განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210014484952
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014484952

საქმე №2ბ/2366-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე _ მაია სულხანიშვილი

მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე

ირაკლი ბონდარენკო

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ს------ ბ---------–-

წარმომადგენელი - ა----------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ----- ბანკი’’

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ----- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 7723,58 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2007 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის სახით. მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 2125,37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2007 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის სახით. მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა 2007 წლის 14 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით. მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 101,82 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაზღვევის გადასახადის სახით. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ა-–------------------------------------, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: #-----------------------.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1 2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და მ------ ქ-–----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 2007 წლის 14 მაისს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და მოპასუხეებს - მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს შორის, რომლის შესაბამისად, მოპასუხეებმა სესხის სახით მოსარჩელისაგან მიიღეს 35 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წელიწადში 15,5 პროცენტი სარგებლის დარიცხვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე - ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად 10 აშშ დოლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 პროცენტი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ სესხის პერიოდულად დაფარვის გრაფიკზე.

 

მტკიცებულება: საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება -ს.ფ. 15-21; საბანკო კრედიტის ხელშეკრულება -ს.ფ. 22-25

 

2.2. 2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და ე-–-----------–--–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა მ------ ქ-–----ესა და სს „თ----- ბანკს“ შორის 2007 წლის 14 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დადგენილია, რომ ამჟამად იპოთეკის საგნის მესაკუთრეა მოპასუხე ს------ ბ---------–-.

 

მტკიცებულება: იპოთეკის ხელშეკრულება -ს.ფ. 31-35. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან -ს.ფ. 36.

 

2.3. 2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და ე-–-----------–--–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, იგი დაფარავდა მ------ ქ-–----ის ვალს კრედიტორის წინაშე, რაც წარმოშობილი იქნებოდა 2007 წლის 14 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით.

 

მტკიცებულება: თავდებობის ხელშეკრულება -ს.ფ. 28-30;

 

2.4. ე-–----------–--–---–თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდების მიერ ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული გადასახდელების დაფარვა განხორციელდებოდა შემდეგი გზით: თავდების მიერ მისი ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილი ან ჩარიცხული თანხის სასესხო ანგარიშზე გადატანის გზით. ამავე დროს ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება უაქცეპტო გზით განეხორციელებინა თავდების ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა მ------ ქ-–----ის სესხის დასაფარავად.

 

მტკიცებულება: თავდებობის ხელშეკრულება - ს.ფ. 28-30;

 

2.5. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 16.6. მუხლის შესაბამისად, სს „თ----- ბანკი“ და მ------ ქ-–----ე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, მაშინ კლიენტს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, იგივე გავრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც შეიძლებოდა წარმოშობლიყო ამ ქონებების რეალიზაციის პროცესში.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. სასამართლომ საქმის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ მოპასუხეებმა - მ------ ქ-–----ემ და ქ------- ლ------ემ სრულად არ შეასრულეს 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 7723,58 აშშ დოლარს, ასევე სარგებელს - 2125,37 აშშ დოლარს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი აკისრია მოპასუხე მხარეს. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 291-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პირად მოვალეებს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და მათ სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მოთხოვნა, იპოთეკის საგნის მესაკუთრე - ს------ ბ---------–-, ასევე უფლებამოსილია სადავოდ გახადოს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

განხილულ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოვალეების მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული. აღნიშნული ფაქტის დასადგენად კი სასამართლოს მიერ სს „თ----- ბანკიდან“ გამოთხოვილი იქნა ამონაწერი მ------ ქ-–----ის საბანკო ანგარიშიდან, საიდანაც არ დგინდებოდა ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი. აღნიშნული ასევე ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა გადახდის ქვითრებმაც, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ მ------ ქ-–----ეს გარდა სადავო საკრედიტო ხელშეკრულებისა სს „თ----- ბანკთან“ გააჩნდა სხვა სასესხო ვალდებულებებიც და მის ანგარიშზე შეტანილი თანხებით ხდებოდა სხვა ვალდებულებების შესრულებაც. წარმოდგენილ გადახდის ქვითრებში კი ხშირ შემთხვევაში არ არის დაფიქსირებული, თუ რომელი სესხიდან გამომდინარე ვალდებულების დასაფარავად შეიტანეს თანხა, მეტიც - სხვა საკრედიტო ვალდებულების არსებობა ასევე დასტურდება ცნობით დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41), საიდანაც ირკვევა, რომ მ------ ქ-–----ეს სს „თ----- ბანკთან“ ასევე გაფორმებული ჰქონდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, საიდანაც მისი დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 8000 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მ------ ქ-–----ის და ქ------- ლ------ის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი.

 

2.7. მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა დაზღვევის ხელშეკრულების არსებობაც და აქედან გამომდინარე დავალიანება 101,82 აშშ დოლარის ოდენობით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კი სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ქ-–----ისა და ქ------- ლ------ის დავალიანება დაზღვევის გადასახადის სახით შეადგენს 101,82 აშშ დოლარს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის თანხის გადახდის გრაფიკზე, სადაც ასევე არის გათვალისწინებული დაზღვევის თანხის დაფარვაც, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ მოპასუხეებმა იკისრეს ამ თანხის გადახდის ვალდებულება და გარკვეულ დრომდე ასრულებდნენ კიდეც. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს გააჩნდათ დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება.

 

მტკიცებულება: სესხის გადახდის გრაფიკი - ს.ფ. 24-25.

 

2.8. სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია, რომ სს „თ----- ბანკის“ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

 

სასამართლოს მითითებით, მოპასუხე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტავდა, რომ ბოლო პერიოდში სასესხო ვალდებულების შესრულება არ ხდებოდა მ------ ქ-–----ის მიერ, მას 2008 წლის შემდეგ აღარ განუხორციელებია საბანკო ოპერაციები და თანხა მის ანგარიშზე შეჰქონდა ე-–----------–--–---–ს, მაგრამ არა როგორც თავდებ პირს, არამედ, მესამე პირს, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, თავდები ვალდებული იყო გაეხსნა ანგარიში სს „თ----- ბანკში“ და ამ ანგარიშიდან მოეხდინა ვალდებულების შესრულება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ დათქმას სს „თ----- ბანკსა“ და თავდებ პირს - ე-–----------–--–---–ს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება არ შეიცავდა და მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება, თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოეჭრა თანხა მ------ ქ-–----ის სესხის დასაფარად, ეს არ გამორიცხავდა თავდები პირის ნებას, თუნდაც თავად ძირითადი კრედიტორის ანგარიშზე თანხის შეტანით მოეხდინა ვალდებულების შესრულება. გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას უკავშირებს მომენტს, როდესაც კრედიტორს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება. ამავე ნორმის შესაბამისად კი მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განხილულ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხდებოდა მოვალის ანგარიშზე თანხის განთავსება - პირადი მოვალის, თავდების თუ მესამე პირის მიერ, კრედიტორი იკმაყოფილებდა მოთხოვნას მ------ ქ-–----ის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხიდან, შესაბამისად, იმ დრომდე, სანამ მოვალის ანგარიშზე არსებობდა ვალდებულების შესასრულებლად საკმარისი თანხა, ადგილი არ ჰქონია კრედიტორის უფლების დარღვევას, შესაბამისად კი, სასამართლომ ვერ გაითვალისწინა მოპასუხის პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ სს ,,თ----- ბანკსა” და მოპასუხეებს - მ------ ქ-–----ესა და ქ------- ლ------ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა და მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა - მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტორი და მოვალეები შეთანხმდნენ კრედიტის ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად დაბრუნებაზე, ხოლო თანხა სრულად უნდა დაბრუნებულიყო 2012 წლის 5 ოქტომბერს, რაც არ შესრულებულა. დადგენილ იქნა ისიც, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების და საპროცენტო სარგებლის ოდენობა სადავო გახადა იპოთეკის საგნის მესაკუთრე ს------ ბ---------–მა, მაგრამ მან სასამართლოს ვერ დაუდასტურა მოვალეების მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი, რის გამოც მისი შესაგებელი ვერ იქნება გაზიარებული. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოთაღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ქ-–----ის და ქ------- ლ------ის დავალიანება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის სახით შეადგენდა 7723,58 აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული გადაუხდელი სარგებელი - 2125,37 აშშ დოლარს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება და დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ ქ-–----ე და ქ------- ლ------ე სს „თ----- ბანკთან“ ასევე შეთანხმდნენ დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც ასევე არ იქნა შესრულებული სრულად და მოსარჩელის მოთხოვნა 101,82 აშშ დოლარის გადახდის შესახებ იყო საფუძვლიანი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

განხილულ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო მსესხებლების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის და აღნიშნა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული თითოეული საკრედიტო ხელშეკრულება შეიცავდა მითითებას ვალდებულების არაჯეროვნად, დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის თაობაზე საჯარიმო თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით; მხარეთა შეთანხმებით, პირგასამტეხლო დადგენილი იქნა ერთჯერადად 10 აშშ დოლარის ოდენობით და ამასთან ერთად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით. სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, მოსარჩელე მოითხოვდა შემცირებულ პირგასამტეხოს - 3000 აშშ დოლარს და ვინაიდან, მოპასუხე მხარეთა მიერ მოხდა მითითება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, რაც იწვევდა მოსარჩელე მხარის გამდიდრებას და აზარალებდა მოპასუხეთა ინტერესებს, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას. სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული შედეგი, არსებული დავალიანების ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. განხილულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით 3000 აშშ დოლარის მოთხოვნა იყო გონივრული და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). სასამართლოს განმარტებით, ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებული იყოს უძრავი ნივთი. იპოთეკის ხელშეკრულება კრედიტორისათვის დამატებით გარანტიის მატარებელია და მისი სტაბილური ქონებრივი ფასეულობა გარანტირებულს ხდის მის რისკს და აძლევს შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებული იქნა სამოქალაქო კანონმდებლობის დაცვით და მოხდა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია. წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მსესხებელი მხარის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება და არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას წარმოადგენდა იპოთეკით დატვირთული კონკრეტული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების მიზნით, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია. ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე პუნქტზე, რომლის შესაბამისად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ დაადგინა, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 16.6. მუხლის შესაბამისად, სს „თ----- ბანკი“ და მ------ ქ-–----ე შეთანხმებული იყვნენ მსგავს პირობაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალე მ------ ქ-–----ის მიმართ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი, რაც შეეხება ასეთი სახის შეთანხმებას სს ,,თ----- ბანკსა“ და მოპასუხე ქ------- ლ------ეს შორის, სასამართლოს შეფასებით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონდა და ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სს ,,თ----- ბანკის’’ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. აპელანტი მიუთითებს, რომ 2007 წლის 14 მაისს ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, სს ,,თ---------ს’’ და მეორე მხრივ, მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს შორის, აღნიშნულის გათვალისწინებით მსესხებლებს სწორედ ეს უკანასკნელები წარმოადგენდნენ. ამავე წლის 14 მაისს კი მოსარჩელეს და ე-–----------–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ,,თავდების მიერ ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული გადასახდელების დაფარვა ხორციელდება შემდეგი გზით: თავდების მიერ მისი ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილი ან ჩარიცხული სასესხო ანგარიშზე გადატანის გზით. ბანკის მიერ თავდების ანგარიშიდან თანხების აუქცეპტო წესით ჩამოწერის გზით. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული დათქმა ცალსახად აწესებს თავდების მიერ თანხის გადახდის წესს და შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს მითითება, რომ თავდები პირის მიერ თანხის გადახდის წესი არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული. აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე და 137 მუხლებზე და განმარტავს, რომ ამ მუხლების დისპოზიციის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა წყდება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ განხორცილებული შესაბამისი მოქმედებით. აპელანტის მითითებით, გადახდის ისტორიით და ამონაწერით დასტურდება, რომ მ------ ქ-–----ის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით თანხების ბოლო გადახდა განხორციელდა 2008 წლის 10 ივლისს, ხოლო ქ------- ლომსაზის მიერ 2010 წლის 10 თებერვალს, შესაბამისად დარჩენილი დავალიანების გადახდა ხორციელდებოდა ე-–----------–--–---–ის და სხვა მესამე პირების მიერ.

 

3.2 აპელანტის მითითებით, სასამართლოს არასწორდა დაადგინა, რომ რადგან მხარეები იხდიდდნენ დაზღვევო თანხას, მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული ვალდებულების შესახებ. აპელანტი განმარტავს, რომ 2007 წლის 14 მაისის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი დაზღვევის პირობებზე, მხარეთა შორის დამატებით ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად არ არსებობდა სადაზღვევო ხარჯის დაფარვის მიზნით მსესხებლის ანგარიშიდან ჯამში 1 232.32 აშშ დოლარის ჩამოჭრის საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით ს------ ბ---------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს------ ბ---------–მა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით ს------ ბ---------–-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაში მსჯელობს სხვა მსესხებელსა და მოსარჩელეს შორის არსებულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც განსახილველ საქმესთან კავშირი არ გააჩნია, კერძოდ, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მსესხებელი ლ-------------- მოცემულ დავაში არ წარმოადგენს მონაწილე მხარეს, ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაკავშირებულია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სამართლებრივი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია პირის რომელიმე უფლების შეზღუდვისკენ, საჭიროებს დასაბუთებას. თუ სასამართლო არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ან ასაბუთებს არასაკმარისად, მაშინ შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დასაბუთებული უნდა იყოს. უპირველეს ყოვლისა კი, წაგებულმა მხარემ უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მის წინააღმდეგ და რა საფუძვლით, რა კონკრეტულ ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით, სხვაგვარად მის მიმართ არ იქნება განხორციელებული ეფექტიანი მართლმსაჯულება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა „სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის შესახებ“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (ემსს) №11 (2008) დასკვნის 34-36-ე და 38-ე პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილების ხარისხი უმთავრესად მის დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, დასაბუთებულობა იმპერატიულად სავალდებულოა და იგი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი სიჩქარის გამო. დასაბუთება აუცილებელია არა მარტო იმისათვის, რომ მხარეების მიერ გაგებული იყოს გადაწყვეტილება, ასევე იმისთვისაც, რომ თავიდან ავიცილოთ თვითნებური გადაწყვეტილების მიღება. ეს პრინციპი, პირველ რიგში, ავალებს მოსამართლეს უპასუხოს მხარეთა მოსაზრებებს და დააკონკრეტოს ის არგუმენტები, რაც ამართლებს გადაწყვეტილებას და მას კანონიერ გადაწყვეტილებად გახდის. მეორე რიგში, ეს პრინციპები ხელს უწყობს საზოგადოებისათვის სასამართლო სისტემის ფუნქციონირების სწორად აღქმას. არგუმენტები უნდა იყოს თანმიმდევრული, ნათელი, არაორაზროვანი, არაწინააღმდეგობრივი. მკითხველს უნდა შეეძლოს მიჰყვეს იმ დასაბუთების განვითარების ჯაჭვს, რამაც განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. დასაბუთება (არგუმენტების მოყვანა) უნდა ემყარებოდეს მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს, რაც აისახება მათ სარჩელებსა და მათ შესაგებლებში. ეს აუცილებელი გარანტიაა იმისა, რომ მხარეები დარწმუნდნენ, რომ სასამართლომ იმსჯელა მათ მოთხოვნებზე და მიიღო ისინი მხედველობაში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, ასევე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საერთოდ არ შეიცავს მოცემულ საქმეზე ფაქტობრივ დასაბუთებას, არ არის მითითება მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მასში ასევე სრულად არ არის მითითება განსახილველ დავასთან მიმართებით სასამართლოს მიერ გამოყენებულ სამართლებრივ ნორმებზე, სამართლებრივი დასაბუთება არის არასრული, შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის უცნობია კონკრეტულად რომელ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებსა და სამართლებრივ შეფასებაზე დაყრდნობით მივიდა სააპელაციო სასამართლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ არის შემოწმებული ფაქტობრივი და ასევე ნაწილობრივ - სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ განჩინებაში არ არის ასახული განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა შეუძლებლად მიიჩნევს იმსჯელოს კასატორის სხვა პრეტენზიებზე, რომლებიც

გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მოცემული არასრული სამართლებრივი შეფასებიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო საქმეზე არ დაადგენს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას.

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს------ ბ---------–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ 2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და მ------ ქ-–----ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 2007 წლის 14 მაისს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელესა და მოპასუხეებს - მ------ ქ-–----ეს და ქ------- ლ------ეს შორის, რომლის შესაბამისად, მოპასუხეებმა სესხის სახით მოსარჩელისაგან მიიღეს 35 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წელიწადში 15,5 პროცენტი სარგებლის დარიცხვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე - ფიქსირებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადად 10 აშშ დოლარის ოდენობით და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5 პროცენტი. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ სესხის პერიოდულად დაფარვის გრაფიკზე.

 

2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და ე-–-----------–--–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა მ------ ქ-–----ესა და სს „თ----- ბანკს“ შორის 2007 წლის 14 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები. აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. დადგენილია, რომ ამჟამად იპოთეკის საგნის მესაკუთრეა მოპასუხე ს------ ბ---------–-.

 

2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკსა“ და ე-–-----------–--–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, იგი დაფარავდა მ------ ქ-–----ის ვალს კრედიტორის წინაშე, რაც წარმოშობილი იქნებოდა 2007 წლის 14 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით.

 

ე-–----------–--–---–თან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავდების მიერ ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული გადასახდელების დაფარვა განხორციელდებოდა თავდების მიერ მისი ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილი ან ჩარიცხული თანხის სასესხო ანგარიშზე გადატანის გზით. ამავე დროს ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება უაქცეპტო გზით განეხორციელებინა თავდების ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა მ------ ქ-–----ის სესხის დასაფარავად.

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 16.6. მუხლის შესაბამისად, სს „თ----- ბანკი“ და მ------ ქ-–----ე შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნებოდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, მაშინ კლიენტს დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, იგივე გავრცელდებოდა იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც შეიძლებოდა წარმოშობლიყო ამ ქონებების რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეებმა - მ------ ქ-–----ემ და ქ------- ლ------ემ სრულად არ შეასრულეს 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი დავალიანება ძირითადი თანხის სახით შეადგენს 7723,58 აშშ დოლარს, ასევე სარგებელს - 2125,37 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ----- ბანკის“ მოთხოვა მოპასუხეთა მიმართ არ არის ხანდაზმული. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს სააპელაციო სასამართლოც.

 

განხილულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა ის გარემოებაც, რომ სასესხო ვალდებულების შესრულება არ ხდებოდა მ------ ქ-–----ის მიერ, კერძოდ - მას 2008 წლის შემდეგ აღარ განუხორციელებია საბანკო ოპერაციები და თანხა მის ანგარიშზე შეჰქონდა ე-–----------–--–---–ს. მართალია, იგი გადახდას აწარმოებდა არა ხელშეკრულებაში მითითბული წესით (საკუთარი ანგარიშს გახსნითა და ამ ანგარიშზე გადახდით), არამედ მ------ ქ-–----ის ანგარიშზე.

 

აღნიშნულთან დაკავშრებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ ანგარიშზე ასრულებდა ჩარიცხვებს ე-–----------–--–---–ი, იგი 2007 წლის 14 მაისს სს „თ----- ბანკთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს თავდებს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მას წარმოეშვა სამართლებრივი სტატუსი და საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა ე-–----------–--–---–ის მითითეულ სტატუსს. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. კანონი არ განსაზღვრავს სპეციფიურ დათქმებს, თუ რა სახით უნდა მოახდინოს თავდებმა მისი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ვალდებულების შესრულების ზოგადი წესები. კანონი არ კრძალავს შესაძლებლობას, რომ თავმდებმა განახორციელოს გადახდა ძირითადი მოვალის ანგარიშზე. შესაბამისად, შუძლებელია, ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული შესრულება სამართლებრივად არარსებულად მივიჩნიოთ. იმის გათვალისიწინებით, რომ იგი არ ახდენდა ხელსეკრულებიოთ გათვალისწინებული წესით თანხის ჩარიცხვას, შეიძლება ისეც მივიჩნიოთ, რომ ვალდებულება სრულდებოდა, მაგრამ სრულდებოდა არაჯეროვნად. მიუხედავად ამისა, შესრულების ნამდვილობა არ შიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ.

 

გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ე-–----------–--–---–ის მიერ განხორციელებულ შესრულებას ჩავთვლით მესამე პირის მიერ განხორციელებულ შესრულებად, სასამართლო მაინც ვერ შეძლებს არსებული შესრულების გაქარწყლებას. სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს შესრულება შეიძლება განახორციელოს მესამე პირმაც. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია. მტკიცებულება, რომ მ------ ქ-–----ე წინააღმდეგი იყო ე-–----------–--–---–ის მიერ განხორციელებული შესრულებისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, პირიქით, საქმის მასალებით საპირისპირო შემთხვევას აქვს ადგილი, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის თავდებს, რაც თავისთავად გულისხობს მის ნებას, შესრულდეს მისი ვალდებულება ამ პირის მიერ.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ე-–----------–--–---–ის მიერ განხორციელებული შესრულება სამართლებრივი მნიშვნელობის არ მქონედ ჩავთვალოთ. ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი შეუძლებელია კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვალოს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. ზოგადად, მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენაც. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის უფლება სასამართლოს გააჩნია სწორედ მოპასუხე მხარის მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა ძირითადი აქცენტი სარჩელის ხანდაზმულობაზე გააკეთა. შესაბამისად, სასამართლოსათვის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი შეფასებისათვის განსაკუთრებით საყურადღებო და ზედმიწევნით გამოსაკვლევი და შესაფასებელი სწორედ ხანდაზმულობის საკითხი წარმოადგენს.

 

პალატა განმარტავს, რომ, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხდებოდა მოვალის ანგარიშზე თანხის განთავსება - პირადი მოვალის, თავდების თუ მესამე პირის მიერ, კრედიტორი იკმაყოფილებდა მოთხოვნას მ------ ქ-–----ის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხიდან, შესაბამისად კი, იმ დრომდე, სანამ მოვალის ანგარიშზე არსებობდა ვალდებულების შესასრულებლად საკმარისი თანხა, ადგილი არ ჰქონია კრედიტორის უფლების დარღვევას. ამდენად, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო ვერ გათვალისწინებს ს------ ბ---------–-ს პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 14 მაისის თავდებობის ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად გათვალისწინებულ იქნა თავდების მიერ სესხის დაფარვის გარკვეული წესი, თუმცა ს------ ბ---------–-ს აპელირება, რომ თავდები ვალდებული იყო გაეხსნა ანგარიში სს „თ----- ბანკში“ და ამ ანგარიშიდან მოეხდინა ვალდებულების შესრულება, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ასეთ დათქმას სს „თ----- ბანკსა“ და თავდებ პირს - ე-–----------–--–---–ს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება არ შეიცავდა და პალატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორს მიენიჭა უფლებამოსილება, თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოეჭრა თანხა მ------ ქ-–----ის სესხის დასაფარად, ეს არ გამორიცხავდა თავდები პირის ნებას, თუნდაც თავად ძირითადი კრედიტორის ანგარიშზე თანხის შეტანით მოეხდინა ვალდებულების შესრულება.

 

პალატა შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამასთან, კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტს უკავშირებს მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად ათვლისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოვალის ანგარიშზე არსებობდა ვალდებულების შესასრულებლად საკმარისი თანხა, ადგილი არ ჰქონია კრედიტორის უფლების დარღვევას, ხოლო 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ------ ქ-–----ისა და ქ------- ლ------ის ვალდებულების დასაფარად ბოლო გადახდა განხორციელებულია 2012 წლის 02 აგვისტოს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 192; 227-234), ამასთან, დადგენილია, რომ სს ,,თ----- ბანკის“ სარჩელი სასამართლოში აღძრულ იქნა 2014 წლის 23 აპრილს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, პალატა ვერ გათვალისწინებს აპელანტის პოზიციას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ს------ ბ---------–- პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დაზღვევის ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულება შეიცავს მხარეთა შეთანხმებას დაზღვევის შესახებ, კერძოდ - 2007 წლის 14 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მეექვსე მუხლი მთლიანად დაზღვევის პირობებზე მხარეთა შეთანხმებას ეხება და ასეც რომ არ იყოს, პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და თვლის, რომ, რადგან მხარეები იხდიდნენ დაზღვევო თანხას, მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული ვალდებულების შესახებ. აქვე პალატა მიუთითებს, რომ, თუ ბანკის მიერ არასწორად ხდებოდა თანხის ჩამოჭრა, მხარეს სადავოდ უნდა გაეხადა აღნიშნული ფაქტი სარჩელის მეშვეობით და რამდენადაც, საკრედიტო ხელშეკრულების ხსენებული მუხლის ბათილობის საკითხი სადავოდ არ არის გამხდარი, საფუძველს მოკლებულია ს------ ბ---------–-ს აპელირება იმის შესახებ, რომ 2007 წლის 14 მაისის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი დაზღვევის პირობებზე, მხარეთა შორის დამატებით ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად, არ არსებობდა სადაზღვევო ხარჯის დაფარვის მიზნით მსესხებლის ანგარიშიდან ჯამში 1 232.32 აშშ დოლარის ჩამოჭრის საფუძველი.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------ ბ---------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ირაკლი ბონდარენკო