განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210116001614528
თ---–---ს სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქ. თ---–---
საქმე №2ბ/4131-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - გ---- კ------ე
წარმომადგენლები - პ------------------------------–---
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,მ----------------’’
წარმომადგენლები - მ-------------–-–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,მ----------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ---- კ------ეს მოსარჩელე სს ,,მ----------------ს“ სასარგებლოდ, 2013 წლის 14 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების გადახდა 17997,22 აშშ დოლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 14 აგვისტოს, სს ,,მ---------------ს” და გ---- კ------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის ოდენობა შეადგენს 21000 აშშ დოლარს, წლიური 30%-ის ოდენობით, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენს მთლიანი თანხის 2%-ს, სესხის ვადა 48 თვე, სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ეტაპობრივად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 14 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21-22).
სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
2.2. 1---------წ. სესხის ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, სესხის დაბრუნებისა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებულ ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში იფარება გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ჯარიმა, შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა.
ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ მსესხებელი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებდა, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის მიერ გაცემული საარსრულებო ფურცლის საფუძველზე. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად ვერ დაფარავდა მსესხებლის ვალდებულებას, გამსესხებლის მოთხოვნა არ შეწყდებოდა და გამსესხებელი უფლებამოსილი იყო დარჩენილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 14 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
2.3. სს ,,მ---------------სა” და გ---- კ------ეს შორის, 2013 წლის 14 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს სს ,,მ----------------ს” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ჯ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ---–---, ო--------–--------, ს/კ 0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებულია სანოტარო წესის დაცვით.
იპოთეკის ხელშეკრულების 8.6. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციისას, იპოთეკარის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც დაფარავდა იპოთეკის საგნის ღირებულება. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ჰქონდა მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვალის მიმართ გამოეყენებინა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და გადახდა მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე.
იპოთეკის ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართები. მხარეებმა თავადაც წაიკითხეს იგი, ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი.
იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 14 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-30);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 31-32);
2.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ გ---- კ------ემ მიიღო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, სესხის გაცემის საკომისიოს გამოკლებით, 20580 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 33).
2.5. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდასთან დაკავშირებით არ იქნა შესრულებული. 2015 წლის 11 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ სს ,,მ----------------ს“ სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 18977,76 აშშ დოლარი, სარგებელი - 6455,98 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2575,87 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102 ლარი, საადვოკატო, სასამართლო და სხვა სააღსრულებო ხარჯები.
მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ, 2015 წლის 11 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი და აღნიშნული აქტით დადგენილი დავალიანების ოდენობა გ---- კ------ეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 39-43);
- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. 02.06.2017წ. სხდომის ოქმი)
2.6. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სს ,,მ----------------ს" მიმართ არსებული დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა ნ---- ჯ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მდებარე: ქ. თ---–---, ო--------–ის ქუჩა N-, ს/კ 0----------------------. უძრავი ქონება გაიყიდა 24 660 ლარად, საიდანაც 23161,97 ლარი გადაირიცხა მოსარჩელის ანგარიშზე. აღნიშნული თანხიდან დაიფარა პროცენტი და საურავი სრულად და სესხის ძირი თანხის ნაწილი. სესხზე დარჩა დავალიანება და შეადგინა ძირი თანხა - 17997,22 აშშ დოლარი და კერძო აღმასრულებლის ხარჯი - 420,35 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ---–---ს სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (ს.ფ. 50);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 39-43)
2.7. 2016 წლის 24 ივნისს, იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის ნ---- ჯ------–-–---–ის წარმომადგენელმა ა---------– ჯ------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა სს ,,მ----------------სა“ და გ--------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა; ნ---- ჯ------–-–---–ის საკუთრებაში დანიშნული აუქციონის შეჩერება საქმის საბოლოო განხილვამდე; ნ---- ჯ------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკისაგან განთავისუფლება და მსესხებლის ქონებით ჩანაცვლება.
2016 წლის 07 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ა---------– ჯ------–-–---–ს აცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მითითებას მესაკუთრე ნ---- ჯ------–-–---–ის ქონებაზე იძულებით აუქციონი შეჩერებასთან, მისი საკუთრების იპოთეკისაგან გათავისუფლებასა და მსესხებელ გ---- კ------ის ქონებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, მითითებული საკითხი სცილდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 89-94);
- შსს წერილი (ს.ფ. 103).
2.8. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აუქციონის შედეგები ა---------– ჯ------–-–---–ის მიერ გასაჩივრებულია, აღძრულია სარჩელი და აუქციონზე გაყიდულ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა, პირველი ინსტანციის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და არ არის კანონიერ ძალაში შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 16.05.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 14:18:31-14:20:48).
2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელემ მოატყუა, მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, რის გამოც არ უნდა დაეკისროს დავალიანების გადახდა. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას მოპასუხეს რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მოპასუხის განმარტებით, საკრედიტო ოფიცერი მას შეპირდა, რომ სესხი გაიცემოდა წლიურ 16%-ად, ხოლო ხელშეკრულებაში სესხის პროცენტად მითითებული იქნა 30%. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე უთითებს, რომ ხელშეკრულების დადების დროს, ხელშეკრულების პირობები მას არ გააცნეს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხეთა წარმომადგენელების მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად გ---- კ------ე პროფესიით არის იურისტი, იგი ენდო მოსარჩელეს, თორემ ხელშეკრულებას რომ გასცნობოდა და გაეგო პირობები, მას ხელს არ მოაწერდა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა შემდეგი: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გაცნობია ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას.
თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა- ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა. აღნიშნული შემთხვევა კი, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
2.10. სასამართლომ, დადგენილად არ მიიჩნია მოპასუხის მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულების ის პუნქტი, რომლითაც ვალდებულება არ წყდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, მისთვის არ განუმარტავთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოება პაექრობის ეტაპაბამდე სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება ის გარემოებები, რომელიც მთავარ სხდომამდე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა (იხ. 20.06.2017წ. სხდომის ოქმი)
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ სს ,,მ---------------სა“ და გ---- კ------ეს შორის დადებული იქნა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ---- კ------ეს გადაეცა სესხი 21000 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი წლიური - 30%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სს ,,მ---------------სა“ და გ---- კ------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა ნ---- ჯ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2015 წლის 11 სექტემბერს, ნოტარიუსის მიერ სს ,,მ-----------------------------–-- მ----------------ს“ სასარგებლოდ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 18977,76 აშშ დოლარი, სარგებელი - 6455,98 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2575,87 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102 ლარი, საადვოკატო, სასამართლო და სხვა სააღსრულებო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სს ,,მ----------------ს" მიმართ არსებული დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა ნ---- ჯ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მდებარე: ქ. თ---–---, ო--------–ის ქუჩა N-, ს/კ 0----------------------. უძრავი ქონება გაიყიდა 24660 ლარად, საიდანაც 23161,97 ლარი გადაირიცხა მოსარჩელის ანგარიშზე. აღნიშნული თანხიდან დაიფარა პროცენტი და საურავი სრულად და სესხის ძირი თანხის ნაწილი. სესხზე დარჩა დავალიანება და შეადგინა ძირი თანხა - 17997,22 აშშ დოლარი და კერძო აღმასრულებლის ხარჯი - 420,35 აშშ დოლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია მისი უფლებები, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან ჯერ დაფარა ჯარიმა, შემდეგ სარგებელი და ბოლოს ძირითადი თანხა. მოპასუხე მის მიერ მითითებულ მოსაზრებას ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ - ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს - პროცენტები.
მოპასუხის აღნიშნულ მოსაზრებას მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,მ---------------სა“ და გ---- კ------ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების 2.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ: სესხის დაბრუნებისა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში დაიფარებოდა გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ჯარიმა, შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- კ------ემ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოხატა თანხმობა აღნიშნული ხელშეკრულების 2.5 პუნქტზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს ნებას რთავდა მიღებული თანხა მიემართა პირგასამტეხლოს და დარიცხული სარგებლის დასაფარავად, ხოლო შემდეგ დაეფარა სესხის ძირითადი თანხა.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად ვერ დაფარავდა ,,მსესხებლის“ ვალდებულებას ,,გამსესხებლის“ მიმართ, ,,გამსესხებლის“ მოთხოვნა მსესხებლის მიმართ არ შეწყდება და ,,გამსესხებელი“ უფლებამოსილ იყო დარჩენილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობები თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის აღების მოთხოვნით და განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია. უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამოღებული თანხით დაიფარა პირგასამტეხლო, სარგებელი და ნაწილი თანხით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა. დარჩენილმა დავალიანებამ სესხის ძირითადმა თანხის სახით შეადგინა 17997,22 აშშ დოლარი. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს მოპასუხის დავალიანების სრულად დაფარვას, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გ---- კ------ეს სს ,,მ----------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 17997,22 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის ბათილობის გამო, იგი უნდა გათავისუფლდეს ვალდებლების შესრულებისგან. კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლზე, რომლის თანახმად ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.
მოპასუხის მითითებით, აღნიშნული პუნქტი წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას და ბათილია. ხელშეკრულების ტექსტი სს ,,მ----------------ს“ მიერ წინასწარ იყო შემუშავებული და ხელმოსაწერად შეთავაზებული კლიენტისათვის და მისი პუნქტები ცალკე ინდივიდუალურად არ ყოფილა მასთან შეთანხმებული. 2013 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებს 3.4 პუნქტის შემუშავებაში გ---- კ------ეს მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მისი შინაარსი საჭიროებდა სავალდებულო განმარტებას და ეს პირობა შენიღბულად არ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში, თუმცა მოპასუხისათვის მსგავსი პირობა არ განუმარტავთ. ხელშეკრულების ეს დათქმა განსაზღვრავს სს ,,მ----------------ს“ ხელმისაწვდომობას გ---- კ------ის სხვა ქონებრივ აქტივებზე, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას. ამ საფუძველზე დაყრდნობით, სს ,,მ---------------მა“ საგარანტიო ქონების გარდა სააღსრულებო პროცედურები მიაქცია მოპასუხის სხვა ქონებაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა გ---- კ------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების - საცხოვრებელი სახლის გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა. ცხადია, უცილოდ ბათილია იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ ხსენებული სახელშეკრულებო პირობა, რადგან ის არ არის განჭვრეტადი, მსესხებლისათვის - გ---- კ------ისათვის არავის აუხსნია და განუმარტავს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ იქნებოდა საკმარისი მის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას გამოიყენებდნენ აღსასრულებლად. ასე რომ ყოფილიყო და ეს პირობა განემარტათ გ---- კ------ისათვის, იგი საერთოდ არ მოაწერდა ხელს ხსენებულ ხელშეკრულებას, გ---- კ------ის მოლოდინი ქონებრივი პასუხისმგებლობის მოცულობაზე მოიცავდა მხოლოდ საგარანტიო ქონების ფარგლებს, და სწორედ ამიტომ დატვირთა მან იპოთეკით სხვისი შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე 30 კვ.მ. უძრავი ქონება და არა თავის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომელიც სანოტარო ფორმის დაცვით არის შედგენილი და დგინდება, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 8.6. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციისას, იპოთეკარის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც დაფარავდა იპოთეკის საგნის ღირებულება. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ჰქონდა მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვალის მიმართ გამოეყენებინა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და გადახდა მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე.
იპოთეკის ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა წინამდებარე ხელშეკრულება და მისი დანართები. მხარეებმა თავადაც წაიკითხეს იგი, ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი. ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებენ გ--------------ე, ა---------– ჯ------–-–---–ი და გ---- კ------ე მათ მიერ გაკეთებული შენიშვნით: ,,წავიკითხე, ვეთანხმები".
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით მართალია ხელშეკრულებაში სტანდარტული პირობის სახით არის მოცემული 3.4 პუნქტი ,,თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად ვერ დაფარავს ,,მსესხებლის“ ვალდებულებას ,,გამსესხებლის“ მიმართ, ,,გამსესხებლის“ მოთხოვნა ,,მსესხებლის“ მიმართ არ წყდება და გამსესხებელი უფლებამოსილია დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხეხლის სხვა ქონების ხარჯზე“, თუმცა აღნიშნული 3.4 პუნქტი, წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას და ბათილია.
აპელანტის განმარტებით კერძო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას. მხოლოდ მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში მოქმედებს სრულყოფილად ეს პრინციპი, ხოლო იქ, სადაც მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, რეალურად კი ერთ-ერთი მხარე აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი მხოლოდ - შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია, ამ დროს ნების ავტონომია სრულყოფილად ვერ ხორციელდება და მხარეთა ინტერესების სამართლიანი გათანაბრების მიზნით კანონი უშვებს ხელშეკრულების შინაარსის კონტროლს. ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის ერთ-ერთი გამოხატულებაა სტანდარტული პირობების ბათილობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესები.
აპელანტის მითითებით მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ტექსტი სს „მ----------------ს“ მიერ იყო წინასწარ შემუშავებული და ხელმოსაწერად შეთავაზებული კლიენტისთვის და მისი პუნქტები ცალკე ინდივიდუალურად არ ყოფილა კლიენტთან შეთანხმებული.
სტანდარტული პირობებით ხელშეკრულების დადებისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა წარმოადგენს მომხმარებლის დამატებითი საფრთხეების უზრუნველყოფის გარანტიას, რადგან შეთანხმება, რომელიც ბოჭავს მას გარკვეული ვალდებულებებით, არის არა კონსესუსის, არამედ ცალმხრივად შემუშავებული შეთავაზების შედეგი. ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსი სტანდარტული პირობებით დადებული ხელშეკრულების შინაარსის კონტროლის მიზნით აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რათა აიძულოს ოფერენტი, კეთილსინდისიერად გამოიყენოს არსებული უპირატესობა და ამით გაანეიტრალოს არსებული პოზიციური დისბალანსი.
ამდენად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამცავი ფუნქციის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს 2013 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების პუნქტი 3.4-ის პირობა: ,,თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად ვერ დაფარავს ,,მსესხებლის“ ვალდებულებას, ,,გამსესხებელი“ უფლებამოსილია დარჩენილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე“. ყოველივე ეს უნდა შეფასდეს კეთილსინდისიერების კონტექსტში. კეთილსინდისიერება კი გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცმით და პასუხისმგებლობით, მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.
აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის და შემდგომი დებულებებზე და განმარტავს, რომ ისინი წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელ ცენტრალურ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს და მისი გამოყენების პროცედურულ საკითხებს ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში. აპელანტის მოსაზრებით აღნიშნული ურთიერთობის მოსაწესრიგებლადაც გამოყენებული უნდა იქნეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მომწესრიგებელი რეგულაციები.
სტანდარტული პირობის შეთავაზებისას, პირის სრული ინფორმირება, როგორც კეთილსინდისიერი მოქმედების მაჩვენებელი, გაზიარებულია ასევე 2010 წლის უნიდრუას საერთაშორისო პრინციპებით (UNIDROIT PRINCIPLES), კერძოდ, 2.1.20. მუხლის თანახმად, პირობას, რომელიც სტანდარტული სახისაა და გააჩნია იმგვარი ხასიათი, რომ მეორე მხარე გონივრულად არ მოელოდა მას, არ გააჩნია ძალა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული პირობა მეორე მხარის მიერ ნათლად იყო მიღებული (Surprising terms).
მხარე, რომელიც იღებს მეორე მხარის სტანდარტულ პირობებს, იბოჭება მათი სამართლებრივი შინაარსით, მიუხედავად იმისა, ცნობილი იყო თუ არა მისთვის ამ პირობის შინაარსის შემცველი ყველა დეტალი ან რამდენად გასაგები იყო მისთვის პირობის მნიშვნელობა. ამ წესისაგან გამონაკლისი ასახულია უნიდრუას 2.1.20 მუხლში, რომლის მიზანია, დაიცვას მომხმარებელი მეორე მხარის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისაგან, რომელიც სტანდარტულ პირობების გამოყენებით ცდილობს თავისი პოზიციის მართლსაწინააღმდეგო უპირატესობის უზრუნველყოფას, მომხმარებელზე საკუთარი პირობების ფარულად თავს მოხვევის გზით და რომელსაც მეორე მხარე, გონივრული ვარაუდით, არ მიიღებდა. აღნიშნული ნორმა იცავს მომხმარებელს სტანდარული პირობის შინაარსით გამოწვეული მოულოდნელი შედეგებისაგან.
აპელანტის განმარტებით 2013 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულების 3.4 პუნქტი წარმოადგენს სწორედ სტანდარტულ პირობას, მის შემუშავებაში მას არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, მისი შინაარსი საჭიროებდა სავალდებულო განმარტებას და ეს პირობა შენიღბულად არ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებაში, თუმცა მისთვის არ განუმარტავთ მსგავსი პირობა. ხელშეკრულების ეს დათქმა განსაზღვრავს ს/ს ,,მ----------------’’-ს ხელმისაწვდომობას გ---- კ------ის სხვა ქონებრივ აქტივებზე, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს კრედიტორის მოთხოვნას. ამ საფუძველზე დაყრდნობით, ს/ს ,,მ---------------მა’’ საგარანტიო ქონების გარდა სააღსრულებო პროცედურები მიაქცია მოსარჩელის სხვა ქონებაზე და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა გ---- კ------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლის (საკადასატრო კოდი 0----------------------) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა.
ცხადია უცილოდ ბათილია იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესახებ ხსენებული სახელშეკრულებო პირობა, რადგან ის არ არის განჭვრეტადი, მისთვის არავის აუხსნია და განუმარტავს, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ იქნებოდა საკმარისი მის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას გამოიყენებდნენ აღსასრულებლად. ასე რომ ყოფილიყო და ეს პირობა - 3.4 პუნქტი განემარტათ მისთვის იგი საერთოდ არ მოაწერდა ხელს ხსენებულ ხელშეკრულებას, მისი მოლოდინი ქონებრივი პასუხისმგებლობის მოცულობაზე მოიცავდა მხოლოდ საგარანტიო ქონების ფარგლებს, და სწორედ ამიტომ დატვირთა მან იპოთეკით სხვისი შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე 30კვ.მ უძრავი ქონება და არა თავის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა.
მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა გონივრული ქცევის სტანდარტიდან გამომდინარე, საგარანტიო ქონების ღირებულება, როგორც წესი, ტოლია ან აღემატება უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობას. შესაბამისად, დათქმა, რომ აღსრულება მიექცეს საგარანტიო ქონების გარდა სხვა ქონებაზეც, წარმოადგენს გამონაკლის რეგულირებას. ასეთი რეგულირების არსებობა, როგორც წესი, არ არის მოსალოდნელი და იგი მხოლოდ საგამონაკლისო წესით უნდა შეთანხმდეს მხარეთა შორის, სწორედ ამაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის საკანონმდებლო დანაწესიც.
ამდენად, ამ პირობის გაუქმება 301-ე მუხლის შესაბამისად გამორიცხავს მოვალეთა სხვა ქონებაზე სააღსრულებო პროცედურების განხორციელებას, რადგან შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს. ვინაიდან გარიგების ბათილი პირობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგებს, არ არსებობს მხარეთა შეთანხმება მოვალის სხვა ქონებაზე ხელმისაწვდომობის შინაარსით და გარიგება ითვლება შესრულებულად იმ შემთხვევაშიც, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ ფარავს დარჩენილი დავალიანების ნაწილს.
3.2. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს ასევე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობაზე. აპელანტის განმარტებით თანმიმდევრობა-რიგითობა: ჯერ პირგასამტეხლო-საურავი, შემდეგ პროცენტი და ბოლოს სესხის ძირი არ იყო შეთანხმებული მხარესთან, არ არის განსაზღვრული კანონით, არ წერია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში და ორგანიზაციამ გადაწყვიტა ცალმხრივად, თავისი საბანკო ინტერესების სასარგებლოდ. მართლია სესხის ხელშეკრულება 2.5 პუნქტი ითვალისწინებს გარკვეულ თანმიმდევრობას დავალიანების დაფარვისას, თუმცა ამ პუნქტში მითითებული თანმიმდევრობა ეხება ვადამოსულ ვალდებულებას, გადასახადის გამოანგარიშებასა და მისი გადახდის წესს, ვინაიდან არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ გ---- კ------ეს ვალდებულება განისაზღვრებოდა უკვე - ვადამოსული მოთხოვნის ფარგლებში.
3.3 აპელანტი სადავოდ ხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო განაკვეთს. აპელანტის განმარტებით ფაქტია, რომ სს ,,მ---------------მა“-მა ცალსახად განსაზღვრა 2013 წლის 14 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%. აშკარაა, რომ ის სესხის ხელშეკრულების დადებისთანავე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რადგან მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დადებამდე ზეპირი შეთანხმებით განსაზღვრეს, რომ სესხის ხელშეკრულების წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა 16%-ის ფარგლებში და არა 30%.
აპელანტის მითითებით, როდესაც საუბარია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან განსაზღვრულ ამორალურ წლიური საპროცენტო განაკვეთზე (30%-ზე) არ შეიძლება არ იქნეს მითითებული ის საპროცენტო განაკვეთი, რომელითაც ხელშეკრულების გაფორმების დროს ოპერირებდნენ ბაზარზე ქვეყანაში მოქმედი საკრედიტო დაწესებულებები. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი და პროცენტის გამოანგარიშება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ქვეყანაში (ქვეყნის ბაზარზე) მოქმედი აბსოლუტურად ყველა საკრედიტო დაწესებულების (ბანკები, მიკროსაფინანსოები და ა.შ) მონაცემების დამუშავებით. ეს გახლავთ ოფიციალური ინფორმაცია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იხილოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე (nbg.gov.ge), სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში (L3.8.1 უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები) მითითებულია, რომ ქვეყნის მაშტაბით, ფიზიკურ პირებზე, უცხოურ ვალუტაში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საპროცენტო განაკვეთი, 2013 წლის აგვისტოს თვეში იყო 13.7% (უფრო მეტი კონკრეტიკისათვის 13.727977413504%. იხ. www.nbg.ge)
ამის ფონზე ცხადად ჩანს, რომ ს.ს ,,მ-----------------------------–-- მ---------------მა“ (ძლიერმა მხარემ) ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება და ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგოდ ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე ბევრად მაღალ - ამორალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთზე მოაწერინა ხელი გ---- კ------ეს. სამოქალაქო კოდექსის 54 მულის მიხედვით კი, რომელიც ეხება მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებს: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამრიგად, მხარეთა შორის 2013 წლის 14 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების დებულების [1.5 პუნქტი], რომლითაც საკრედიტო ორგანიზაციამ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია.
4.4.აპელანტის მოსაზრებით ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საბანკო ურთიერთობები, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხელშეკრულების შეწყვეტა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის დადგენილი წესით უნდა განხორციელებულიყო. ფაქტია, რომ მოსარჩელემ კანონის ეს მოთხოვნა დაარღვია და არანაირი დამატებითი ვადა არ მიუცია მოვალისათვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2013 წლის 14 აგვისტოს ერთი მხრივ სს ,,მ---------------ს” და მეორე მხრივ გ---- კ------ეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც გ---- კ------ემ სს ,,მ----------------სგან” 21 000 აშშ დოლარი ისესხა. ხელშეკრულება 48 თვის ვადით გაფორმდა. სესხის გაცემისთვის ხელშეკრულების 1.6 პუნქტით გათვალისწინებული იქნა სესხის გაცემის საკომისიო 2 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 1.5. პუნქტით პროცენტის მოცულობა სესხის თანხაზე წლიურად 30 %-ით განისაზღვრა. მსესხებელს 1--------- წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხა პროცენტთან ერთად ეტაპობრივად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა.
- ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, ,,სესხის დაბრუნებისა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებულ ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში იფარება გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ჯარიმა, შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა.’’
- ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებდა, ან არაჯეროვნად შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
- ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად ვერ დაფარავდა მსესხებლის ვალდებულებას, გამსესხებლის მოთხოვნა არ შეწყდებოდა და გამსესხებელი უფლებამოსილი იყო დარჩენილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე.
- 2013 წლის 14 აგვისტოს ერთი მხრივ გ---- კ------ეს და მეორე მხრივ სს ,,მ--------------ს’’ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იმავე დღეს სს ,,მ----------------ს” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ჯ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თ---–---, ო--------–ის ქ. №7, ს/კ 0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმდა სანოტარო წესის დაცვით.
- იპოთეკის ხელშეკრულების 8.6. პუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციისას, იპოთეკარის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ იმ ნაწილში (იმ მოცულობით), რასაც ფარავს იპოთეკის საგნის ღირებულება. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება აქვს მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოვალის მიმართ გამოიყენოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების კანონმდებლობით დადგენილი სხვა ზომები და გადახდა მიაქციოს მოვალის სხვა ქონებაზე.
- იპოთეკის ხელშეკრულების შესავალ ნაწილში (ტ.1.ს.ფ .25) მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს წაუკითხა ხელშეკრულება და მისი დანართები. მხარეებმა თავადაც წაიკითხეს იგი, ნათლად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ხელშეკრულება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით პირადად მოაწერეს ხელი.
4.1.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ მოდავე მხარეთა შორის 1--------- წლის სესხის ხელშეკრულების 3.4 პუნქტით და 1--------- წლის იპოთეკის ხელშეკრულების 8.6 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტული პირობა, რომლის საფუძველზეც გათვალისწინებულია აღსრულების მსესხებლის სხვა ქონებაზე მიქცევა, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ ფარავს კრედიტორის ვადამოსულ მოთხოვნას, ბათილია.
აპელანტ გ---- კ------ის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები იპოთეკის სტანდარტული ბუნებიდან განსხვავებული წესის მქონე პირობას შეიცავდა, კრედიტორის ვალდებულებას წარმოადგენდა ასეთი სახელშეკრულებო პირობის საგანგებოდ განმარტება. გათვალისწინებით იმისა, რომ კრედიტორის მიერ აღნიშნული ვალდებულება შესრულებული არ ყოფილა ხელშეკრულების ეს პირობა ბათილია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გ---- კ------ემ სადავო ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა ნოტარიუსთან. ხელმოწერამდე მას ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს. (ტ.1.ს.ფ. 23-31)
სადავო გარიგების ტექსტით, რომელსაც გ---- კ------ე აწერს ხელს, დასტურდება, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა გ---- კ------ის ქმედუნარიანობა, გარიგების დადების ნების ნამდვილობა და ისე დაამოწმა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს გ---- კ------ეს ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ თავად გაცნობოდა იმ დოკუმენტს, რომელსაც ხელს აწერდა. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ გ---- კ------ე არის ქმედუნარიანი პირი, მისთვის ქართული მშობლიური ენაა, ხელშეკრულების შინაარსი ზოგადად, მათ შორის სადავო პუნქტი დოკუმენტიდან ნათლად და მკაფიოდ იკითხება, სახელშეკრულებო პირობა, რომლის ბათილად ცნობასაც ის მოითხოვს მარტივი ენითაა დაწერილი, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შინაარსის გასაგებად და ამ სადავო პირობის სამართლებრივი შედეგების გასაცნობიერებლად, მას ესაჭიროებოდა მხოლოდ ტექსტის წაკითხვა. პალატა აქვე დასძენს, რომ დოკუმენტის შინაარსის გაგება ან ვერგაგება სუბიექტური კრიტერიუმია, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს პრეზუმფციებით, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში (ნოტარიუსისის მიერ ხელშეკრულების მონაწილე პირების ქმედუნარიანობის დადგენა, მათთვის ხელშეკრულების ტექსტის წაკითხვა, ტექსტის ნათლად მკაფიოდ ჩამოყალიბებულობა) ივარაუდება, რომ პირი დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცნობდა და აცნობიერებდა დოკუმენტის შინაარსს.
სააპელაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაპყრობს სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნოტარიუსის მიერ მხარეთათვის გაცნობილი პირობებით გარიგების დადების ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 14 აგვისტოს სანოტარო აქტის შესაბამისად, დგინდება, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა სადავო ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე თავად მხარეები გაეცნენ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მას ხელი მოაწერეს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გ---- კ------ე გაცნობილი იყო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი. ამის საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით.
სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.
სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: ა. შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და ბ. ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.
განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო პირობის სამართლებრივი შედეგების გასაცნობიერებლად, მოსარჩელეს ესაჭიროებოდა მხოლოდ ტექსტის წაკითხვა, ამასთან გ---- კ------ეს ხელშეკრულების ხელმოწერამდე ჰქონდა შესაძლებლობა წაეკითხა, როგორც მთლიანად ხელშეკრულება, ასევე მისი დანართები. მას მიეცა შესაძლებლობა თავად გაცნობოდა ხელშეკრულების შინაარსს. თავის მხრივ ხელშეკრულების შინაარსის გაცნობა და მასზე დათანხმება დასტურდება თავად გ---- კ------ის ხელმოწერითაც. უფრო მეტიც, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ გარიგება დადებულია სანოტარო წესით, გარიგების სანოტარო წესით დადასტურება გამორიცხავს მოულოდნელობის ეფექტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო სახელშეკრულებო პირობის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ მიჩნევის საფუძველი.
4.1.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე დაყრდნობით, გარიგების ის ნაწილი, რომლითაც წლიური სარგებელი განისაზღვრა, სასამართლოს ამორალურობის საფუძვლით ბათილად უნდა მიეჩნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პროცენტი (ფაქტობრივი გარემოება 4.1). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამდენად, 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი სარგებელია, რომელსაც იღებს გამსესხებელი სასესხო ურთიერთობიდან.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეულ მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება, რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებასა თუ მის შეუსრულებლობას მოჰყვეს. შესაბამისად, თითოეული მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ვალდებულებების შესრულებაზე.
შეუსაბამოდ მაღლი პროცენტის მოტივით, პროცენტის ოდენობის შესახებ ხელშეკრულების დათქმის ბათილობის თაობაზე აპელანტის პრეტენზია, პალატის მოსაზრებით, შესაძლოა, გასაზიარებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხზე წლიური პროცენტის (38%) ოდენობა აშკარად ამოვარდნილი იქნებოდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლისაგან, თუმცა პალატა შენიშანვს, რომ ამ თვალსაზრისით აპელანტს საკმარისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია (სააპელაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით /http://nbg.gov.ge, საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა/, 2013 წლის აგვისტოში უცხოური ვალუტით გაცემული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 13,7% შეადგენდა); შესაბამისად, არ არსებობს იმ დასკვნის გაკეთების საფუძელი, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხზე წლიური პროცენტის (30%) ოდენობა აშკარად ამოვარდნილი იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებლისაგან. ასევე, შესაძლოა აპელანტის ეს პრეტენზია პერსპექტიული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ პირადად მასთან მიმართებაში, მოხდა მოსარჩელის მხრიდან უჩვეულოდ მაღალი პროცენტით სესხის გაცემა, თუმცა არც ამ კუთხით ყოფილა აპელანტის მიერ სასამარათლოსათვის რაიმე მტკიცება შეთავაზებული. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ 54-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებას კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს და არ არსებობს ამორალურობის მოტივით კონკრეტულ შემთხვევაში წლიური 30%-ის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის ბათილობის საფუძველი.
4.1.4. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს ასევე 1--------- წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 1--------- წლის სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი ყოველი თვისთვის არ გადაიხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიმდინარე ვალდებულებას გამსესხებელს უფლება ჰქონდა დაეკისრებინა მისთვის პირგასამტეხლო, მსესხებელს კი დაეკისრებოდა მისი გადახდის ვალდებულება ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ გ---- კ------ეს სს ,,მ----------------ს’’ სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ 11.09.2015 წელს სააღსრულებო ფურცლის აღებამდე პირგასამტეხლოს სახით გადახდილი აქვს 1935,14 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ 11.09.2015 წ. სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს სახით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა დამატებით 2575,57 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს პროცენტის, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის, სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე პირგასატეხლოს სახით გადახდილი თანხის ოდენობის, ასევე სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს სახით აღსასრულებელ ვალდებულებად მითითებული თანხის გათვალისწინებით სააპელაციო პალატას მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო და მისი შემცირების საფუძველი. კონკრეტულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზიის ფარგლებში პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გ---- კ------ის მიერ 11.09.2015 წელს სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე გადახდილ 1935,14 აშშ დოლარამდე, შესაბამისად, დარჩენილი სხვაობა 2575 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც კრედიტორმა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მიიღო უნდა მიექცეს ძირითადი დავალიანების დასაფარად. შესაბამისად, გ---- კ------ის დავალიანება სს ,, მ----------------ს’’ წინაშე 1--------- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის სახით უნდა განისაზღვროს 15422 (17997,22-2575) აშშ დოლარის ოდენობით.
4.1.5. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას, რომ სახელშეკრულებო პირობა, რომლითაც მხარეებმა მოთხოვნის დაკმაყოფილების რიგითობა განსაზღვრეს, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვრცელდებოდა.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 1--------- წლის ხელშეკრულების 2.5 პუნქტში არსებულ ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაბრუნებისა და პროცენტების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების განხორციელებისას პირველ რიგში დაიფარებოდა გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო და ჯარიმა, შემდეგ სესხზე დარიცხული პროცენტები და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა. სახელშეკრულებო პირობა, რომლითაც მხარეებმა მოთხოვნის დაკმაყოფილების თანმიმდევრობა განსაზღვრეს პალატის მოსაზრებით შეეხება ამ ხელშეკრულებიდან გამოდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების თანმიმდევრობას ნებისმიერ ეტაპზე, აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს როგორც სადავო პუნქტის სიტყვა-სიტყვითი, ასევე მისი შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტებიდან, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადების დროს იმთავითვე მოაწესრიგეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულების თანმიმდევრობა.
4.1.6. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მასზედ, რომ სადავო ურთიერთობა საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით უნდა მოწესრიგებულიყო.
აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლითაც საკასაციო პალატამ გაიზიარა კასატორის პოზიცია ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან მას და მსესხებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა (სკ-ის 623-ე მუხლი), საბანკო კრედიტის (სკ-ის 867-ე მუხლი) ხელშეკრულებად არასწორად დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს მოსარჩელის უფლებადამდგენი სპეციალური კანონის - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-4 მუხლების მოთხოვნები. (იხ. სუსგ 21/10/2016 წ. განჩინება საქმეზე ას-513-490-2016) აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სააპელაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---- კ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი და მე-2 პუნქტის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში გ---- კ------ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ---- კ------ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1761,45 ლარს შეადგენს (ტ.1.ს.ფ. 345) მოსარჩელის - სს ,,მ---------------ს’’ მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია ჯამში 1527,24 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, გ---- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,მ----------------ს’’ სარჩელიც, ამ უკანასკნელს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გ---- კ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 252,06 ლარის გადახდა, ხოლო გ---- კ------ეს სს ,,მ----------------ს’’ სასარგებლოდ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს 1330,15 (1180,15+150) ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ---- კ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ,,მ----------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გ---- კ------ეს მოსარჩელე სს ,,მ----------------ს’’ სასარგებლოდ 2013 წლის 14 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 15 422 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
5. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სს ,,მ---------------ს’’ გ---- კ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 252,06 ლარის გადახდა.
6. სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გ---- კ------ეს სს ,,მ----------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 1330,15 (1180,15+150) ლარის გადახდა.
7. სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ გ---- კ------ეს სს ,,მ----------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 420,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
8. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე /
/დიანა ბერეკაშვილი/