განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330100116001628055, №1/ბ-264-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის მდივანი ბეატრიჩე პაპანდოპულოვი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---------------–--ე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გი------ ყ-------–ი, დაბადებული 199- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროს), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბ--–-----–--------–---–-------------;
ადვოკატი - ი--------------ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით (ჩაეთვალა მოხდილად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ გი------ ყ-------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გი------ ყ-------–ის უდანაშაულოდ ცნობა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, სასამართლომ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ამასთან არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს სურვილი არ მიეცა ინფორმაცია სამართალდამცავებისათვის და ასევე შეტყობინების შესაძლებლობა იმ მოკლე ვადაში. სასამართლო არც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მსჯელობს, რომ უმძიმესი დანაშაულის მომსწრეს და სროლების შუაგულში მყოფს, შეეძლო თუ არა იმის გაცნობიერება და იმაზე ფიქრი დაერეკა შესაბამის ორგანოებში, ასევე მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი რა შედეგი დადგა და რა დააზიანა გი------ ყ-------–ის ქმედებამ - შემთხვევიდან 10 წუთში შეუტყობინებლობით, მაშინ, როცა დანაშაულის ჩადენიდან 5 წუთში დამნაშავე უკვე დაკავებული იყო. დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას წარმოადგენს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, თავისუფლების აღკვეთის შეცვლა შინაპატიმრობით ან პირობითი მსჯავრით, ხოლო დამატებითი სასჯელის (რომლის შთანთქმაც მოხდა) უცვლელად დატოვება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის პირობებში მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება ქმედების ხასიათსა და გი------ ყ-------–ის პიროვნებას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
ბრალდების მხარის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და ემყარება საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გი------ ყ-------–ის ბრალეულობას (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, გი------ ყ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ:
ბა----- ნ--------ეს წლების წინ სო-----------ესთან კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა, რის გამოც თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და შურისძიებისათვის ხელსაყრელ გარემოებას ეძებდა. 2016 წლის 2 სექტემბერს, ბა----- ნ--------ე მეგობრებთან: გი------ ყ-------–თან, ო--------------–---–თან, თ---------–--–---–---–თან და ს---------------–-–---–თან ერთად ქ.თბილისში, აბ-–--ის ქუჩაზე მდებარე კაფე ,,ს----–თან“ იმყოფებოდა, რა დროსაც ,,რენჯროვერის“ მარკის ავტომობილით (სახ. ნომერი D--------) მიმავალი სო-----------ე შენიშნა. ამ უკანასკნელის დანახვისთანავე გადაწყვიტა მას გასწორებოდა და მეგობრებთან ერთად ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომობილით, რომელსაც თ---------–--–---–---–ი მართავდა, სო-----------ეს გამოედევნა. დაახლოებით 14 საათსა და 50 წუთზე, თა------–---–ისა და ფა-–--–---–ის ქუჩების კვეთაზე, შუქნიშანთან წარმოქმნილი საცობის გამო სო-----------ემ ავტომობილით მოძრაობა შეანელა. ამ გარემოებით ისარგებლა ბა----- ნ--------ემ, ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომობილიდან გადავიდა, მოიმარჯვა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,ჩზ-85-ის“ (N-----) მარკის პისტოლეტი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, მიუახლოვდა ,,რენჯროვერის“ მარკის ავტომობილს და პირადი მოტივით, შურისძიების ნიადაგზე განზრახ მოკვლის მიზნით, პირდაპირი დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით საჭესთან მჯდომი სო-----------ე მოკლა. მანვე ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით ავტომობილის წინა მარჯვენა სავარძელზე მჯდომ სო------------ის მეგობარ ზა--------------–---–ს განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბა----- ნ--------ემ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით ჩაიდინა სო-----------ის განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ზა--------------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
გი------ ყ-------–მა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა ბა----- ნ--------ესთან ერთად და ნამდვილად იცოდა, რომ ბა----- ნ--------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - სო-----------ის განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებებში ზა--------------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, გი------ ყ-------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გი------ ყ-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 45000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ - 45 000 ლარის ოდენობით შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით და გი------ ყ-------–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით.
გი------ ყ-------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები ბრალდების მხარესა და ბრალდებულებს: ს---------------–-–---–ს, ო--------------–---–ს და თ---------–--–---–---–ს შორის. აღნიშნული პირები ასევე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გი------ ყ-------–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების (დაზარალებულ ზა--------------–---–ის დაკითხვის ოქმის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ქე--------------ის დაკითხვის ოქმის, მოწმეების - რა------–---------–---–ის, ნი-----------–--ის, ვა–---------ის, კა--------------ის, ბე----------–---–ის, გი------ ყვ-----–-–---–ის, ზუ--------------–-–---–ის, გი------ მა-----–---–ის, არ---–-----–--–-–---–ის, ზა------–-----ის, და----------ის, თ---------–--–---–---–ის, ო--------------–---–ისა და ს---------------–-–---–ის დაკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ბა----- ნ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმის, ამოღებული ნივთმტკიცებების, ამოღებული ვიდეოჩანაწერების და მათი დათვალიერების ოქმების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის განაჩენის, ექსპერტების: ბე-----------ის, გი----------ის, შა-–------------ის, ვე------------ას და და-------------–იას ჩვენებების და საქმის სხვა მასალების) ერთობლიობით, რომელთა ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გი------ ყ-------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დადგენილი იყო სო-----------ის განზრახ მკვლელობისა და ზა--------------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის ის გარემოებები, რომ თ---------–--–---–---–ის ავტომანქანაში იმყოფებოდნენ ბა----- ნ--------ე, გი------ ყ-------–ი, ო--------------–---–ი და ს---------------–-–---–ი. თ---------–--–---–---–ი გაჰყვა სო-----------ის ავტომანქანას ბა----- ნ--------ის მითითებით, მანვე მანქანაში მყოფ ო--------------–---–ს გახადა მაისური, რომელიც თავზე მოიფარა და გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, გაიქცა სო-----------ის ავტომანქანისკენ და განახორციელა არაერთჯერადი გასროლა. აღნიშნულ ვითარებას შეესწრნენ გი------ ყ-------–ი, ო--------------–---–ი, ს---------------–-–---–ი და თ---------–--–---–---–ი. მათ შორის გი------ ყ-------–ი სირბილით გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.
გი------ ყ-------–ის ჩვენებით, 2016 წლის 2 სექტემბერს, ბა----- ნ--------ესთან (ბა-----ა) ერთად იმყოფებოდა კაფე-ბარ ,,ს----–იში’’, საიდანაც თ---------–--–---–---–ის ავტომანქანით უნდა წასულიყვნენ წყნეთში. როდესაც ფა-–--–---–ის ქუჩიდან ჩაუხვიეს რი---------ზე, ბა----- ნ--------ე გადავიდა ავტომანქანიდან და წამებში მოხდა ეს ამბავი. ავტომანქანის საჭესთან იჯდა თ---------–--–---–---–ი, მძღოლის უკან ბა----- ნ--------ე (ბა-----ა), თვითონ მძღოლის გვერდით სავარძელზე დაჯდა. სროლის ფაქტი მას არ დაუნახავს. ავტომანქანიდან ჯერ ბა----- ნ--------ე (ბა-----ა) გადავიდა, შემდეგ თვითონაც მიჰყვა, ამ დროს სროლა უკვე მომხდარი იყო. როდესაც ავტომანქანიდან გადავიდა, დაინახა, რომ დაჭრილი პიროვნება გადმოდიოდა ავტომანქანიდან, რომელსაც ეტყობოდა, რომ ცუდად იყო. ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა კაფე - ბარ ,,ს----–იში’’, სადაც მამამისის მეგობრები იმყოფებოდნენ, რომ მათთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ, რომ ის არაფერ შუაში იყო. კაფეში მისულს დახვდა ბა----- ნ--------ის (ბა-----ა) მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შეიტყო სო----------ის გარდაცვალების და ,,ბა-----ას“ დაკავების შესახებ. დაახლოებით 20 წუთში გავრცელდა შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რის შემდეგაც სახლში წავიდა. მომხდარის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების საჭიროება ვერ დაინახა, ვინაიდან ისედაც მთელმა თბილისმა იცოდა ყველაფერი. შეიძლებოდა მართლმსაჯულებას დახმარებოდა და ამაში თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა იმდენად ცხადი იყო ყველაფერი, რომ ამის საჭიროება ვერ დაინახა. იგივე გარემოებები დაადასტურა მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და დამატებით განმარტა, რომ პირადი მიზეზის გამო თავიდან ვერც კი გააცნობიერა რა მოხდა. არ დამალულა, არავის უთქვამს მისთვის, რომ უნდა გამოცხადებულიყო პოლიციაში, ამის გამო ვერ ხვდება რა დააშავა. მსჯავრდებულმა სხდომაზე ასევე ისაუბრა სხვა განაჩენებზეც და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ „ჩადებებზე“, რომლის გაცხადებასაც არ ჰქონდა აზრი. მოცემულ ეტაზპე მიიჩნევს, რომ სრულიად საკმარისი იყო თავისუფლების აღკვეთის ეს ერთი წელი.
