განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.05.2018
საქმის ნომერი
330310016001560982
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე , ადმინისტრაციული
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/689-17 (330310016001560982)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

16 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - გ------------–---–ი;

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს მთავარი პროკურატურა;

წარმომადგენელი - ნ--------------–-ძე;

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

1.1. გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება მორალური ზიანის არ დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს მთავარ პროკურატურას გ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

 

1.2. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას გ------------–---–ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას გ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება - 4 552.60 (ოთხიათასხუთასორმოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილებით გ------------–---–ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში შემდეგი კვალიფიკაციით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი). (საქმე №092011212001)

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილება (ტ. I, ს.ფ. 30-34)

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით (საქმე №1----------) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის შუამდგომლობა და გ------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილება (ტ. II, ს.ფ. 60-63)

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით (საქმე №1------) გ------------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, ყადაღა მოეხსნა გ------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით გ------------–---–ის საკუთრებაში არსებულ დაყადაღებულ უძრავ ქონებას და გ------------–---–ის ძმის აკაკი ს---–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

განაჩენში მითითებულია გ------------–---–ის პირადი მონაცემები, მათ შორის, მისი რეგისტრირებული მისამართი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც წარმოადგენს თბილისი, ჯ--------ის პირველი შესახვევი №1.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენი (საქმე №1------) (ტ. I, ს.ფ. 87-153)

 

თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ-----ის საოლქო პროკურატურის პროკურორმა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით (საქმე №1--------) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი (საქმე №1--------) (ტ. I, ს.ფ. 154-180)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინებით (საქმე №5-------) საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განჩინება (საქმე №5-------) (ტ. II, ს.ფ. 28)

 

თ--–--ის რაიონულ სასამართლოში გ------------–---–ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომები ჩატარებულია 2013 წლის 22 მარტსა და 2013 წლის 26 მარტს, რომლებსაც ესწრებოდა გ------------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- წინასასამართლოს სხდომის ოქმები (ტ. II, ს.ფ. 83-90)

 

თ--–--ის რაიონულ სასამართლოში გ------------–---–ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები ჩატარებულია 2014 წლის პირველ აგვისტოს, 2014 წლის 6 აგვისტოს, 2014 წლის 13 ოქტომბერს, 2014 წლის 31 ოქტომბერს, 2014 წლის 18 ნოემბერს, 2014 წლის 22 დეკემბერს, 2014 წლის 29 დეკემბერს, 2015 წლის 15 იანვარს, 2015 წლის 30 იანვარს, 2015 წლის 20 თებერვალს, 2015 წლის 2 მარტს, 2015 წლის 11 მარტს. გ------------–---–ი ესწრებოდა ყველა სასამართლო სხდომას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს სხდომის ოქმები (ტ. I, ს.ფ. 185-199)

- სასამართლოს სხდომის ოქმები (ტ. II, ს.ფ. 1-18)

- თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენი (საქმე №1------) (ტ. I, ს.ფ. 87-153)

 

2014 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა გ------------–---–ის მამა ო----------–--ლი, ხოლო 2016 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა გ------------–---–ის დედა მ---------–---–ი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------------–---–ის დაბადების მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 138)

- ო----------–--ლის გარდაცვალების მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 136)

- მ---------–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 147)

 

2014 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა გ------------–---–ის მეუღლის რ------------------–--ის მამა რ----–-----------–--ე

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 146)

- რ------------------–--ის დაბადების მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 145)

- რ----–-----------–--ის გარდაცვალების მოწმობა (ტ. II, ს.ფ. 144)

 

2.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ, ასევე, მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებებზე, რომ კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილებით გ------------–---–ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში შემდეგი კვალიფიკაციით: საქართველოს სისხლის სამართლის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით გ------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით (საქმე №1------) გ------------–---–ი გამართლდა.

 

ზემოაღნიშნულის საფუყძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა დადგინდეს რამდენად არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით დადგენილი საფუძველი.

 

ასარჩელო განცხადებაში მითითებულია, რომ პროკურორის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები არ შეესაბამებოდა იმ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, იგი აჭიანურებდა საქმის განხილვას, რითიც დაირღვა მოსარჩელის უფლება მართლმსაჯულების დროულად და ეფექტურად განხორციელების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განხორციელების წესი გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რომელიც, ასევე, აწესრიგებს მათი გასაჩივრების წესსაც. განსახილველ შემთხვევაში საპროცესო მოქმედებათა უკანონობა კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული და სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მათ კანონშესაბამისობაზე, რადგან აღნიშნული ცდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებული დავის ფარგლებსა და სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისას, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

 

ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა - 500 (ხუთასი) ლარია.

 

სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მორიგ მოთხოვნაზე, რომელიც წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 20 362 ლარის ოდენობით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოიცავს თბილისიდან თ--–--ამდე ტრანსპორტირების ხარჯებს 4552,06 ლარის ოდენობით, ქვეყნის შიგნით პირის მივლინებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ (კვების) ხარჯს 810 ლარის ოდენობით, გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვისათვის გაწეულ გონივრულ ხარჯს - 15 000 ლარს.

 

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი გაწეული ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც გაღებულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება და სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა თ--–--ის რაიონული სასამართლო, ხოლო როგორც საქმეში წარმოდგენილი განაჩენით დასტურდება, გ------------–---–ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თბილისი, იგი იძულებული იყო, რომ ყველა სასამართლოს სხდომაზე გამოსაცხადებლად გაეწია თბილისი - თ--–--ი - თბილისი ტრანსპორტირების ხარჯები. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნითა და მოპასუხის ქმედების უკანონობით. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ქმედებას შორის.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, მოსარჩელემ არ წარმოადგინა ტრანსპორტირებისას გაწეული ხარჯების უშუალო დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ხარჯების გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც, გაწეული ხარჯის ოდენობა შეადგენს 4 552,06 ლარს. ამრიგად, გაანგარიშების გათვალისწინებით, რადგან დასტურდება მხარის მონაწილეობა ყველა სასამართლო სხდომაზე, მტკიცდება მსგავსი ხარჯების გაწევის საჭიროება, აუცილებლობა და მათი სასყიდლიანი ხასიათი, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 4 552,60 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ქვეყნის შიგნით პირის მივლინებისას აუცილებელი (კვების) ხარჯის 810 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ მატერიალური ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლომ, ასევე, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებაზე („ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“), სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო ან მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ არის დადასტურებული არც ხარჯების გაწევის ნამდვილობა და არც ასეთის გაწევის აუცილებლობა.

 

მატერიალური ზიანის სახით გ------------–---–ი ითხოვს გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის ოჯახის წევრების გარდაცვალების ფაქტი და შესაბამისად, რეალურია, რომ საჭირო გახდებოდა დაკრძალვისათვის გარკვეული ხარჯების გაწევა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის." შესაბამისად, ზიანის ასანაზღაურებლად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის ოჯახის წევრების გარდაცვალებასა და მოპასუხის უკანონო ქმედებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი, თუმცაღა უტყუარად არ მტკიცდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უშუალო და პირდაპირი საფუძველი მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისა და შემდგომში მათი გარდაცვალებისა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

3.1. გ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გადანაწილებული მტკიცების ტვირთი. არასწორად იქნა გამოკვლეული და შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები. სასამართლო გადაწყვეტილება არ ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ მყარ და უდავო მტკიცებულებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მოსაზრებები რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში არ შეაფასა.

 

მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, დაუცველობისა და უსამართლობის განცდების დაუფლებას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულების სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ მის მიმართ თ--–--ის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ბრალდების მხრიდან სისხლის სამართლის საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას. თ--–--ის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო 2013 წლის 10 აპრილს, რის შემდეგაც ყველა სასამართლო სხდომაზე გ------------–---–ის ითხოვდა სახელმწიფო ბრალდებას განეხორციელებინა სწრაფი მართლმსაჯულება და წარმოედგინა მოწმეები, თუმცა ამაოდ.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების ქმედებამ გამოიწვია მისი, როგორც ბრალდებულისთვის საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული უფლების უხეში დარღვევა, ანუ დაირღვა ბრალდებულის უფლებები, ხელოვნურად და გაუმართლებლად არ გაჭიანურდეს სისხლის სამართლის საქმის გახილვა, შესაბამისად განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და სამართლიანი სასამართლო.

 

სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემისა და დევნისთანავე გ------------–---–ის განმარტებით, მას დაეუფლა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არარსებული დანაშაულის დაბრალების, დაუცველობის განცდა, უსამართლობის შიში, შეიგრძნო მის მიმართ უკანონო ფორმებით მიზამიმართული დევნის განცდა, განიცადა სულიერი ტკივილი, უსაფუძვლოდ წარსდგა სახელმწიფოში არსებულ სამივე ინსტანციის მართლმსაჯულების ორგანოში, მის წინაშე ბრალდების მხარის მხრიდან მტკიცებულებების წარუდგენლობით თავი იგრძენო შეურაცხყოფილად, უსამართლო დევნილად, შეელახა საზოგადოებაში არსებული პატივი და ღირსება, ასევე საქმიანი რეპუტაცია, არაერთ საინფორმაციო საშუალებებში ასეთი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების წინაშე წარმოჩნდა, როგორც სახელმწიფო სახსრების გამფლანგველი და საზოგადოებას ბრალდების მხარემ იგი წარუდგინა ასოციალური ქცევის მქონე პიროვნებად. ყოველივე ხსენებული მოპასუხისათვის არაქონებრივი ზიანის დაკისრების საფუძველია.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მის უკანონო პასუხისგებაში მიცემას მოჰყვა ოჯახის წევრების სტრესული მდგომარეობა, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია.

 

სააპელაციო საჩვრის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მხრიდან მიყენებული მორალური ზიანის გონივრულ თანხად 500 ლარის მიჩნევა, მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას და თავს გრძნობს შეურაცხყოფილად.

 

3.2. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსი 992-ე და 1005-ე მუხლებზე და განმარტვას, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან კი ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გ------------–---–ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახის გამოყენებულ იქნა გირაო. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას არსებობდა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები მისი გამოყენებისთვის, რის გამოც მოსარჩელის ყოფა არ უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, კანონი არ მიუთითებს მორალური ზიანის ოდენობაზე, მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე, ამასთან, ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება დამოუკიდებლად. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. აპელანტი ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელე გ------------–---–ი პატიმრობაში არ ყოფილა, აღკვეთის ღონისძიების სახით ეფარდებული ჰქონდა გირაო, ხოლო სს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა 2 წლის 2 თვის და 13 დღის მანძილზე, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვისას.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე, არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაა 4552,06 ლარის ოდენობით, როგორც სს საქმის წარმოებისას სასამართლო სხდომებზე გამოცხადებისთვის გაწეული საწვავის ხარჯი. აპელანტს მიაჩნია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაცმული ინფორმაცია, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო მატერიალური ზიანის გაანგარიშებისას, ზოგადი ხასიათისაა და მასში მითითებულია ქ. თბილისში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო საცალო საბაზრო ფასების შესახებ, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნუი ინფორმაცია არ ასახავს რომელიმე კონკრეტული სახეობის და ხარისხის პროდუქტის ფასს. შესაბამისად, აპელანტისთვის გაუგებარია, რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა თანხის გაანგარიშება და განსაზღვრა, რომ გ. ს---–---–მა ზუსტად 4552,060 ლარის ხარჯი (საწვავის) გასწია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და უარი ეთქვას გ------------–---–ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტ გ. ს---–---–ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს მათზე, თუმცა არ ეთანხმება მას მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის ნაწილში; ანუ, აპელანტ გ. ს---–---–ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია იმ თვალსაზრისით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაცვლელია, თუმცა შეცვლის საჭიროება განპირობებულია მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კუთხით, როგორც შეუსაბამოდ დაბალი, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება კანონიერია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სახელმწიფოს (მისი წარმომადგენლის) მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და იგი ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას წარმოადგენს, ამდენად კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ კ-----ის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის 2013 წლის 29 იანვრის დადგენილებით გ------------–---–ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით გ------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 15 000 ლარის ოდენობით. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით (საქმე №1------) გ------------–---–ი გამართლდა. გ------------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე. მხარეს განემარტა მისი მატერიალური უფლებების თაობაზე, რომელიც ექვემდებარება დაკმაყოფილებას არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მხოლოდ კანონის დარღვევით განხორციელებული ქმედების გამო, ხოლო ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის საქმის განმხილველ მოსამართლეს არ დაუდგენია და მის მიერ მოხდა მხოლოდ მითითება, რომ თუკი კანონის დარღვევით მოხდა რაიმე ქმედების განხორციელება პირის მიმართ, აღნიშნული წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რაც ნიშნავს განსჯადი სასამართლოსათვის მიმართვას, რომელიც განიხილავს ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობას. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ განჩინებაში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე მითითება არ გულისხმობს, რომ დადგენილია ქმედებათა უკანონობა, რამეთუ აღნიშნულის არსებობაც და ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების საკითხი განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ მოთხოვნის წარმოშობის უფლებას, რომლის განხილვა და გადაწყვეტაც სწორედ ადმინისტრაციული წესით ხდება.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას, ხოლო ის გარემოება, რომ სახეზეა სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

 

ასევე მართებულია სასამართლოს მოსაზრება, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან პირი, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი, გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტის - ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მისი უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia) თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სწორია სასამართლოს განმარტება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

თუმცა, ყოველივე აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული დაზარალებულის (მოსარჩელის) სუბიექტური დამოკიდებულება დამდგარი ზიანის მიმართ და ამ ზიანის გამომწვევ მიზეზებთან მოსარჩელის პირადი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრთა გარდაცვალებასა და უსაფუძვლო სისხლის სამართლის საქმის წარმოებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება, ცხადია რომ მოსარჩელის ემოციურ ფონს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა უსაფუძვლო ბრალდება და თავის მართლების რეჟიმში ყოფნა სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე, იმ პერიოდში როდესაც ოჯახის წევრები, მათ შორის ორივე მშობელი გარდაეცვალა. სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტ გ. ს---–---–ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ, იგი წარმოადგენდა რა საჯარო მოხელეს, უსაფუძვლო ბრალდებით შეელახა საზოგადოებაში არსებული პატივი და ღირსება, ასევე საქმიანი რეპუტაცია, არაერთ საინფორმაციო საშუალებებში ასეთი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების წინაშე წარმოჩნდა, როგორც სახელმწიფო სახსრების გამფლანგველი და საზოგადოებას ბრალდების მხარემ იგი წარუდგინა ასოციალური ქცევის მქონე პიროვნებად, რაც მოპასუხისათვის არაქონებრივი ზიანის დაკისრების საფუძველია.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, ყოველივე ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული გარემოებები განსხვავებულად იქნეს შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უკანონო ბრალდების გამო, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა - 2 000 (ორი ათასი) ლარი, ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 500 (ხუთასი) ლარისა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოღანიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს მეორე აპელანტის საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ მისი სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების მოთხოვნით დაუსაბუთებელია და სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ იქნება განხილული როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას. კერძოდ, მართალია, მოსარჩელემ არ წარმოადგინა ტრანსპორტირებისას გაწეული ხარჯების უშუალო დამადასტურებელი მტკიცებულებები, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია მოსარჩელის მიერ უკანონო ბრალდების გამო გაწეული სავარაუდო ხარჯების გაანგარიშება, კერძოდ იგი შეადგენს 4 552,06 ლარს. პალატა ვერ გაიზიარებს საქართველოს მთავარი პროკურატურის მითითებას მასზედ, რომ სასამართლოს მიერ გაანგარიშებული ხარჯი არ ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებას და აღნიშნული უნდა გახდეს მატერიალური ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოსარჩელის მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი, რაც მოჰყვა უკანონო ბრალდების გამო გამართულ საპროცესო მოქმედებებზე მის გამოცხადებას. ამასთან, წარმოდგენილია სტატისტიკური ინფორმაცია საწვავთან დაკავშირებით, რაც პალატის მოსაზრებით იძლევა გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით გაანგარიშების საფუძველს. პალატა კვლავაც მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia), რომლს თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური. ამდენად, იმ პირობებში როდესაც არსებობს სახელმწიფოს ბრალეული ქმედება, დგინდება მიზეზობრივი კავშირი აღნიშნულ ქმედებასა და ზიანს შორის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ზიანის ოდენობას არ ასახავს არითმეტიკული სიზუსტით, არამედ მიუთითებს გონივრულ ოდენობაზე, სასამართლო უფლებამოსილია შემოიფარგლოს აღნიშნული მონაცემებით. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არსებითად სწორად იქნა გადაწყვეტილი საკითხი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

 

5. პროცესის ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრა საქართველოს მთავარ პროკურატურას გ------------–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. გ------------–---–ის სარჩელი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

5. საქართველოს მთავარ პროკურატურას დ----- ს---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

6. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი