განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.07.2018
საქმის ნომერი
010210018002072394
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
11.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002072394

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-412-18 11 ივლისი 2018 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,ჯ--- გრ---ი“ ა------ ც-–--–--ე შპს „--–------“ ა---- თ----ე, მ--–---- ფ----–--ლი (დირექტორი)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს „--–------“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 30 სექტემბერს, შპს „ჯ--- გრ---ს“ (დამკვეთი) და შპს „--–------ს“ (შემსრულებელი) შორის დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შემსრულებელს-შპს ,,ელ------ს’’, დამკვეთის-შპს ,,ჯ--- გრ---ისათვის’’, დამკვეთის მასალით უნდა შეესრულებინა ქ. ბ------ში, ქ-------ის ქ. N11-ში არსებული ინფექციური საავადმყოფოს შენობაში ელექტრო, სანტექნიკური, ჟანგბადის, სათვალთვალო და სუსტი დენის სამონტაჟო სამუშაოები.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება (მასალების ღირებულების ჩათვლით) შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, რაც უნდა გადახდილიყო ოთხ ეტაპად, კერძოდ:

საერთო ღირებულების 15%-ი, ანუ 26 086.95 აშშ დოლარი ხელშეკრულების დადებიდან 05 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან 05 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

დამკვეთმა ავანსის თანხა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შეასრულა.

მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 124 000 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით საერთო ჯამში გადახდილი აქვს 83 150 აშშ დოლარი, ასევე მიწოდებული აქვს საერთო თანხის ანგარიშში 22 319 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო დარჩენილი სხვაობა 18531 აშშ დოლარი გადახდილი არ არის.

შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დავალიანების თანხის-18 531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

ასევე, 30.09.2016წ. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე, თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლო, ნაცვლად ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ისა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირითადი დავალიანების-18 531 აშშ დოლარის 0,5%, რაც დღეში 92 აშშ დოლარს შეადგენს.

ამ გაანგარიშების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, სარჩელის შემოტანის დროისათვის 141 დღის ვადაგადაცილებისათვის - 12 972 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდეგ, ანუ 2017 წლის 4 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 92.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს “ჯ--- გრ---ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი მომსახურების სრული ღირებულება შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც გადახდილი უნდა ყოფილიყო 4 ეტაპად.

იმისათვის, რომ დამკვეთს წარმოშობოდა მომსახურების სრული ღირებულების გადახდის ვალდებულება, პირველ რიგში სახეზე უნდა ყოფილიყო შემსრულებლის მიერ გაწეული სამსახური, ხოლო მეორე მხრივ, მიღება-ჩაბარების აქტები. მხოლოდ, ამგვარ მოცემულობაში წარმოეშობოდა დამკვეთს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების სრული (ან ეტაპობრივი) ღირებულების გადახდის ვალდებულება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებს- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, ისინი არ წარმოადგენენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებს. ეს მტკიცებულებები ემსახურება საგადასახადო მიზნებს და, რადგანაც მხარეს მიღება-ჩაბარების აქტები არ წარმოუდგენია, მათზე მითითებით სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

გარდა ამისა, მოპასუხემ თანხის გადახდები დაიწყო 2016 წლის ნოემბრის თავიდან, რაზედაც მოსრჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამდენად, ჩარიცხული თანხები პირველი ეტაპის-ავანსის ანგარიშში გადარიცხულად ითვლება და მითითება იმაზე, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა არასწორია, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. დაკმაყოფილდეს შპს ”ელ------ის” სასარჩელო მოთხოვნა შპს “ჯ--- გრ---ის” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე; 2. მოპასუხე შპს “ჯ--- გრ---ს“ დაეკისროს, შპს ”ელ------ის” სასარგებლოდ, დავალიანების თანხის გადახდა 18 531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. 3. დაეკისროს მოპასუხე შპს “ჯ--- გრ---ს”, მოსარჩელე შპს ”ელ------ის” სასარგებლოდ, სარჩელის შემოტანამდე, 2017 წლის 4 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 12 972 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში და პირგასამტეხლოს გადასახდელად დარიცხვა გაგრძელდეს დღეში 92 აშშ დოლარის ოდენობით, დავალიანების თანხის სრულ დაფარვამდე. 4. მოპასუხე შპს “ჯ--- გრ---ს”, მოსარჩელე შპს ”ელ------ის” სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2250 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 30 სექტემბერს, შპს „ჯ--- გრ---ს“ (დამკვეთი) და შპს „--–------ს“ (შემსრულებელი) შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შემსრულებელ შპს ,,ელ------ს’’, დამკვეთის, შპს ,,ჯ--- გრ---ისათვის’’ საკუთარი მასალით უნდა შეესრულებინა ქ. ბ------ში, ქ-------ის ქ. N11-ში არსებული ინფექციური საავადმყოფოს შენობაში ელექტრო, სანტექნიკური, ჟანგბადის, სათვალთვალო და სუსტი დენის სამონტაჟო სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა სამი თვე, 30.09.26 წლიდან- 30.12.16 წლამდე პერიოდში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით, რაც უნდა გადახდილიყო ოთხ ეტაპად, კერძოდ: საერთო ღირებულების 15%-ი, ანუ 26 086.95 აშშ დოლარი დამკვეთს უნდა გადაეხადა ავანსის სახით, ხელშეკრულების დადებიდან 05 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან 05 კალენდარული დღის განმავლობაში, ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში. 2.2. დამკვეთმა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ავანსის სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 15%-ის გადახდასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ შეასრულა. 2.3. მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 124 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით 310 000 ლარი (1$=2.50ლ), საიდანაც მოპასუხეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით საერთო ჯამში გადახდილი აქვს 83 150 აშშ დოლარი, გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით ლარში. 2.4. სამუშაოს შესრულების მიზნით, მოპასუხეს (დამკვეთი) მოსარჩელისათვის (შემსრულებელი) მიწოდებული აქვს სხვადასხვა სახისა და ღირებულების საქონელი: 1). 04.02.17 წელს გათბობის ქვაბი და საკვამური ღირებულებით 26 104.80 ლარი (შესაბამისი კურსით 10 786 აშშ დოლარი); 2) 07.02.17 წელს გათბობის ხელსაბანი - ტუალეტი ღირებულებით 27 260 ლარი (შესაბამისი კურსით 10 203 აშშ დოლარი); 3) 13.03.17 წელს 230/50 საცირკულაციო ტუმბო ღირებულებით 1 720 ლარი (შესაბამისი კურსით 685 აშშ დოლარი); 4) 18.03.17 წელს ტუმბო ღირებულებით 1 600.00 ლარი (შესაბამისი კურსით 645 აშშ დოლარი); საერთო ჯამში მიწოდებული აქვს 22 319 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. 2.5. მოპასუხემ (დამკვეთი) მოსარჩელეს (შემსრულებელი), ფულადი თანხითა და მიწოდებული საქონლის ღირებულებით საერთო ჯამში გადაუხადა 105 469 აშშ დოლარი. შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა (124 000 აშშ დოლარი) და ანაზღაურებული თანხის (105 469 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, დავალიანების თანხამ-სხვაობამ შეადგინა 18 531 აშშ დოლარი. 2.6. 30.09.2016წ. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, დამკვეთს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.5%-მდე და მოითხოვა, არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ დარჩენილი დავალიანების თანხიდან, ანუ 18 531 აშშ დოლარიდან მისი გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 92.00 აშშ დოლარს. ამასთან, მოითხოვა, სარჩელის აღძვრამდე 141 დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც შეადგენს 12 972 აშშ დოლარს, ასევე სარჩელის აღძვრის შემდეგ, ანუ 2017 წლის 4 სექტემბრიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 92.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულება შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს დ.ღ.გ-ს ჩათვლით. 2.8. დამკვეთმა, ავანსის სახით საერთო ღირებულების 15% არ გადაიხადა, რის გამოც, მოსარჩელემ ვერ შეძლო საჭირო მასალების დროული შეძენა და 2017 წლის მარტის თვემდე (ნაცვლად 2016 წლის 30 დეკემბრისა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამონტაჟო სამუშაოების დასრულება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ჯეროვნად (ხარისხიანად) შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი მომსახურება, ხოლო მოპასუხის (დამკვეთის) მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური სრულად. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება შპს ”ელ------ის“ მიმართ შეადგენს 18531 აშშ დოლარს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების ძირითადი თანხის, ანუ 18531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანად ჩაითვალა და დაკმაყოფილდა. 2.9. სკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და განმარტავს: პირგასამტეხლო, ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, დადგენილ ვადაში არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა (18531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი). გარდა ამისა, არსებობს მხარეთა მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა ღირებულების დაგვიანებით გადახდის შემთხვევებში, მოპასუხეზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემცირებული ოდენობით (ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%) პირგასამტეხლოს დაკისრება გონივრულ შესაბამისობაშია სარჩელით მოთხოვნილ ძირითად დავალიანებასთან (18531 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი), ასევე ხელშეკრულებით (4.6 პუნქტი) მხარეთა თავდაპირველ შეთანხმებასთან და ვინაიდან არსებობს მისი დაკისრებისათვის ყველა წინაპირობა, ამ ნაწილში სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. 2.10. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან, მხარეებს შორის არ შემდგარა მიღება-ჩაბარების აქტები, მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით არ დასტურდებოდა შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების პირობაზე, რომლის მიხედვითაც, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამასთან მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ნამდვილად შეასრულა სამუშაო, მოპასუხემ კი მიიღო შესრულებული სამუშაო და დაადასტურა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, სრულად არ აუნაზღაურებია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არასწორია და სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სასამართლომ, აბსოლუტურად არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, უსაფუძვლოდ გაიზიარა მოსარჩელის, მხოლოდ ახსნა განმარტებითი პოზიცია და საერთოდ არ გამოიკვლია და არ მისცა სწორი შეფასება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს. 3.2. სასამართლომ, ისე მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ თითქოსდა მოპასუხემ-შპს ჯ--- გრ---მა, მოსარჩელე- შპს ელ------ს მიაწოდა ჯამში 22 139 აშშ დოლარის საქონელი, ასევე გადაუხადა 105 469 აშშ დოლარი და დავალიანება დარჩა 18 531 აშშ დოლარი, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია რა მტკიცებულებებით დასტურდებოდა საქონლის მიწოდება და დავალიანების არსებობა. 3.3. 2016 წლის 30 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი მომსახურების სრული ღირებულება შეადგენდა 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც გადახდილი უნდა ყოფილიყო 4 ეტაპად. სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია რა მტკიცებულებებით დასტურდებოდა, 2017 წლის მარტის თვეში სამუშაოს დასრულების ფაქტი. იმისათვის, რომ დამკვეთს წარმოშობოდა მომსახურების სრული ღირებულების გადახდის ვალდებულება, პირველ რიგში სახეზე უნდა ყოფილიყო შემსრულებლის მიერ გაწეული სამსახური, ხოლო მეორე მხრივ, მიღება-ჩაბარების აქტები. მხოლოდ, ამგვარ მოცემულობაში წარმოეშობოდა დამკვეთს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების სრული (ან ეტაპობრივი) ღირებულების გადახდის ვალდებულება, რასაც ადგილი არ ჰქონია. 3.4. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, როგორც ვალდებულების შესრულებისთვის სათანადო მტკიცებულებაზე მითითება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ას-678-638-2012 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ „ზედნადები და ანგარიშფაქტურა თავისი სამართლებრივი ბუნებით იქმნება საგადასახადო მიზნებისათვის და არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ფაქტი. შესაბამისად, ანგარიშფაქტურა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ, კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტს. 3.5. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურები წარმოადგენს საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტს, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 159 716 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დადგენილია რომ, შპს ჯ--- გრ---ს გადახდილი აქვს 83 150 აშშ დოლარი და 4000 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 211 875 ლარს (83150*2,50=207875+4000=211 875 ). ანუ, გამოდის, რომ 52 159 ლარი ზედმეტად აქვს გადახდილი შპს ჯ--- გრ---ს, რაზედაც შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხერხდა და იგი მოთხოვნილი იქნება უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლით წარდგენილი სარჩელით. 3.6. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.7-2.8. პუნქტში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტისას, სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები-სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე მუხლები. 4.4. სააპელაციო სასამართლო აპელანტის, შპს „ჯ--- გრ---ის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რა ღირებულების სამუშაოები აქვს შესრულებული მოსარჩელე შპს „--–------ის“ (მენარდე) და შპს „ჯ--- გრ---ის“ (შემკვეთი) გადახდილი აქვს თუ არა მისთვის, შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად. ასევე, შპს „--–------ის“ (მენარდე) მიერ, ვალდებულება შესრულებული იქნა თუ არა ჯეროვნად და არსებობს თუ არა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. 4.5. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით აპელანტმა (შპს „ჯ--- გრ---ის“) მოსარჩელეს დაუკვეთა ინფექციური საავადმყოფოს შენობაში ელექტრო, სანტექნიკური, ჟანგბადის, სათვალთვალო და სუსტი დენის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ ხელშეკრულების სრული ღირებულება 173 913 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი არ იყო, მხოლოდ შპს „--–------ის“ (მენარდე) მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება, არამედ ეს თანხა მოიცავდა ასევე, სხვადასხვა სახის საქონელის ღირებულებას, რომელიც თავად შპს „ჯ--- გრ---ის“ უნდა შეეძინა. 4.6. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა (მოპასუხე) დაადასტურა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე სამუშაოების რეალურად შესრულებისა და დასრულების ფაქტი. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, პალატა აღნიშნავს, ისეთ ვითარებაში, როდესაც ინფექციური საავადმყოფოს შენობაში სამუშაოები დასრულებულია, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ 101681 აშშ დოლარის (124000-22 319=101681) სამუშაოები არ შესრულებულა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მენარდის- შპს „--–------ის“ (მოსარჩელე) მიერ, ეკისრებოდა მოპასუხეს. 4.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს. აღნიშნული ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, არამედ, სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. სწორედ, ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები). მოსარჩელემ საკუთარი მოვალეობის შესრულების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მოპასუხის მიერ დადასტურებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოპასუხის მიერ გადაგზავნილი ურთიერთშედარების აქტი (ს.ფ. 23-25, 28-30, 45) და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები (ს.ფ.32-39). ვინაიდან, სადავო არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე სამუშაოების რეალურად წარმოების ფაქტი, ასევე ამ სამუშაოების ღირებულება, ამასთან მოსარჩელეს მიერ წარდგენილი „ნსაფ-ი“ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ავტორიზებული მომხმარებლის მიერ (ამ შემთხვევაში მოპასუხე) მისი პირადი საგადასახადო რეკვიზიტების გამოყენებით იქნა დადასტურებული, პალატა მიიჩნევს, რომ დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ 124 000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით 310 000 ლარის (1$=2.50ლ) ღირებულების სამუშაოები შეასრულა მოსარჩელემ, რომლის ნაწილიც-83 150 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის შესაბამისი კურსით მოპასუხეს გადახდილი აქვს, ასევე მიწოდებული აქვს 22319 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო გადაუხდელია სხვაობა-18531 აშშ დოლარი. 4.9. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტის დასადასტურებლად, სათანადო მტკიცებულებას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტები წარმოადგენენ. პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით, ვინაიდან, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად მიჩნევას (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.12.2011წ. განჩინება,N ას-323-307-2011; სუსგ 18.03.2016წ. გადაწყვეტილება, საქმე №ას-67-64-2016) 4.10. ასევე, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მსჯელობა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არასათანადო მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით, კერძოდ: ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ინდივიდუალურ მტკიცებულებად შეფასების მიზნით პალატა განმარტავს, რომ „ნსაფ-ი“ საჯარო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სპეციალური დანიშნულების მქონე დოკუმენტს წარმოადგენს და ემსახურება საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მიზანს-გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი მდგომარეობის, ასევე, საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების განსაზღვრას. მიუხედავად ამისა, ამ მტკიცებულების ღირებულებით ძალას სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ უარყოფს, რადგანაც მისი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებით, შესაძლებელია დადასტურებულ იქნას სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი (იხ.სუსგ ას-793-760-2016 20/01/2017). 4.11. ვინაიდან, მოპასუხემ (აპელანტი) იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 101681 აშშ დოლარის (124000-22 319=101681) სამუშაოები არ შესრულებულა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მენარდის- შპს „--–------ის“ (მოსარჩელე) მიერ წარმოადგინა, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება, მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულეების გასაქარწყლებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია-გაზიარებული ვერ იქნება. აღნიშნული კი, გამორიცხავს 18531 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.11. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში შპს „ჯ--- გრ---ის“ სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 4.12 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული მუხლი ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 4.14. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს, შესრულებული სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის-18531 აშშ დოლარის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 92 აშშ დოლარის ტოლფასია, ხოლო სარჩელის წარდგენამდე ვადაგადაცილებულ 141 დღეზე შეადგენს 12 972 აშშ დოლარს. პალატის აზრით, მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც ძირითადი დავალიანება შეადგენს 18531 აშშ დოლარს, რომლის დაკისრების თაობაზე სარჩელი დაკმაყოფილებულია, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0,5 %-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც სარჩელის წარდგენის დრომდე (141 დღე) ერთჯერადად 12 972 აშშ დოლარია, ხოლო შემდეგში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 92 აშშ დოლარი (თვეში-2760 აშშ დოლარი), თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს და გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას. 4.15. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად პალატა მიიჩნევს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 18531 აშშ დოლარის 0,07%, ანუ 12,97 აშშ დოლარი დღეში, რაც მთლიანობაში, 141 დღეზე შეადგენს 1829 აშშ დოლარს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება ვალდებულების შესრულების დაგვიანებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, მხარეთა მიერ დაწესებულ საზღაურს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმებისა და აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში, ასევე საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს „ჯ--- გრ---ი“-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოსა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს „--–------ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ჯ--- გრ---ის“, შპს „--–------ის“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს, სარჩელის წარმოდგენის დრომდე, 2017 წლის 04 სექტემბრამდე, ერთჯერადად 1829 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, ხოლო 2017 წლის 04 სექტემბრიდან, დავალიანების თანხის სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12,97 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით.

6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დადგენილია, რომ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 130 863 აშშ დოლარს (18 531+12 972+99 360). აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 34 367,70 აშშ დოლარს (18531+1829+14007). დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი მოთხოვნის 26,26%-ია. ვინაიდან, შპს „--–------ი“-ს სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 2250 ლარი, მოპასუხეს-შპს „ჯ--- გრ---ი“-ს, მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი, 2250 ლარის 26,26%, რაც შეადგენს 590,85 ლარს. შპს „ჯ--- გრ---ი“-ს, შპს „--–------ი“-ს სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს, ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის-500 ლარის გადახდა. დადგენილია, რომ სააპელაციო წარმოებისთვის შპს „--–------ი“-ს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი-3412 ლარი. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს „--–------ი“-ს, შპს „ჯ--- გრ---ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის (100% - 26,26% =73,74%) პროპორციულად, სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3412 ლარის ნაწილის-2516 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ჯ--- გრ---ი“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება პირგასამტეხლოსა და საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „--–------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „ჯ--- გრ---ი“-ს, შპს „--–------ი“-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს, 2017 წლის 04 სექტემბრამდე 1829 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით;

5. შპს „ჯ--- გრ---ი“-ს, შპს „--–------ი“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს, 2017 წლის 04 სექტემბრიდან, დავალიანების თანხის სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 12,97 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით.

6. შპს „ჯ--- გრ---ი“-ს, შპს „--–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-590,85 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის-500 ლარის გადახდა;

7. შპს „--–------ი“-ს, შპს „ჯ--- გრ---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-2516 ლარის ანაზღაურება;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ნანა კალანდაძე