პალატა დაცვის მხარის პოზიციას ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო: თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ გი------ ყ-------–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. ამასთან, თავად გი------ ყ-------–მა განმარტა, რომ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან კაფე „ს----–ში“, რომ მამამისის მეგობრებისთვის შეეტყობინებინა მომხდარი და ეთქვა, რომ თავად არაფერ შუაში არ იყო. შესაბამისად, ცხადია, რომ გი------ ყ-------–ისთვის ცნობილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და სახეზეა მისი უმოქმედობაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ განაჩენში, შეუტყობინებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს დამცველის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მხოლოდ ერთი წინადადება იმის თაობაზე, რომ პოლიციას მასზე უფრო ადრე ჰქონდა ინფორმაცია ხსენებული ქურდული სამყაროს წარმომადგენელთა საქმიანობაზე, ვერ გახდებოდა ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისა და მ. შ-ს გამართლების საფუძველი, ვინაიდან, ჯერ ერთი, მ. შ-სათვის არაფერი იყო ცნობილი იმის თაობაზე, პოლიციამ რა იცოდა და რა არ იცოდა; გარდა ამისა, მოქალაქე არ გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის მხოლოდ იმის გამო, რომ ის იმედოვნებდა – პოლიცია შეიძლება მის დაუხმარებლადაც ყოფილიყო ინფორმირებული დანაშაულის შესახებ; მესამეც, ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის დამნაშავის ახლო ნათესავიც, ვალდებულია აცნობოს პოლიციას დანაშაულის თაობაზე იმ მომენტში, როდესაც მზადდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ან როდესაც უკვე მიმდინარეობს მისი ჩადენა (ვრცლად იხილეთ 2016 წლის 24 მარტის №392აპ-15 განაჩენი).
მოცემულ შემთხვევაშიც, დაცვის მხარე უთითებს, რომ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი რა შედეგი დადგა და რა დააზიანა გი------ ყ-------–ის ქმედებამ - შემთხვევიდან 10 წუთში შეუტყობინებლობით, მაშინ როცა დანაშაულის ჩადენიდან 5 წუთში დამნაშავე უკვე დაკავებული იყო.
პალატას მნიშვნელოვნად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მნიშვნელობის განმარტება, რომლის ჩადენასაც ვერ აცნობიერებს გი------ ყ-------–ი. აღნიშნული მუხლით კრიმინალიზებულია მოქალაქეობრივი ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან/და ამ კოდექსის 254-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 2551 ან 2552 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შეუტყობინებლობით შესაძლოა ხელი შეეშალოს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ამასთან, მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ სამართლებრივი შეგნება მომხდარი მძიმე ანდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტი შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ისედაც ყველაფერი ცხადი იყო, არ ათავისუფლებდა გი------ ყ-------–ს შეტყობინების ვალდებულებისგან. მას, როგორც მოწმეს და თვითმხილველს, რომელმაც იცოდა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, უნდა შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ამასთან, შეტყობინების საშუალების მოძებნა სირთულე არ უნდა ყოფილიყო, შეტყობინების ნების შემთხვევაში. მსჯავრდებულის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტული მიზეზის გამო ვერც კი გააცნობიერა განვითარებული მოვლენები, ვერ იქნება გაზიარებული. ფაქტია, რომ გი------ ყ-------–ი გაიქცა იმ ადგილიდან, სადაც ჩადენილი იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. მსჯავრდებულის განმარტება, რომ შემდეგ წავიდა სახლში და არ მიმალულა, არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. მისი განმარტებით, მოცემულ დრომდე ვერ ხვდება რა ჩაიდინა, რაც მიუთითებს სწორედ მის დამოკიდებულებაზე შეუტყობინებლობის ფაქტთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ გი------ ყ-------–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, არის სწორი.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრების, პირადი და ეკონომიკური პირობების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც იქნა დანიშნული სასჯელი, ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ სასჯელის დანიშვნის დროს არ მოხდა ქმედების ხასიათის და პიროვნების გათვალისწინება, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო გი------ ყ-------–ის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და შედეგი. მხედველობაშია მისაღები მისი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ, ასევე ის გარემოებაც, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის შემდეგ გასამართლებულია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც ახასიათებს მის პიროვნებას. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა გი------ ყ-------–ის ოჯახური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია. პალატა მიიჩნევს, რომ გი------ ყ-------–ს სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს მუხლის სანქციით თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმი და აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისი შემსუბუქება. ამასთან, პალატა იმედოვნებს, რომ გი------ ყ-------–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გი------ ყ-------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი გი------ ყ-------–ის მიმართ
გი------ ყ-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.
გი------ ყ-------–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 წლით თავისუფლების აღკვეთამ და დამატებითმა სასჯელმა ჯარიმამ - 45000 ლარის ოდენობით შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45000 ლარის ოდენობით და გი------ ყ-------–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45 000 ლარის ოდენობით
გი------ ყ-------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 29 დეკემბრიდან, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელი ჯარიმა 45000 ლარის ოდენობით ჩაეთვალოს მოხდილად.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ს---------------–-–---–ის ნერწყვისა და ანაწმენდის ნიმუშები, ო--------------–---–ისგან აღებული ნიმუშები, თ---------–--–---–---–ისაგან აღებული ნიმუშები, ავტომანქანა R-------- დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები და თ---------–--–---–---–ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები და ახსნილი ლუქები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ვიდეოჩანაწერები და სურათები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თო--------–--–---–---–ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;
თ---------–--–---–---–ის ავტომანქანის დათვალიერებისას და ავტომანქანა R-------- დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
თ---------–--–---–---–ის კუთვნილი ავტომანქანა და ავტომანქანის გასაღები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე