განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002048051
№2ბ/744-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოპასუხე) – დ---------------–-------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ--------------
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2017 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ-------------ის (---------------------- სარჩელი და მოპასუხე დ---------------–------ს (პირადი №------------ არასრულწლოვანი შვილის 2----–-–---------------- დაბადებული დ-----–-------–------ის ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 11 იანვარი) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2----–-–-------------- ნ--------------მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ---------------–-------ს მიმართ არასრულწლოვანი შვილის 2----–-–---------------- დაბადებული დ-----–-------–------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელში მიუთითა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხისგან შეეძინა შვილი, ხოლო მამა თავს არიდებს ბავშვზე ზრუნვას და არ ეხმარება მატერიალურად.
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მცირეწლოვან ბავშვთან ნათესაური კავშირი არ გააჩნია.
2017 წლის 3 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან განემარტათ სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები.
მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე დ---------------–------- და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა დ---------------–-------ს საჩივარი, გაუქმდა 2017 წლის 3 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
2017 წლის 24 ოქტომბერს, 13:30 საათზე კვლავ დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზეც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან განემარტათ სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები.
მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე დ---------------–------- და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა მოსარჩელეს შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, გაანალიზა საქმის მასალები და 2017 წლის 24 ოქტომბერის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები და მიიჩნია, რომ იგი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის გადახდის დაკისრება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია:
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომელებიც დახმარებას საჭიროებენ;
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით;
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია რომ არ არსებობდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ხოლო დადგენილად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას რაც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
18.12.2017 წელს მოპასუხე - დ---------------–------მა სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლაად აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა დ-----–-------–------ის დაბადების აქტის ჩანაწერის ნაწილობრივ (მამობის ნაწილში) ბათილად ცნობა, ამასთან იშუამდგომლა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექპერტიზის დანიშვნის შესახებ, რათა დადგინდეს დ-----–-------–------ის და დ---------------–-------ს ნათესაური (ბიოლოგიური) კავშირი, როგორც მამასა და შვილს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მამობის დადგენის თაობაზე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს არ უნდა განეხილა ალიმენტთან დაკავშირებული დავა. ამასთან, სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება მამობის დადგენასთან დაკავშირებით მის მიერ აღძრული დავის განხილვა-გადაწყვეტამდე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
დადგენილია და სადავო არ არის, რომ საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დ---------------–-------ს საჩივარი, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 3 ივისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება ნ-------------ის სარჩელზე დ---------------–-------ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე (ს/ფ 116-122). ამავე სხდომაზე, დ---------------–------ს განესაზღვრა ვადა შეგებებული სარჩელის წარმოსადგენად.
სასამართლოს მომდევნო მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 24 ოქტომბერს, 13:30 საათზე. მხარეებს სასამართლოს სხდომის თაობაზე ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან განემარტათ სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგები. მოპასუხე - დ---------------–------- არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამასთან, არც შეგებებული სარჩელი არ წარმოუდგენია.
მოსარჩელეს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მიიღო განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც სრულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სსკ-ის 233.1. მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
პალატა განმარტავს, რომ ზემოხსენებული მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს საერთოდ არ უთითებს. ის მხოლოდ აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა დავა სხვა საქმის განხილვამდე.
პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 24.11.2017 წელს, 13:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა მოპასუხეს (აპელანტს) - დ---------------–------ს, სატელეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო აქტი, ს/ფ. 136).
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი არ უთითებს ისეთ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებაზე, რაც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა დავა მამობის დადგენის შესახებ საკითხის გარკვევამდე, პალატა განმარტავს შემდეგს:
პირველ რიგში უსაფუძვლოა აპელანტის მითითება და მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა დავა სხვა საქმის (მამობის დადგენის შესახებ) განხილვა-გადაწყვეტამდე. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში (ს/ფ 38-47) მოპასუხე მიუთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა სააქტო ჩანაწერს მავშვის მამად მისი მონაცემის მითითების ნაწილში, თუმცა ვინაიდან იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და მოსარჩელემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩაითვალა, რომლის თანახმად ბავშვის მამად დაბადების მოწმობაში მითითებული იყო სწორედ აპელანტი. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვისას, მოპასუხე ასევე აპელირებდა აღნიშნულ გარემოებაზე, რის გამოც სასამართლომ მას განუსაზღვრა ვადა შეგებებული სარჩელის წარმოსადგენად, სარჩელთან ერთად მისი განხილვის მიზნით (ს/ფ 122-123), თუმცა გ--------------–------- არც შეგებებული სარჩელი წარმოუდგენია და არ თვითონ გამოცხადდა მომდევნო სხდომაზე, რასაც მოჰყვა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს/ფ 140-141). ამდენად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება და სასამართლომ მართებულად განიხილა და გადაწყვიტა დავა.
ამ ეტაპზე მოცემული საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;
მოცემულ შემთხვევაში აპელანტი შუამდგომლობს საქმის განხილვის შეჩერებას სხვა საქმის განხილვა-გადაწყვეტამდე და საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია მის მიერ აღძრული სამოქალაქო საქმე მამობის დადგენის შესახებ, რომლის დაკმაყოფილება გამორიცხავს ნ-------------ის სარჩელის დაკმაყოფილებას.
პალატა მიუთითებს, რომ მხარის შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული, კერძოდ სააპელაციო საჩივარზე დართული მასალებით არ დასტურდება, რომ საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია აპელანტის მიერ აღძრული საქმე. კერძოდ, პირველ რიგში პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარს ერთვის დ---------------–-------ს სარჩელი ნ-------------ის მიმართ მამობის დადგენის შესახებ, რომელიც როგორც სააპელაციო საჩივარი, შედგენილია 18.12.2017 წელს. თუმცა წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ეს სარჩელი წარდგენილი იქნა სასამართლოში. ამასთან, სააპელაციო საჩივარს ასევე ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.08.2017 წლის განჩინება დ---------------–-------ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის საქმეების განხილვის ყოველგვარი გაჭიანურება ხელყოფს ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ-----–-------–------ის დაბადების მოწმობაში (---–-------------------- მამის გრაფაში მითითებულია დ---------------–-------, რაც სასამართლოს უქმნის პრეზუმციის დაშვების საფუძველს, რომ დ-----–-------–------ის მამას წარმოადგენს აპელანტი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაბადების მოწმობაში სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითება მოხდა ნებაყოფლობით, ხოლო, აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მონაცემების დაბადების მოწმობაში მითითება მოხდა მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
გარდა აღნიშნულისა, რომ თუკი მოსარჩელე დ---------------–-------ს სარჩელი მამობის დადგენის თაობაზე მიღებული იქნება წარმოებაში და დაკმაყოფილდება, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ექნება აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი მისი დარღვეული უფლებების დასაცავად და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რა შემთხვევაშიც დაცული იქნება ისევე როგორც მისი ინტერესები, ასევე, მცირეწლოვანი დ-----–-------–------ის უფლებებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და ასევე, საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობები. აღნიშნული კი თავის მხრივ, გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ---------------–-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.11.2017 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
მოსამართლე გელა ქირია