განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100114000580014
საქმე № 1ბ/303-18 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ხა----------------ის
ადვოკატების - ნუ--------------–--ის, პა-------------ის, მა-----------–--ის
მსჯავრდებულ - გი------------ას
გამართლებულ - ხა----------------ის
მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის და მსჯავრდებულ გი------------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლი საქმე:
ხა----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------; უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ. რუსთავი, კ--------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. რუსთავი, კ--------------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით;
გი------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------; უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ. თბილისი, ვ---------–------------------------------ში, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით:
ხა----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გი------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების თანახმად, გი------------ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხა----------------ეს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რაც გამოხატა შემდეგში:
რ----------–--------–---------------------ს დირექტორის 2002 წლის 28 იანვრის №7-- ბრძანების თანახმად, ხა----------------ე დანიშნულ იქნა კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური მეთვალყურეობის პალატის ექიმად (მორიგე ექიმი). 2012 წლის 06 ნოემბერს ექიმი-კარდიოლოგი ხა----------------ე იმყოფებოდა მორიგე ექიმად შპს ,,რ----------–--------–--------------------ს’’ კარდიოლოგიურ განყოფილებაში, რა დროსაც გი----------------ემ საავადმყოფოს მიმართა ჩივილებით: ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიციით გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მარცხენა ხელში, დაბუჟება ამავე კიდურში. პაციენტს გაეწია თერაპევტისა და ქირურგის კონსულტაცია, გადაეღო ელექტრო კარდიოგრამა რომელზედაც აღინიშნებოდა ST სეგმენტის ელევაცია 1.5 – 2 მმ-ით II; III aVF; V4 V5 V6 განხრებში. რის საფუძველზეც პაციენტი დამატებით საჭიროებდა გულის ულტრაბგერით გამოკვლევას, Troponini I-ის განსაზღვრას და გადაუდებელ მოთავსებას კარდიოლოგიური განყოფილების ინტენსიური თერაპიის ბლოკში. ელექტრო კარდიოგრამის გადაღების შემდეგ ექიმ-კარდიოლოგი ხა----------------ის მიერ გაშიფრულ იქნა ელექტრო კარდიოგრამა, დაესვა არასწორი კარდიოლოგიური დიაგნოზი და თერაპევტისათვის მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გი----------------ეს მწვავე კორონარული პათოლოგია არ აღმოაჩნდა და გამოირიცხა ეჭვი გულის იშემიასთან მიმართებაში. გი----------------ეს ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებოდა სათანადო ადექვატური კარდიოლოგიური მკურნალობა, ხა----------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროსკოპია. არსებული კარდიოლოგიური პათოლოგიის შეუსაბამო ჩატარებულმა მკურნალობამ გი----------------ის მდგომარეობა დაამძიმა, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვა მისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ხა----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ იყო წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდან ხა----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
განაჩენის მიხედვით, გი------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ანუ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის 10 დეკემბრის №9--- ბრძანების თანახმად, გი------------ა დანიშნულ იქნა შპს „ა-------------------–----------–------–--------–---------------------------–----ის“ მიმღები სექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 2012 წლის 06 ნოემბერს შპს „რ----------–--------–--------------------ს" მიმართა გი----------------ემ ჩივილებით ტკივილი ეპიგასტრიუმში, ირადიციით გულმკერდის მარცხენა ნახევარსა და მარცხენა ხელში, დაბუჟება ამავე კიდურში, სადაც მას კარდიოლოგი ხა----------------ის მიერ დაესვა არასწორი დიაგნოზი და არ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.
2013 წლის 22 თებერვალს გი------------ა იმყოფებოდა შპს ,,ა-------------------–----------–------–--------–--------------------------–----ა’’-ში მორიგე ექიმად მიმღებ სექციაში, რა დროსაც საუნივერსიტეტო კლინიკას ჩივილებით ,,მოვლითი ხასიათის ტკივილი ეპიგასტიუმში’’ მიმართა გი----------------ემ, სადაც მას გაეწია ქირურგის კონსულტაცია და გადაეღო მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია. სუბიეტური, ობიეტური და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე დაესვა დიაგნოზი მწვავე გასტრიტი; დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი. გაეწია შემდეგი სახის დახმარება: PO მიეცა ალმაგელი 20 მჰ, დაკვირვება დინამიკაში. ნაზოგასტრალური ზონდირების მცდელობის დროს აღენიშნებოდა პირღებინება, საკვების შემცველი კუჭის შიგთავსით. საუნივერსიტეტო კლინიკის მიმღების ექიმი გი------------ა ვალდებული იყო, რომ პაციენტი გი----------------ის ჩივილები ჩაეთვალა კარდიოლოგიურ პრობლემად, მოეხდინა ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რაც შეცვლიდა ძირითად დიაგნოზს და სწორად წარმართავდა მკურნალობას (პროტოკოლით ეპიგასტრიუმის არეში ტივილის დროს აუცილებელი იყო ქვედა კედლის ინფარქტის გამორიცხვა). მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ექიმი გი------------ას მიერ მკურნალობა წარიმართა გასტროენტეროლოგიური მიმართულებით; გი----------------ეს ტკივილი მოეხსნა, დამშვიდდა და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა კლინიკიდან, მაგრამ მგზავრობის დროს გახდა ცუდად და გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნის თანახმად: გი----------------ის სიკვდილის მიზეზია გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, ინფაქტი. განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების ფონზე. გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილიდან გასულია არანაკლებ 4-5 საათი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა და მსჯავრდებულმა გი------------ამ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება, ხა----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გი------------ას მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლა, კერძოდ, მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდება და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა მაქსიმალური ვადით, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს განაჩენში იმის მითითება, რომ ექსპერტიზის დასკვნები ეფუძნება ვარაუდს, შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ თავდაპირველად დასკვნის გამცემმა ექსპერტმა ან----------–-ამ ექსპერტიზაზე გადაგზავნილ მასალებში ვერ იპოვა რ----------–--------–--------------------ში გადაღებული კარდიოგრამა და ამიტომ მიუთითა დასკვნაში, რომ შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, სწორად დაისვა თუ არა დიაგნოზი. აღნიშნულის შემდეგ მას ხელახლა გაეგზავნა როგორც საქმის მასალები, ასევე კარდიოგრამა. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმის სახით სასამართლოში დაკითხულმა საქმის ძირითადმა გამომძიებელმა მა------------–---–მა. რაც შეეხება №0-------- ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ჩატარებულია სრულყოფილი დოკუმენტების საფუძველზე, მასში აღნიშნულია, რომ რ----------–--------–--------------------ში მიმართვისას გი----------------ეს აღენიშნებოდა კარდიოლოგიური პათოლოგია. თუმცა ჩატარებული მკურნალობა არ შეესაბამება არსებულ კარდიოლოგიურ პათოლოგიას. აპელანტის მითითებით, აღნიშნული დასკვნა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტის - ან----------–-ას მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელშიც მან აღნიშნა, რომ სწორად არ იქნა შეფასებული და დასმული დიაგნოზი და შესაბამისად, სწორად არ იქნა წარმართული მკურნალობა, ხა----------------ის მხრიდან ეს იყო შეცდომა, რადგან პაციენტი ბოლომდე არ იყო გამოკვლეული, ასევე არ იყო ასახული ჟანგბადის ნაკლოვანება გულის კუნთში. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ან----------–-ას ჩვენების ხაზგასმას ნაწიბურის ნაწილში, აპელანტმა მიუთითა, რომ ან----------–-ამ რუსთავში გადაღებულ კარდიოგრამას უწოდა არატრადიციული, რადგან კარდიოგრამაზე უკანა კედელზე ჩანდა ცვლილებები, მაგრამ ამ ინფარქტის ანარეკლი არ ჩანდა გულმკერდის განხრებში ანუ ინფარქტის რაღაც ნიშნები მაინც იყო. ან----------–-ამ დაადასტურა, რომ გი----------------ეს კარდიოგრამის მიხედვით ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები და ეს კარდიოგრამა იყო ატიპიური, რადგან არ განვითარდა ნაწიბური. თუ რატომ არ განვითარდა ნაწიბური, სასამართლო სხდომაზე ნათლად და გასაგებად განმარტეს ლა-–-------–--ემ და სო---------–-----მა.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საერთოდ მსჯელობის მიღმა დატოვა მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, კერძოდ: ექსპერტ მი-------–--------იძის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ გი----------------ეს ჰქონდა გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, რომლის ნიშნები რ----------–--------–--------------------ში გადაღებულ კარდიოგრამაზე უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, თუმცა ხა----------------ეს ეს არ აუსახავს კარდიოგრამაზე და არც ზეპირი განმარტება გაუკეთებია, რამაც გამოიწვია გი----------------ის მკურნალობის არასწორი დაგეგმვა და წარმართვა.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ რე------------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ გი----------------ის სიკვდილის მიზეზს წარმოადგენდა გულის ფუნქციის უკმარისობა მისი გადატანილი ინფარქტებისა და ახალი ინფარქტის რეპარაციის ფაზაში არსებობის გამო. მესამე ინფარქტი იყო დამაგვირგვინებელი და ხელშემწყობი ფაქტორი გულის მუშაობის შეწყვეტისა და მაშასადამე, პიროვნების გარდაცვალებისა. მანვე აღნიშნა, რომ ინფარქტგადატანილი ადამიანი ცოცხლობს ხელის შეწყობის პირობებში, კერძოდ, არ უნდა მოხდეს ფიზიკური და გონებრივი გადატვირთვა, უნდა იკვებოს გეგმაზომიერად და სიფრთხილეა საჭირო საექიმო მანიპულაციების ჩატარებისას. აპელანტმა აღნიშნა, რომ ამ სიფრთხილეს გი----------------ე ვერ გამოიჩენდა, ვინაიდან ხა----------------ემ მას არ უთხრა, რომ გულთან დაკავშირებით მას გარკვეული სახის პრობლემა ჰქონდა, ესე იგი მასთან არასწორად ჩატარებულმა საექიმო მანიპულაციებმა ხელი შეუწყო მის გარდაცვალებას.
სახელმწიფო ბრალდებელმა გი------------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი არ შეესაბამება საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს. გი------------ას მიმართ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ იგი სამართალწარმოების დაწყებიდან თითქმის ორი წელი თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და ხელს უშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო სასამართლოში გამოცხადებული კი ცდილობდა თავისი შეცდომა სხვადასხვა გარემოებებით აეხსნა, რათა პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩვრით მსჯავრდებულმა გი------------ამ მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა და დამატებითი სასჯელის შემცირება 5000 ლარამდე იმ საფუძვლით, რომ განაჩენით არ არის განსაზღვრული, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით და რა გარემოებების გათვალისწინებით მიიღო სასამართომ გადაწყვეტილება, რომ დამატებითი სასჯელის ზომად გამოეყენებინა 10 000 (ათი ათასი) ლარი. სასამართოს არ ჰქონდა საფუძველი, რომ დამატებითი ჯარიმის სახით ასეთი სოლიდური თანხა გამოეყენებინა, არც დანაშაულის სიმძიმიდან და არც მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩვარს, ასევე დაეთანხმა თავის სააპელაციო საჩვარს მსჯავრდებული გი------------ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო გამართლებულმა ხა----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ხა----------------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ხა----------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მათი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით, საკმარისი იქნებოდა დასკვნისათვის, რომ ხა----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ხა----------------ის ბრალდების ნაწილში პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სააპელაციო საჩივარში გაკეთებულ აქცენტებს ექსპერტიზების დასკვნებსა და ექსპერტთა ჩვენებების თაობაზე, კერძოდ:
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: 1-2. რ----------–--------–--------------------ში გი----------------ეს დაესვა თუ არა სწორი დიაგნოზი (მხოლოდ გასტროსკოპიული კვლევის დასკვნის საფუძველზე) თქმა შეუძლებელია. შპს ’’ა-------------------–----------–------–--------–---------------------------–----აში” გი----------------ეს დაესვა არასწორი დიაგნოზი. შესაბამისად გი----------------ეს, კარდიოლოგიური მკურნალობა არ ჩატარებია. 3-4. რ----------–--------–--------------------ში მიმართვისას (2012 წ. 06 ნოემბერს) გი-----ი ნ---------ეს შესაძლებელია უკვე აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რაიმე პათოლოგია, მაგრამ მანიფესტირებული იყო თუ არა, ამჟამად ამის თქმა შეუძლებელია, მით უმეტეს, ჩვენს ხელთ არსებული მწირი მონაცემების საფუძველზე (რ----------–--------–---------------------ს დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჟურმალი №13-ის ჩანაწერში იკითხება აწ გარდაცვლილის სახელი, გვარი მისამართი და დიაგნოზი. ჩატარებული მკურნალობა-უცნობია.) უნდა ვივარაუდოთ (დიდი ალბათობით) რომ კარდიოლოგიური მკურნალობა არ ჩაუტარდებოდა. 5. გვამის გამოკვლევისას მითითებული დიაგნოზი - გულის ქრონიკული იშემიური დაავადება შესაძლებელია უკვე აღენიშნებოდა აწ გარდაცვლილს რ----------–--------–--------------------ში ჰოსპიტალიზაციის დროს, ასევე შესაძლებელია იგი განვითარებულიყო მკურნალობიდან გარდაცვალებამდე არსებულ პერიოდშიც.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: 1-2. შპს ,,რ----------–--------–--------------------”-ში და შპს ,,ა------------–----------–------–--------–---------------------------–------ში” გი----------------ეს კარდიოლოგიური დიაგნოზი სწორედ არ დაესვა და შესაბამისად, ადექვატური კარდიოლოგიური მკურნალობა არ ჩატარებია. 3-4. რ----------–--------–--------------------ში მიმართვისას (2012 წლის 06 ნოემბერს) გი----------------ეს აღენიშნებოდა კარდიოლოგიური პათოლოგია, თუმცა ჩატარებული მკურნალობა არ შეესაბამება არსებულ კარდიოლოგიურ პათოლოგიას. 5. გვამის გამოკვლევისას მითითებული დიაგნოზი - გულის ქრონიკული იშემიური დაავადება შესაძლებელია უკვე აღენიშნებოდა აწ. გარდაცვლილის შპს ,,რ----------–--------–--------------------"-ში ჰოსპიტალიზაციის დროს, ასევე შესაძლებელია იგი განვითარებულიყო მკურნალობიდან გარდაცვალებამდე არსებულ პერიოდშიც. 6. შპს ,,რ----------–--------–--------------------"-ში და შპს "ა-------------------–----------–------–--------–---------------------------–----ა"-ში დასმული დიაგნოზი არ ჩაითვლება გი----------------ის გარდაცვალების მიზეზად, პირიქით, არადიაგნოსტირებულ კარდიოლოგიურ პათოლოგიას შედეგად მოჰყვა გი----------------ის გარდაცვალება.
აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ეკ------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას.
ხოლო, მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა ან----------–-ამ განმარტა, რომ რუსთავში გადაღებულ კარდიოგრამაზე არ ჩანდა ის დაზიანებები, რაც გი----------------ის გვამის გაკვეთის დროს იქნა ნანახი. კარდიოგრამა, რომელიც რუსთავში გადაუღეს პაციენტს, არ იძლეოდა საფუძველს, რომ გულის მწვავე ინფარქტი ევარაუდათ ექიმებს. გვამის გამოკვლევის დროს აღმოჩენილი გულის დაზიანებები შესაძლოა აღენიშნებოდა პაციენტს რუსთავის სავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციისას. ასევე შესაძლებელია ეს დაზიანებები განვითარებულიყო სავადმყოფოში ვიზიტიდან გარდაცვალებამდე პერიოდში. ნ. ყ---–--ის კლინიკაში აუცილებლად უნდა მომხდარიყო კარდიოგრამის გადაღება; იმ შემთხვევაში თუ რუსთავის სავადმყოფოში იქნებოდა შედეგის გამომწვევი შეცდომა დაშვებული, მაშინ 24 საათში მაქსიმუმ 48 საათში უნდა მომხდარიყო ამ შეცდომის გამოვლინება მძიმე შედეგით. რუსთავის სავადმყოფოში მწვავე ინფარქტის არსებობის შემთხვევაში, გულის უკანა კედელზე უნდა დარჩენილიყო დიდი ნაწიბური, რაც ამ შემთხვევაში არ აღინიშნებოდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას გულის იშემიური დაავადება უკვე შორს იყო წასული და ჩატარებული არასწორი მკურნალობის გამო, დადგა ეს შედეგი.
პალატა მიუთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნები და ექსპერტ ან----------–-ას განმარტებები არ იძლევა იმპერატიულად იმის მტკიცების საშუალებას, რომ ხა----------------ის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს დაშვებული იქნა ისეთი შეცდომა, რამაც გამოიწვია გი----------------ის გარდაცვალება. ექსპერტიზის დასკვნები ამ მიმართებით ვარაუდებზეა დამყარებული და ზოგად თეორიულ შესაძლებლობებს განიხილავს, რაც არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდებისათვის საკმარისი საფუძველი.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩვარში ყურადღებას ამახვილებს მოწმეების ლა-–-------–--ისა და სო---------–-----ის მიერ მიცემულ განმარტებებზე ნაწიბურის წარმოშობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მათი მითითებით, მწვავე კორონალური სინდრომის დროს, ვიდრე არ განვითარდება ინფარქტი, იქამდე არ რჩება ნაწიბური. ტკივილგამაყუჩებლის ფონზე იშემია მოიხსნა და ქვედა კედელზე ნაწიბური არ განვითარდა. რუსთავში ნაწიბური არ არსებობდა, რადგან იგი იყო მწვავე. ნაწიბური დადასტურდა გაკვეთის მომენტში.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მოიყვანს პირველი ინსტანციის სასამართლოში დასახელებული მოწმეების ჩვენებებს, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლა-–-------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ საქმეზე ჩართული იყო როგორც ექსპერტი კადრების კუთხით. დოკუმენტაცია, სამედიცინო ისტორია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ექიმების ახსნა-განმარტებები და ა. შ. მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ. მისი განმარტებით, პაციენტს გი----------------ეს რუსთავის სავადმყოფოში, სწორად გადაუღეს კარდიოგრამა, მაგრამ კარდიოლოგი ხა----------------ის მიერ არ მოხდა მისი სწორად გაშიფვრა. კარდიოლოგის დასკვნის მერე ჩატარებული იქნა გასტროსკოპია. მკურნალობა არ ჩატარებულა კარდიოლოგიის განხრით. პაციენტს ტკივილი მოეხსნა არა გასტროსკოპიით, არამედ ტკივილგამაყუჩებლით. კარდიოგრამაზე აშკარად არის ქვედა კედლის ინფაქტი. 2013 წლის თებერვლის თვეში პაციენტი ისევ გახდა ცუდად, ეპიგასტრიუმის არეში გულისრევის შეგრძნებით მოხვდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტს ამოურეცხეს კუჭი, მიეცა ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ კარდიოგრამა არ იქნა გადაღებული. რუსთავში და რესპუბლიკურ საავადმყოფოში სწორი დიაგნოზი არ დასმულა, დაისვა საყლაპავი დიაფრაგმული თიაქრის დიაგნოზი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სო---------–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ პროფესიით არის კარდიოლოგი. მას ჯგუფის წევრებთან ერთად შესასწავლად გადაეცა პაციენტ გი----------------ის ელექტრო კარდიოგრამის ჩანაწერი და ექსპერტიზის დასკვნა. უნდა გაერკვიათ, დაშვებული იყო თუ არა შეცდომა ან ადგილი ჰქონდა თუ არა ექიმის უყურადღებობას. შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ პაციენტი გი----------------ე ორჯერ მოხვდა კლინიკაში, ჰქონდა კარდიოლოგიურად მსგავსი ჩივილები. პირველი მიმართვისას რუსთავის საავადმყოფოში კარდიოგრამაზე დაფიქსირებული იყო ინფარქტი. მეორე შემთხვევაშიც, ე. წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პაციენტი შევიდა იგივე ჩივილებით ღამის საათებში. ექიმმა წარმართა კუჭის პრობლემების სამკურნალოდ. მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით გარდაცვალების მიზეზი იყო გულის ინფარქტი. მისი განმარტებით, რუსთავის საავადმყოფოში ადგილი ჰქონდა გულის ქვედა კედლის ინფაქტს. გასტროსკოპიის ჩატარების შემდგომ, პაციენტს ტკივილები შესაძლოა სულ არ ჰქონია გამქრალი და მან ეს ტკივილები აიტანა. სამი თვის შემდგომ ადგილი ჰქონდა განმეორებით ინფაქტს.
პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, თითქოს მოწმეების: სო---------–-----ის და ლა-–-------–--ის ჩვენებებით დასტურდება, რომ რ----------–--------–--------------------ში არასწორედ იქნა დასმული დიაგნოზი. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს პალატას აძლევს სასამართლოში გამოკველული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტ ან----------–-ას განმარტება, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსთავის სავადმყოფოში იქნებოდა შედეგის გამომწვევი შეცდომა დაშვებული, მაშინ 24 საათში მაქსიმუმ 48 საათში უნდა მომხდარიყო ამ შეცდომის გამოვლინება მძიმე შედეგით, რაც არ მომხდარა. ამასთან, სო---------–-----ის განმარტებით, რუსთავის საავადმყოფოში ადგილი ჰქონდა გულის ქვედა კედლის ინფაქტს, რაც უარყო მოქმის სახით დაკითხვისას ან----------–-ამ და განმარტა, რომ რუსთავის სავადმყოფოში მწვავე ინფარქტის არსებობის შემთხვევაში, გულის უკანა კედელზე უნდა დარჩენილიყო დიდი ნაწიბური, რაც ამ შემთხვევაში არ აღინიშნებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, გი----------------ის გვამის გამოკვლევის მონაცემებით გულის მარცხენა პარკუჭის ქვემო კედელზე გადატანილი იფარქტის კვალი არ გამოვლინდა.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს ზემოთ დასახელებულ ექსპერტიზის დასკვნებთან და ექსპერტთა ჩვენებებთან ერთად, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ხა----------------ის მიერ გი----------------ის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტს, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:
დაზარალებულის უფლებამონაცვლის მა----–-----–---–ის და მოწმე და--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ისინი არიან გარდაცვლილი გი----------------ის მშობლები. 2012 წლის 5 ნოემბრის ღამეს მათ შვილს გი----------------ეს ჰქონდა კუჭის ტკივილი, რის გამოც გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სიმპტომების გაცნობის შემდეგ ექიმებმა ჩათვალეს რომ ტკივილი შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ზედმეტი საკვებისგან. გაუკეთეს გამაყუჩებელი და ტკივილის გაყუჩების შემდეგ წავიდნენ. მოგვიანებით ტკივილების განახლების გამო წაიყვანეს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც გადაუღეს კარდიოგრამა. კარდიოლოგის დასკვნით, კარდიოგრამა ცვლილებების გარეშე იყო. უშუალოდ კარდიოლოგი მათ არ უნახავთ. ამის შემდეგ ქირურგმა გასტროსკოპიის ჩატარების შემდეგ დაუსვა საყლაპავი მილის თიაქრის დიაგნოზი. ტკივილების დაყუჩების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში. მათი შვილი აგრძელებდა მკურნალობას და იცავდა დიეტას. 2013 წლის 21 თებერვალს შუადღის საათებში, დაურეკეს შვილს და გაიგეს, რომ კუჭის ტკივილების გამო იმყოფებოდა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მი----------------ესთან ერთად. მორიგი სატელეფონო საუბრისას გი-----იმ უთხრათ, რომ კარგად იყო და სახლში ბრუნდებოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მი----------------ისგან შეიტყვეს, რომ მათი შვილი გზაში ცუდად გამხდარა. მათ მისვლისას გარდაცვლილი შვილი ფონიჭალაში გაჩერებულ მანქანაში ნახეს.
მოწმე მი----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2013 წლის 21 თებერვალის ღამეს დაურეკა გი----------------ემ და უთხრა რომ აწუხებდა კუჭის ტკივილი. ურჩია წამალი დაელია და შეეტყობინებინა, როგორ იქნებოდა. ცოტა ხანში ისევ დაურეკა გი----------------ემ და სთხოვა გაჰყოლოდა საავადმყოფოში. იგი დაეთანხმა და წავიდნენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მორიგე იყო გი------------ა. ამ უკანასკნელს გი----------------ემ აუხსნა, რომ მსგავსი შემთხვევა ნოემბერშიც ჰქონდა. გი------------ამ გამოიკითხა სიპტომები, გამოიძახა ქირურგი, რომელმაც გასინჯა და დაასკვნეს, რომ ეს იყო გასტრიტის შეტევა. იგი ადრე ამ საავადმყოფოში მუშაობდა და ავიდა თავის კოლეგების სანახავად. უკან დაბრუნებისას გი----------------ის მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო და წამოვიდნენ სახლში. ფონიჭალასთან ეს უკანასკნელი ცუდად გახდა. გაუსიჯნა პულსი და გამოუძახა სასწრაფო დახმარებას. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გი-----ი გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ირ---–---------–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ქირურგად. 2012 წლის 6 ნოემბერს იყო მორიგე, გამთენიისას გამოიძახეს კონსულტაციაზე. გასინჯვის შედეგად გამორიცხა ქირურგიული პათოლოგია და დანიშნა კარდიოგრამა, რადგან პაციენტი უჩიოდა ტკივილებს კუჭისა და გულმკერდის არეში. კარდიოგრამის გაშიფვრა და დასკვნის გაცემა მოახდინა კარდიოლოგმა ხა----------------ემ. კარდიოლოგიურმა კვლევამ არ აჩვენა რაიმე პათოლოგია და სრულებით გამოირიცხა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რის გამოც მკურნალობა წავიდა გასტროენტეროლოგიური კუთხით, ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევა გასტროსკოპია, რის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა და მოხდა მისი გაწერა. განმეორებითი კარდიოგრამა არ ჩატარებულა. მისივე განმარტებით, რომ ყოფილიყო კარდიოლოგიური პრობლემები იმ მომენტისთვის გასტროსკოპია არ ჩატარდებოდა, რადგანაც მწვავე ქირურგიული პათოლოგიის დროს გასტროსკოპიის ჩატარებამ შესაძლოა დაამძიმოს პაციენტის მდგომარეობა. იმ სიტუაციაში კარდიოგრამის მიერ გაშიფრული მონაცემები მიიჩნია სწორად და ამის საფუძველზე გააგრძელა შემდგომი მკურნალობა და კვლევები.
მოწმე მა--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობდა რ----------–--------–--------------------ში მიმღები განყოფილების მორიგე ექიმად. 2012 წლის 06 ნოემბერს მორიგეობისას მიმართა ახალგაზრდა მამაკაცმა ძლიერი ტკივილებით კუჭის არეში. მოხდა პაციენტის გასინჯვა. მან გამოიძახა მორიგე ექიმი, რომელმაც გადაუღო კარდიოგრამა. კარდიოგრამა გაშიფრა ექიმმა ხა----------------ემ, მისი განმარტებით, კარდიოგრამაზე ცვლილებები და მწვავე კეროვანი დაზიანებები არ იყო და შეეძლოთ გაეგრძელებინათ კვლევა და დაკვირვება პაციენტზე. პაციენტს მისცეს კაპტოპრილი, რის შემდგომაც მოხდა მორიგე ქირურგის ირ---–---------–-–---–ის გამოძახება, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა სპაზმოლიტური საშუალებების გამოყენება, რის შემდგომ პაციენტს შეუმსუბუქდა მდგომარეობა, ტკივილები განელდა და რადგან ბოლომდე არ გამქრალა, მოხდა კუჭის ძირეული გამოკვლევა, დაინიშნა გასტროსკოპია. გასტროსკოპიული კვლევის შემდგომ პაციენტის ჩივილები აღარ ჰქონდა და სახლში წავიდა ყოველგვარი ჩივილების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მი----–----------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს, ქ. თბილისის მერის სასწრაფო სამედიცნო დახმარების უფროს ექიმად. 2013 წლის 21 თებერვალს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ფონიჭალაში სოკარის ავტოგასამართ სადგურზე, სადაც მანქანაში მძღოლის სავარძელში დახვდათ უგნო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი. მეორე ახალგაზრდა, რომელიც ავადმყოფის გვერდით იჯდა, ცდილობდა პირველადი დახმარების აღმოჩენას. ავადმყოფს პულსი არ ჰქონდა და არ სუნთქავდა. მანქანაში მყოფი ახალგაზრდის განმარტებით, 5 წუთის წინ ჰქონდა შეწყვეტილი სუნთქვა. ავადმყოფი გადმოიყვანეს მანქანიდან და პლასტმასის საკაცეზე შეუდგნენ პირველადი დახმარების ღონისძიებების განხორციელებას. პროცესი დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, მაგრამ გული არ ამუშავდა.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: 1. გი----------------ის გვამზე, გამოკვლევით, გარდა ინექციის კვალისა, აღინიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის წინა უახლოეს პერიოდში, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს და კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან. 2. გი----------------ის სიკვდილის მიზეზია: გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფაქტი. განვითარებული გულის ქრონიკული იშემიური დაავადების ფონზე. გამოკვლევის მომენტისათვის სიკვდილიდან გასულია არანაკლებ 4-5 საათი.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაზე წარდგენილ, გი----------------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები, სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბუპრენორფინი, ამფეტამინი, მეტანფეტამანი, კოკაინი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმოები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ც------ მ---------ემ, მი-------–--------იძემ და რე------------ემ.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება ხა----------------ის მიერ გი----------------ისათვის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ხა----------------ემ ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია მითითებული კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ხა----------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი ხა----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩვარს მსჯავრდებულ გი------------ასთვის სასჯელის დამძიმების მოთხოვნით და მსჯავრდებულ გი------------ას სააპელაციო საჩივარს დამატებითი სასჯელის 5000 ლარამდე შემცირების თხოვნით, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნების ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მსჯავრდებულ გი------------ასთვის დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მხარეებს მსჯავრდების ამ ნაწილში მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გი------------ას მსჯავრი დაედო გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენაში, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გი------------ასათვის დანიშნული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელები წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს მისთვის დანიშნული სასჯელის არც დამძიმების და არც შემსუბუქების საფუძველი.
შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის და მსჯავრდებულ გი------------ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ხა----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ხა----------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს ხა----------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ხა----------------ის კუთვნილ უძრავ ნივთზე: ქ. რუსთავი, ქალაქის შემოსასვლელის მ/ტ, ნაკვეთის #2---, ს/კ 02.01.03.420.
ხა----------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
გი------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების თანახმად, გი------------ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 43-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.
გი------------ას მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
გაუქმდეს გი------------ას მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა დავით შარაბიძის კუთვნილ უძრავ ნივთზე: ქ. თბილისი, ნ--–-----------------ში (საკადასტრო კოდი 01.14.02.0--.1--.01.01.0--.
გი------------ას თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 26 ივლისი (ერთი დღე).
მსჯავრდებულ გი------------ას რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ჩამორთმეული პასპორტი დაუბრუნდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გი------------ას მიმართ განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულ გი------------ას, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული სამედიცინო დოკუმენტაციის დედნები - ერთი ფუთა დაუბრუნდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს (ინახება შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე