განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001934286
საქმე №1ბ/33-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, ლელა ბახტაძის, ანი ჭაბაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ი-----–----------ას
მსჯავრდებულის: კ--------–-----–--ის
ადვოკატის: თ--------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------------–---–ის სააპლაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №004200317004): კ--------–-----–--ის, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), დაბადებულის 1973 წლის 13 ივლისს, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: წ---–--------------------------–------–---------–-----------–---–-------------–-- ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ--------–-----–--ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.
კ--------–-----–--ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
კ--------–-----–--ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა სხვის სატრანსპორტო საშუალებას და მოეხდინა მისი ჯართის სახით რეალიზება. ამ მიზნით, მან შეარჩია ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ ავტომანქანების ბირჟაზე გაჩერებული ,,ZIL 133 GYA” მოდელის ავტოამწე, სახელმწიფო ნომრით SGS-538 და დაუკავშირდა მის მფლობელ ბა-------------–--ლს, რომელსაც თავი გააცნო ქ. თბილისში, ლ---------------- ქუჩა #4ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მფლობელად, რომლის დემონტაჟსაც აპირებდა და ესაჭიროებოდა ავტოამწის მომსახურება. მეტი დამაჯერებლობისთვის, 2017 წლის 16 მარტს, კ--------–-----–--ემ ბა-------------–--ლთან გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამწეს ქირაობდა სამი თვის განმავლობაში, რის სანაცვლოდაც ბა-------------–--ლისთვის ყოველდღიურად უნდა გადაეხადა 140 ლარი. მისივე მითითებით, ავტოამწე გაჩერებული იქნა ე.წ. ,,სამუშაო ობიექტის“ ახლოს, ქ. თბილისში, ლ---------------- (ყოფილი ქაიროს) ქუჩა #4ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ 20 მარტს დაიწყებდნენ აღნიშნული ობიექტის დემონტაჟს. ამის შემდგომ კ--------–-----–--ემ ისარგებლა იმით, რომ ბა-------------–--ლი ადგილზე არ იმყოფებოდა, იმავე დღეს ზემოაღნიშნული ავტომანქანიდან ამოიღო ე.წ. ,,ტროსი“ და ლითონის შეკვრა, რაც ჯართად ჩააბარა ქ. თბილისში, ლ---------------- ქუჩა #38-ში მდებარე ი-–-------------–---–ის კუთვნილ ლითონის მიმღებ პუნქტში. მომდევნო დღეს, 17 მარტს, კ--------–-----–--ემ აღნიშნული ავტოამწე გადააადგილა მისთვის ხელსაყრელ ადგილზე - ქ. თბილისში, ლ---------------- ქუჩა #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წინასწარ დაქირავებული ხელსაწყოს გამოყენებით, დაჭრა რამდენიმე ნაწილად, რის შემდეგაც იმავე დღეს ჩააბარა იმავე ჯართის მიმღებ პუნქტში. მისი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ბა-------------–--ლს მიადგა 14 000 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:
კ--------–-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
კ--------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 15 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 12 აპრილიდან 2017 წლის 14 აპრილის ჩათვლით.
კ--------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ--------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა კ--------–-----–--ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება კ--------–-----–--ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენა, კ--------–-----–--ე ბა-------------–--ლთან იმყოფებოდა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში, ამ უკანასკნელისგან მსჯავრდებულმა მართლაც იქირავა ამწე, რომელიც აღმოჩნდა გაუმართავ მდგომარეობაში, გამოვიდა მწყობრიდან (გადატანის დროს ამოყირავდა და გადატყდა), რის შემდეგაც მესაკუთრესთან შეთანხმებით, ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, ხოლო აღებული ფული გადასცა ბა-------------–--ლს. საქმეზე არ არის ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა გატეხილი ამწის ღირებულების დასადგენად, ასევე ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ტექნიკური ექსპერტიზა, ავტოამწის რამა გადაჭრილი იყო თუ - გატეხილი. აგრეთვე, პალატის სხდომაზე დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ვინაიდან მას გაუტყდა ამწე, რითაც დააზარალა მესაკუთრე ბა-------------–--ლი, თავს ვალდებულად თვლის, ამ უკანასკნელს გადაუხადოს შვიდი ათასი ლარი.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, „მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება“. აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, დაცვის მხარის შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ კ--------–-----–--ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული არ ჩაუდენია. სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ბა-------------–--ლის, გიზო ჩანტლაძის, ი-–-------------–---–ის, თეიმურაზ ჭოხონელიძის, გე-–----–---–---–ის, შალვა კინწურაშვილის ჩვენებების, ზილის მარკის (მოდელი 133) ამწის (სახ. #-------) ტექნიკური პასპორტის, ამწის გასაღების და რწმუნებულება/მინდობილობის დამოწმების დათვალიერების ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმების, შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის #1077/2 ჟურნალის დათვალიერების ოქმის, ნივთიერი მტკიცებულებების, მოწმე გე-–----–---–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, კ--------–-----–--ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, ამოცნობის ოქმების, აკუმულატორების დათვალიერების ოქმის, ავტოამწის ქირავნობის ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების, კ--------–-----–--ესა და ბა-------------–--ლს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხის, სასაქონლო ექსპერტიზის #448/ს დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ--------–-----–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა კ--------–-----–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს კ--------–-----–--ის მიერ ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ბა-------------–--ლმა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 მარტს გაიცნო კ--------–-----–--ე, როდესაც ეს უკანასკნელი დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და უთხრა, რომ რაღაც შენობის (საწყობების) დემონტაჟისთვის სამი თვით სჭირდებოდა მისი (დაზარალებულის) კუთვნილი ,,ZIL 133 GYA” მოდელის ავტოამწე, ხოლო დღეში გადაუხდიდა 140 ლარს, რაზეც დათანხმდა. ავტოამწე გაჩერებული ჰყავდა ბელიაშვილის ქუჩაზე და საქარე მინაზე კლიენტებისთვის გამოკრული ჰქონდა მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაურეკა კ--------–-----–--ემ. 16 მარტს, ის და კ--------–-----–--ე წავიდნენ ნოტარიუსთან, სადაც წერილობით გააფორმეს ავტოამწის ქირავნობის ხელშეკრულება. ამის შემდეგ მან და კ--------–-----–--ემ ავტოამწე გადაიყვანეს კაიროს ქუჩა #4-თან, სადაც, სულაქველიძის მითითებით, გააჩერა ავტოამწე და დატოვა ვიდეო-სათვალთვალო კამერის სიახლოვეს. კ--------–-----–--ემ უთხრა, რომ ორშაბათიდან დაეწყოთ მუშაობა, მანამდე კი რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. მან (ბა-------------–--ლმა) ავტოამწის კაბინა დაკეტა კლიტით, წამოიღო გასაღები და კახასთან ერთად წამოვიდა „ოპელის“ მარკის ავტომანქანით დიდუბის მეტრომდე, საიდანაც წავიდა სახლში, მცხეთის რაიონში, სოფელში. 18 მარტს მობილურზე დაურეკა კ--------–-----–--ემ და უთხრა, რომ ვიდეო-სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ ავტოამწე არ ხვდებოდა, ამიტომ, რომ არ მოეპარათ, უმჯობესი იყო მანქანიდან ამოეღო აკუმულატორები, რომელსაც სახლში მოუტანდა, რაზეც დათანხმდა. მართლაც, კ--------–-----–--ემ გატეხა ბოქლომი, ავტოამწიდან ამოიღო აკუმულატორები და საღამოს, იმავე წითელი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანით მოუტანა სახლში, სოფელში. 20 მარტს, ორშაბათს იგი (დაზარალებული) ურეკავდა კ--------–-----–--ეს, თუმცა მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, შემდეგ იგი (დაზარალებული) წავიდა კაიროს ქუჩაზე და ნახა, რომ მითითებულ ადგილზე მისი ავტოამწე აღარ იყო გაჩერებული, რომელსაც მიაგნო კაიროს ქუჩაზე ჯართის მიმღებ პუნქტში, დაჭრილ მდგომარეობაში, კერძოდ, ავტოამწე სამ ნაწილად იყო გადაჭრილი და კ--------–-----–--ის მიერ ჩაბარებული იყო ჯართის მიმღებ პუნქტში. მას (ბა-------------–--ლს) აღნიშნული ავტოამწე 2014 წლის 25 მარტს ნაყიდი ჰქონდა 8 ათას აშშ დოლარად, რაც იმ დროს შეადგენდა 14 ათას ლარს. ავტოამწე იყო ყველანაირად გამართული, რომლითაც ასრულებდა გარკვეულ სამუშაოებს და ინახავდა ოჯახს, ავტოამწის დაჭრით და ჯართში ჩაბარებით კ--------–-----–--ემ მისი (დაზარალებულის) ოჯახი დატოვა შემოსავლის გარეშე. კ--------–-----–--ესთან მოლაპარაკების თანახმად, ავტოამწეზე მას (ბა-------------–--ლს) უნდა ემუშავა, სხვას არც დასვამდა, არავის ანდობდა სამუშაოს წარმოებას, ვინაიდან ეს არის სპეციფიკური სამუშაო, ავტოამწის ტექ. პასპორტი და კაბინის გასაღები არავისთვის მიუცია. ჯართის მიმღებ პუნქტში გაარკვია, რომ კ--------–-----–--ეს მისი ავტოამწე დაჭრილ მდგომარეობაში ჩაბარებული ჰქონდა 17 მარტს, ხოლო წინა დღეს, 16 მარტს, კ--------–-----–--ეს იმავე ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარებული ჰქონდა ავტოამწიდან ამოღებული ტროსი და ლითონის შეკვრა, ასევე გაარკვია, რომ კ--------–-----–--ემ სხვა ადგილზე გადაიყვანა ავტოამწე, რომელიც კაბინაში არსებული წითელ ღილაკზე ხელის მიჭერით იქოქებოდა, სადაც დაჭრა და დაჭრილი ავტოამწე ჯართის მიმღებ პუნქტში მიიტანა ვიღაცის ტრაილერით. ჯართის ჩამბარებელმა უთხრა, რომ კ--------–-----–--ეს გადაუხადეს 5320 ლარი. დაზარალებულმა კატეგორიულად უარყო, რომ არანაირი მოლაპარაკება კ--------–-----–--ესთან ავტოამწის დაჭრასა და ჯართში ჩაბარებაზე არ ჰქონია, ამას არც დაუშვებდა, ყველამ იცის, რომ ავტოამწე მუშაობდა და იყო გამართულ მდგომარეობაში. არც აკუმულატორების სოფელში ამოტანის დროს, რა დროსაც კ--------–-----–--ეს ავტოამწე უკვე დაჭრილი და ჯართში ჩაბარებული ჰქონდა და არც შემდეგში კ--------–-----–--ეს მისთვის (დაზარალებულისთვის) არანაირი თანხა არ მიუცია. მოგვიანებით, ამოცნობის ჩატარების დროს, კ--------–-----–--ემ უთხრა, აღარ ეჩივლა და გადაუხდიდა 5 ათას დოლარს. მას (ბა-------------–--ლს) კ--------–-----–--ის საქმიან წინადადებაში ეჭვი არ შეპარვია, ვინაიდან ხელშეკრულება გააფორმეს ნოტარიუსთან, თანაც შესრულებული სამუშაოს ყოველ დღეში კ--------–-----–--ე შეჰპირდა 140 ლარს, რაც ასეთი ტიპის სამუშაოს შესრულებისთვის ძალიან კარგი ანაზღაურებაა მაშინ, როდესაც, ზოგადად, ასეთ სამუშაოზე ანაზღაურება შეადგენს დღეში 80-100 ლარს, ასევე კ--------–-----–--ის, რომელმაც კაიროს ქუჩაზე გადაყვანამდე ყველაფერი შეუმოწმა ავტოამწეს, მიერ დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, დაასკვნა (დაზარალებულმა), რომ კახა კარგად იყო ჩახედული ავტოამწის მუშაობაში. დაზარალებულმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ კაიროს ქუჩაზე ავტოამწის გაჩერებიდან ჯართის მიმღებ პუნქტამდე არის ვაკე ადგილი, არსად გადასავარდნი არ არის და ავტოამწის ყველანაირი სისტემა, მათ შორის მუხრუჭებიც, გამართულ მდგომარეობაში მუშაობდა.
მოწმე გ------------–---მ აჩვენა, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე მისი და ბა-------------–--ლის ავტომანქანები გვერდი-გვერდ იდგა. 14 მარტს, მასთან (მოწმესთან) მივიდა კ--------–-----–--ე, რომელმაც იკითხა ბა-------------–--ლის კუთვნილი ავტოამწის პატრონი მალე მივიდოდა თუ - არა, ხოლო შემდეგ მობილურზე დაურეკა ბადრის. მესაკუთრის ტელეფონი ბირჟაზე მდგარი ყველა მანქანის საქარე მინაზეა გამოკრული. ორი დღის შემდეგ კ--------–-----–--ე კვლავ მოვიდა, შეხვდა და დაელაპარაკა ბა-------------–--ლს ავტოამწის ქირავნობაზე. მაშინ გაიგო (მოწმემ) კ--------–-----–--ის ვინაობა. იმავე დღეს ბადრიმ და კახამ ავტოამწე ერთად წაიყვანეს. რამდენიმე დღეში ბა-------------–--ლმა მას (გ------------–---ს) უთხრა, რომ კ--------–-----–--ემ მის უნებართვოდ ავტოამწე დაჭრა და ჯართში ჩააბარა. მოწმემ აღნიშნა, რომ ბა-------------–--ლის ავტოამწე იყო დაუზიანებელი, გამართულ მდგომარეობაში. გამართული რომ არ ყოფილიყო, ავტოამწე „სტაიანკიდან“ ვერ გავიდოდა.
მოწმე ი-–-------------–---–მა განაცხადა, რომ ლ---------------- (კაიროს) ქუჩაზე აქვს ჯართის მიმღები პუნქტი. მისი ურთიერთობა კ--------–-----–--ესთან დაიწყო 2017 წლის 16 მარტს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოიტანა და ჯართში ჩააბარა 165 კგ. ტროსი და შეკრული ლითონის ჯართი. კ--------–-----–--ეს გამოართვა პირადობის მოწმობა, გაატარა შესაბამის ჟურნალში და გადაუხადა თანხა. კ--------–-----–--ემ ასევე განაცხადა, რომ მამამისს ჰყავდა გაფუჭებული მანქანა, რომლის ჯართში ჩაბარებაც უნდოდა, თანაც მამამისის წლისთავი ახლოვდებოდა და ფული სჭირდებოდა, რაზეც უთხრა (მოწმემ), რომ თუკი მანქანა საჯართედ იყო ქცეული, მოეტანა და ჩაიბარებდა. მეორე დღეს, კ--------–-----–--ემ ჯართის მიმღებ პუნქტში დიდი სატვირთო ავტომანქანით მოიტანა დანაწევრებულ მდგომარეობაში, სავარაუდოდ, მოლურჯო ფერის, „ზილის“ მარკის ავტოამწე, რომლის კაბინა იყო ცალკე, შუა ნაწილი - ცალკე, უკანა ნაწილი - ცალკე. კახას თანდასწრებით, აწონეს ჯართი, რომელმაც შეადგინა 14 ტონა, გაატარეს ჟურნალში და კ--------–-----–--ეს გადაუხადეს 5320 ლარი. ავტოამწის ნაწილები შესანახად დაალაგეს სხვადასხვა ადგილზე.
მოწმე თ--------------------–---მ აჩვენა, რომ ჰყავს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა, რომლითაც ტაქსაობს. 2017 წლის მარტში, წერეთლის გამზირზე, გამოფენასთან გააჩერა მამაკაცმა, რომელიც აღმოჩნდა კ--------–-----–--ე და რომელიც წაიყვანა ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც კახა შეხვდა ვიღაც მამაკაცს. მისი (მოწმის) ურთიერთობა კ--------–-----–--ესთან გაგრძელდა, დაახლოებით, 3-4 თვე. კახას ჰქონდა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც კახა ურეკავდა და ამ უკანასკნელს ემსახურებოდა ტაქსით. ბელიაშვილის ქუჩაზე როდესაც მიიყვანა, იქ კ--------–-----–--ე ვიღაც ბადრის დაელაპარაკა „ზილის“ მარკის ავტოამწეზე. ბადრი და კახა წაიყვანა გლდანში, ნოტარიუსთან. გზაში ისინი საუბრობდნენ ავტოამწის ქირავნობაზე. ის ავტოამწე კ--------–-----–--ემ და ბადრიმ წაიყვანეს კაიროს ქუჩაზე და იქ გააჩერეს. ამის შემდეგ კახამ დაურეკა, რომელსაც შეხვდა ვაგზალზე, წაიყვანა და დატოვა კაიროს ქუჩაზე. იმავე საღამოს კვლავ მიაკითხა კაიროს ქუჩაზე, კ--------–-----–--ემ მანქანაში ჩააწყო ორი აკუმულატორი, რის შემდეგაც, კახას მითითებით, ჯერ წავიდნენ ვაგზალზე, შემდეგ კი - მცხეთის რაიონის რომელიღაც სოფელში, სადაც დახვდათ ბადრი და ამ უკანასკნელს კახამ გადასცა წამოღებული აკუმულატორები. კაიროს ქუჩაზე გაჩერებული ავტოამწე კ--------–-----–--ემ დააჭრევინა, დიდი ტრაილერით წაიღო და ჩააბარა იქვე, კაიროს ქუჩაზე მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში. წინა დღეს კახამ იმავე ჯართის მიმღებ პუნქტში ტროსი და რაღაც ლითონის დეტალი ჩააბარა. მან (მოწმემ) პირადად ნახა ავტოამწე დაჭრილ მდგომარეობაში, იქვე იმყოფებოდა კ--------–-----–--ეც. ბრალდებულის შეკითხვებზე მოწმემ უპასუხა, რომ კ--------–-----–--ესა და ბადრის შორის ავტოამწის დაჭრასა და ჯართში ჩაბარებაზე ლაპარაკს არ შესწრებია, არ დაუნახავს, რომ ბადრიმ გადასცა კ--------–-----–--ეს ავტოამწის გასაღები, მცხეთაში რომ მიდიოდნენ, გზაში, მანქანაში კახა ფულს ითვლიდა, არ ახსოვს (მოწმეს) ბადრიმ თქვა თუ არა, რომ თანხის მოცემაზე ჩემს მეუღლესთან არაფერი წამოგცდეთო, არ ახსოვს (მოწმეს) კ--------–-----–--ეს ვინმესთან საუბარი ჰქონოდეს, მანქანა რომ დააზიანე, გადასახდელი გაქვს ფულიო, მას (თ--------------------–---ს) ავტოამწე გადაყირავებულ მდგომარეობაში არ უნახავს, ზემოხსენებული აკუმულატორები გამართული ავტოამწიდან ამოიღეს.
მოწმე გე-–----–---–---–მა სასამართლოში განმარტა, რომ „რენოს“ მარკის ტრაილერის მძღოლია და ეწევა კერძო საქმიანობას. 2017 წლის 17 მარტს მას დაურეკა კ--------–-----–--ემ, რომელსაც შეუთანხმდა და თავისი ტრაილერით ლორთქიფანის ქუჩა #44-დან იმავე ქუჩის #38-ში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში მიატანინა 3-4 ნაწილად დაჭრილი ,,ზილ“-ის მარკის ავტოამწე. ადგილზე მისვლისას, სადაც დახვდა კ--------–-----–--ე, ავტოამწე უკვე დაჭრილი იყო. ის ადგილი, სადაც დაჭრილი ავტოამწის ნაწილები ეწყო, შემოღობილ, ვაკე ტერიტორიას წარმოადგენდა. როგორც ახსოვს, სულაქველიძემ გადაუხადა მომსახურების შესაბამისი საზღაური.
2017 წლის 20 მარტის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერდა შპს ,,ლიდ გრუპ“-ის დირექტორ ი-–-------------–---–ის მიერ წარდგენილი, შპს-ს შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი #1077/2. ჟურნალის დათვალიერებისას 27-ე გვერდზე დაფიქსირებულია 16 და 17 მარტს კ--------–-----–--ის მიერ ჩაბარებული ჯართის გრაფები, კერძოდ: 473-ე ნომრად არის გატარებული კ--------–-----–--ის პ/ნ 5----------, მიერ ჩაბარებული 165 კგ შეკრული ლისტი და ე.წ. ტროსი, იმავე გვერდზე 478-ე ნომრად არის ასევე დაფიქსირებული კ--------–-----–--ის პ/ნ 5----------, მიერ ჩაბარებული დაჭრილი მანქანის ნაწილები 14 ტონა. ორივე გრაფაში არის კ--------–-----–--ის ხელმოწერა.
2017 წლის 20 მარტის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, ლ---------------- ქუჩა #38-ში მდებარე შავი და ფერადი ლითონების ჩაბარების პუნქტი შპს ,,ლ------------, რომლის დირექტორმა ი-–-------------–---–მა გამოძიებას წარუდგინა კ--------–-----–--ის მიერ ჩაბარებული ,,ზილ“-ის მარკის ამწის მოლურჯო შეფერილობის კაბინა, ამავე ამწის ძრავი, რომელზეც მიმაგრებულია გადაცემათა კოლოფი, მეტალის კორპუსი - ე.წ. ,,რამა“, გადაჭრილ მდგომარეობაში, რომელზეც განთავსებულია ე.წ. ,,ხიდები“ ორი ცალი და მათზე განთავსებულია ოთხ-ოთხი საბურავი. ასევე ი-–-------------–---–მა გამოძიებას წარუდგინა აღნიშნული ე.წ. ,,რამის“ მეორე გადაჭრილი ნაწილი, რომელზეც განთავსებულია საწვავის ავზი და წინა ორი საბურავი, ასევე წარადგინა ამწის სამართავი კაბინა, რაც განთავსებულია მეტალის სადგამზე, გააჩნია ჰიდრავლიკური სისტემა და ე.წ. ,,დამჭიმი“ მოწყობილობა. ბა-------------–--ლის განმარტებით, ხსენებული ნივთები ეკუთვნის მას და არის მისი ,,ზილ“-ის მარკის ამწის დეტალები.
2017 წლის 20 მარტის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი #10-ში მდებარე შპს ,,ჯეო ინვესტი“-ს ტერიტორიაზე ჩატარებული დათვალიერებისას შპს ,,ლიდ გრუპის“ დირექტორმა ი-–-------------–---–მა გამოძიებას წარუდგინა ამწის ე.წ. ,,სტრელა“, რომელიც განთავსებულია ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე, მიწის გრუნტოვან ზედაპირზე. ბა-------------–--ლის განმარტებით, აღნიშნული მოყვითალო შეფერილობის ე.წ. ,,სტრელა“, რომელზეც განთავსებულია წარწერა ,,KC-3575A” არის მისი, რომელიც დამონტაჟებული იყო თავის ,,ზილის“ მარკის ამწეზე.
2017 წლის 20 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მოწმე გე-–----–---–---–მა ქ. თბილისში, ლ---------------- ქუჩა #44-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც მან, კ--------–-----–--ის მითითებით, თავის კუთვნილ ,,რენოს“ ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთა დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ,,ზილ“-ის მარკის ამწე, რომელიც გადაიტანა ლითონის მიმღებ პუნქტში. აღნიშნული ტერიტორიიდან, მიწის გრუნტოვანი ზედაპირიდან, ამოღებულ იქნა მოყავისფრო შეფერილობის სავარძლის შალითა. აგრეთვე, გე-–----–---–---–მა ლ---------------- ქუჩა #38-ში მდებარე ფერადი და შავი ლითონის მიმღებ პუნქტზე გამოძიებას მიუთითა, რომ მან აქ მოახდინა კ--------–-----–--ის მითითებით დაჭრილი ,,ზილ“-ის მარკის ამწის დეტალების ჩაბარება.
ქირავნობის ნოტარიულად დამოწმებული 2017 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ბა-------------–--ლმა კ--------–-----–--ეს 2017 წლის ივნისის ჩათვლით მიაქირავა ავტომანქანა ZIL 133 GYA, გამოშვების წელი - 1989, ტიპი-სპეციალიზებული, ძრავის #421165, შასის #128439, სარეგისტრაციო #SGS 538, რის სანაცვლოდაც კ--------–-----–--ეს ბა-------------–--ლისთვის ყოველდღიურად უნდა გადაეხადა 140 ლარი.
სასაქონლო ექსპერტიზის #448/ს დასკვნის და ექსპერტ შალვა კინწურაშვილის ჩვენების თანახმად, სპეციალური ა/მანქანა ,,----------”, სახ. #--------ის საბაზრო ღირებულება მისი ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 17 000 ლარს. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ არ არის ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა გატეხილი ამწის ღირებულების დასადგენად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას და სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის დროს მსჯავრდებულმა კ--------–-----–--ემ დაადასტურა ბა-------------–--ლისგან ავტოამწის ქირავნობისა და შემდგომ მის მიერ აღნიშნული ავტოამწის ჯართში ჩაბარების ფაქტობრივი გარემოება, თუმცა აღნიშნა, რომ, როდესაც ავტოამწე ობიექტზე გადაჰქონდა, აღმოჩნდა, რომ მას მუხრუჭები არ უმუშავებდა, რის გამოც ავტოამწე ამოყირავდა და გადატყდა. შემთხვევის თაობაზე აცნობა ბა-------------–--ლს, რომელმაც ნახა ავტოამწე და მას (კ--------–-----–--ეს) ორ-სამ პიროვნებასთან ერთად შეხვდა მოსალაპარაკებლად, რა დროსაც უთხრეს, რომ, ვინაიდან ავტოამწე მისი (სულაქველიძის) ნაქირავები იყო და მან დააზიანა, შესაბამისად, ზიანიც მას (მსჯავრდებულს) უნდა აენაზღაურებინა. კ--------–-----–--ემ შესთავაზა, შეეფასებინათ ზიანი და თავად შეაკეთებდა, რაზეც ბა-------------–--ლმა უთხრა, რომ ავტოამწის შეკეთება ვერ მოხერხდებოდა და მოსთხოვა 12000 ლარი, რაზეც სულაქველიძემ უარი უთხრა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ კ--------–-----–--ე დაზარალებულს ზარალს ნაწილ-ნაწილ აუნაზღაურებდა, ხოლო ავტოამწეს ჩააბარებდნენ ჯართში. მანამდე კი ავტოამწიდან აკუმულატორები ამოეღოთ. სულაქველიძის განმარტებით, ამ საუბარს ესწრებოდა ლითონის მიმღები პუნქტის უფროსი ილია რაზმაზაშვილიც, რომელიც იცნობს ბა-------------–--ლს. კ--------–-----–--ემ დაადასტურა, რომ დაზარალებულის ავტოამწე საკუთარი პასპორტით ჩააბარა ლითონის მიმღებ პუნქტში, რადგან ხიზანიშვილს არ სურდა თავისი სახელით ჩაბარება. ჯართის ჩაბარებას არ ესწრებოდა ბა-------------–--ლი, თუმცა იგი საქმის კურსში იყო. ავტოამწის აკუმულატორები და სანომრე ნიშნები სოფელში, მცხეთის რაიონში მიუტანა დაზარალებულს, რა დროსაც ამ უკანასკნელს ასევე მისცა ჩაბარებული ჯართის საფასურის ნაწილი - 1700 ლარი და უთხრა, რომ თურქეთში მიდიოდა მაქსიმუმ 10 დღით და დანარჩენ თანხას საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისცემდა. თურქეთში გაემგზავრა 22 მარტს და დაბრუნდა ხუთ დღეში. გზად, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მშობლებთან გაიარა. სახლიდან მაღაზიაში გასვლისას კი პოლიციელებმა შეაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების დროს და ჩვენების მიცემისას სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი (კ--------–-----–--ის) უფლებების დარღვევას. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის ზემოხსენებულ განმარტებებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვისას, არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ტექნიკური ექსპერტიზა იმ გარემოების დასადგენად, ავტოამწის რამა რეალურად გადაჭრილი იყო თუ გატეხილი, ან ავტომანქანის საკეტი იყო თუ არა გატეხილი, პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა, მხარეები თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს ან არ მოიპოვოს ესა თუ ის მტკიცებულება, შესაბამისად, ვერავინ აუკრძალავს მხარეს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით და წესით ამა თუ იმ მტკიცებულების მოპოვებას. დაცვის მხარეს შეეძლო ესარგებლა მტკიცებულებათა მოპოვების უფლებით და თვითონ დაენიშნა და ჩაეტარებინა მისთვის საინტერესო საკითხზე შესაბამისი ექსპერტიზა, რასაც სასამართლო შემდგომ გახდიდა მსჯელობის საგნად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის დისპოზიციის თანახმად, როდესაც პირი მოტყუებით ეუფლება სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთს ან მის ქონებრივ უფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახეზეა თაღლითობის შემადგენლობა. ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია ის გარემოება, რომ დამნაშავე ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად იყენებდეს მოტყუებას. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება _ ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი. მოცემულ შემთხვევაში კ--------–-----–--ე მოქმედებდა განზრახ, მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, სხვისი ქონების მოტყუებით დასაუფლებლად. თავდაპირველად, იგი გაეცნო დაზარალებულ ბა-------------–--ლს, რომელსაც უთხრა, რომ, თითქოსდა, შენობის დემონტაჟისთვის უნდოდა მისი კუთვნილი ავტოამწის დაქირავება სამი თვით, ამასთან, შესთავაზა საშუალოზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება - დღეში 140 ლარი, აგრეთვე, მეტი ნდობისათვის დაზარალებულს შესთავაზა, ნოტარიული წესით გაეფორმებინათ ავტოამწის ქირავნობის ხელშეკრულება. ამას გარდა, ავტოამწის მუშაობის შესახებ კ--------–-----–--ემ ბა-------------–--ლს დაუსვა ისეთი შეკითხვები, რამაც ამ უკანასკნელს აფიქრებინა, რომ სულაქველიძე კარგად იყო გათვითცნობიერებული ავტოამწით მუშაობის სპეციფიკაში. კ--------–-----–--ის მიერ შეცდომაში შეყვანილი ბა-------------–--ლი დაეთანხმა სულაქველიძის შემოთავაზებას. ამის შემდეგ, გამოიყენა რა მასსა და დაზარალებულ ბა-------------–--ლს შორის უკვე არსებული ნდობის ფაქტორი, კ--------–-----–--ემ ბა-------------–--ლს, 2017 წლის 16 მარტს, კუთვნილი ავტოამწე წააყვანინა და გააჩერებინა კაიროს ქუჩაზე, ვითომდა, ჩასატარებელი სამუშაოების ადგილის სიახლოვეს, ამათან, უთხრა, რომ სამუშაოებს დაიწყებდნენ ოთხი დღის შემდეგ, 20 მარტს, მანამდე კი საქმეებისთვის უნდა მიეხედა. მოაცილა რა მესაკუთრე ავტოამწეს, კ--------–-----–--ემ იმავე დღეს ზემოაღნიშნული ავტომანქანიდან ამოიღო ე.წ. ,,ტროსი“ და ლითონის შეკვრა, რაც მესაკუთრისგან მალულად და უნებართვოდ, ჯართად ჩააბარა, მეორე დღეს კი კ--------–-----–--ემ ავტოამწე გადაიყვანა იმავე კაიროს ქუჩაზე, სხვა ადგილზე, სადაც ასევე მესაკუთრისგან მალულად და უნებართვოდ, სამ ნაწილად დაჭრა მუშა მდგომარეობაში მყოფი, 17 ათასი ლარის ღირებულების ზემოხსენებული ავტოამწე და 5320 ლარის სანაცვლოდ ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, იმავდროულად, შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა ჯართის მიმღები პუნქტის დირექტორი ი-–-------------–---–ი, რომ, თითქოსდა, აღნიშნული ავტოამწე იყო მამამისის საკუთრება, აღარ მუშაობდა და ჯართად იყო ქცეული. აღნიშნული ქმედებებით კ--------–-----–--ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ბა-------------–--ლის კუთვნილ ავტოამწეს, რითაც სრულად განახორციელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით კ--------–-----–--ისათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. კერძო პრევენციის თვალსაზრისით, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კ--------–-----–--ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული მაკვალიფიცირებელ გარემოებაში. კ--------–-----–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული - თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია, ქონებრივ ზიანს აყენებს მესაკუთრეს და ხასიათდება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებით, ვინაიდან ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ერთ–ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, რომელიც აღიარებული და ხელშეუვალია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ--------–-----–--ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ--------------–---–ის სააპლაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
კ--------–-----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
კ--------–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 15 ივნისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 12 აპრილიდან 2017 წლის 14 აპრილის ჩათვლით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ--------–-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
,,ზილის“ მარკის ამწის მოყვითალო შეფერილობის ე.წ. ,,სტრელა“, წარწერით ,,KC-3575-A”, მოლურჯო შეფერილობის კაბინა, ძრავი, მასზე მიმაგრებული გადაცემათა კოლოფით, მეტალის კორპუსი, ე.წ. ,,რამა“ გადაჭრილ მდგომარეობაში, რომელზეც განთავსებულია ე.წ. ორი ,,ხიდი“ და მათზე განთავსებულია ოთხ-ოთხი საბურავი, ე.წ. ,,რამის“ მეორე გადაჭრილი ნაწილი, რომელზეც განთავსებულია საწვავის ავზი და წინა ორი საბურავი, ამწის სამართავი კაბინა, რაც განთავსებულია მეტალის სადგომზე, ჰიდრავლიკური სისტემით, მოყავისფრო შეფერილობის სავარძლის შალითა, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
კომპაქტ-დისკები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე