განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
330100118002389026
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002389026

საქმე №1 ბ/867-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი---–--–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 19 სექტემბერი, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, გ----------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით გი---–--–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გი---–--–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 01 მარტიდან - 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით პერიოდი;

 

გი---–--–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117, 118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 25 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი---–--–------მა მეუღლის - სა-–-----–-----–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და თავის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ან-------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მასიის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი---–--–------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და ინტენსივობას, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გი---–--–------მა ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ გი---–--–------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-------– გ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ სა-–-----–-----–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: დე-----------–----იას, მა------–-----–--ის, ნი-----–---–----ის, სო-------------------ის, ცი–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი---–--–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააცნია. მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გჰარემოებად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, დაზარალებულთან შერიგებულია. ორ თვეზე მეტი ხნის მანძილზე იყო პატიმრობაში, რაც პალატის აზრით მისთვის დამაფიქრებელია. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ან-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი---–--–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 -ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გი---–--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

გი---–--–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 01 მარტიდან - 2018 წლის 07 მაისის ჩათვლით პერიოდი;

 

მსჯავრდებულის გი---–--–------ის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე