განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.08.2018
საქმის ნომერი
330210116001451312
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001451312

№2ბ/1322-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოპასუხე) – ს------------–---–--

წარმომადგენელი - კ-----------–---–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - R---------------------

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2018 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. მოპასუხის ს-----------–---–ის“ წარმომადგენლის კ-----------–---–---–-ს შუამდგომლობა, სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და R---------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. მოპასუხე ს-----------–---–ს”, მოსარჩელე R---------------------ს სასარგებლოდ, დაეკისრა 33128.20 ევროს გადახდა.

 

დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

2017 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და R-------------------- -ს სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

მოპასუხე ს-----------–---–ის“ წარმომადგენელმა წარადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 მაისის განჩინებით, ს-----------–---–ის“ მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

 

საქმის განხილვა მოსამზადებელ სხდომაზე დაინიშნა 2017 წლის 25 დეკემბერს. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2018 წლის 24 იანვარს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ს-----------–---–ის“ წარმომადგენელმა კ-----------–---–---–მა, სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარადგინა შუამდგომლობა ჯამრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომის გადადების შესახებ.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ და მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

ს-----------–---–ის“ წარმომადგენლის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივად, დასახელდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავ საპატიო მიზეზის ცნებას და ჩათვალა, რომ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ ადასტურებდა წარმომადგენლობის ისეთ მდგომარეობას, რაც შეუძლებელს ხდიდა მის სხდომაზე გამოცხადებას. შესაბამისად, მიიჩნია, რომ წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და მიიჩნია რა რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე წარმოადგენდა იურიდიულ პირს და ჰქონდა შესაძლებლობა მსგავს შემთხვევაში უზრუნველყო პროცესზე სხვა წარმომადგენლის მონაწილეობა. ასევე, აღინიშნა, რომ სხდომის გადადების შესხაებ განცხადება კ-----------–---–---–-ს მიერ სასამართლოს კანცელარიაში წარდგენილი იყო 2018 წლის 24 იანვრის 16.40 საათზე, იმ დროს როცა სხდომა დანიშნული იყო 24 იანვრის 17.00 საათზე.

 

23.02.2018 წელს ს------------–---–--- წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას და არასწორად მიიჩნია, რომ ის არ ადასტურებდა წარმომადგენლის ისეთ მდგომარეობას, რაც შეუძლებელს ხდიდა მის სხდომაზე გამოცხადებას და საქმის განხილვაში მონაწილეობას.

 

წარდგენილ ცნობაში მითითებული და ხაზგასმულია, რომ კ-----------–---–---–-ს სხდომის წინა დღეს დასმული დიაგნოზია "ტონზილიტი", ანუ ნუშურა ჯირკვლის ანთება (გლანდების ანთება), მდგომარეობა მწვავე. აღნიშნული გამორიცხავდა მის მიერ საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობას, ვინაიდან ვერ ლაპარაკობდა და შესაბამისად, ვერც სხდომის ოქმი შედგებოდა მაგნიტურ ფირზე მისი ახსნა-განმარტების ჩაწერით.

 

სააპელაციო საჩივარს ერთვის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი საავადმყოფო ფურცელი, რომელშიც ნათლადაა მითითებული 02.02.2018-მდე კ-----------–---–---–-ს შრომისუუნარობის შესახებ.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სსკ-ის 385.1. მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული სასამართლო აქტის გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

ამავე კოდექსის 233.1 მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი, დადგენილი წესით სხდომაზე მის მოწვევას და გამოუცხადებლობის შედეგებზე ინფორმირებას სადავოდ არ ხდის. აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი ავადმყოფობით.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს მის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დანიშნული იყო 24.01.2018 წელს, 17:20 საათზე;

 

- აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა ს------------–---–-ს“ წარმომადგენელი კ-----------–---–---–-;

 

- კ-----------–---–---–მა სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით, 24.01.2018 წელს, 16:40 წარადგინა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რომელსაც ერთვის ცნობა ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იყო მისი დიაგნოზი - მწვავე ტონზილიტი;

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია საჩივრის ავტორის მიერ 24.01.2018 წელს წარდგენილ მტკიცებულებაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა) არ არის პირდაპირი მითითება სასამართლო პროცესზე მხარის გამოცხადების შეუძლებლობაზე, თუმცა, მითითებულია დიაგნოზი და რომ დაენიშნა წოლითი რეჟიმი მედიკამენტური მკურნალობით, ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. ამასთან, სააპელაციო საჩივარს ერთვის საავადმყოფო ფურცელი (ტ. 1, ს/ფ 336), რომელიც ადასტურებს კ-----------–-----–---–ის შრომისუუნარობას 2018 წელის 23 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით. როგორც ერთი ისე მეორე მტკიცებულება აკმაყოფილებს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. კერძო, დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის/მკურნალი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით. შესაბამისად, აღნიშნულ საავადმყოფო ფურცელში ასახული პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება იძლევა მისი ჯამრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რაც შეუძლებელს ხდიდა სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადებას. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად წოლითი რეჟიმისა, კ-----------–---–---–მა სასამართლო სხდომის დაწყებამდე 40 წუთით ადრე სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ჩააბარა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რითიც მხარის მიერ დადასტურდა დავისადმი იურიდიული ინტერესის არსებობა.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე (აპელანტი) არის იურიდიული პირი - ს------------–---–--, რომლის ინტერესებს სასამართლოში იცავს უფლებამოსილი წარმომადგენელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ აღნიშნული წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო პროცესზე კომპანიის გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენელის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სხვა წარმომადგენლის ან/და დირექტორის პროცესზე გამოცხადებას. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კ-----------–---–---–ს ჯამრთელობის მდგომარეობის გამო წოლითი რეჟიმი დაენიშნა სასამართლო სხდომის წინა დღეს - 23.01.2018 წელს, პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ მცირე დროში საქმეზე ახალი წარმომადგენლის დანიშვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელმა სასამართლოს აცნობა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე და ჰქონდა გონივრული მოლოდინი სასამართლო სხდომის გადადებისა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აპელანტის/მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობას ავადმყოფობის მიტივით, მიიჩნევს საპატიოდ, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------------–---–-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.01.2018 წლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსამზადებელი ეტაპიდან ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

 

3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე გელა ქირია

 

მოსამართლეები ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი