განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2018
საქმის ნომერი
330210016001257587
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001257587

საქმე №2ბ/5150-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლეები: ანა გოგიშვილი, ხათუნა არევაძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია

 

აპელანტი - გ------------ა

წარმომადგენელი - ქ------------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ--------------“

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოპასუხე გ------------ას მოსარჩელე სს ''ლ--------------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 61 521.89 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 52 500 აშშ დოლარი, პროცენტი - 8063.96 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 957.93 აშშ დოლარი.

 

2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოთ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხე გ------------ას (პ/ნ 5----------) კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი, ა-----------------------------------1 კვ.მ, ს--------–-------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულ დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხის სხვა ქონებაზე.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს სს ''ლ--------------'' და გ------------ას შორის გაფორმებული იქნა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება NR-----------, რომლის საფუძველზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტით განსაზღვრული იქნა - 36 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 (სამას სამოცი) თვის ვადით. 2013 წლის 26 ივნისს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.1. ქვეპუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტი კონვერტირებად ვალუტაში.

 

2.1.2. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების NR----------- ხელშეკრულების მე-8 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების დარღვევის პირობებს, რომლის მე-8 მუხლის, 8.1.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამისი დაფარვის გრაფიკით დადგენილ კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერი ნაწილს, ან მასზე დარიცხულ პროცენტს, ან პირგასამტეხლოს, თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 10 (ათი) სამუშაო დღეს ან/და ასეთი დარღვევა განმეორდება ზედიზედ ორჯელ, აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების პიროებების დარღვევად. ამასთან, ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.10.2 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2.1.3. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების NR----------- ხელშეკრულების 12.10. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინებები და სხვა კომუნიკაციები უნდა ჩაბარდეს პირადად ან გაიგზავნოს დაზღვეული ან რეგისტრირებული საფოსტო გზავნილით, ასევე ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, ინტერნეტბანკით, მობილბანკით, მოკლე ტექსტური სეტყობინებებით ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და საკონტაქტო პირებთან და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად მხარეთათვის ნებისმიერი აქ დათქმული ფორმით გაგზავნისას.

 

2.1.4. დადგენილია, რომ 2013 წლის 26 ივნისს სს ''ლ--------------'' და გ------------ას შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება NR-----------/1, 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა გ------------ას საკუთრებაში მყოფი შემდეგი უძრავი ქონება: საკადასტრო კოდი N0----------------------. მისამართი: ქალაქი, თბილისი, ა-----------------------------–--------------–--------------------------------

 

2.1.5. იპოთეკის NR-----------/1 ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია მოთხოვნა, წარმოშობილი 4.2. პუნქტში აღწერილი ხელშეკრულებიდან გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემადგენელი საკრედიტო ხაზების, გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში მოქმედი კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბანკო გარანტიების, ოვერდრაფტების, დოკუმენტური ინკასოების, ოფციონების, ფიუჩერსების, ფაქტორინგების და საკრედიტო ხაზით მომსახურების, ხელშეკრულების მომსახურების მიზნით დადებული ყველა ხელშეკრულებიდან და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

2.1.6. იპოთეკის NR-----------/1 ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველია ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR-----------, ბანკი: სს ''ლ--------------'', მსესხებელი: გ------------ა.

 

2.1.7. იპოთეკის NR-----------/1 ხელშეკრულების 13.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

2.1.8. დადგენილია, რომ გენერალური ხელშეკრულების და მასში შეტანილი ცვილებების საფუძველზე, 2013 წლის 3 ივლისს სს "ლ--------------ა" და გ------------ას შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზეც, ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა - 51 100 აშშ დოლარის ოდენობით, წლიურ 13% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 1 აპრილი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს - 0.5%. ხელშეკრულების მიზნობრიობა: რეფინანსირება. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2.1.9. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------- - ის 2.2.11. პუნქტის მიხედვით, სესხის თანხით გადაიფაროს მსესხებლის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული იპოთეკური სესხები - 35 517 აშშ დოლარი და 7164 აშშ დოლარი, ასევე, გადაიფაროს ''ოვერდრაფტი'' - 13 776 ლარი.

 

2.1.10. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------- - ის 2.5. პუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტში მითითებული (NR-----------) გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის და უზრუნველყოფის სხვა ხელშეკრულებების საგნებით.

 

2.1.11. დადგენილია, რომ გენერალური ხელშეკრულები და მასში შეტანილი ცვილებების საფუძველზე, 2014 წლის 24 ივლისს სს "ლ--------------ა" და გ------------ას შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------, 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართი,რომლის საფუძველზეც, ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა - 52 500 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიურ 13% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2024 წლის 01 აგვისტო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს - 0.5%. ხელშეკრულების მიზნობრიობა: რეფინანსირება. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2.1.12. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - N0------------- - ის 2.2.11. პუნქტის მიხედვით, სესხის თანხით გადაიფაროს მსესხებლის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული სესხი - 52 000 აშშ დოლარი, მსესხებელს ეპატიოს დარიცხული ჯარიმების 100%.

 

2.1.13. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0------------- - ის 2.5. პუნქტის მიხედვით, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტში მითითებული (NR-----------) გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის და უზრუნველყოფის სხვა ხელშეკრულებების საგნებით.

 

2.1.14. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს სს ''ლ--------------ს'' მიერ მოპასუხე მხარეს გაეგზავნა წერილი ბანკის მიმართ არსებული დავალიანების ძირითადი თანხის - 52 500 აშშ დოლარის, დარიცხული პროცენტის - 8 063.96 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 957.93 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით, აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა გ------------ას ოჯახის წევრს მის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - 2015 წლის 26 ოქტომბერს.

 

2.1.15. სს ''ლ--------------ს'' მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 01.09.2014 წლიდან მოპასუხე მხარემ დაარღვია მის სახელზე არსებული სესხის N0------------- დაფარვის გრაფიკი, შესაბამისად, მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 61 521.89 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლო ერიცხება და სარგებელი დაანგარიშებულია აღნიშნული რიცხვიდან, ამდენად, მოპასუხის დავალიანება (ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო) სს ''ლ--------------ს'' მიმართ დაანგარიშებულია ''დავალიანების შესახებ'' ცნობის გაცემის თარიღისათვის - 2015 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 14);

- გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 15-19);

- N0------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი;

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-31);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 32-33);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 35);

- ბანკის მიერ მოპასუხე მხარისათვის გაგზავნილი გაფრთხილების წერილი და ჩაბარების დასტური (იხ. 35-36);

- N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი.

- ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერები.

- მხარეთა ახსნა - განმარტება ( იხ. სხდომის ოქმები, შესაგებელი, სარჩელი).

-

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარეს გ------------ას ერიცხება სასესხო დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რომელიც 2015 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს - 61 521.89 აშშ დოლარს, აღნიშნულის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი საქმეზე არ მოიპოვება. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოს მიუთითებს მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სასესხო დავალიანების არ არსებობის ფაქტი, კერძოდ, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების საწინააღმდეგო გარემოებები, მოპასუხე მხარე მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დასადასტურებლად, შემოიფარგლა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით. განსახილველ შემთვევაში, კი მოსარჩელე მხარე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს დავალიანების არსებობაზე, თავის მოთხოვნას წარმოადგენს კონკრეტული ფაქტების არსებობაზე, მოსარჩელის მიერ დავალიანების არსებობის დასადასტურებლად საქმეზე წარმოდგენილია 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, 2011 წლის 21 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკურლება, 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულება ცვლილების თაობაზე 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში, 2013 წლი 03 ივლისის და 2014 წლის 24 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, კრედიტის დაფარვის გრაფიკები, ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერები, დავალიანების შესახებ ცნობა - აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლის და შეფასების საფუძველზე კი დასტურდება მოპასუხე მხარის სასესხო დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

 

- კერძოდ, 2013 წლის 3 ივლისის საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება რომელიც წარმოადგენდა 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართს და რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა - 51 100 აშშ დოლარის ოდენობით და ხელშეკრულების მიზნობრიობა იყო რეფინანსირება, სესხის თანხით გადაიფარა მსესხებლის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული იპოთეკური სესხები - 35 517 აშშ დოლარის და 7164 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, გადაიფარა ''ოვერდრაფტი'' - 13 776 ლარის ოდენობით.

 

- 2014 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის N0------------- ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართს და რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა - 52 500 აშშ დოლარის ოდენობით და ხელშეკრულების მიზნობრიობა იყო რეფინანსირება, სესხის თანხით გადაიფარა მსესხებლის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული სესხი - 52 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

- ამასთან, 2013 წლის 3 ივლისის საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულება და 2014 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის N0------------- ხელშეკრულება წარმოადგენენ 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს, მის დანართს და მათზე ვრცელდება ყველა ის დანაწესი, რასაც მოიცავს ძირითადი გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

- 2013 წლის 26 ივნისის იპოთეკის NR-----------/1 ხელშეკრულება, რომელიც ასევე წარმოადგენს 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართს და უზრუნველყოფს NR----------- ხელშეკრულების და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებს სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რამდენადაც, NR-----------/1 იპოთეკის ხელშეკრულებით მიხედვით დგინდება, რომ იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია მოთხოვნა წარმოშობილი და აღწერილი ხელშეკრულებიდან გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.

 

- ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერების მიხედვით კი დგინდება, რომ 2013 წლის 3 ივლისის საბანკო კრედიტის N0-------------- ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხით - 51 100 აშშ დოლარით დაიფარა მოპასუხის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული სხვადასხვა სესხები სრულად (იხ. ამონაწერი), 2014 წლის 24 ივლისის საბანკო კრედიტის N0------------- ხელშეკრულების გაცემული სესხის თანხით - 52 500 აშშ დოლარით კი დაიფარა მოპასუხის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული სესხი N5---- სრულად (იხ. ამონაწერი). ხოლო მსესხებლის მიერ N6---- სესხის ფარგლებში გაცემული სესხის დაფარვის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტაცია მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის და არც საქმეზე მოიპოვება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოპასუხის მიერ მოთხოვნის გასაქარწყლებლად მითითებული ფაქტი - დავალიანების არ არსებობის თაობაზე - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- NR----------- გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება;

- NR-----------/1 იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 27-31);

- N0------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-26);

- N0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი.

- ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ამონაწერები.

- მხარეთა ახსნა - განმარტება ( იხ. სხდომის ოქმები, შესაგებელი, სარჩელი).

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს "ლ--------------" ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

დადგენილია, რომ მხარეებს სს ''ლ--------------'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა - 2014 წლის 01 სექტემბრიდან და დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ''ლ--------------ს'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ--------------'' უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალეს გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 52 500 აშშ დოლარის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე გ------------ას 2015 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით დაერიცხა საპროცენტო სარგებელი - 8063.96 აშშ დოლარის ოდენობით, რისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმეზე ასევე არ მოიპოვება, შესაბამისად, მხარეს გადასახდელად უნდა დაეკისროს დარიცხული პროცენტის - 8063.96 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2.3.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლი 1-ლი ნაწილის თანახმად კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის გარდა, მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პროცენტისა და ჯარიმის გადახდის ვალდებულებაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შემცირებული პირგასამტეხლო შეადგენს - 957.93 აშშ დოლარს, ამდენად, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ხელოვნურად გაზრდილი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს - 957.93 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ასევე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

2.3.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

ვინაიდან, საქმეზე დადგენილია, რომ ''მოვალესა'' და ''კრედიტორს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დადგენილ ვადაში და წესით არ არის შესრულებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს – იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ხოლო 2011 წლის 21 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების 13.3 პუნქტის საფუძველზე, მხარები შეთანხმდნენ მასზედ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულ დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხის სხვა ქონებაზე.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე გ------------ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულ დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხის სხვა ქონებაზე - საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გ------------ას ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ მოპასუხე ეტაპობრივად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ფარავდა სესხის თანხას, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლიდან ჯამში გადახდილი აქვს 157 857.67 აშშ დოლარი, რაც მკვეთრად აღემატება პირველი სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას. ამასთან 2013 წლის 03 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი და შემდგომში წარმოდგენილი ხელშეკრულება, მტკიცებულების სახით არ უნდა დართვოდა საქმეს.

 

3.2.3. აპელანტის განმარტებით, 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულების სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი, ა-----------------------------------1 კვ.მ, ს--------–-------------, საკადასტრო კოდი N0----------------------, რომლის ღირებულებაც არსებითად აღემატება 2013 წლის 26 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკრედიტო ლიმიტს და გ------------ას მოსარჩელესთან შედარებით აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე არ დგინდება თუ კონკრეტულად რომელ ხელშეკრულებას ეფუძნება მოთხოვნის მოცულობა. ამასთან, დარიცხული ჯარიმა და პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია და დადგენილი პრაქტიკის მიხედვით სასამართლოს მიერ ექვემდებარება შემცირებას.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლოებში სადავოა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პროცენტის -8063.96 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 957.93 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1.ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

 

4.1.1. 2011 წლის 21 ნოემბერს სს ''ლ--------------'' და გ------------ას შორის გაფორმებული იქნა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება NR-----------, რომლის საფუძველზეც ერთიანი საკრედიტო ლიმიტით განსაზღვრული იქნა - 36 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 (სამას სამოცი) თვის ვადით. 2013 წლის 26 ივნისს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2.1. ქვეპუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარით ან მისი ექვივალენტი კონვერტირებად ვალუტაში.

 

4.1.2. 2014 წლის 24 ივლისს სს "ლ--------------ა" და გ------------ას შორის გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0-------------, 2011 წლის 21 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ NR----------- ხელშეკრულების დანართი, რომლის საფუძველზეც, ბანკის მიერ გაცემულ იქნა საკრედიტო თანხა - 52 500 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით, წლიურ 13% პროცენტად და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2024 წლის 01 აგვისტო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს - 0.5%. ხელშეკრულების მიზნობრიობა: რეფინანსირება. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ზემოაღნიშნული სესხით გადაიფარა მსესხებლის სახელზე არსებული სესხი სს „ლ-------------–ი“ 52 500 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი, მსესხებელს ეპატია დარიცხული ჯარიმების 100 %. არსებითი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია წინასწარ 30 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო სარგებელი მაქსიმუმ წლიური 4%-ით. საწყისი განაკვეთის აღდგენა მოხდება არსებითი პირობების შესრულების შემდეგ, 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

4.1.3. გ------------ას დავალიანება 2014 წლის 24 ივლისს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2015 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს - 61 521.89 აშშ დოლარს. მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულები შესრულებული არ აქვს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ვალდებულებით სამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე და განმარტავს, რომ ვალდებულების არსებობის მტკიცება კრედიტორის, ხოლო მისი შესრულების მტკიცება მოვალის ვალდებულებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეთა შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მითითებული საპროცესო ნორმა განსაზღვრავს ამა თუ იმ ფაქტის დადასტურებისათვის განკუთვნილი მტკიცებულების სახეებს, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ამავდროულად, არსებობს შემთხვევები, როდესაც კანონმდებელი თავად უთითებს მხარეს, კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად წარადგინოს მატერიალური კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სახის მტკიცებულება. ასეთი შემთხვევას ვხვდებით სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსში, რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული დანაწესის ძალით, მხარეს, რომელიც კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში წარმოადგენს მოვალეს, შესაძლებლობა ეძლევა კრედიტორის მიმართ შესრულებული ფულადი ვალდებულების დასადასტურებლად მოსთხოვოს კრედიტორს შესრულებული ვალდებულების შესახებ წერილობითი დოკუმენტის – დასტურის გაცემა.აღნიშნული დოკუმენტის გაცემის მოთხოვნა – მოვალის უფლება, ხოლო მისი გაცემა კრედიტორის უშუალო ვალდებულებაა. მითითებული კუთხით კანონმდებელი ეხმარება მოვალეს, შექმნას და მიიღოს მის მიერ შესრულებული ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და მათი შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენისას მოვალის პოზიციის დასაბუთებულობის ხარისხი ძალიან მაღალია. მეორე მხრივ, დასახელებული ნორმა ზღუდავს მოვალეს და ავალებს, სადავო შესრულება დაადასტუროს სწორედ მითითებული სახის მტკიცებულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უფლების განუხორციელებლობა მხარისათვის არახელსაყრელი სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირდება. (სუსგ ას-425-408-2016)

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის დანიშნულება 2013 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების რეფინანსირება წარმოადგენს, რომლის ოდენობაც ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 52500 აშშ დოლარია (დარიცხული ჯარიმების 100% მსესხებელს ეპატია);

 

საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით გ------------ას საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ 2014 წლის 01 აგვისტოს მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 52500.00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც იმავე დღესვე დაიფარა 2013 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებიდან (#0--------------) გამომდინარე ვალდებულებები.

 

საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით კი დგინდება, რომ ბანკის მიერ გაცემული იქნა საკრედიტო თანხა - 51 100 აშშ დოლარის ოდენობით და ხელშეკრულების მიზნობრიობა იყო რეფინანსირება, სესხის თანხით გადაიფარა მსესხებლის სახელზე სს ''ლ-------------–ი'' არსებული იპოთეკური სესხები - 35 517 აშშ დოლარის და 7164 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე, გადაიფარა ''ოვერდრაფტი'' - 13 776 ლარის ოდენობით, რაც ასევე დასტურდება იამავე ამონაწერით გ------------ას საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 183-185)

 

ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, მოპასუხეს 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის გაცემიდან 2015 წლის 9 სექტემბრამდე სესხის დასაფარად თანხის შეტანა არ უფიქსირდება, 2015 წლის 9 სექტებერს შეტანილი 1200 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ვადაგადაცილების პირგასამტხელო და პროცენტი. ამის შემდეგ მოპასუხის მიერ 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად თანხის შეტანა შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ მოპუსახეს აქვს ბანკის მიმართ 2014 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულები.

 

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აპელანტის პრეტენზია 2013 წლის 3 ივლისის ხელშეკრულების სასამართლო მთავარ სხდომაზე მიღებისათან დაკავშირებით. საქმის მასალებით დგინდება სს „ლ--------------ს“ მიერ ამონაწერები ანგარიშიდან წარდგენილი იქნა 2017 წლის 16 მაისს,(ს.ფ. 177-187), ასევე 2017 წლის 29 მაისს დამატებით წარდგენილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 188-193), ხოლო სასამართლოს მთავარი სხდომა საქმეზე დაინიშნა 2017 წლის 15 ივნისის განჩინებით (ს.ფ. 199). შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება წარდგენილი დოკუმენტების აღნიშნული მტკიცებულებების სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიღების თაობაზე.

 

4.1.3. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა - 2014 წლის 01 სექტემბრიდან და დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

ამრიგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარეჩლი და დააკისრა მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც სესხის ძირითადი თანხის, ასევე პროცენტისა და პირგასამტხელოს გადახდა (სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში გადაწვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში);

 

4.1.6. უსაფუძვლოა აპელანტის მტკიცება, რომ სს ,,ლ--------------ს“ 2015 წლის 20 ოქტომბრის გაფრთხილება დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ჩაჰბარდა მოპასუხისათვის უცნობ და არაუფლებამოსილ პირს.

 

წ--–----------------------------–------------- 21, სადაც გზავნილი ჩაბარდა 2015 წლის 26 ოქტომბერს - ოჯახის წევრს, მა-----ს, სვ----–-----------ს. ( ტ. 1, ს.ფ.21, 35,36)

 

გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების NR----------- ხელშეკრულების 12.10. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინებები და სხვა კომუნიკაციები უნდა ჩაბარდეს პირადად ან გაიგზავნოს დაზღვეული ან რეგისტრირებული საფოსტო გზავნილით, ასევე ელექტრონული ფოსტით, ფაქსით, ინტერნეტბანკით, მობილბანკით, მოკლე ტექსტური სეტყობინებებით ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე და საკონტაქტო პირებთან და იგი ჩაითვლება ჩაბარებულად მხარეთათვის ნებისმიერი აქ დათქმული ფორმით გაგზავნისას. ხელშეკრულებაში მოპასუხის მისამართი მითითებულია წ--–----------------------------–------------- 21, იგივე მისამართია მითითებული 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებაში და შესაგებელში. ამ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება 2015 წლის 26 ოქტომბერს ჩაჰბარდა ოჯახის წევრს, მა-----ს, სვ----–-----------ს. ( ტ. 1, ს.ფ.21, 35,36) ამრიგად, მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, სწორ, მის მიერვე მითითებულ მისამართზე და როგორც უკუგზავნილიდან დგინდება ჩაჰბარდა მისი ოჯახის წევრს - მა-----ს.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება შეჯიბრებითობის საპროცესო პრინციპს, რომელიც სსსკ-ის მე-4 მუხლითაა გარანტირებული. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განმტკიცებული, მხარეთა მიერ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

რაიმე მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა რომ გზავნილის მიმღები პირი არ ცხოვრობს მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე და მოპასუხეს მასთან ნათესაური კავშირი არ აკავშირებს, წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ მხარის განმარტება, რომ არ იცნობს ასეთ პირს, ამ გარემოებების დასადგენად საკმარისი არ არის.

 

4.1.5. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებებს დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევასთან დაკავშირებით, აღნიშნულზე პალატა განმარტავს:

 

მხარეებმა ხელშეკრულებაში თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრეს სესხის სარგებელი წლიური 13 %-ის ოდენობით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საბანკო სექტორში კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის გათვალისწინებით, წლიური 13% სარგებლი, გონივრული ოდენობაა და არ ეწინააღმდეგება სასესხო ურთიერთობებში საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესრიგს. სასამართლო მოიხმობს დამკვიდრებლ სასამართლო პრაქტიკას, რომლითაც წლიური 13 % სარგებელი არ განიხილება ამორალურ და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო ოდენობად (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში გაკეთებული განმარტება, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს („...თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე). ას-139-139-2018

 

აღნიშნულის შესაბამისად პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის მოთხოვნას პროცენტის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამტეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.(სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვალდებულება დარღვეულია 2014 წლის 01 სექტემბრიდან, და დღემდე შესრულებული არ არის, პალატას მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხარსხს, მის ხანრძლივობას და რაიმე საფუძველი დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისათვის არ არსებობს.

 

4.1.7. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მართებულად დაადგინა დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება არ იყო უზრუნვლეყოფილი იპოთეკით.

 

2011 წლის 21 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 4.1 პუნქტით, იპოთეკა სრულად უზრუნველყოფილს მოთხოვნებს, რომლებიც წარმოშობილია 21/11/2011წ. გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: შემადგენელი საკრედიტო ხაზების, გენერალური საკრედიტო ხაზის ფარგლებში მოქმედი კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბანკო გარანტიების, ოვერდრაფტების, დოკუმენტური ინკასოების, ოფციონების, ფიუჩერსების, ფაქტორინგების და საკრედიტო ხაზით მომსახურების, ხელშეკრულების მომსახურების მიზნით დადებული ყველა ხელშეკრულებიდან და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

2013 წლის 26 ივნისს, ამავე დღეს 21/11/2011წ. გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილელების შესაბამისად, ცვლილებები შევიდა 2011 წლის 21 ნოემბერის იპოთეკის ხელშეკრულებაში.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 24 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია მხაარეებს შორის არსებული 21/11/2011წ. გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მისი მომსახურების მიზნით და მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 24 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია მხარეებს შორის 2011 წლის 21 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია იპოთეკის საგნის რელიზაციით დაიკმაყოფილოს ამავე პუნქტიდან გამომდინარე (მათ შორის სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს) მოთხოვნები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

რადგან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ გაღებული ხარჯები არ ანაზღაურდება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------ას წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: ეკატერინე ცისკარიძე

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ანა გოგიშვილი