განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2018
საქმის ნომერი
330100118002403163
ინსტანცია
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002403163

საქმე №1ბ/769-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლე----–----–---–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გე------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არ მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: თბილისი, ლ-------------, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ქ-------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით გე------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გე------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

გე------------ე 5 წლის ასაკამდე იზრდებოდა დეიდასთან - ნი---–-------–---–თან, თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ში. 2017 წლის სექტემბრიდან, ნი---–-------–---–ის ნებართვით, გე------------ემ მეუღლესთან ერთად დეიდასთან კვლავ გააგრძელა ცხოვრება 2018 წლის 23 იანვრამდე და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვიდრე იგი საზღვარგარეთ წავიდოდა. 2018 წლის 28 თებერვალს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გე------------ემ ნი---–-------–---–ისგან უარი მიიღო ბინაში ცხოვრებაზე, რის გამოც მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

 

2018 წლის 02 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნი---–-------–---–თან ბინაში მივიდა მისი და - ნო--------–---–ი და დისშვილი - გე------------ე. რადგან გე------------ე გაბრაზებული იყო დეიდაზე, კარის გაღებისთანავე შევარდა და თმებზე მოქაჩა ნი---–-------–---–ს, თან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ დანა ამოიღო და ჭრილობა მიაყენა ჯერ მარცხენა ბარძაყში, შემდეგ კი დანა დაარტყა მარჯვენა ხელში იმ დროს, როცა ნი---–-------–---–ი ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. გე------------ის ქმედების შედეგად ნი---–-------–---–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლე----–----–---–---მა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გე------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ჩადენის ხერხს, სიმძიმეს და მსჯავრდებულის პიროვნებას, კერძოდ, გე------------ემ დანაშაულის ჩადენისას გამოიყენა დანა, რაც მიუთითებს მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, მიუთითებს, რომ მას ზოგადად, ნებისმიერ დროს აქვს დანის გამოყენების განზრახვა. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ გე------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენის ფაქტი, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნი---–-------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნო---------–---–ის, ნო--------–---–ის, ავ--------–----------ის, ლა-–---–----ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ტანსაცმლის ამოღების ოქმი, საინფორმაციო ბაზის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, 2018 წლის 26 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, 2018 წლის 13 აპრილის N3------- დასკვნა და ასევე სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ მართალია გე------------ემ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაც მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, მაგრამ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან, მათ შორის კომფლიქტი ამოწურულია. ამასთან, ჰყავს მეუღლე და შვილი, აპირებს მუშაობის დაწყებას, ორ თვეზე მეტი ვადით იმყოფებოდა პატიმრობაში. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლე----–----–---–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გე------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

გე------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

გე------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 მარტიდან - 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ გე------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

ნივთიერი მტკიცებულებები:

შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ანაწმენდები და თეთრი ნაჭერი, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დაზარალებულისგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ხოლო, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები, ჩაწერილი ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე