდა შემოწმდეს აღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

2.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რადგან საჩივარში მითითებული სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიოდ ვერ ჩაითვლება.

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია თუ რა ჩაითვლება საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. ამ ნორმის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

 

ამდენად, საპროცესო კოდექსის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია შემდეგი საფუძვლებით: ა) სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233 -ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები; ბ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც გამოუცხადებელ მხარეს არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ-ის 241-ე მუხლი).

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის, მათ შორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელთა გამო მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელია საპროცესო მოქმედების შესრულება, სხდომაში მონაწილეობა.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რომლის შესახებ მხარეს არ შეეძლო სასამართლოსთვის დროულად ეცნობებინა. ასეთი შეიძლება იყოს მხარისაგან გაუთვალისწინებლად ან მოულოდნელად წარმოშობილი გარემოებები, რომლის გათვალისწინება მხარეს არ შეეძლო და წარმოიქმნა ისეთი დროს, როცა სასამართლოს ამ გარემოების შესახებ ვერ შეატყობინებდა.

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია ისეთი მოვლენა, რომლის შესახებ მხარეს არ შეეძლო დროულად შეეტყობინებია სასამართლოსთვის. ამდენად, ეს ნორმა მხარეს ათავისუფლების ისეთ მოვლენაზე პასუხისმგებლობისაგან, რომელსაც მხარე სათანადო წინდახედულების გამოჩენის შემთხვევაშიც ვერ აიცდენდა.

 

სასამართლო ასეთ გარემოებებად ვერ მიიჩნევს საჩივარში მითითებულ ფაქტებს. მოსარჩელის განმარტებით, იგი სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა დუშეთის რაიონში, შატილის მხარეში, ხევსურეთში ნათესავის გარდაცვალების გამო და სხდომის დღეს დილით აპირებდა რუსთავში გამომგზავრებას სხდომაზე დასასწრებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შატილი არის მაღალმთიანი დასახლება და სადაც რეგულარული, ყოველდღიური საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა არ არის მაღალმთიანი რელიეფის და რთული საგზაო პირობების გამო. ა---------– გ----------ი შატილში გაემგზავრა სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, რის გამოც მას შეეძლო იმის გათვალისწინება, რომ ბუნებრივი პირობების გამო შესაძლოა წარმოქმნილიყო შეფერხებები მგზავრობის დროს და სასამართლო სხდომის დროისათვის ვერ მოეხერხებინა რუსთავში ჩამოსვლა და სხდომაზე დროულად გამოცხადება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობიდან გამომდინარე, მხარემ უნდა დაიცვას წინდახედულობის ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული მისთვის არახელსაყრელი შედეგის დადგომა. სწორედ ეს პრინციპია გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია ისეთი განსაკუთრებული გარემოები, რომლის შესახებ მხარეს არ შეეძლო დროულად მიეწოდებინა სასამართლოსთვის ინფორმაცია. ასეთ გარემოებად ვერ შეფასდება საჩივარში მითითებული ფაქტები, რადგან მოსარჩელეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შატილის, ხევსურეთის ბუნებრივი პირობებების და გზის განსაკუთრებული სირთულის გამო შესაძლოა შეფერხება წარმოქმნილიყო და დროულად ვერ გამოცხადებულიყო სასამართლოში სხდომაზე დასასწრებად.

 

ამდენად, საჩივარში მითითებულია სხდომაზე გამოუცხადებლობის ისეთი გარემოება, რომლის გათვალისწინება მოსარჩელეს წინასწარ შეეძლო. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება და წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიემგზავრებოდა შატილში ნათესავის გარდაცვალების გამო.

 

ამდენად, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო გარემოებითაა გამოწვეული, რის გამოც არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მართალია ა---------– გ----------ს 2017 წლის 11 აგვისტოს შეატყობინებს სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა 12 სექტემბერს იგი იმყოფებოდა თავის რეგისტრაციის მისამართზე, დუშეთის რაიონის ს------–---------–------–-, სადაც წინა დღეებში ოჯახური საჭიროების გამო ჩავიდა. აპელანტი შეუძლოდ გახდა და უკან დაბრუნება დროულად ვერ შეძლო. აპელანტის განმარტებით, სოფელში მთაგორიანი რელიეფია და მობილური ტელეფონით კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელია, არ არის აფთიაქი და ექიმი, არის ტრანსპორტის პრობლემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა---------– გ----------ის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თაობაზე, თუმცა ფორმალურად აპელანტი მხარე უწყებით არ გამოუძახებიათ. ა---------– გ----------ს გამოცხადების ვალდებულების შესახებ არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

 

3.3. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს უნდა განესაზღვრა წინასწარ ის ფაქტი, რომ ბუნებრივი პირობების გამო შესაძლოა წარმოქმნილიყო შეფერხებები მგზავრობის დროს და ვერ მოეხერხებინა სხდომაზე გამოცხადება. აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია, როგორ უნდა ევარაუდა ა---------– გ----------ს, რომ სოფელში შეუძლოდ გახდებოდა.

 

4.გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების ძალაში დატოვების დასაბუთება

 

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. 27.03.2017წ. გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა---------– გ----------მა მოპასუხე ნ-----–---- გ--–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (ტ. I, ს.ფ. 1-13).

 

4.2. გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 07.08.2017წ. განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 12.09.2017წ.13:30 საათზე (ტ.I, ს.ფ. 55,56).

 

4.3. პალატა ეთანხმება სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტი ა---------– გ----------ი 12.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

როგორც საქმის მასალებით დგინდება, ა---------– გ----------ი 12.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იქნა სატელეფონო შეტყობინების გზით (ტ.I, ს.ფ. 58). კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი აქტით დგინდება, რომ 11.08.2017წ. სასამართლო მოხელე ტელეფონით დაუკავშირდა ა---------– გ----------ს თავად მის მიერ სარჩელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე და პირადად აცნობა 12.09.2017წ.13:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. აქტის თანახმად, ადრესატს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (ტ. 1, ს.ფ. 58).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო უწყება 12.09.2017წ. სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ა---------– გ----------ს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტი ა---------– გ----------ი (მოსარჩელე) 12.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტი ა---------– გ----------ი (მოსარჩელე) 12.09.2017წ. სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ იგი იმყოფებოდა დუშეთის რაიონის ს------–---------–------–-, სადაც შეუძლოდ გახდა და უკან დაბრუნება დროულად ვერ შეძლო. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ სოფელში მთაგორიანი რელიეფია და მობილური ტელეფონით კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელია, არ არის აფთიაქი და ექიმი, არის ტრანსპორტის პრობლემა.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთის არსებობაზე ვერც აპელანტი მხარე მიუთითებს. ამდენად, არ დასტურდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას და სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და მხარეთა თანასწორობის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მხარის უფლებები. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების წინაპირობა.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.I, ს.ფ. 119 ).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ა---------– გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 12.09.2017წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 05.12.2017წ. განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ოთარ სიჭინავა