განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
010141318700064454
ინსტანცია
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700064454

საქმე № 1აგ/472-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნათია ბარბაქაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ალ-------------–------ის (დაბადებული 19---–-–----- ივლისს, პ/ნ 0---------- ) შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის განაჩენით, ალ-------------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე – 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით, ალ-------------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე – 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 27 ივლისს მსჯავრდებულმა ალ-------------–------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის და ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ალ-------------–------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე – საქართველოს მოქალაქე ბე---–------–--ლი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა-შენახვისათვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ალ-------------–------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ნომებრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ 15,60 გრამი ნარკოტიკული საშულება „გამომშრალ მარიხუანას“ უკანონო შეძენა შენახვისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის დაუნიშნავად და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული განაჩენით ალ-------------–------ე დამნაშავედ ცნო ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ამასთან მის მიმართ არ იქნა დანიშნული სასჯელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. რაც შეეხება ზემოხსენებულ განაჩენზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გავრცელებას, აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით ნამსჯელი იქნა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. 2016 წლის 08 ნომებრის განაჩენით კი, ალ-------------–------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ 15,60 გრამი ნარკოტიკული საშულება „გამომშრალი მარიხუანას“ უკანონო შეძენა შენახვისათვის, რაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ვრცელდება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით, ალ-------------–------ე მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოების სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

თბილისის პრობაციის ბიუროდან შემოსული პირადი საქმიდან ირკვევა, რომ ალ-------------–------ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ას სამოცდაათი) საათის ვადით დაასრულა 2017 წლის 16 აგვისტოს.

 

ამდენად, 2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ალ-------------–------ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მასვე უნდა აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მსჯავრდებული ალ-------------–------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უვცლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის და 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ალ-------------–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ალ-------------–------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

ალ-------------–------ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 08 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

ნ.ბარბაქაძე