განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210018002425184
საქმე 2/ბ-533-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
04 ივლისი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,ს---–--“
წარმომადგენელი: თო-----ე კ-----------------
მოწინააღმდეგე მხარე: თ----- დ----ე-ხ-----ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების კანონიერება
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული
განჩინების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 01 მაისს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს---–--ს“ წარმომადგენელმა თო-----ე კ------------------, მოპასუხედ დაასახელა თ----- დ----ე-ხ-----ი და ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების-1664,71 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით, შპს ,,ს---–--ს“ უარი ეთქვა მოპასუხე თ----- დ----ე-ხ-----ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიღებაზე.
სასამართლომ განმარტა:
სარჩელს თან ერთვის 2017 წლის 08 ივნისის თარიღით გაფორმებული №98269-1 სესხის ხელშეკრულება, რომლის მე-17 მუხლი არეგულირებს დავის გადაწყვეტის წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 17.2. ქვეპუნქტის თანახმად, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად, თუ არ არის ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, მაშინ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულება. შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებული განსჯადობა, თუმცა ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ადგილი პირდაპირ განსაზღვრული არ არის.
ვინაიდან, მხარეებმა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრეს დავის არსებობის შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე განსჯადი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ს---–--ს“ წარმომადგენელმა თო-----ე კ------------------ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, სახეზეა განსაკუთრებული განსჯადობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ვინაიდან, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილი არის ხელვაჩაურში, ხოლო მოსარჩელე მხარე წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც გასცემს სესხებს ელექტრონული ფორმით, სწორედ აღნიშნული მუხლის მიხედვით, სარჩელი შეტანილი იქნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, განსჯადი სასამართლო ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, განსჯადობის შეცვლა, როცა სახეზეა განსაკუთრებული განსჯადობა, მხარეთა შეთანხმებით არ შეიძლება.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს ,,ს---–--ს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადენილია, რომ 2018 წლის 01 მაისს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ს---–--ს“ წარმომადგენელმა თო-----ე კ------------------, მოპასუხედ დაასახელა თ----- დ----ე-ხ-----ი და ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების-1664,71 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით, შპს ,,ს---–--ს“ უარი ეთქვა მოპასუხე თ----- დ----ე-ხ-----ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიღებაზე.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა განსჯადობის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივი და ფაქტობრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს, მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია’’ კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 08 ივნისის თარიღით გაფორმებული №98269-1 სესხის ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულება, ამასთან, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილია ხელვაჩაურის რაიონი, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული დავის განხილვაზე განსჯადს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო წარმოადგენს.
პალატა განმარტავს, მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს, შეუძლიათ შეთანხმების გზით დაადგინონ სასამართლოს განსჯადობა, თუ არ არის ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო, თუმცა მითითებული ნორმა ეხება ისეთ ვითარებას, როცა საქმის განხილვის უფლებამოსილება რამდენიმე სასამართლოს ქვემდებარეა ან არ ირკვევა ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო და მხარეთა შეთანხმებით შესაძლოა შეირჩეს ერთ-ერთი მათგანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.5 მუხლი ამოქმედებული იქნა მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის თანახმად, განსჯადობაზე მხარეთა შეთანხმების კანონშესაბამისად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დავა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯადად უნდა ჩაითვალოს.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია- გაზიარებული ვერ იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინება და სამოქალაქო საქმე 2/245-18, შპს ,,ს---–--ს“ სარჩელისა გამო, თ----- დ----ე-ხ-----ის მიმართ, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრების თაობაზე, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს განსჯად -ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ს---–--ს“ (წარმომადგენელი-თო-----ე კ-----------------) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინება;
3. სამოქალაქო საქმე 2/245-18, შპს ,,ს---–--ს“ სარჩელისა გამო თ----- დ----ე-ხ-----ის მიმართ ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდევინების თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;
4. კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე