განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.08.2018
საქმის ნომერი
330210117001798557
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001798557

N2ბ/1443-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტები (მოპასუხეები) - თ-----------–------, გ-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს-------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების სოლიდარულად გადახდევინება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ს---------------ის” (ს- „-------------------- უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ-----------–------ს და გ-------------ს ს---------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: 1. 2014 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 2698,68 ლარის, პირგასამტეხლოს - 16,96 ლარის გადახდა. 2. 2----–-–-------------დან 2----–-–----- დეკემბრამდე გადასახდელ ძირ თანხაზე 2698,68 ლარზე წლიური 35%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 78,71 ლარს; 3. 2----–-–-------------დან აღსრულებამდე ძირ თანხაზე 2698,68 ლარზე, პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 0.05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ს----------------------, მსესხებელ თ-----------–------ს და სოლიდარულ მოვალე გ-------------ს შორის 2----–-–----------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა იკისრა ვალდებულება მსესხებელზე გაეცა კრედიტი 4200 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35%-ით, კრედიტის ვადა 36 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თვეში 189,99 ლარის გადახდით.

 

2.2. ბანკის მიერ გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა და მისი დავალიანება შეადგენს ძირითადი თანხა 3038,07 ლარს, ხოლო ჯარიმა - 399,39 ლარს.

 

2.3. 2015 წლის 20 იანვარს განხორციელებული შერწყმის საფუძველზე ს---------------ი” წარმოადგენს ს----------------------- უფლებამონაცვლეს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო: პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე 0,5%-ის დაკისრებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა თ------------–-----ემ და გ-------------მ გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნეს ს---------------ის“ სარჩელი 2014 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან ძირითადი თანხის 2698,68 ლარის ნაწილში.

 

ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, სასამართლომ მისი დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნია. შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2698,68 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო რომ მხარეებს ს---------------სა” და თ-----------–------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თ-----------–------მ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც მსესხებელსა და სოლიდარულ მოვალეს დავალიანება არ დაუფარავთ. აღნიშნული გარემოება ს---------------ს” ანიჭებდა უფლებამოსილებას მოეთხოვა გადაცემული კრედიტის გადაუხდელი თანხის დაბრუნება.

 

2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა 2----–-–-------------დან ვალდებულების შესრულებამდე პერიოდში ყოველთვიურად 78.71 ლარის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.

 

სასამართლოს განმარტებით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანონი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება ხელშეკრულების ვადის ბოლომდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლება მიეღო ს---------------ს” საკრედიტო ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით (35%) მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავო იყო, რომ ბანკი კრედიტს გასცემდა სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად არ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება ვალდებულების შესრულებამდე მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. აღნიშნული იყო ის, რაზედაც რისკის მატარებელი არ შეიძლება ყოფილიყო მოპასუხე. სასამართლომ ასევე მიუთითა კრედიტის გაცემისას მოსარჩელის ვალდებულებაზე, მის გულმოდგინე და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე, შეემოწმებინა კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული ზიანის მიყენების რისკი, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

სასამართლოს განმარტებით, ზიანი არის ეკონომიკური დანაკლისი და სწორედ ზიანის ფაქტი უნდა დასაბუთდეს. ასეთად კი სამართლიანად და ობიექტურად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ უფრო მეტი მოგების მიუღებლობა, ვინაიდან მოსარჩელე ისედაც ინაზღაურებს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ სავარაუდო ზიანის თანხას, მოპასუხისათვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებით.

 

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია პრეზუმფციის არსებობა, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, ეს ცალსახად ვერ დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებამდე მიადგებოდა ზიანი. მას უნდა დაედასტურებინა კიდეც, რომ სწორედ ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი შეეძლო მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთ შემთხვევაში დასაბუთებული უნდა ყოფილიყო ზედმიწევნით არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში, რომ მან ვერ გასცა თანხა და ამით განიცადა ზიანი. ”მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობდა ”წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს”, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩათვლილიყო, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონოდა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმებოდა მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებდა შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს (სუსგ. საქმე №ას-459-438-2015).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით, რომლის ოდენობა განისაზღვრება 2----–-–-------------დან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 2----–-–----- დეკემბრამდე პერიოდში, კრედიტის ძირითადი თანხის 2698,68 ლარის წლიური 35%-ით.

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ს---------------სა” და მოპასუხეებს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუს-. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალი იყო საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ასევე კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამო იყო ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო და განსაზღვრულიყო 16,96 ლარით, ხოლო 2----–-–-------------დან ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე პერიოდში, ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოს სახით ძირითად თანხაზე 2698,68 ლარზე 0,05% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარით.

 

2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო, კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ს---------------სა” და გ-------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაეყენებინა მოთხოვნა თავდებისათვის - გ--------------ათვი, ამასთან, სოლიდარული თავდებისთვის თანხის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც შეადგენდა 5460 ლარს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტების მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მოპასუხეების მიერ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ აღიარების შესახებ ფაქტობრივი გარემოება.

 

აპელანტების განმარტებით, მართალია მოპასუხეებმა აღიარეს თანხის ძირი ნაწილის გადახდის ვალდებულება, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისიწნებელი იყო ის, რომ აღიარებასთან ერთად მათ ასევე მოითხოვეს, რომ ს------------------ს დაკისრებოდა/დავალებოდა შესრულების მიღება 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრელებაში განსაზღვრული წესითა და პირობებით.

 

3.2. აპელანტებმა მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ თ-----------–------მ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება, ბანკმა გ-------------ს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების საწინააღმდეგოდ მოსთხოვა კრედიტის "სრულად დაფარვა". ხოლო შემდეგ, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობების საწინააღმდეგოდ, 2016 წლის ივნისში, თავდები დაავალდებულა, რომ შეეტანა 500 ლარი, შემდეგ 2016 წლის 28 დეკემრამდე ყოველთვიურად შეეტანა 200 ლარი, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით სრულად დაეფარა დარჩენილი დავალიანება.

 

აპელანტების განმარტებით, გ-------------ს არანაირი შეტყობინება/მოთხოვნა, ს------------------სგან არსებული დავალიანების შესახებ, 2016 წლის ივნისამდე არ მიუღია.

 

აპელანტებმა განმარტეს, რომ გ-------------მ 2016 წლის ივნისში შეიტანა 500 ლარი, ხოლო შემდგომ 2016 წლის დეკემბერის ჩათვლით, კეთილსინდისიერად იხდიდა 200 ლარს. შემდგომ იმის გამო, რომ ბანკის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს შესრულების (ყოველთვიურად 200 ლარის) მიღებაზე (მოთხოვეს დარჩენილი დავალიანების ნახევრის სრულად გადახდა და განუმარტეს, რომ თუ დარჩენილ დავალიანებას სრულად არ დაფარადა სარჩელს შეიტანდნენ სასამართლოში), და იმის გათვალისიწნებით, რომ გ-------------ს არ ქონდა შესაძლებლობა სრულად დაეფარა დარჩენილი თანხის ნახევარი, ამ გარემოებამ განაპირობა მის მიერ დავალიანების დაფარვის შეწყვეტა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები მიიჩნევენ, რომ მათ უნდა დაეკისროს ძირი თანხის 2698.68 ლარის გადახდა, ს- '"ბ------------------------ 2----–-–----------------ს დადებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული წესითა და პირობებით, ხოლო ს------------------ს უნდა დაეკისროს ზემოთ მოყვანილი ხელშეკრულების პირობების შესრულება ანუ, შესრულების მიღება ს- "ბ------------------------ 2----–-–----------------ს დადებულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული წესითა და პირობებით.

 

3.3. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 243-ე 257-ე, 367-ე, 369-ე, 208-ე, მე-3-ე მუხლებით და საქართველოს საქალაქო კოდექსის: 316-ე, 867-ე, 873-ე, 405-ე, 361-ე, 868-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე,464-ე,891-ე,895-ე, 898-ე მუხლებით. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 392-ე, 433-ე, 401-ე, მე-400-ე, 366-ე, 470-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 2----–-–----------------ს, ს----------------------, თ-----------–------ს (მსესხებელი) და გ-------------ს (სოლიდარული მოვალე) შორის გაფორმდა კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულება; ხელშეკრულების თანახმად, ს- ”------------------- თ-----------–------ს (მსესხებელი) კრედიტის სახით გადასცა თანხა 4200 ლარის ოდენობით; ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 35%-ით, კრედიტის ვადა 36 თვე (2----–-–----- დეკემბერი) კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თვეში 189,99 ლარის გადახდით; ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო: პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე 0,5%-ის დაკისრებას.

 

4.2. ს---------------------- მიერ გაცემული კრედიტის თანხა მსესხებლის მიერ სრულად იქნა ათვისებული;

 

4.3. ს---------------ი” წარმოადგენს ს----------------------- უფლებამონაცვლეს;

 

4.4. 2----–-–-------------- ს- ,,---------------- მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 3038,07 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 2,698.00 ლარი, ხოლო, ჯარიმა - 399,39 ლარი;

 

4.5. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ს------------------- მოითხოვდა თ------------–-----ისთვის და გ------------------- (თავდებობის ზღვრული 5460 ლარის ოდენობით ფარგლებში) ს---------------ის” სასარგებლოდ 2014 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: ა) სესხის ძირითადი თანხის 2698,68 ლარის და ჯარიმის - 339,39 ლარის გადახდის დაკისრებას; ბ) 2----–-–-------------დან აღსრულებამდე, სარგებლის სახით, სესხის ძირითადი თანხის 2698,68 ლარის წლიური 35%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 78,71 ლარს; გ) პირგასამტეხლოს სახით ძირითად თანხაზე 2698,68 ლარზე, ყოველდღიურად 0,5%- ის, რაც ყოველდღიურად შეადგენს 13,49 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა (2017 წლის 8 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ს- ,,---------------- სარჩელი დაკმაყოფილდა იმგვარად, რომ თ-----------–------ს და გ-------------ს ს---------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2014 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 1. ძირითადი თანხის 2698,68 ლარის, პირგასამტეხლოს - 16,96 ლარის გადახდა. 2. 2----–-–-------------დან - 2----–-–----- დეკემბრამდე გადასახდელ ძირ თანხაზე 2698,68 ლარზე წლიური 35%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 78,71 ლარს; 3. 2----–-–-------------დან აღსრულებამდე ძირ თანხაზე 2698,68 ლარზე, პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 0.05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.

 

წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, თ-----------–------ და გ------------- გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ ს- ,,---------------- სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ძირითადი თანხის ნაწილში ს- ,,---------------- სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხემ ძირითადი თანხის ნაწილში (2.698.68 ლარი) ცნო სარჩელი, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მართალია მოპასუხეებმა აღიარეს თანხის ძირი ნაწილის გადახდის ვალდებულება, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას ასევე უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აღიარებასთან ერთად მათ ასევე მოითხოვეს, რომ ს------------------ს დაკისრებოდა/დავალებოდა შესრულების მიღება 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრელებაში განსაზღვრული წესითა და პირობებით.

 

პალატა მიუთითებს ს----------------------, თ-----------–------ს (მსესხებელი) და გ-------------ს (სოლიდარული მოვალე) შორის გაფორმებული კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებაზე, კერძოდ, კი იმ პირობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კრედიტის დაფარვა მსესხებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო თვეში 189,99 ლარის გადახდით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეებს სრული მოცულობით ჰქონდათ ს--კ-ის 218-ე მუხლით გათვალსიწინებული (1. სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. 2. მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები), პროცესუალური ბერკეტი იმისა, რომ დავა მორიგებით დაესრულებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას შეთანხმებულიყვნენ აღიარებული თანხის გადახდის პირობებზე, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ს- "ბ------------------------ გაფორმებული 2----–-–----------------ს დადებული ხელშეკრელებით - თვეში 189,99 ლარის გადახდით.

 

დადგენილია, რომ მორიგების პირობებზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ამდენად, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ურთიერთობა აღდგეს ხელშეკურლების შეწყვეტამდე არსებული მოცემულობით, სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე, მხარეთა შორის მორიგების არარსებობისას, შეუძლებელია.

 

4.7. რაც შეეხება აპელირებას ს- ,,---------------- მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უსაფუძვლობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითბს შემდეგზე:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361.1. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მსესხებელმა დაარღვია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა, ამასთან, ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლის შემდეგაც მსესხებელსა და სოლიდარულ მოვალეს დავალიანება არ დაუფარავთ, აღნიშნული გარემოება ს---------------ს” ანიჭებდა უფლებამოსილებას შეეწყვიტა ხელშეკრულება და ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიემართა სასამართლოსათვის.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ თავდების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ს- ,,---------------- თანამშრომლების ქმედებით, რომლებმაც უარი განუცხადეს მას შესრულების მიღებაზე.

 

საქართველოს ს-კ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ,,მესიჯებს’’, აღნიშნულით არ დგინდება ს- ,,---------------- სახელით უფლებამოსილი პირის მითითება რაიმე ქმედები განხორციელება/არ განხორციელებისაკენ. ამასთან, ტექსტურ შეტყობინებაში ნათლად წერია, რომ კლიენტის ნება იყო გადაიხდიდა თუ არა თანხას.

 

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ვალდებულების შესრულება ხორციელდება ანგარიშზე თანხის შეტანით, რის შემდეგაც თანხა მიემართება სესხის დასაფარავად. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მან ანგარიშზე თანხა შეიტანა და ბანკმა ეს თანხა არ მიმართა მისი ვალდებულების შესასრულებლად, მხოლოდ, ამ შემთხვევაში იქნებოდა გასაზიარებელი აპელანტების (მოპასუხეები) პოზიცია. ამ გარემოებას კი აპელანტები შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ ადასტურებენ.

 

4.8. რაც შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი), რომლითაც თ-----------–------ს და გ-------------ს ს---------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2----–-–-------------დან - 2----–-–----- დეკემბრამდე გადასახდელ ძირ თანხაზე 2698,68 ლარზე წლიური 35%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 78,71 ლარს, არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოაღნიშნულ მუხლებზე მითითებით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენდა კრედიტით სარგებლობისათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი, რაც შეიძლება მიეღო ს---------------ს” საკრედიტო ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით.

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა, რომლის აუცილებლობას საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებათა ურთიერთშჯერების შედეგად.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო: პირველი ათი დღის ვადაგადაცილების განმავლობაში გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით აღსრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე 0,5%-ის დაკისრებას.

 

მიუხედავად, კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობით მოთხოვნისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამო (მაღალი) ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში და მისი ოდენობა განისაზღვრა 16,96 ლარით, ხოლო 2----–-–-------------დან აღსრულებამდე ყოველდღიურად ძირი თანხის 2698,68 ლარის 0,05% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, არის გონივრული ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

4.10. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინებით, ს---------------ის” წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინებაზე, კერძო საჩივარი წარადგინეს თ-----------–------მ და გ-------------მ, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

მოცემულ შემთხვევაში, ს- ”--------------------- და მოპასუხეებს თ-----------–------სა და გ-------------ს შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული კრედიტის, სოლიდარული ვალდებულებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის დავის გამო ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილებების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით და უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-----------–------- და გ-------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. თ-----------–------- და გ-------------- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის განჩინება;

 

5. სასამართლო ხარჯები დაეკისროთ აპელანტებს, რაც მათ მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

6. კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;

 

7. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

მოსამართლე: გელა ქირია