განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
190210014622004
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/369-16 13 მარტი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი – ი---------------ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ--------–--------ე (მოსარჩელე, (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

 

წარმომადგენელი - მ--–-------–------–---–ი

 

დავის საგანი სარჩელით _ ფულადი ვალდებულების შესრულება

 

დავის საგანი შეგებებული სარჩელით _ გარიგების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს საქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, გ---------–--------ის სარჩელი, მოპასუხე ი---------------ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

 

ი---------------ს გ--------–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

 

ი---------------ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

ი---------------ს გ--------–--------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 210.67 (ორას ათი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. 2011 წლის 20 ივლისს ი---------------ის მიერ შედგა ხელწერილი, რომელიც დასათაურებულ იქნა, როგორც სასესხო ხელშეკრულება. ამ ხელწერილის შინაარსის მიხედვით, ი---------------ი ადასტურებდა, რომ გ--------–--------ისგან 2011 წლის 20 ივლისს სესხად მიიღო 4000 აშშ დოლარი და აიღო ვალდებულება, რომ სესხს დააბრუნებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლომდე, რასაც ადასტურებდა ხელმოწერით.

 

2.2.2. 2011 წლის 20 ივლისს გ--------–--------ეს და ი---------------ს, როგორც პ---–-----–--ის წარმომადგენელს შორის, გაფორმდა სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს ,,ე---------”- ის საწესდებო კაპიტალში (500 ლარი) თავისი კუთვნილი 4,9% წილი. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 5000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.

 

2.2.3. 2011 წლის 20 ივლისს დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა---------–----------ისგან პ---–-----–--ის წარმომადგენელმა ი---------------მა იყიდა შპს ,,ე---------”- ის საწესდებო კაპიტალში (500 ლარი) თავისი კუთვნილი 6% წილი, ხოლო მყიდველმა იყიდა ეს წილი პ---–-----–--ის სასარგებლოდ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.

 

2.2.4. 2011 წლის 20 ივლისს დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა-–-----------------ისგან პ---–-----–--ის წარმომადგენელმა ი---------------მა იყიდა შპს ,,ე---------” საწესდებო კაპიტალში (500 ლარი) თავისი კუთვნილი 4.9% წილი, ხოლო მყიდველმა იყიდა ეს წილი პ---–-----–--ის სასარგებლოდ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.5. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, იყო თუ არა 2011 წლის 20 ივლისს შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილი თვალთმაქცური გარიგება, ატარებდა თუ არა იგი მოჩვენებით ხასიათს და სურდათ თუ არა მხარეებს ამ გარიგებით სხვა გარიგების გადაფარვა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილად მოპასუხე ი---------------ის მიერ მითითებული გარემოება მასზედ, რომ 2011 წლის 20 ივლისს შედგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულებით უნდა დაფარულიყო მხარეთა შორის შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და რომ ამ ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ი---------------ი და გ--------–--------ე.

 

სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეზე წარდგენილი არცერთი მტკიცებულებით. თავად ი-----------------ს მიერ შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელზე თანდართული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, გარიგების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ, საზოგადოების აქციონერები: გ--------–--------ე, ა-–----------------ე და ა---------–---------ე, ხოლო მეორეს მხრივ, ი---------------ი, როგორც პ---–-----–--ის წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოებაში წილს ყიდულობდა მარწმუნებლის სასარგებლოდ. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, თუ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა ნასყიდობის ფასზე დამატებით შეთანხმებას, ვალდებულება უნდა აეღო პ---–-----–--ეს ან ი---------------ს, როგორც პ---–-----–--ის წარმომადგენელს. წარმომადგენლობაზე ან პ---–-----–--ის ვალდებულებებზე, წარდგენილ ხელწერილში საუბარი არ იყო. თავად ხელწერილის ნამდვილობას ი---------------ი სადავოდ არ ხდიდა. ხელწერილის, როგორც სიტყვა-სიტყვითი აზრიდან, ისე მისი შინაარსიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოადგენდა ი----- კ--------ი პირადად. ამასთან, სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ნასყიდობის ფასი, მითითებული იყო, რომ იგი გადახდილ იქნა სანოტარო წესით ხელშეკრულების დღისთვის. ნასყიდობის ფასზე დამატებითი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა არც მოწმეების: ა---------–---------ის და ა-–----------------ის მიერ.

 

2.2.6 სასამართლომ არ გაიზიარა ასევე მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნულ სარჩელს ხანდაზმულობისგან იცავდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლები, რადგან ხანდაზმულობის ვადაში ანუ 2014 წლის 30 სექტემბერს, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სარჩელი არ იქნა განსახილველად მიღებული, რის შემდეგაც 2014 წლის 17 ოქტომბერს, ანუ 6 თვის ვადაში წარდგენილ იქნა ახალი სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რის გამოც შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

2.2.7 სესხის აღების შესახებ ხელწერილში მითითებული თანხა 4 000 აშშ დოლარი ი---------------ს არ დაუბრუნებია გ--------–--------ისთვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად ვერ იქნა უარყოფილი მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე ი---------------ს სესხად აღებული

4 000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია გ--------–--------ისთვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ი---------------ის მიერ შედგენილი ხელწერილი (სასესხო ხელშეკრულება), მისი სიტყვა-სიტყვითი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარიგებას სესხზე, სადაც მსესხებელია ი---------------ი პირადად, ხოლო გამსესხებელს წარმოადგენს გ--------–--------ე.

 

2.3.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. სსს კოდექსის 140-ე მუხლი კი ითვალისწინებს, რომ თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული, რადგან ვალდებულების შესრულების ვადად მხარეების მიერ განსაზღვრულ იქნა 2011 წლის სექტემბრის ბოლო, ე.ი. 30 სექტემბერი.

2014 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელე გ--------–--------ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც სარჩელი არ მიიღო განსახილველად განსჯადობის წესების დარღვევის გამო.

2014 წლის 17 ოქტომბერს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში მოსარჩელემ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა დაცულია;

 

2.3.3. ი---------------ის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

ამავე კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით კი ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა გარიგების ბათილობის რამდენიმე სახეს იცნობს და ადგენს იმ კონკრეტულ ჩამონათვალს თუ რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს ცნობილი ბათილად მხარეთა შორის დადებული გარიგება, ესენია: მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი, გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო, მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი, გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო, გარიგების ბათილობა ქმედუუნარობის ან ფსიქიკური მოშლილობის გამო, ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. კანონმდებელი საცილო გარიგებათა რიცხვს მიაკუთვნებს ასევე იძულებით დადებულ გარიგებებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა ამტკიცოს იმ მხარემ რომელსაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს მსესხებელსა და გამსესხებელს წარმოეშვათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები;

 

2.3.4. სადავო გარიგება არ იქნა მიჩნეული თვალთმაქცურად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დადგა ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარდგენილი არ იყო და მასზე მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) მხარეს სარწმუნოდ არ მიუთითებია, შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ თუ აღნიშნული ხელწერილით დაიფარა ნასყიდობის ხელშეკრულება და იგი წარმოადგენდა ნასყიდობის ფასზე დამატებით შეთანხმებას, დავა შეიძლება გადაწყვეტილიყო დაფარული გარიგების წესების მიხედვით, როგორც ამას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი - თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამდენად, თუ ი---------------ი მიიჩნევდა, რომ ეს იყო ნასყიდობის ფასი, თავად დაადასტურა, რომ ეს ფასი მას არ გადაუხდია, იგი შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო ვალდებულ პირად ამ გარიგებიდან გამომდინარე, თუმცა მოპასუხე ვალდებულების შესრულებას არ მიიჩნევდა მიზანშეწონილად, არც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფასის შეუსაბამობის გამო.

 

ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელი იყო, რს გამოც იგი არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი ი---------------ი მიუთითებს გ--------–--------ის სარჩელის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე;

კერძოდ, აპელანტის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ „სასესხო ხელშეკრულების“ შესრულების ვადა იყო 2011 წლის სექტემბერი, სარჩელის აღძვრა დასაშვები იქნებოდა 30.09.14-მდე; მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი რუსთავის საქალაქო სასამართლოში შეტანილ იქნა 17.10.14-ში.

 

3.1.2. აპელანტის განცხადებით, დავის სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ 2011 წლის 20 ივლისს მას გ--------–--------ისგან სესხად არ აუღია 4 000 აშშ დოლარი და თანხის სესხების ფაქტს არც სხვა დროს ჰქონია ადგილი.

 

ი---------------ის განმარტებით, მას არც 2011 წლის 20 ივლისამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონია უშუალო, სატელეფონო კავშირიც კი გ--------–--------ესთან, 2011 წლის 20 ივლისს განხორციელდა მხოლოდ „სასესხო ხელშეკრულების გაფორმება და არა „სასესხო“ თანხის გადმოცემა.

 

აპელანტის განცხადებით, ასევე აღიარებულ იქნა, რომ გ--------–--------ის მონაწილეობით პარტნიორთა სამი პირისაგან შემდგარ ჯგუფთან ერთად გარიგება დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ჯამურ 16 000, არამედ 20 000 აშშ დოლარზე.

 

აპელანტი, აღნიშნავს, რომ შპს „ე---------“-ის შემთხვევაში ადრეც იყო ის ფაქტი, რომ დოკუმენტი ყოველთვის ზუსტად არ ასახავდა სინამდვილეს. ამ გარემოებაზე მიუთითებს მხარე სადავო გარიგებაზე მსჯელობისას;

 

აპელანტი მიუთითებს მოწმეთა მხრიდან წინასწარგანზრახულად ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე; კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ არასწორია მათ მიერ მიცემული ჩვენება იმის თაობაზე, რომ 20.07.11-ის შემდეგ მათ არავითარი კონტაქტი არ ჰქონდათ ი----- კოტოვანთან; აპელანტი აღნიშნავს, რომ ისინი უკავშირდებოდნენ მას ტელეფონით და ეს კავშირი ხორციელდებოდა 4 000 აშშ დოლართან დაკავშირებით. აპელანტის შეფასებით, ამ ფაქტით აიხსნება ის გაურკვეველი ვითარება, რომლის მიხედვით, ერთის მხრივ, გ--------–--------ემ მას ასესხა თანხა, ხოლო მეორეს მხრივ, ისე აღძრა სარჩელი სასამართლოში, რომ მანამდე არც დაკავშირებია მსესხებელს ვალის დაბრუნების მოთხოვნით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივებისა და მოთხოვნის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით, თანმიმდევრულად მიუთითებს და იმსჯელებს საქმის ვითარების თაობაზე. პირველ ყოვლისა, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ასახულ უდავო და დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

_ 2011 წლის 20 ივლისს ი---------------ის მიერ შედგა ხელწერილი, რომელიც დასათაურებულ იქნა, როგორც სასესხო ხელშეკრულება. ამ ხელწერილის შინაარსის მიხედვით, ი---------------ი ადასტურებდა, რომ გ--------–--------ისგან 2011 წლის 20 ივლისს სესხად მიიღო 4000 აშშ დოლარი და აიღო ვალდებულება, რომ სესხს დააბრუნებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლომდე.

 

_ 2011 წლის 20 ივლისს გ--------–--------ეს და ი---------------ს, როგორც პ---–-----–--ის წარმომადგენელს შორის, გაფორმდა სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შპს ,,ე---------”- ის საწესდებო კაპიტალში (500 ლარი) თავისი კუთვნილი 4,9% წილი. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 5000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.

 

_ 2011 წლის 20 ივლისს დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა---------–----------ისგან პ---–-----–--ის წარმომადგენელმა ი---------------მა იყიდა შპს ,,ე---------”- ის საწესდებო კაპიტალში (500 ლარი) თავისი კუთვნილი 6% წილი, ხოლო მყიდველმა იყიდა ეს წილი პ---–-----–--ის სასარგებლოდ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.

 

_ 2011 წლის 20 ივლისს დაიდო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა-–-----------------ისგან პ---–-----–--ის წარმომადგენელმა ი---------------მა იყიდა შპს ,,ე---------” საწესდებო კაპიტალში (500 ლარი) თავისი კუთვნილი 4.9% წილი, ხოლო მყიდველმა იყიდა ეს წილი პ---–-----–--ის სასარგებლოდ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების დღისთვის, მყიდველმა სრულად გადაიხადა, ხოლო გამყიდველმა სრულად მიიღო ნასყიდობის ფასი.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ აპელანტის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგებით _ 2011 წლის 20 ივლისს შედგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულებით, დაიფარა მხარეთა შორის შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება; ეს გარემოება არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, არ დასტურდება ასევე მოწმეთა ჩვენებებით; კერძოდ, ნასყიდობის ფასზე დამატებითი შეთანხმების არსებობა არ დადასტურდა ა---------–---------ის და ა-–----------------ის მიერ;

 

საქმის მასალებში განთავსებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, გარიგებების მხარეებს წარმოადგენდნენ ერთის მხრივ, საზოგადოების აქციონერები: გ--------–--------ე, ა-–----------------ე და ა---------–---------ე, ხოლო მეორეს მხრივ, ი---------------ი, როგორც პ---–-----–--ის წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოებაში წილს ყიდულობდა მარწმუნებლის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასაბუთებულია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ, თუ სადავო გარიგება ფაქტობრივად წარმოადგენდა ნასყიდობის ფასზე დამატებით შეთანხმებას, აღნიშნული ვალდებულება უნდა აეღო პ---–-----–--ეს ან ი---------------ს, როგორც პ---–-----–--ის წარმომადგენელს. ამგვარ წარმომადგენლობაზე ან პ---–-----–--ის ვალდებულებებზე, ხელწერილში არ არის მითითებული; ამასთან, სანოტარო წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებული იყო ნასყიდობის ფასი, მითითებული იყო, რომ იგი გადახდილ იქნა სანოტარო წესით ხელშეკრულების დღისთვის.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, შეგებებილ სარჩელზე მსჯელობისას სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 51-ე, 56-ე მუხლები; მართებულია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო სესხის ხელშეკრულების დადებისას დაცულია ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ხელშეკრულებაში მითითებულ მხარეებს მსესხებელსა და გამსესხებელს წარმოეშვათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები; არ დასტურდება სადავო გარიგების თვალთმაქცურობა, რადგან რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების ნების გამომვლენი სუბიექტების მიერ სხვა გარიგების დაფარვაზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის, მასზე მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) მხარეს სარწმუნოდ არ მიუთითებია და შესაბამისი მტკიცებულებები საქმეზე არ წარუდგენია.

4.3. რაც შეეხება თავად ხელწერილს (ს.ფ. 12), მისი შინაარსი მკაფიოა და ნათლადაა გადმოცემული, რომ გამსესხებელია გ--------–--------ე, მსესხებელია ი---------------ი, სესხის თანხაა _ 4 000 აშშ დოლარი, მისი დაბრუნების ვადა განსაზღვრულია 2011 წლის სექტემბრის ბოლომდე;

 

აქვე სააპელაციო პალატა მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე აპელანტის არგუმენტის უსაფუძვლობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

სესხის ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ვადად განსაზღვრულია 2011 წლის სექტემბრის ბოლო, ივარაუდება, რომ 30 სექტემბერი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 30 სექტმბერს მოსარჩელე გ--------–-------ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ი---------------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნული სარჩელი განსჯადობის წესების დარღვევის გამო არ იქნა მიღებული განსახილველად (ს.ფ. 13). საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში, მოსარჩელემ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. შესაბამისად, განსახილველი სარჩელი არ არის ხანდაზმული.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცების ტვირთის სწორი განაწილებით მიიჩნევს, რომ ი---------------ს ნამდვილად გააჩნია დავალიანება გ--------–--------ის მიმართ და სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხეზე დაკისრება საფუძვლიანია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პერეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ი---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/ გოგიტა თოთოსაშვილი/