განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001577046
საქმე №3ბ/1637-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ს---–-------------–--ლი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ს---–-------------–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ს---–-------------–--ლმა 2016 წლის 5 თებერვალს, 2016 წლის 01 მარტს, 2016 წლის 4 მარტს, 2016 წლის 22 აპრილს და 2016 წლის 13 მაისს განცხადებებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიას და მოითხოვა ავადმყოფობის გამო, სასჯელისაგან გათავისუფლება. განცხადებებს ერთვოდა ცნობები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მსჯავრდებულ ს---–-----ნ სე----–--ლის 2016 წლის 5 თებერვლის, 2016 წლის 1 მარტის, 2016 წლის 4 მარტის, 2016 წლის 22 აპრილის და 2016 წლის 13 მაისის განცხადებები, ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. (ტომი 2; ს.ფ,14, ს.ფ. 17, ს.ფ. 29; ტომი 5; ს.ფ 117, ს.ფ 122).
2.2.2. 2015 წლის 03 ოქტომბერს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულ ს---–-----ნ მ-------ის ძე სე----–--ლის სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი. დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულს დადგენილი აქვს დიაგნოზი: ხერხემლის ტრავმული დაზიანება, მიელოპათია, პოსტტრავმული ქვედა პარაპლეგია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქცია, ცხვირის ძგიდის გამრუდება. ქრონიკული C--------ტი, ტერფის მიკოზი, შფოთვითი მდგომარეობა.
კომისიამ მიუთითა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილზე, „პატიმრობის კოდექსის“ 39-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის ავადმყოფობის გამო, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი მოცემულ ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო უარყოფითად.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გადაწყვეტილების მიღებისას მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობისას დაეყრდნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 14 ივლისის №M---------------- წერილის თანახმად, ოპერატიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მსჯავრდებული - ს---–-------------–--ლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სამინისტროს მისი დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია; საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 14 ივლისის №1------- წერილის თანახმად კი, მსჯავრდებულ ს---–-------------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ს---–-------------–--ლმა დაზარალებულის მიმართ შესაძლოა ისევ განახორციელოს ძალადობრივი ქმედებები, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონელად იქნა მიჩნეული. ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბრის M---------------- წერილი, რომლის თანახმად, ს---–-----ნ მ-------ის ძე სე----–--ლის ვადამდე ადრე გათავისუფლება მიზანშეუწონელად იქნა მიჩნეული მისი ცხოვრების წესიდან, პიროვნული თვისებებიდან და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 3 ოქტომბრის №1---- დასკვნა (ტომი 1. ს.ფ. 28 -30).
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 14 ივლისის №M---------------- წერილი (ტომი 5. ს.ფ. 148).
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2016 წლის 14 ივლისის №1------- წერილი (ტომი 5. ს.ფ. 149).
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 27 სექტემბრის M----- 16
0------- წერილი (ტომი 5. ს.ფ. 172).
2.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს, საქართველოს მთავარ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალათ სასამართლოში წერილობითი ინფორმაციის (მტკიცებულებების) წარდგენა იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე გასცეს ინფორმაცია ს---–-------------–--ლის დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების მიზანშეუწონლობის შესახებ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 13 თებერვლის №1------- წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ მსჯავრდებულ ს---–-------------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, სიმძიმის და დაზარალებულის მიმართ შესაძლო ძალადობრივი ქმედებების ჩადენის გათვალისწინებით, მისი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონელად იქნა მიჩნეული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 11 თებერვლის MIA 4 17
00------ წერილის თანახმად, მსჯავრდებულმა ს---–-----ნ მ-------ის ძე სე----–--ლმა ჩაიდინა მძიმე დანაშაული, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რა დროსაც დაზარალებულს სახესა და სხეულზე სახრახნისა და მუშტების გამოყენებით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, დანაშაულის ჩადენის ხერხის გათვალისწინებით, მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 17 თებერვლის MOC 2 1--------- წერილის თანახმად, მსჯავრდებული ს---–-----ნ მ-------ის ძე სე----–--ლი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას ხშირად არღვევს ,,პატიმრობის კოდექსით'' და პენიტენციური დაწესებულების დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოხატავს აგრესიას დაწესებულების მოსამსახურეთა მიმართ, რასაც მოწმობს მედპერსონალისა და თანამშრომლებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მის მიმართ გამოყენებული არაერთი დისციპლინური სახდელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 თებერვლის განჩინებები (ტომი 5. ს.ფ. 198 -203)
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2017 წლის 13 თებერვლის №1------- წერილი (ტომი 5. ს.ფ. 209-215).
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 11 თებერვლის MIA 4 17
00------ წერილი(ტომი 5. ს.ფ. 217).
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 17 თებერვლის MOC 2 1--------- წერილი (ტომი 5. ს.ფ. 221-222).
2.2.4. საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 3 ოქტომბრის დასკვნაში მითითებული ექსპერტის დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, ექსპერტი ადასტურებს მსჯავრდებულ ს---–-------------–--ლის დიაგნოზის შესაბამისობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანების მე-6 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტის დასკვნა (ტომი 5. ს.ფ. 124).
3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის
№------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების’’ მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია.
ამრიგად, გასაჩივრებული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 3 ოქტომბრის №1---- დასკვნა წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისობაც სასამართლომ შეამოწმა მოქმედ კანონმდებლობასთან.
3.2. სასამართლომ მოიხმო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი, რომელიც შეეხება მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის ასაკის გამო. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
მოსარჩელე ს---–-----ნ სე----–--ლი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით, შესაბამისად, მისი ავადმყოფობის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვაზე უფლებამოსილი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია.
სასამართლომ მიუთითა ,,პატიმრობის კოდექსის” 39-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე უფლებამოსილება განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება.
დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს.
ამავე დებულების მეორე მუხლის თანახმად, კომისიის ფუნქციაა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის საქმიანობაში შემთხვევების განხილვის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ მოწვეული, შესაბამისი პროფილის ექიმი-სპეციალისტ(ებ)ი. მოწვეული ექიმ-სპეციალისტები სამედიცინო ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ ხმის უფლებით მსჯავრდებულის ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ კენჭისყრაში. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის, დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადების დაშვების საკითხს, რის შედეგსაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. მე-8 პუნქტის თანახმად, მოწვეული ექიმ- სპეციალისტ(ებ)ი შეისწავლის წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს პაციენტის კლინიკურ შემოწმებას და ნიშნავს პარაკლინიკურ გამოკვლევებს. მოწვეული ექიმ-სპეციალისტ(ებ)ის მიერ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის და მსჯავრდებულის დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ მეორე სამედიცინო აზრის წერილობით წარდგენის შემდეგ, კომისია იღებს გადაწყვეტილებას. მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიცემა დასკვნის სახით.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას; ბ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №---- ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან; გ) დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობას. საგულისხმოა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №---- ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანებით. შესაბამისად, მითითებული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმით მსჯავრდებულის მდგომარეობის შესაბამისობის დასადგენად, რეალურად გამოიყენება 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანება.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი ზუსტად განსაზღვრავს საკითხებს, რომელთა შეფასებაც ერთობლიობაში უნდა მოხდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ, კომისიამ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანებით დამტკიცებულ იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალთან, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნულის დადგენის შემდეგ კი, კომისია ვალდებულია განსაზღვროს საკითხი დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობის შესახებ.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ კომისიის მიერ 2016 წლის 3 ოქტომბრის სადავო გადაწყვეტილების მიღება მოხდა სწორედ ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად. კერძოდ, მსჯავრდებულთან დაკავშირებით მიწვეული ექსპერტ-ნევროლოგის მიერ შესწავლილი სამედიცინო დოკუმენტაციის შედეგად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ს---–-------------–--ლის დიაგნოზია ხერხემლის ტრავმული დაზიანება, მიელოპათია, პოსტტრავმული ქვედა პარაპლეგია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქცია. ამავე აქტით და ექსპერტის განმარტებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისობაშია იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალთან, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის დიაგნოზი შესაბამისობაშია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანების მე-6 მუხლთან (ნერვული სისტემის დაავადებები).
სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგინდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წინაპირობები, მოსარჩელის სასჯელისაგან გათავისუფლებისათვის, თუმცა მოსარჩელისათვის დანიშნული, დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობის საკითხი (ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) შეფასდა უარყოფითად. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილზე და „პატიმრობის კოდექსის“ 39-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი მოცემულ ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო უარყოფითად.
სასამართლოს განმარტებით, როგორც აღინიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს, რომ მითითებული საფუძვლით სასჯელისაგან გათავისუფლება სასამართლოს ან კომისიის მიერ შესაფასებელი საკითხია და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, გულისხმობს იმ გარემოების დადგენის აუცილებლობასაც, რომ მსჯავრდებულის ავადმყოფობით ხელი ეშლება სასჯელის მოხდას. ამასთან, კომისია აღნიშნული შესაძლებლობის ფარგლებში ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და დადგენილ კრიტერიუმებთან მსჯავრდებულის მდგომარეობის შესაბამისობის შეფასებით წყვეტს მისი სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხს.
3.3. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით კი განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეეძლო ემსჯელა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. ამდენად, სასამართლო ვერ იქონიებდა მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, ვინაიდან აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდებოდა სასამართლო კონტროლის ფარგლებს, რაც ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით არის განპირობებული.
სასამართლომ განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც, თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ - მის კანონიერება-დასაბუთებულობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები იყო არსებული შესაძლებლობებიდან.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კრიტერიუმების შეფასება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა იმ გარემოებაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა, ან როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო კომისიის წევრების შინაგანი რწმენა, თუმცა, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს ის, თუ რამდენად კანონიერად განხორციელდა დისკრეციული უფლებამოსილება, ანუ ხომ არ მოხდა მისი გადაჭარბება, ნორმის მიზნის შეუსაბამო გამოყენება, ან გამოუყენებლობა მაშინ, როდესაც ამას კანონი ადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც კომისიას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შეფასება შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, კომისიის მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილა სწორედ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნია
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიისათვის ავადმყოფობის გამო, ს---–-------------–--ლის სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (დასკვნის) გამოცემის დავალების საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დადგენილ იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს.
აპლენტი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დაავდებულია რამდენიმე მძიმე დაავადებით: პოსტტრამვული მიელოპათია გულ-მკერდის დონეზე, ქვედა სპასტიური პარაპლეგია, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის ღრმა დარღვევებით, მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლით. G 9---, C 82.1, ტერფის მიკოზი B 49, ონიქომიკოზე B 35.1, ხოლო 2008 წელს გადატანილი აქვს ხერხემლის ტრამვული დაზიანება. 2015 წელს, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა (ექსპერტიზის დასკვნა N00-------), რომლის მიხედვით დაუდგინა პოსტტრამვული მიელოპათია გულ-მკერდის დონეზე, ქვედა სპასტიური პარაპლეგია, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის ღრა დარღვევებით, მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლით. G 9---; G 82.1; დასკვნის მიხედვით, ნევროლოგიის თვალსაზრისით მძიმე ავადმყოფია, საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობას და პალიატიურ დახმარებას.
აპელანტი ასევე განმარტავს, რომ გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებითაც პალატას წარუდგინა 2017 წლის 23 მაისის ფორმა IV-100/ა, რომლის თანახმად, ს---–-------------–--ლი პროგნოზულად მძიმე პაციენტია, ავადმყოფობა არის ქრონიკული. აპელანტის მითითებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულდება სასჯელის მოხდის შესაძლებლობა, მის სიცოცხლეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დარჩენით მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ 2017 წლის 23 მაისს გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV -100/ა, რომლითაც ს---–-------------–--ლს დაესვა შემდეგი დიაგნოზი: პოსტტრავმული მიელოპათია გულ-მკერდის დონეზე, ქვედა სპასტიური პარაპლეგია, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის ღრმა დარღვევებით, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციის მოშლით. G 9---; G 82.1; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა F 60.3; ქრონიკული C--------ტი ? B 18.2; ცხვირის ძგიდის გამრუდება J 34.2; ტერფის მიკოზი B 49; ონიქომიკოზი B 35.1.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რამდენად შეესაბამება იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომელიც არეგულირებს მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებს. ასევე, არსებობს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს, ხოლო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდების შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
,,პატიმრობის კოდექსის” 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის გასათავისუფლებლად მსჯავრდებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი კანონით დადგენილი წესით, მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ საექიმო დასკვნის საფუძველზე მიმართავს სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე უფლებამოსილება განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის ამოცანებს, დაკომპლექტებისა და უფლებამოსილების წესს.
ამავე დებულების მეორე მუხლის თანახმად, კომისიის ფუნქციაა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისიის საქმიანობაში შემთხვევების განხილვის ფარგლებში მონაწილეობას იღებენ მოწვეული, შესაბამისი პროფილის ექიმი-სპეციალისტ(ებ)ი. მოწვეული ექიმ-სპეციალისტები სამედიცინო ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, არ სარგებლობენ ხმის უფლებით მსჯავრდებულის ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ კენჭისყრაში. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისია განიხილავს ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის, დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადების დაშვების საკითხს, რის შედეგსაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს. მე-8 პუნქტის თანახმად, მოწვეული ექიმ-სპეციალისტ(ებ)ი შეისწავლის წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს პაციენტის კლინიკურ შემოწმებას და ნიშნავს პარაკლინიკურ გამოკვლევებს. მოწვეული ექიმ-სპეციალისტ(ებ)ის მიერ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის და მსჯავრდებულის დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ მეორე სამედიცინო აზრის წერილობით წარდგენის შემდეგ, კომისია იღებს გადაწყვეტილებას. მე-10 პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გამოიცემა დასკვნის სახით.
აღნიშნული დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება (დასკვნა) უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას; ბ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობას „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №---- ბრძანებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან; გ) დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობას. საგულისხმოა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 27 მარტის №---- ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანებით. შესაბამისად, მითითებული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმით მსჯავრდებულის მდგომარეობის შესაბამისობის დასადგენად, გამოიყენება 2013 წლის 15 თებერვლის №0----- ბრძანება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგინდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წინაპირობები, მოსარჩელის სასჯელისაგან გათავისუფლებისათვის, თუმცა მოსარჩელისათვის დანიშნული, დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობის საკითხი (ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) შეფასდა უარყოფითად. ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილზე და „პატიმრობის კოდექსის“ 39-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი მოცემულ ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო უარყოფითად.
პალატა მიუთითებს და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული საფუძვლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მეორე ნაწილი) სასჯელისაგან გათავისუფლება სასამართლოს ან კომისიის მიერ შესაფასებელი საკითხია და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, გულისხმობს იმ გარემოების დადგენის აუცილებლობასაც, რომ მსჯავრდებულის ავადმყოფობით ხელი ეშლება სასჯელის მოხდას. ამასთან, კომისია აღნიშნული შესაძლებლობის ფარგლებში ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და დადგენილ კრიტერიუმებთან მსჯავრდებულის მდგომარეობის შესაბამისობის შეფასებით წყვეტს მისი სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხს.
პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით.
პალატა აპელანტის მითითების საპასუხოდ განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულების განსაკუთრებული მაღალი ხარისხია საჭირო იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.4-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა აღნიშნულით მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც კომისიას მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შეფასება შეესაბამება ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, კომისიის მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 18 დეკემბრის №------------ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული დებულებით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. ამასთან, აპელანტმა ვერ შეძლო იმ მტკიცებულებების წარმოდგენა და ვერ მიეთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დაადასტურებდა მისი სარჩელის საფუძვლიანობას.
პალატა მოცემული სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმებისას ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის აპელირებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების თაობაზე.
საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (დასკვნის) ბათილობის საფუძველი, შესაბამისად, მოსარჩელის მეორე მოთხოვნა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ნაწილშიც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს---–-------------–--ლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
მანანა ჩოხელი