განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2018
საქმის ნომერი
010141318700060653
ინსტანცია
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700060653

საქმე №1ბ/1155-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ------------------------------------–---------–---------–---–--

გამართლებულის: ს-------------------

გამართლებულის ადვოკატის: თ----------------

თარჯიმნების: ი---------------------------------------------------------------------

ს------------–---–--

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ------------------ს და გამართლებულ ს------------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------------- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №042281116001): ს-------------------, დაბადებულის 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: წ--–---------------------–-----------–-- მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გამოძიებაში ს-----------------ს ბრალად წარდგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

 

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00-17:00 საათებს შორის დროის შუალედში, წ--–---------------------–-----------–-- სოფლის გზაზე ,,მერსედეს-ბენც G---------- მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - M------- მოძრაობდა ს-----------------ი, რომელიც გზაზე შეხვდა მერგელ და გ-------–--------ებს, რა დროსაც მათთან მოუვიდა კამათი. მ------–----–--------ი იდგა მძღოლის მხარეს კართან, ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავის სიახლოვეს. ს-----------------მა კონფლიქტის შემდგომი გამწვავების თავიდან არიდების მიზნით, გადაწყვიტა იქაურობას გასცლოდა. მან ავტომანქანა უკუსვლით დაძრა ისე, რომ გაუფრთხილებლობით, წინა მარცხენა საბურავით მარცხენა ფეხზე გადაუარა მ------–----–--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენით:

 

ს-----------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 124-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გაუქმდა ს------------------- მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის №10/დ-478-16 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გ-----------------ემ და გამართლებულ ს------------------- ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ--------------ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ს------------------- მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ს------------------- დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გამართლებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს ს------------------- მიმართ გამოტანილ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის გამამართლებელ განაჩენში საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორად ასახვას, კერძოდ, დადასტურებულ ფაქტად არ იქნას მიჩნეული ს------------------- მიერ მ------–----–--------ის ფეხზე მანქანით გადავლა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ გ------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამართლებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში გამართლებულ ს------------------- მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო პალატა, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი), რომლის მიხედვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით, კერძოდ, თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ. გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში როგორც მელტონიანების, ისე თამარიანების მომხრე მოწმეებს გააჩნიათ გარკვეული ინტერესები, რაც გამომდინარეობს მათი მდგომარეობიდან და ამ ოჯახებს შორის წარსულში და ამჟამადაც არსებული კონფლიქტიდან. მელტონიანების მიზანია, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს ს------------- და რეალურად მომხდარ ფაქტს - მ------–----–--------ისათვის ს------------------- მიერ ავტომანქანის საბურავით გაუფრთხილებლობით დაჯახებას, რასაც მ-----–--------ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა, იყენებენ იმისათვის, რათა ს-----------------ს ბრალი დასდონ უფრო მძიმე დანაშაულში, ვიდრე გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაა. თავის მხრივ ს------------- და მისი მომხრე მოწმეები ცდილობენ, გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია, რათა ს-----------------ს აარიდონ პასუხისმგებლობა. ამდენად, პროკურორის აზრით, მოცემულ საქმეზე საჭირო იყო დაზარალებულ მ-----–----------- და ბრალდებულ ს-------------ს ინტერესებით შეზღუდული მოწმეების მიერ შემოთავაზებული „თავიანთი სიმართლიდან“ იმ ინფორმაციის ამოკრეფა, რაც შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და იძლევა საერთო სურათის დანახვის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მოწმეთა ჩვენებებიდან უტყუარი ნაწილების გაზიარება უნდა მომხდარიყო იმისდა მიხედვით, რომელი ფაქტი შეესაბამებოდა სხვა უტყუარ მტკიცებულებებს და რომელი - არა (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ს------------------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის მ------–----–--------ის სხეულზე (მარცხენა ფეხის წვივის არეში) არსებული დაზიანება. 2016 წლის 30 სექტემბრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის №005829516 დასკვნით და ექსპერტ გ----------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით მ------–----–--------ი 30.07.2016 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 30.07.2016 წლიდან 02.08.2016 წლამდე და დაუდგინდა: მარცხენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედში სისხლჩაქცევით და ნაჭდევებით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. პალატა აღნიშნავს, რომ სადავოა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის დასადგენი ის ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულად რა ვითარებაში მიიღო მ------–----–--------მა აღნიშნული დაზიანება, კერძოდ, მ------–----–--------ს აღნიშნული დაზიანება გაუფრთხილებლობით მიაყენა თუ არა ს-----------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მერსედეს-ბენც G---------- მარკის ავტომანქანის უკუსვლით დაძვრისას წინა მარცხენა საბურავით მარცხენა ფეხზე გადავლით იმ ვითარებაში, როგორც ეს ს------------------- ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს საქმეში წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაზარალებულ მ------–----–--------ისა და მოწმეების - გ-------–---------------------------------ს ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთთან, აგრეთვე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამო ჩვენებებზე. საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები არათუ ერთმანეთის საწინააღმდეგოა, არამედ თითოეულმა მათგანმა ერთსა და იმავე გარემოებებზე სასამართლოზე მიცემული ჩვენება არაერთხელ შეცვალა და სხვაგვარად გადმოსცა მის მიერ ერთხელ უკვე გადმოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, დაზარალებულმა მ------–----–--------მა ჩვენებაში სხვადასხვანაირად ახსნა ს-------------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მასზე დაჯახების გარემოებები - ჯერ განაცხადა, რომ ავტომანქანის საბურავმა ფეხზე მდგომს გადაუარა, შემდეგ აჩვენა, რომ წაქცეულს გადაუარა საბურავმა, შემდეგ კი განმარტა, რომ მისი წაქცევა და საბურავის სრულად გადავლა ფეხზე ერთდროულად მოხდა, მისივე ჩვენებით, მას და გ-------–--------ს ს------------------- მანქანიდან გადმოთრევა არ უცდიათ, გაიკი მის (მერგელის) უკან მარჯვენა მხარეს იდგა და ს------ის მანქანასთან არ მისულა, რაც ეწინააღმდეგება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №000019417 დასკვნით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულ კომპლექსურ, მათ შორის დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 01 (ერთი) ცალ დაქტილოფირზე (ამოღებული ა/მ მერსედესი სახ. №MHR-009) გადატანილი ხელის თითის ორი კვალი დატოვებულია (ეკუთვნის) 16.04.1997 წელს დაბადებული გ-------–--------ის მარცხენა ხელის შუა და უსახელო თითებით. მ------–----–--------ის ჩვენება, რომ ს-----------------მა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბურავით მიზანმიმართულად გადაუარა მარცხენა ფეხზე და მიაყენა მძიმე დაზიანება ასევე არ დასტურდება საქმეზე დანიშნული და ჩატარებული ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №005628116 დასკვნით, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №006588816 დასკვნით და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №000892317 დასკვნით, რომლებითაც უტყუარად არ არის დადგენილი შემთხვევის დღეს მ------–----–--------ის ნაცვამ სპორტულ შარვალსა და სხეულზე ს------------------- მართვის ქვეშ მყოფი ,,მერსედეს-ბენც G---------- მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით - M------- საბურავის და ძარის მაკომპლექტებელი დეტალების ურთიერთკონტაქტის კვალი. მოწმე გ-------–--------მა ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, პროკურორის შეკითხვაზე განმარტა, რომ ს------------------- მანქანა გასცდა და მოტრიალდა, მანქანა მაღაზიისკენ ცხვირით, მათთან კი უკანა მხრიდან იდგა, თუმცა დაცვის მხარის შეკითხვაზე განმარტა, რომ მანქანა მოვიდა მარცხენა მხრიდან, ხოლო თვითონ და მ------–----–--------ი მარჯვნიდან მარცხნივ მიდიოდნენ, გ-------–--------ის განმარტებით, მერგელი ს------------------- მანქანასთან ახლოს იდგა, ხოლო თვითონ (გ-------–--------ი) მერგელის უკან დადგა, ამასთან ს------ის მანქანასთან არც ერთს შეხება არ ჰქონია, რაც ეწინააღმდეგება ზემოხსენებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №000019417 დასკვნას, იმავდროულად, გ-------–--------მა აჩვენა, რომ ს------------------- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მასაც დაეჯახა, თუმცა აღნიშნულს არ ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული მ------–----–--------ი და ს---------------ი. მოწმე ს---------------ის ჩვენებით, იგი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და დაახლოებით 10-15 მეტრში იდგა. ს------------------- დაძახილზე მერგელ და გ-------–--------ები მივიდნენ და დადგნენ ს------ის ავტომანქანასთან ისე, რომ მანქანას არ შეხებიან, რაც ასევე ეწინააღმდეგება ზემოხსენებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №000019417 დასკვნას, მისივე ჩვენებით, მელტონიანებსა და ს-----------------ს შორის არანაირი საუბარი, კამათი ან გინება არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება მერგელ და გ-------–--------ების ჩვენებას, რომ ს-----------------ი მათ (მელტონიანებს) ხმამაღლა აგინებდა, ურთიერთსაწინააღმდეგოა ს---------------ის განმარტება, თუ სად იდგა მ------–----–--------ი, მოწმემ ჯერ განაცხადა, რომ მ------–----–--------ი მანქანის ცხვირის წინ იდგა, როდესაც ს------მა დაძრა მანქანა და გადაუარა საბურავით ფეხზე, შემდეგ ს---------------მა იმავე ჩვენებაში განაცხადა, რომ მ------–----–--------ი იდგა ს------------------- მანქანის გვერდით, მანქანიდან მეტრი-მეტრანახევრის დაშორებით, როდესაც ს------მა უკან დაძრა მანქანა, მოატრიალა ბორბალი და მეტრ-მეტრნახევარში მდგარ წაქცეულ მ------–----–--------ს საბურავით გადაუარა წვივზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის მომენტს, შესაბამისად, აღნიშნული წინააღმდეგობები არ შეიძლება მიჩნეული იქნას უმნიშვნელოდ. დაზარალებულსა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას და სააპელაციო პალატას აძლევს დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოვლენათა იმგვარ განვითარებას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენის კუთხით და როგორსაც აღწერენ დაზარალებული და მოწმეები, ადგილი არ ჰქონია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებული და ხსენებული მოწმეები კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით მიუთითებენ დარწმუნებით. სააპელაციო პალატისათვის მიუღებელია სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რომ „მოცემულ საქმეზე საჭირო იყო დაზარალებულ მ-----–----------- და ბრალდებულ ს-------------ს ინტერესებით შეზღუდული მოწმეების მიერ შემოთავაზებული „თავიანთი სიმართლიდან“ იმ ინფორმაციის ამოკრეფა, რაც შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და იძლევა საერთო სურათის დანახვის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, მოწმეთა ჩვენებებიდან უტყუარი ნაწილების გაზიარება უნდა მომხდარიყო იმისდა მიხედვით, რომელი ფაქტი შეესაბამებოდა სხვა უტყუარ მტკიცებულებებს და რომელი - არა“. პალატა აცხადებს, რომ დაუშვებელია მოწმის ჩვენების ფრაგმენტულად გაზიარება. უტყუარობის, დამაჯერებლობისა და სანდოობის თვალსაზრისით მოწმის მიერ სასამართლოში გადმოცემული ინფორმაცია უნდა შეფასდეს ერთიანობაში, მთლიანობაში და თუკი მოწმის ჩვენებაში არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, ასეთი მოწმის ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

სააპელაციო პალატა, აგრეთვე, გაამახვილებს ყურადღებას დაზარალებულ მ------–----–--------ისა და მოწმე გ-------–--------ის ჩვენებებზე მათი მიუკერძოებლობისა და გულწრფელობის თვალსაზრისით. მხედველობაშია განსახილველ საქმეზე დადგენილი საქმის ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც არც მხარეები უარყოფენ და ამის შესახებ თავიანთ სააპელაციო საჩივრებშიც აქვთ მითითებული, რომ წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში მცხოვრებ მელტონიანებისა და თამარიანების ოჯახებს შორის უკვე არაერთი წელია დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა და ამ ოჯახებს შორის აგრესიამ შედეგად მოიტანა 2016 წლის 30 ივლისს, საღამოს საათებში (განსახილველი შემთხვევიდან მოკლე ხანში) ანდრანიკ მელტონიანის (გ-------–--------ის ძმა და მ------–----–--------ის ბიძაშვილი) მკვლელობა და სამველ თამარიანის (ს------------------- ძმა) მკვლელობის მცდელობა, რომელ დანაშაულზეც ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემული არიან შესაბამისად, ანდრანიკ თამარიანი (ს------------------- შვილი) და ა------–--------ი (მ------–----–--------ის მამა). სახელმწიფო ბრალმდებელი თავის სააპელაციო საჩივარშიც აღნიშნავს, რომ მელტონიანების მიზანია, რაც შეიძლება მძიმე დანაშაულის ჩადენაში დადონ ბრალი ს-----------------ს, რათა ეს უკანასკნელი მკაცრად დაისაჯოს. სააპელაციო პალატის აზრით, ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შეფასდეს დაზარალებულის და მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები, რათა მიკერძოებული, საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამო და სხვა მტკიცებულებების საწინააღმდეგო ჩვენებების გაზიარებით საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების განხორციელებას და არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად არ გაიზიარა დაზარალებულ მ------–----–--------ისა და მოწმეების - გ-------–---------------------------------ს ჩვენებები.

 

რაც შეეხება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული, ბრალდების მხარის სხვა მოწმეების - მ-----–------–-----------------------------------------–------–----------------------------------–----------–-------------------–-------–---------------–---------------------------------------------------------------- და სხვათა ჩვენებებს, რომელთა უმრავლესობაც ასევე მოითხოვს ს------------------- მკაცრად დასჯას, თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს, რომ ნახეს მ------–----–--------ის მოტეხილი ფეხი (რაც ისედაც არ არის სადავო გარემოება) ან გაიგეს ამის შესახებ, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის თვითმხილველი მოწმე, რა გარემოებებში მიიღო ფეხზე აღნიშნული დაზიანება მ------–----–--------მა და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ ეფუძნება მათთვის დაზარალებულ მ------–----–--------ის ან მოწმეების - ს---------------ისა და გ-------–--------ის მიერ მოყოლილ ამბავს. შესაბამისად, მომხდარი ფაქტის შესახებ ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ირიბია, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ს------------------- მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამახილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ არის გაზიარებული დაზარალებულ მ------–----–--------ის და მოწმეების - ს---------------ისა და გ-------–--------ის ჩვენებები.

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ დაცვის მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ, ბრალდებულმა ს-----------------მა აჩვენა, რომ 2016 წლის 30 ივლისს, კუთვნილი ”მერსედესით” წავიდა სოფელ ნარდევანის ცენტრში მდებარე მაღაზიაში და ნელი სვლით აპირებდა მაღაზიის წინ ავტომანქანის გაჩერებას. მანქანის ჩაქრობაც ვერ მოასწრო, რომ მერგელ და გ-------–--------ები დაესხნენ თავს, დაუწყეს გინება და დარტყმა ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს ჩაწეული შუშიდან. მელტონიანები ცდილობდნენ მისი (ს-------------------) მანქანიდან გადათრევას, რის გამოც, მელტონიანებისგან თავის დასაღწევად, მანქანა დაძრა და წავიდა წინ, პირდაპირი მიმართულებით. თავისი მანქანით ვინმეს ან რაიმეს არ შეჯახებია, არც გადაუვლია, რასაც იგრძნობდა, ან წაქცეულს დაინახავდა. გზაში დაურეკა ა------------–--------ს, აცნობა მელტონიანების თავდასხმის შესახებ და სთხოვა დაერეკა პოლიციაში. მოწმედ დაკითხულმა ა------------–--------მა დაადასტურა, რომ 2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, დაურეკა აღელვებულმა ს-----------------მა და უთხრა, რომ თავს დაესხნენ მელტონიანები და სთხოვა პოლიციის გამოძახება. მან (მოწმემ) მაშინვე შეატყობინა პოლიციის უფროსს, ედუარდ ხაჩატურიანს, ამასთან, წავიდა სოფელში და ნახა ს-----------------ი, რომელიც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ს------------------- ჩვენება შესაბამისობაშია ასევე ზემოხსენებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №000019417 დასკვნასთან, რომლის მიხედვით, დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 01 (ერთი) ცალ დაქტილოფირზე (ამოღებული ა/მ მერსედესი სახ. №MHR-009) გადატანილი ხელის თითის ორი კვალი დატოვებულია (ეკუთვნის) 16.04.1997 წელს დაბადებული გ-------–--------ის მარცხენა ხელის შუა და უსახელო თითებით. აგრეთვე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს და იზიარებს ნეიტრალური მოწმის, ტ-----------------ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ 2016 წლის 30 ივლისს საქმიანობდა თავის ბოსტანში, საიდანაც შორს ჩანს ის გზა, რომელზეც ს-----------------ი ავტომანქანით მაღაზიისკენ თითქმის ყოველდღე მიდიოდა და მოდიოდა. ამ დღესაც დაინახა ს------------------- ავტომანქანა, რომელიც გზაზე ნელა მოძრაობდა და რომლისთვისაც თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია. შემდეგ მან (მოწმემ) გაიგონა რაღაც ხმები, შემოუარა ბოსტანს და დაინახა, რომ ს------------------- ავტომანქანა ნელა მიდიოდა ერთი მიმართულებით, ხოლო იქ შეკრებილი ხალხი წავიდა სხვა მიმართულებით. ს------ის ავტომანქანის წასვლის დროს ავტომანქანასთან არავინ იმყოფებოდა. მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ს------------------- ავტომანქანის წასვლის შემდეგ ვინმე ძირს დაგდებული, დაწოლილი, წაქცეული ან დამჯდარი არ უნახავს და ასეთ მდგომარეობაში ვინმე რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა. ერთი კვირის შემდეგ სოფელში გაიგო, არ ახსოვს ვისგან, რომ მ------–----–--------ს ფეხი ჰქონია მოტეხილი, მან (მოწმემ) არ იცის, რა ვითარებაში მოიტეხა ფეხი მერგელმა. მას (მოწმეს) მაღაზიასთან გაჩერებული ს------ის ავტომანქანა არ უნახავს, ნახა მხოლოდ ავტომანქანით მაღაზიისკენ მიმავალი და უკან მომავალი ს-----------------ი. მოწმე ა-–-------------------მა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, აგრეთვე, დაადასტურა 2016 წლის 30 ივლისს, ავტომანქანაში მჯდომ ს-----------------ზე მელტონიანების მხრიდან თავდასხმისა და გინების ფაქტი, რის შემდეგაც ს------ი ავტომანქანის ნელი სვლით გაეცალა შემთხვევის ადგილს, რა დროსაც მ------–----–--------ი ავტომანქანის მარჯვენა მხრეს იდგა და არ წაქცეულა. წასვლის მომენტში ს-----------------ი ავტომანქანით არც მ------–----–--------ს და არც არავის არ დაჯახებია, ძირს დავარდნილი ან წაქცეულიც არავინ ყოფილა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის #R 1-155/2017 მედ. დასკვნის თანახმად, მ------–----–--------ის ქვედა კიდურების კანზე, რბილ ქსოვილებში, ასევე ძვლებზე ავტომობილის საბურავით გადავლის დამახასიათებელი და სპეციფიკური კვლები არ აღინიშნება, კერძოდ, მ------–----–--------ის მარცხენა წვივის ძვლების მიდამოში არ აღინიშნებოდა მოძრავი ავტომობილის ბორბლით ადამიანის კიდურზე გადავლის დროს წარმოქმნილი მოტეხილობებისათვის დამახასიათებელი ტიპიური ჰორიზონტალურ-ნამსხვრევოვანი ხასიათის მოტეხილობა, მსხვილი რომბისმაგვარი ფრაგმენტის წარმოქმნით, რომელიც, როგორც წესი, განლაგებულია კიდურის იმ მხარეს, რომელი მხრიდანაც მოხდა ბორბლის გადავლა (ვოლკოვი, დატი). მ-----–--------ის სხეულზე ასევე არ აღინიშნება მოძრავი ავტომობილის ბორბლით გადავლისათვის დამახასიათებელი დაწოლის (ზეწოლის), გაჭიმვის, თრევის და დარტყმის შედეგად შემოსაზღვრულ ზედაპირზე (საბურავის გადავლის ადგილას) განვითარებული დაზიანებები და ამ დაზიანებების წარმოქმნის 5 თანმიმდევრული ფაზის დამახასიათებელი კვლები, კერძოდ, ბორბალთან პირველადი კონტაქტის, დარტყმის, სხეულის ავტომობილის მოძრაობის მიმყოლი გადაადგილების, თრევის, ბორბლის სხეულზე შედგომის-თრევის და გაჭიმვის, სხეულზე ბორბლის გადაგორების-დაწოლისა (ზეწოლის) და გაჭიმვის და სხეულის (ან მისი ნაწილის) თრევის-გახეხვის კვლები. ასევე არ არის გამოხატული ავტომობილის ბორბლის ადამიანის სხეულზე გადავლისათვის დამახასიათებელი შემოსაზღვრული უბანი, რომელიც სიგანით შეესაბამება ბორბლის საკონტაქტო ზედაპირს, ანუ ბორბლის სიგანეს ან მის ნაწილს. ასევე არ არის გამოხატული ბორბლით გადავლისათვის დამახასიათებელი ფართო განაჭდევები კანზე და კანის აშრევება, „პირველადი ჩქმეტის“ მახასიათებლები-ეპიდერმისის ნახეთქები, კანის აშრევება ფართო „ჯიბეების“ წარმოქმნით, რომლებივ წარმოიქმნებიან ბორბლის ბრუნვისა და სრიალის დროს, ან კანის ცირკულარული აშრევება, ისევე, როგორც გზის საფარზე თრევისა და ხახუნის კვლები, არ არის გამოხატული რბილი ქსოვილების უხეში დაზიანებები „გაჭყლეტვის“ სახით (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ მითითებული „მერსედეს-ბენცის“ დიდ წონას - დაახლოებით 2,5 ტონა). მ-----–--------ის ქვემო კიდურზე არ არის ასახული საბურავის გადავლისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური კვალი: საბურავის პროტექტორის ნეგატიური კვალი ნაჭდევებისა და კანშიდა სისხლჩაქცევების სახით, ნეგატიური კვალის სახით იმეორებენ საბურავების პროტექტორების გეომეტრიულ სურათს ან მის ვრცელ ფრაგმენტს, ასვე არ აღინიშნება ბორბლის ბრუნვის დროს მბრუნავ ბორბალსა და გზის საფარს შორის კანისა და ტანსაცმლის „ჩათრევის“ კვალი, კანზე მრავლობითი ხაზოვანი განაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, შეაფასა საქმეში არსებული, მხარეთა მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ს-----------------მა 2016 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00-17:00 საათებს შორის დროის შუალედში, წ--–---------------------–-----------–-- მერგელ და გ-------–--------ებთან კამათის დროს, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მერსედეს-ბენც G---------- მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით - M------- უკუსვლით დაძვრისას, გაუფრთხილებლობით, წინა მარცხენა საბურავით მარცხენა ფეხზე გადაუარა ავტომანქანის მძღოლის მხარეს კართან, ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავის სიახლოვეს მდგარ მ------–----–--------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში ს-----------------ი იმყოფებოდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რა დროსაც ავტომანქანის საბურავის მარცხენა ფეხზე გადავლით დააზიანა მ------–----–--------ი. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. მეტიც, სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, რომ სწორედ ავტომანქანის საბურავის მარცხენა ფეხზე გაუფრთხილებლობით დაჯახებით და არა გადავლით მიაყენა ს-----------------მა მ------–----–--------ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რაც ეწინააღმდეგება და სცილდება ბრალდების ფარგლებს, რომელშიც მითითებულია, რომ ს-----------------მა მ------–----–--------ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ავტომანქანის საბურავის მარცხენა ფეხზე გაუფრთხილებლობით გადავლით. დაჯახება და გადავლა ქმედებაში გამოხატული აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია, თუმცა სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავი, სარწმუნო და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ს-----------------მა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბურავის ფეხზე გადავლით ან თუნდაც შეჯახებით გაუფრთხილებლობით დააზიანა მ------–----–--------ის ჯანმრთელობა, რითაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში გამართლებულ ს------------------- მიმართ, ცვლილება უნდა შევიდეს, რომლის თანახმად, ს------------------- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბურავის მ------–----–--------ის მარცხენა ფეხის წვივის არეში გადავლა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არ უნდა იქნას მიჩნეული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გამართლებულ ს------------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ნოემბრის განაჩენში ს------------------- მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ს-----------------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გამართლებულ ს-----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ს------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ანდრანიკ თამარიანის სახლის და ავტომანქანების ჩხრეკის დროს ამოღებული თითის კვლები, გაიკ და მ------–----–--------ების ხელის კვლების ნიმუშები და ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ დათვალიერების დროს ამოღებული ლაკსაფარის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

მ------–----–--------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, სახ. ნომრით - MHR 009, რომელიც განთავსებულია ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე