განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002000678
საქმე №3ბ/544-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლე - ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე-–------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე-–------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 18 მაისის №9-- ბრძანება და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ე-–------------ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ე-–------------ის ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №0--------) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ს. ო---------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილის მოწმობა (ს.ფ. 42).
3.2. 2013 წლის 30 სექტემბერს, ე-–------------მა შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე ქ. ბათუმში მდებარე ობიექტზე. სამინისტრომ ე-–------------ის დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 1.5 ქულა (შემოსავლის მაჩვენებელი - 1 ქულა), მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრისაგან - 1 ქულა, მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 3 ქულა.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 30.09.2013წ. განაცხადი (ს.ფ. 81);
- საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარი (ს.ფ. 84-95);
- 18.11.2014წ. შეფასების ცხრილი (ს.ფ. 80).
3.3. 2015 წელს, ზუგდიდში, ლ------- ქ-----ში მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების ეტაპზე, ე-–------------ის განაცხადი არ დაექვემდებარა განხილვას, დევნილის ორმაგი მოქალაქეობის გამო.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დევნილა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 16 აგვისტოს N0------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 73-74).
3.4. 2016 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ე-–------------მა წარადგინა N5------- განცხადება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. სამინისტრომ, ე-–------------ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი განიხილა ზუგდიდში მდებარე ობიექტთან მიმართებაში.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 31 ოქტომბრის N0------------- წერილი (ს.ფ. 43).
3.5. მონიტორინგის ფარგლებში, საკითხის განმხილველი ორგანოს წარმომადგენლები 2017 წლის 08 თებერვალს გამოცხადნენ ზუგდიდში, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში, განმცხადებელი ადგილზე არ დახვდათ. ტელეფონზე დაკავშირების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მოვიდა მისამართზე და განმარტა, რომ ღამე ფართში არ ცხოვრობს უშუქობის გამო, ამიტომ ამ პერიოდში არის ძმასთან. აპლიკანტმა ასევე დამატებით განმარტა, რომ ამ შენობაში ცხოვრობს 1993 წლიდან. პერიოდულად დადიოდა რუსეთში, ვინაიდან შვილი იქ სწავლობდა. 2002 წელს, შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. შენობაში ცხოვრობდა სულ სამი ოჯახი, საიდანაც ორი ოჯახი დაკმაყოფილებულია.
მტკიცებულება, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 08 თებერვლის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა აღწერა დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (ს.ფ. 79).
3.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 17 თებერვალს მომზადდა №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე საბჭოს შენობის ორსართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (საშუალო) ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელია. ასეთი ხარისხის დაზიანებული შენობა ექსპლუატაციისათვის უსაფრთხოა, მაგრამ ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია წინასწარ დამუშავებული პროექტის მიხედვით განხორციელდეს აღდგენა-გაძლიერება და შემდგომ ჩაუტარდეს რემონტი, შენობის გეგმარებიდან გამომდინარე არსებული ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 თებერვლის №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 102-115).
3.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 04 აპრილის №-- ოქმით დგინდება, რომ კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 09 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის შესაბამისად, განიხილა ზუგდიდში, ბ-------- ქ. N--ში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დამატებით ორი ოჯახის საკითხი.
კომისიამ 2017 წლის 04 აპრილის სხდომაზე ასევე იმსჯელა ე-–------------ის ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილებით ზუგდიდში, ბ-------- ქ. N--ში მდებარე ახლადაშებულ კორპუსებში 1 (ერთი) ოთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ო---------ში ,,გამგეობის შენობაში“ მცხოვრებ ე-–------------ს, აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების საფუძვლით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 04 აპრილის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის №-- ოქმი (ს.ფ. 75-78).
3.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 18 მაისის №9-- ბრძანებით ზუგდიდში, ბ-------- ქ. N--ში არსებული პროექტების ფარგლებში, ე-–------------ის ოჯახს აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 18 მაისის №9-- ბრძანება (ს.ფ. 34).
3.9. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში მ-------- მ--–----ამ და ც----- გ-------ამ განმარტეს, რომ ცხოვრობდნენ ო---------ში ,,გამგეობის შენობაში“. სამინისტრომ უზრუნველყო ავარიული შენობიდან მათი ოჯახების გაყვანა. ასევე, დაადასტურეს, რომ ზუგდიდში, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში დღემდე ცხოვრობს ე-–------------ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 02.11.2017წ. სანოტარო აქტი N1-------- (ს.ფ. 132).
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა სამინისტროს 2017 წლის 18 მაისის N9-- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
4.2. სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
4.3. სასამართლომ მიუთითა, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, რომელიც ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის №240 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.
მითითებული წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2017 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.
სასამართლომ მიუთითა ამავე წესის მე-6 მუხლზე, რომლითაც დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
მითითებული მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ხოლო მე-11 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №11) მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე ყოფილი საბჭოს შენობა წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, დროებითი რეგისტრაციის ადგილს. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 17 თებერვალს მომზადებული №0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე საბჭოს შენობის ორსართულიან შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (საშუალო) ხარისხის დაზიანება. მისი საერთო ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელია. ასეთი ხარისხის დაზიანებული შენობა ექსპლუატაციისათვის უსაფრთხოა, მაგრამ ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია წინასწარ დამუშავებული პროექტის მიხედვით განხორციელდეს აღდგენა-გაძლიერება და შემდგომ ჩაუტარდეს რემონტი, შენობის გეგმარებიდან გამომდინარე არსებული ოთახების საცხოვრებელ ბინებად გამოყენება მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.
ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის თანახმად, მართალია, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის ოჯახის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში ცხოვრების ფაქტი, თუმცა აღნიშნული საფუძვლით მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს.
4.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.
სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ყურადღება გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. თუმცა, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაში მ-------- მ--–----ამ და ც----- გ-------ამ განმარტეს, რომ ცხოვრობდნენ ო---------ში ,,გამგეობის შენობაში“. სამინისტრომ უზრუნველყო ავარიული შენობიდან მათი ოჯახების გაყვანა. ასევე, დაადასტურეს, რომ ზუგდიდში, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში დღემდე ცხოვრობს ე-–------------ი.
4.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე - ზუგდიდის რაიონის, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი შეფასების შემდეგ, მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს მოსარჩელის ზუგდიდში, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში ცხოვრების ფაქტს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის წინაპირობას.
4.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 18 მაისის N9-- ბრძანება მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებდა მოსარჩელის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ მოთხოვნაზე, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იყო მოპასუხის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე.
5. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და განხორციელებულია მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ე-–------------ს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივად არ ცხოვრობდა მითითებულ ნგრევად ობიექტში, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ე-–------------ის სარჩელი.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
6.2. სააპელაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფოს მიერ მფარველობა, ასევე გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რომ ნგრევად ობიექტში მცხოვრები, განსახლებას დაქვემდებარებული პირები არ დარჩნენ თავშესაფრით უზრუნველყოფის გარეშე.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც იძლევა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის დეფინიციას და ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე მითითებას, რომლის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
პალატა ასევე ეთანხმება სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტზე მითითებას, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული წესიდან გამომდინარე კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით, ხოლო განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება, სამინისტროს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ან/და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელეების მიერ.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ე-–------------ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე ყოფილი საბჭოს შენობა წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, დროებითი რეგისტრაციის ადგილს, რომელსაც დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე (საშუალო) ხარისხის დაზიანება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად გაკეთებულ დასკვნას მასზედ, რომ კომისია უფლებამოსილი იყო კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ე-–------------ი მითითებულ მისამართზე ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრობდა. დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად იყო აღიარებული და შესაძლო იყო, რომ მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ უფლებამოსილი პირის მიერ ობიექტზე განხორციელებული ვიზიტისას - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ო---------ში მდებარე ყოფილი საბჭოს შენობა წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც დევნილის სტატუსის მქონე პირის, დროებითი რეგისტრაციის ადგილს და ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით მ-------- მ--–----ა და ც----- გ-------ა ადასტურებდნენ, ზუგდიდში, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში ე-–------------ის დღემდე ცხოვრების ფაქტს.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულიად გასაზიარებელია საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილზე - ზუგდიდის რაიონის, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ ორგანოს, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი, მოცემულ შემთხვევაში კი, მისამართზე პირის ნამდვილად ცხოვრების საკითხი, რაც უნდა განახორციელოს კეთილსინდისიერად, მაღალი პასუხისმგებლობით, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით და არა ზედაპირულად, რათა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად ცნო ბათილად და დაავალა მოპასუხეს საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, გამოეკვლია და დაედგინა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავდა ან დაადასტურებდა მოსარჩელის ზუგდიდში, სოფელ ო---------ში, ყოფილი საბჭოს შენობაში ცხოვრების ფაქტს და გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. პროცესის ხარჯები:
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,პ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე
მოსამართლე ნინო ქადაგიძე
მარიამ ცისკაძე