განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
330100116001463986
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001463986

საქმე №1ბ/245-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ-----------–---ის და მი-------------ის

ადვოკატის: ვ-–------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ა--------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ვ-–------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------ ა--------------ის (მონაწილეობის გარეშე) მიმართ. ა-----------–--------------ი დაბადებულია 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, ზ--------------------–--------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------------მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და წამება, ესე იგი პირისთვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ინტენსივობით, ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია აღიარების მიღება სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 1 მაისს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, ა--------------მა იმის გასარკვევად, მის მეუღლესა და მეზობლად მცხოვრებ ჯ----–------------ს ჰქონდათ თუ არა სქესობრივი კავშირი, ჯ----–------------ი მოტყუებით მიიყვანა ლ---------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ჯერ სახის არეში დარტყმით, ხოლო შემდგომ ძალის გამოყენებით დაძლია ჯ----–------------ი, დააგდო ძირს და ხელები და ფეხები შეუკრა თოკით, რითიც შეუზღუდა საკუთარი ნების შესაბამისად გადაადგილების საშუალება და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

 

უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ ჯ----–------------ისგან ა--------------ი მოითხოვდა, ეღიარებინა მის მეუღლესთან სქესობრივი კავშირი. მიიღო რა კატეგორიული უარი, ა--------------მა მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით დაიწყო ჯ----–------------ის წამება. თავდაპირველად რკინის ჯოხის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა დაზიანებები, ხოლო შემდგომ მუშტების სახის არეში დარტყმით გონების დაკარგვამდე სცემა ხელფეხშეკრული ჯ----–------------ი, რის შედეგადაც ჯ----–------------მა მიიღო ზედა ყბის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე. ასევე - ზედა ყბის ძვლის მარცხნივ და გვერდითა კედლების მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ორბიტის ლატერალური კედლის (ყვრიმალის ნაწილი) მოტეხილობა ცდომის გარეშე. მარცხენა ქვედა ყბის ასწრივი ტოტის მოტეხილობა ცდომით, ამგვარმა ძალადობამ არაერთხელ მიიყვანა გონების დაკარგვამდე დაზარალებული, თუმცა ა--------------ი ბოთლიდან წყლის მისხმით აფხიზლებდა ჯ----–------------ს და განაგრძობდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.

 

ამგვარი ძალადობის გამოყენებით ვერ მიიღო რა ჯ----–------------ისგან მისთვის სასურველი ინფორმაცია, უფრო მეტად დათრგუნვისა და ტანჯვისათვის თავისუფლებაშეზღუდულ და ცემისაგან უმწეო მდგომარეობაში მყოფ ჯ----–------------ს ჩაქუჩის გამოყენებით ლურსმანი ჩაარჭო ფეხის ტერფში, რა დროსაც ამ უკანასკნელისგან კვლავ მოითხოვდა მის ცოლთან სქესობრივი კავშირის აღიარებას. ა--------------ის მიერ ჯ----–------------ის წამება გრძელდებოდა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, რა დროსაც ა--------------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებების ინტენსივობამ და ხასიათმა ჯ----–------------ის ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მორალურ და ფსიქიკური ტანჯვა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენით:

 

ა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ა--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა--------------ის ინტერსების დაცველმა ადვოკატმა ვ-–------------------ემ.

 

დაცის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა ა--------------ის მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენით ა--------------ის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება აგებულია ვარაუდებზე, მათ შორის ექსპერტიზის ყველა დასკვნა, რომელიც მოპოვებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ, არის სავარაუდო ინფორმაციის ხასიათის და აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში ა--------------ის მიმართ.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა--------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ დაზარალებულის ჩვენება კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევის კუთხით ურთიერთსაწინააღმდეგო და უზუსტობებით სავსეა და არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით, ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ჯ----–------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 1 მაისს შეხვდა მეზობელი ა--------------ი, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ჰქონდა პირადი საქმე. ამ მიზნით, ა--------------მა ის მიიყვანა საკუთარი მიწის ნაკვეთში არსებულ შენობა-ნაგებობაში, სადაც ა--------------ი ჯ----–------------ისგან დაჟინებით მოითხოვდა მის მეუღლესთან ლ-----------თან სქესობრივი კავშირის აღიარებას. ჯ----–------------ი უარყოფდა მას და ა--------------ის მეუღლეს შორის სასიყვარულო ურთიერთობას, რამაც ა--------------ი ძალიან გააბრაზა, გახდა აგრესიული, ჯ----–------------ს გადაუგრიხა ხელი. გადაგრეხილი ხელი ზურგს უკან დაუჭირა, დაჯაბნა, ფიზიკური ძალის გამოყენებით დააგდო ძირს და შეუკრა ხელები. კისრის არეში დააჭირა მუხლი, შემდეგ დაუწყო ცემა, ურტყამდა თავის არეში, რის შემდგომაც ჯ. ი----------მა დაკარგა გონება. ა. ა-------მა სახეზე წყლის შესხმით გამოაფხიზლა იგი, რა დროსაც შენიშნა, რომ ფეხებიც შეკრული ჰქონდა, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა კვლავ განაგრძო მისი ცემა. თავის არეში ურტყამდა რკინის ჯოხს, რომელსაც გაუტყდა ტარი და შემდგომ განაგრძო მისი ცემა ხელებით და ფეხებით როგორც თავის - სახის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ა. ა-------ი დარტყმებს შორის ჯ. ი----------ს აიძულებდა, ეღიარებინა მის ცოლთან სასიყვარულო კავშირი, უარის მიღების ყოველ ჯერზე აგრძელებდა დარტყმებს. ა. ა-------ი დაზარალებულის ცემისას იყენებდა სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის რკინის ჯოხს და თოხის ტარსაც. ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებულმა სამჯერ დაკარგა გონება და ბრალდებული მას ყოველ ჯერზე სახეში წყლის შესხმით აფხიზლებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბრალდებული მოითხოვდა, ეღიარებინა დაზარალებულს, რომ მის მეუღლესთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. კვლავ უარის მიღების შემდგომ მსჯავრდებულმა აიღო ლურსმანი და ჩაქუჩის დარტყმით დაიწყო მისი ჩაჭედება დაზარალებულის მარჯვენა ფეხში. აღნიშნულს იგი ახორციელებდა გარკვეული ინტერვალებით - კერძოდ, ყოველი დარტყმის შემდგომ მოითხოვდა მსხვერპლისგან მისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდებას. შემდეგ ა.ა-------მა უთხრა, რომ მეუღლეს - ლ-----------ას დააპირისპირებდა. ამ მიზნით გავიდა სახლიდან და რამდენიმე წუთში მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ა.ა-------ი მეუღლისგან მოითხოვდა ჯ. ი----------თან სქესობრივი კავშირის აღიარებას. ლ-----------მა საწყის ეტაპზე უარყო ამგვარი კავშირი და სთხოვა მეუღლეს, რომ გაეშვა ჯ. ი----------ი, თუმცაღა შემდგომ ქმრის მოთხოვნის საფუძველზე ცრუდ აღიარა დაზარალებულთან კავშირი. ა. ა-------მა მეუღლის მხრიდან ჯ. ი----------თან სქესობრივი კავშირის იძულებით აღიარების შემდეგ ლ. ა-------ა წაიყვანა სახლში. უკან დაბრუნებულმა ჯ. ი----------ს გაუხსნა ხელ-ფეხი და გაათავისუფლა. მისი თავისუფლების აღკვეთა და წამება ჯამში გაგრძელდა დაახლეობით 3-4 საათი, რა დროსაც მიყენებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი შვიდი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. რამდენიმე თვე სახლშიც გააგრძელა მკურნალობის კურსი. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ა--------------ი აღნაგობით მასზე ძლიერი იყო მრავალწლიანი სპორტული კარიერიდან გამომდინარე (იყო მოჭიდავე). ფიზიკური სიძლიერის და მოულოდნელობიდან გამომდინარე ჯ. ი----------მა საწყის ეტაპზე ვერ შეძლო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხ შეკრული ობიექტურადაც ვერ შეწინააღმდეგებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დისტანციურად დაკითხული ლ-----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის 1 მაისს ყოფილმა მეუღლემ - ა--------------მა იგი მიიყვანა მათ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებული იყო ერთსართულიანი შენობა. მითითებულ ადგილზე ლ.ა-------ას დახვდა ჯ----–------------ი. ლ.ა-------ას თანდასწრებით ა. ა-------მა ჯ. ი----------ს დარტყა ხელი სახის არეში. ა--------------ი ეჭვიანობდა ლ-----------აზე და დაზარალებულ ჯ----–------------ზე. სწორედ ჯ----–------------თან დასაპირისპირებლად წაიყვანა იგი მეუღლემ შემთხვევის ადგილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხული ნ---------–--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებული არის მისი მეუღლე. 2015 წლის 1 მაისს, დღის საათებში ჯ----–------------ი გავიდა სახლიდან და დაბრუნდა საღამოს სასტიკად ნაცემი. დაზიანებები ჰქონდა სხეულის მთელ ზედაპირზე. დაზარალებულმა მას უამბო, რომ ა--------------მა იგი მიიყვანა საკუთარ ნაკვეთში, ჩაკეტა ოთახში, სადაც რამდენიმე საათი ხელ-ფეხ შეკრულს ცემდა და გათავისუფლების სანაცვლოდ ჯ. ი----------ისგან მოითხოვდა ა--------------ის მეუღლესთან სქესობრივი კავშირის აღიარებას. მოწმის განმარტებით, მან გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ჯ. ი----------ს აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი იგი გადაყვანილი იქნა სტაციონარში.

 

სტაციონარული პაციენტის სამედგიცინო ბარათით დგნდება, რომ შემთხვევის ღამესვე - 2015 წლის 1 მაისს, კატასტროფის მედიცინის ცენტრის მიერ მოხდა ჯ----–------------ის ჰოსპიტალიზაცია აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მრავლობითი ტრავმებით. პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო იგი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. საყურადღებოა, რომ ჯ. ი----------მა ანამნეზში თავიდანვე აღნიშნა, რომ ნაცნობმა იგი მოტყუებით მიიყვანა სახლში და სხვადასხვა საგნების საშუალებით გამეტებით სცემა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ჯ----–------------ს პირადი შემოწმებით (19.11.2015წ.) აღენიშნებოდა ქვედა ყბის მარცხენა ტოტის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, მცირედი ასიმეტრია ნიკაპის და ქვედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ იწვევს სახის ასიმეტრიას, შემდგომში თავისით არ გამოსწორდება, არ იწვევს მიმიკის შეცვლას.

 

2015 წლის 2 მაისს, გამომძიებლის მიერ დათვალიერებული იქნა ჯ.ი----------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მას ეცა შემთხვევის დროს. დათვალიერების ოქმის თანახმად, ჯ----–------------ის მაისურს და შარვალს აღენიშნება დაზიანების კვალი, ხოლო მარჯვენა ფეხსაცმლის ძირი ერთ ადგილზე არის გახვრეტილი.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულ ა--------------ის, ექსპერტების, თარჯიმნის და გამომძიებლების მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს უჩვენებს იმ ადგილს, სადაც 2015 წლის 1 მაისს იგი მიიყვანა მსჯავრდებულმა. იგი არის პატარა ზომის სახლი, სადაც მოთავსებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ლურსმნები. ამ დროს დაზარალებული საგამოძიება მოქმედებაში მონაწილე პირებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას და აღწერს, თუ როგორ აღუკვეთა თავისუფლება მას მსჯავრდებულმა, ასევე მის ცოლთან სქესობრივი კავშირის აღიარების მიღების მიზნით აწამა და მიაყენა მას ფიზიკური დაზიანებები.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნით დგინდება, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ჯ----–------------ის მაისურების და შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ამოგლეჯის და ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ფეხსაცმლის ზედაპირზე არსებული ზედაპირული დაზიანებები ნაკაწრების და გაცურების სახით წარმოქმნილია რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. მარჯვენა ფეხსაცმლის ლანჩზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მომრგვალო ფორმის მჩხვლეტავი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით და შესაძლებელია, წარმოქმნილიყო ლურსმნით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნულ სამედიცინო ცენტრი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N7--- ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე ჯ----–------------ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურ მკურნალობას იტარებდა 01.05.15წ.-11.05.15წ. დიაგნოზით: ქვედა ყბის მოტეხილობა, მარცხნივ ასწვრივი ტოტის და როკისებური მორჩის მოტეხილობა, ზედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა, ორმხრივი ტრავმული ჰემოსინუსიტი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მრავლობითი კანქვეშა ჰემატომები მთელი სხეულის არეში, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით სახეზე აღენიშნება რამდენიმე ექსკორიაცია, მრავლობითი სისხლნაჟღენთები მთელ სხეულზე. მოქ.ჯ----–------------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარდა სამედიცინო მანიპულაციების-გაკერილი ჭრილობის და ინექციის კვლებისა, სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები-სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. ექსპერტის 25.05.15წ. N5--------- წერილის საფუძველზე გამოძიების მიერ წარმოდგენილი CD დისკი შესწავლილი იქნა შპს „ა----------–-----ს“ რ-------–--------- სამსახურის ხელმძღვანელის ნ-----–----------–---–ის მიერ, რომლის პასუხის თანახმად, დისკზე არსებულ გამოსახულებაზე აისახება მარჯვნივ ჰაიმორის წიაღის წინა კედლის (ზედა ყბის ძვალი) მოტეხილობა ცდომის გარეშე, მარცხნივ ჰაიმორის წიაღის წინა და გვერდითი კედლების (ზედა ყბის ძვალი) მოტეხილობები ცდომით, მარცხნივ ორბიტის ლატერალური კედლის (ყვრიმალის ნაწილი) მოტეხილობა ცდომის გარეშე, მარცხნივ ქვედა ყბის ასწვრივი ტოტის მოტეხილობა ცდომით. დაზიანებების ხანდაზმულობა ტრავმის მითითებულ თარიღთან (01.05.2015) წინააღმდეგობაში არ არის. დაზიანებები ტოპიკურად ქალას ფუძეს არ მიეკუთვნება. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2015 წლის 1 მაისს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით ნათლად დგინდება, რომ დაზარალებული შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, რა დროსაც არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი შესაძლოა ყოფილიყო. უფრო მეტიც, დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რადგან იგი გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნებით, საგამოძიებო ექსპერტიზის ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციით, მოწმეთა ჩვენებებით და ა.შ.

 

ამასთან, მხედველობაში მიღებით იმისა, რომ დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატას მოცემულ დროს მომხდარი მოვლენების შესახებ დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს იმასთან მიმართებით, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის ყველა დასკვნა არის სავარაუდო, ინფორმაციული ხასიათის და აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა დაედოს საფუძვლად შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებით განხილვის დროს ზეაღნიშნული დასკვნების შემდგენი ექსპერტები დაკითხული იქნენ მოწმის სახით. მათ მკაფიო და ნათელი პასუხები გასცეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით. ასევე დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, მართებულობა და აღნიშნეს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არის დაფუძნებული პრაქტიკითა და კონკრეტული სტანდარტებით დადგენილ კვლევაზე.

 

პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მოიწვევა მხარის მიერ, ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ, რაც გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოცემული საკითხის შეფასებისას ექსპერტი მის მიერ საკვლევ ობიექტთან მიმართებით არის უფრო მეტი გამოცდილების და კომპეტენციის მქონე პირი, ვიდრე ეს შესაძლებელია, იყოს დაცვის და ბრალდების მხარე, რის გამოც ექსპერტი მის მიერ განხორცილებული კვლევისა და შესაბამისი დასკვნის გარშემო აკეთებს მხარეთა და პროცესის მონაწილეთათვის გასაგები ფორმით განმარტებებს სასმართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. საგულისხმოა ისიც, რომ იმისთვის, რათა არასარწმუნო და არადამაჯერებლად იქნას მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტთა მიერ საქმის არსებითი სხდომაზე მიცემული ჩვენება, საჭიროა, საპირისპირო გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურება (მოცემულ შემთხვევაში ისიც, რომ გარდა დაცვის მხარის პოზიციისა სხვა მტკიცებულებები: ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ., რომლებიც გახდებოდა მოცემულ დასკვნაში ან ექსპერტის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა).

 

პალატა შეაფასებას მოახდენს საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ქსპერტიზების დასკვნით ნაწილში კონკრეტული გარემოებების არსებობის/დადგენის კუთხით მოცემული ინფორმაციის ხასიათზე და აღნიშნავს, რომ როგორც სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებულ ინფორმაციაში, ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში ასახული მონაცემები (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეეხება ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში მითითებას - ფეხსაცმლის ლანჩზე არსებული დაზიანება შესაძლებელია წარმოქმნილი იყოს ლურსმნით) ნათლად დგინდება, რომ კონკრეტული გარემოებების დადგენის კუთხი სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირების/ექსპერტების მიერ გამოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნები კატეგორიული ხასიათით გამოირჩევიან, დეტალურად არის აღნიშნული დაზაიანებების რაოდენობა, ხასიათი, ლოკაცია, ხარისხი და ა.შ.

 

ნათელია, რომ დაცვის მხარის მიერ ექსპერტიზის დასკვნების არგათვალისწინების შესახებ გაჟღერებული არგუმენტები წარმოადგენს საქმის ბედით დაინტერესებული მხარის მოსაზრებებს/ვარაუდებს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რომელიც არ გამომდინარეობს ექსპერტიზის დასკვნების დასკვნით ნაწილში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შემდგენი პირების ჩვენებებიდან. გარდა ამისა, აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული ინფორმაციის გაუზიარებლობის საფუძველი (სხვა მტკიცებულება) დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიწოდებული ინფორმაციის და საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების გაუზიარებლობის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტები დაუსაბუთებელია, რადგან დაზარალებულის მიერ გაცხადებული და ექსპერტიზის დასკვნებში არსებული ინფორმაციები კონკრეტული ფაქტობრიოვი გარემოებების დადგენის კუთხით ხასიათდებიან ურთიერთშეთანხმებულობის მაღალი ხარისხით. მათი ნამდვილობის და სისწორის ხარისხი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით იძლება დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით ობიექსტურ პირს დაარწმუნებდა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე დაცვის მხარის არგუმენტებზე იმის შესახებ, რომ დაზარალებულს კიდურებზე არ აღენიშნებოდა დაზიანების კვალი, რაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას კიდურები თოკებით შეუკრა მსჯავრდებულმა. გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად არ ამოღებულა დაზარალებულის მიერ მითითებული ლურსმანი, ხოლო ლურსმნის მეშვეობით დაზარალებულს ფეხის დაზაიანების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სისხლის კვალი, რაც მოცემულ საქმეზე არ ფიქსირდება. ასევე, ამოღებული არ არის ,,რკინის ჯოხი“ ან სხვა რაიმე ბრაგვი საგანი.

 

მითითებული გარემოებების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ, 2015 წლის 6 მაისის ნ---------– ნ-----------ის განცხადებაზე დართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის კიდურებზეც ვიზუალურად აღენიშნება სხვადასხვა დაზიანებები, ხოლო მარჯვენა ფეხის ტერფზე აღენიშნება წერტილოვანი დაზიანება. 2015 წლის 22 მაისის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ჯ----–------------ის მარჯვენა ფეხსაცმელზე აღმოჩნმდა ადამიანის სისხლის, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულს. აღნიშნულ გარემოებების შეფასება მიუთითებს, რომ მოცემული შემთხვევის დროს იმ ფეხსაცმელზე, რომელიც ეცვა დაზარალებულს, მოცემული შემთხვევის დროს სისხლის კვალი აღმოჩენილი იქნა, შესაბამისად დაცვის მხარის მითითება, რომ სისხლი არსად არ იქნა აღმოჩენილი, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

 

2015 წლის 2 ივნისის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია დაზარალებულის სხეულზე მოცემული შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესახებ, სადაც დეტალურად არის აღწერილი დაზიანებების რაოდენობა, ლოკაცია და ა.შ., მათ შორის მითითებულია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი კანქვეშა სისხლჩაქცევები, ორივე ზედა და ორივე ქვედა კიდურში მოძრაობა აქტიური და პასიური თითქმის სრული სიფართით. კიდურებზე აღინიშნება დიდი ზომის კანქვეშა სისხლჩაქცევები, პალპაციით მტკივნეული. მოცემული მტკიცებულებების დაზარალებულის ჩვენებასთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებით ნათელია, რომ დაზარალებულზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ამ უკანასკნელს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში აღენიშნებოდა დაზიანებები, მათ შორის დაზიანებები ჰქონდა კიდურებზე. დაზარალებულის მეუღლის ნ---------–--------------ის მიერ წარდგენილ ფოტომასალაზე ასევე მკაფიოდ ჩანს დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, მათ შორის ხელზე განივი სწორხაზოვანი დაზიანება, თუმცა უშუალოდ სხეულის კიდურებზე არსებული დაზიანების წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტის წინაშე კითხვები დასმული არ ყოფილა, რაც აპრიორი არ გამორიცხავს იმის შესაძლებოლობას, რომ კატეგორიული ფორმით გამოირიცხოს, დაზიანებები კიდურების თოკის შეკვრის შედეგად მიყენებული არ იყო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ სხეულზე კონკრეტული დაზიანება მიყენებულია თუ არა გარკვეული ნივთის/საგნის ზემოქმედების შედეგად, თუ სხვა გარემოებით, საჭიროებს სპეციალურ ცოდნის მქონე პირის/ექსპერტის კვლევას, რაც მოცემულ შემთხვევაში ჩატარებული არ ყოფილა, შესაბამისად, სპეციალური ცოდნის მქონე პირის/ექსპერტის მიერ გაცემული არ ყოფილა შესაბამისი დასკვნა, რომლითაც გამოირიცხებოდა დაზარალებულის კიდურებზე არსებული დაზიანებების თოკის შეკვრის შედეგად მიყენების ფაქტი, ან მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული თოკი დატოვებდა თუ არა კვალს სხეულის კიდურებზე შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ა--------------ს დაზარალებულისთვის თოკით არ შეუკრავს კიდურები, ვერ გაიზიარებს, რადგან იგი ეწინააღმდეგება ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს ა--------------ი სახლიდან მხოლოდ ნახევარი საათით იყო გასული, ნაკვეთში არსებულ შენობამდე მისვლას და უკან დაბრუნებას რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა და დარჩენილი დროის განმავლობაში შეუძლებელი იყო იმ ძალადობრივი ქმედებების განხორცილება, რომელიც დაზარალებულის ჩვენების თანახმად სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ადვოკატის მიერ მითითებული ა--------------ის სახლიდან გასვლისა და შემდეგ მეუღლის დაზარალებულთან წასაყვანად მობრუნების ზუსტი დრო არ არის დადგენილი საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით. სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა და ამ მსჯელობის საფუძველზე გამოტანილი დასკვნები ძირითადად ვარაუდებზეა აგებული და არაა დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სრულიად საპირისპირო გარემოებებს, ვიდრე ეს გასაჩივრებული განაჩენითაა მიჩნეული დადგენილად მიჩნეული.

 

კერძოდ: ის გარემოება, რომ დაზარალებულმა, როგორც ა--------------ის მეზობელმა იცოდა მის ნაკვეთში არსებული ნაგებობის აღწერილობა, ერთმნიშვნელოვნად არ ამტკიცებს, რომ მის მიმართ ა--------------ს ამ შენობაში არ განუხორცილებია ბრალად შერაცხული ქმედებები.

-შემთხვევის ადგილიდან რკინის ჯოხისა და ლურსმნის ამოუღებლობით ეჭქვეშ არ დგება დაზრალებულის ჩვენება ამ საგნებით მისი წამების შესახებ.

-ადვოკატი ვერ ხსნის, თუ რატომ უნდა გაეხადა ა--------------ს ფეხსაცმელი დაზარალებულისთვის და ისე ჩაერჭო ლურსმანი მისთვის ფეხის გულში.

-შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალის არარსებობა არ ეწინააღმდეგება საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს იმის შესახებ, რომ დაზარალებულს ფეხსაცმელი ეცვა - გახვრეტილია ფეხსაცმლის ლანჩი. ბუნებრივია, ლურსმნით მიყენებული ჭრილობიდან გამოსული სისხლის ნაკადის მცირე ინტენსივობიდან გამომდინარე, იგი შესაძლოა, არც გამოსულიყო ფეხსაცმლიდან. როგორც უკვე აღინიშნა, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ფეხსაცმელზე აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის კვალი.

-ის გარემოება, რომ ფ--- ბ---------ის და რ---- ი-----–---ის ჩვენებებში არაფერია აღნიშნული დაზარალებულზე მიყენებული დაზინებების შესახებ, არათუ გამორიცხავს ასეთი დაზინებების არსებობას, პირიქით, უთითებს იმაზე, რომ მოწმეები გარკვეული მოსაზრებით არ იძლევიან სრულ ინფორმაციას, რასაც ფლობენ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებანი, რომელთა არსებობაც დადასტურებულია როგორც ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ნ---------–--------------ის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით, შესაძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩენოდათ მითითებულ მოწმეებს, როდესაც მათ დაზარალებული ა/მანქანაში ჩაუჯდა.

-ადვოკატი ავითარებს ჰიპოთეტურ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წამების შემთხვევაში დაზარალებული აუცილებლად მიიღებდა ფსიქოლოგიურ ტრამვას, განუვითარდებოდა ნევროზი, რისი სიმპტომებიც ექსპერტიზის დასკვნით არაა დადგენილი. ამიტომ თვლის, რომ დაზარალებულის მიმართ წამებას ადგილი არ ჰქონია.

-მართალია, ლ-----------ამ თავის ჩვენებებში არ მიუთითა საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი (მაგალითად: რა მდგომარეობაში ნახა დაზარალებული შემთხვევის ადგილზე მისვლისას), რა გარემოება დაუდასტურა მეუღლეს და რამ აიძულა ამის გაკეთება, თუმცა სასამართლო თვლის, რომ მას, როგორც ა--------------ის მეუღლეს, ამისთვის გააჩნია გარკვეული მოსაზრებები. გასათვალისწინებელია, რომ თავის ჩვენებაში მოწმეს არ გამოურიცხავს გასაჩივრებული განაჩენით დადგენილი არცერთი გარემოება.

 

მითითებული გარემოებების შეფასების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ფასეულობას იცავს. აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას არსებული გარემოებებისა და დაზარალებულის ქცევის მიუხედავად (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland), განაცხადი no. 30210/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტლების პუნქტი 90; ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნტი 90).

 

მოცემულ შემთხვევაში პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ა--------------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა--------------ის ბრალად შერაცხული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და წამებას, ესე იგი პირისთვის ისეთი პირობების შექმნას და ისეთი მოპყრობას, რომელიც თავისი ინტენსივობით, ხასიათითა და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, მორალურ და ფსიქიკურ ტანჯვას და რომლის მიზანია აღიარების მიღება სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ა--------------ის ქმედებები შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც დაცვის მხარის არგუმენტებს პალატა ვერ გაიზიარებს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა--------------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულების მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი ა--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა--------------ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ვ-–------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის განაჩენი მსჯავრდებულ ა--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ა--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ა--------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

ნივთმტკიცება:

ორი ცალი CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

პალატის განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში; მსჯავრდებულის მიერ განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება, გასაჩივრდეს მისთვის განაჩენის ჩაბარების მომენტიდან ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

 

ნ. სანდოძე